კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეცვალა გრაკლიანი გორის არქეოლოგიურმა გათხრებმა საქართველოს ისტორიაში და როგორ აღმოაჩინეს უსასტიკესი წესით დაკრძალული ქალებისა და ბავშვების ცხედრები

იგოეთთან, გრაკლიან გორაზე 2008 წელს დაწყებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ცნობილი გახდა ახალი დეტალები ჩვენი უძველესი ისტორიის შესახებ. აღმოჩენილი მასალები იძლევა საფუძველს, რომ პერიოდი, რომელიც ამ ტერიტორიაზე დაკნინების ხანად იყო მიჩნეული, აღორძინების ხანად გამოვაცხადოთ და თვალი მივადევნოთ ჩვენს იმდროინდელ კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობებს წამყვან ქვეყნებთან თუ ქალაქებთან. ამ საკითხებთან დაკავშირებით არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელს, არქეოლოგ ვახტანგ ლიჩელს ვესაუბრეთ. 

ვახტანგ ლიჩელი: გრაკლიანი გორა მდებარეობს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, რომელიც აერთებს კასპიისა და შავ ზღვებს. ეს ტერიტორია სოფელ სამთავისს ეკუთვნის. უშუალოდ სამხრეთი ფერდობი, რომელზეც მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, დაჰყურებს სოფელ იგოეთში გამავალ საავტომობილო ტრასას. აქ 2008 წლიდან ვმუშაობთ. გაირკვა, რომ საქმე გვქონდა უაღრესად მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლთან, სადაც  შემორჩენილია თერთმეტი სხვადასხავა პერიოდის ნაშთი. მათგან უძველესია ეგრეთ წოდებული პალეოლითური, ანუ, ძველი ქვის ხანის ნაშთები. მას ქრონოლოგიურად მოჰყვება დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე-მეექვსე ათასწლეულების. შემდეგი ეტაპი გახლავთ ბრინჯაოს ხანა. აქ განსაკუთრებით ინტენსიური ხდება ცხოვრება ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის შუა ხანებიდან, ანუ, ამ ტერიტორიის ინტენსიური ათვისება 3 500 წლის წინათ დაიწყო და გრძელდებოდა დაახლოებით 2 000 წლის განმავლობაში. ნაშთები, რომლებიც ამ დროიდან გვაქვს დარჩენილი ეკუთვნის ძველი წელთაღრიცხვის მეთოთხმეტე-მეცამეტე საუკუნეებს. შემორჩენილია ამ პერიოდის სამარხები, რომლებშიც აღმოჩენილია ბრინჯაოს სხვადასხვა ინვენტარი. გვიანბრინჯაოს ხანას გრაკლიან გორაზე მოსდევს ეგრეთ წოდებული ადრე რკინის ხანა, რომელიც მოიცავს ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეშვიდე საუკუნეებს. ეს ფენები ძალიან ინტენსიური ცხოვრების ნაშთებზე მიუთითებს. შემონახულია ამ პერიოდის სამლოცველოები, საცხოვრებელი სახლები. გრაკლიან გორაზე სწორედ მეორე ათასწლეულის მიწურულსა და პირველი ათასწლეულის დასაწყისში, აგებული იყო სრულიად უნიკალური სამლოცველოები, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგი არ აქვს. ყველა სამლოცველოში გამართული იყო საკრალური ღუმელი. მათ პარალელურად არსებობდა ჩვეულებრივი ღუმელებიც, რომლებშიც პური ცხვებოდა და რომლებზეც კერძს ამზადებდნენ.
– ეს განსხვავებულობა რით არის განპირობებული?
– ეს განსხვავება განსაკუთრებით თვალშისაცემია ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე-მეოთხე საუკუნეებში – ეს არის გრაკლიანი გორის განვითარების პიკი. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისტორიის კვლევისთვის. აქამდე ითვლებოდა, რომ აღნიშნული პერიოდი ქართლის დაკნინების ხანა იყო, ამ აღმოჩენებმა კი რადიკალურად განსხვავებული სურათი გვიჩვენა – აშკარაა, რომ სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობს ეკონომიკის განსაკუთრებით ინტენსიური აღმავლობა, ვითარდება სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები გარესამყაროსთან და საფუძველი ეყრება იმ ეკონომიკურ და კულტურულ წინამძღვრებს, რომელზეც ოდნავ მოგვიანებით პირველი ქართულ სახელმწიფო აღმოცენდა. განვითარების მაღალი დონე რეალურად არის დადასტურებული. ჩვენ გავთხარეთ სამი ტერასა, რომელთაგან განსაკუთრებულ  ყურადღებას იქცევს მეორე და მესამე ტერასებში ჩადგმული ღუმლები. ზოგ ღუმელზე შემორჩენილია კერძით სავსე ჭურჭელი. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან საშუალება გვეძლევა, შევისწავლოთ კერძების ყველა ის სახეობა, რომლებიც ამ პერიოდში მზადდებოდა. ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე-მეოთხე საუკუნეები არის პერიოდი, როცა აქემენიდური ირანის უზარმაზარი მონარქია იპყრობს ამიერკავკასიას, მცირე აზიას და ისინი მიდიან ეგვიპტემდე და საბერძნეთამდე. ამ იმპერიის შემადგენლობაში მოექცა აღმოსავლეთ საქართველო და დასავლეთ საქართველოს მხოლოდ ერთი – აღმოსავლეთი ნაწილი. ბუნებრივია, რომ ამ პოლიტიკურ აქტს  მოჰყვა ირანის გარკვეული კულტურულ-ეკონომიკური გავლენა მთელ იმპერიაში და მათ შორის ჩვენთანაც. ამდენად, არ არის გასაკვირი, რომ აღმოჩენილია  ღუმლების გვერდით გამართული ირანული ცეცხლის საკურთხევლები, თუმცა, იქვე გვაქვს ადგილობრივი საკულტო ნიშაც, რაც, მიუხედავად ასეთი მჭიდრო ურთიერთობებისა, ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნებაზე მიუთითებს, ანუ, მოსახლეობის ეთნიკური სახე  არ შეცვლილა. მნიშვნელოვანია გრაკლიან გორაზე არსებული იმპორტირებული მასალა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის მიწურულს ეკუთვნის. ეგრეთ წოდებული საბეჭდავები, რომელიც დამზადებულია სამხრეთ მესოპოტამიაში. ეს არის ადგილი, სადაც წარმოიქმნა სამყაროს პირველი ურბანული ცენტრები და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული გახლდათ ურუკი. ორი საბეჭდავი, რომელიც გრაკლიან გორაზეა აღმოჩენილი, დამზადებულია ურუკში. ამ საბეჭდავებით იბეჭდებოდა საკუთრება და დოკუმენტები. უნდა აღინიშნოს, რომ ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისის ფენებში მოპოვებულია  ურარტუს ტერიტორიაზე დამზადებული ნაწარმი. აღმოჩენილია, ასევე, კოლხეთში დამზადებული ვერცხლის ეგრეთ წოდებული „სხივანა” საყურეები, ეგვიპტური სკარაბეოიდები. ეს არის ხოჭოს გამოსახულება, რომელზეც იეროგლიფური წარწერებია შემორჩენილი და თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის შუა წლებით; ასევე, აღმოჩენილია ფინიკიაში დამზადებული მძივები და ირანში დამზადებული სხვადასხვა ნატიფი ნივთი. მაგალითად, მინის სანელსაცხებლე, რომელშიც წამწამების შავი ფერის საღებავია შემორჩენილი;  სხვადასხვა მასალისგან,  ანუ ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროსაგან დამზადებული დისკოები, რომლებითაც მოსასხამი მაგრდებოდა მხართან. გრაკლიან გორაზე აღმოვაჩინეთ იმ დროისათვის ელიტური კერამიკული ნაწარმი, ესაა სუფრის ჭურჭელი: ნაირგვარი ფიალები, რომლებიც დამახასიათებელია ძველი დროისთვის ყველაზე მდიდარი და სახელგანთქმული ქალაქის – სარდესისისთვის; აგრეთვე, სურები და დოქები, რომელთა შორისაა როგორც წითლად შეღებილი, ისე მოხატული ნაწარმი. შემდგომი პერიოდის ანუ  რომაულ ხანაში, უკვე ბორცვის წვერზე უნდა არსებულიყო დიდი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა ან ტაძარი. ჯერჯერობით  იქ გათხრები არ დასრულებულა, მაგრამ აშკარაა, რომ ეს იყო ალიზით აგებული და სვეტებით შემკული ნაგებობა, რომელიც წითელი კრამიტით იყო გადახურული. ის იდგა იმ  ბორცვის წვერზე, რომელიც ყველა მხრიდან ჩანდა.
– მისი შესრულების სტილი ორიგინალურია თუ აქაც გავლენასთან გვაქვს საქმე?
– ამ დროს საქართველოში ადგილობრივ მოსახლეობას ალიზის აგურის გამოყენების უკვე ხუთასწლიანი პრაქტიკა ჰქონდა, მაგრამ იქ არის სვეტისთავი, რომელიც იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში გავრცელებული სვეტისთავების ანალოგია. გრაკლიან გორაზე მოსახლეობის არსებობის ბოლო ეტაპი უნდა იყოს მეოთხე-მეხუთე საუკუნეები. აქვეა გათხრილი ხუთი სამარხი, რომელთა მსგავსიც მანამდე არ შეგვხვედრია: ხუთივე სამარხი ქალს ეკუთვნის და მათი ასაკი ორმოციდან ორმოცდახუთ წლამდე მერყეობს. ისინი ჩასვენებულები არიან ვიწრო ორმოებში, ყველას თავი ჩაჭედილია ორ ლოდს შორის და სახეზეც დიდი ლოდები ადევთ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი რაღაც განსაკუთრებული სიძულვილით არიან დაკრძალულნი. ერთ-ერთი მათგანის ნეკნებში აღმოჩნდა რკინის დანა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი მოკლულია. კიდევ უფრო მძიმე სურათს ქმნის ამავე სამარხებში დადასტურებული სხვა ფაქტი – ქალების მკერდზე, თითოეულ მათგანზე,  დაკრძალულია ერთიდან სამ წლამდე ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი. არ არის გამორიცხული, რომ  აქ რაღაც კანონიკური ნორმების დარღვევის გამო დასჯილი ქალების სამარხებთან გვაქვს საქმე, თუმცა ეს მხოლოდ ძალზე წინასწარული ვარაუდია.  აქვე, გრაკლიანზე, აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნის სათამაშოები – ბორბლებზე შემდგარი ცხენი, გორგოლაჭები, თიხის ფიგურები და სხვა, ანუ ის ნივთები, რომლებითაც აქ 2 900 წლის წინ თამაშობდნენ ბავშვები. ამ ეპოქის შემდეგ, როგორც ჩანს,  მოსახლეობა ტოვებს ამ ადგილს და დღევანდელი სამთავისის ტერიტორიაზე გადადის.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძეგლის ძალიან მცირე ნაწილია გათხრილი, მისი ეროვნული მნიშვენლობა უკვე აშკარაა და სწორედ ამიტომ მიენიჭა მას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი.

скачать dle 11.3