კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავიდან ხომ არ გვეცადა?!

სიუზენ დარიე, ცნობილი დეტექტივების ავტორი, ორი კვირით ესტუმრა კრისტაბელს – ფრეიმების მდიდარი გვარის შთამომავალს, მისსავე შესანიშნავ მამულში. ახალ რომანზე მუშაობდა და თავს შესანიშნავად გრძნობდა, მაგრამ, იდილია დაირღვა, როცა მამულში კრისტაბელის ძმა, რენდი ჩავიდა, რომელსაც ფეხდაფეხ მოჰყვა ჯო ბრომფელი თავისი ქარაფშუტა ცოლით – რეიჩელით. რეიჩელმა კრისტაბელს ორი წლის წინ ქორწინებამდე მისული რომანი ჩაუშალა ბრომფელთან, თავად გაჰყვა ცოლად და ახლა კრისტაბელის ძმას, რენდის უჟუჟუნებდა თვალებს. მამულში კიდევ იმყოფებოდა ბირჟის მოთამაშე ტრიონ ველესი. მისგან რენდი ფრეიმი ხშირად სესხულობდა საკმაოდ დიდ თანხას ბანქოს სათამაშოდ, სულ აგებდა და ამის გამო  კრისტაბელთან მუდმივად ჩხუბი ჰქონდა. სიტუაცია აშკარად დაიძაბა და არასასურველი გახდა. კიდევ კარგი, რომ სიუზენი ძირითად შენობაში კი არა, მისგან მოშორებით, პარკის განაპირას ჩამდგარ კომფორტულ კოტეჯში გადაბარგდა. ტრიონ ველესი დაუფარავ ინტერესს იჩენდა სიუზენის მიმართ და რამდენჯერმე ღიმილით აღნიშნა – ასეთი მშვენიერი არსება დეტექტივებს კი არა, სიყვარულზე უნდა წერდეს ლექსებსო...
მარსმა, ფრეიმების ძველმა და ერთგულმა ზანგმა მსახურმა, ჩაი მოიტანა, ფინჯნებში კი კრისტაბელმა ჩამოასხა. თითზე უძვირფასესი ამეთვისტო უბრწყინავდა. სიუზენი კარგად იცნობდა ამ ბეჭედს – კრისტაბელს ის თავისი ბებოსგან დარჩა მემკვიდრეობით. ქვას ღვიძლისფერი გადაჰკრავდა და თვალისმომჭრელი იყო. სიუზენმა ასევე თავიდანვე შეაფასა ბირჟის სპეციალისტის, ტრიონ ველესის არათითზე წამოცმული მწვანეთვლიანი ბეჭედი, რომელზეც მისმა პატრონმა სიამაყით გამოაცხადა – იშვიათი ზურმუხტია და იმიტომ ვატარებ, რომ ჩემი თვალების ფერს უხდებაო.
... დილის 6 საათი იქნებოდა, როცა სიუზენმა გასეირნება გადაწყვიტა. კოტეჯის კარი გამოაღო და დაინახა, რომ მთელი პარკი რძისფერ ნისლში იყო ჩაძირული. შებრუნება და რეზინის ფეხსაცმლის ჩაცმა გადაწყვიტა, რომ გასროლის ხმა გაიგონა და დიდი თეთრი სახლისკენ გაიქცა... ბიბლიოთეკაში, სავარძელში იჯდა ჯო ბრომფელი, რომელსაც საფეთქელთან ნატყვიარი აჩნდა. იატაკზე, მის ფეხებთან რევოლვერი და გაზეთი ეგდო. დანარჩენებიც ნელ-ნელა მოგროვდნენ. სულ ბოლოს ჯო ბრომფელის ცოლი, რეიჩელი მოვიდა. განსაკუთრებული მწუხარება არ ეტყობოდა, მხოლოდ ის თქვა, რომ ტყეში სეირნობდა და გასროლის ხმაც კი არ გაუგონია. ერთადერთი, ვინც მკვლელობის შესახებ რაღაც მაინც იცოდა, მარსი იყო – მოსამსახურე.
– მე არ ვიცი, ვინ მოკლა ბატონი, მაგრამ, დავინახე ხელი, რომელსაც რევოლვერი ეჭირა. სწორედ იმ მომენტში, ბიბლიოთეკაში მტვერი უნდა გამეწმინდა. კართან მისულმა, გავიგონე გასროლის ხმა. მაშინვე შევვარდი და ხავერდის ფარდის უკან ხელი და რევოლვერი დავინახე. ხელზე კი წითელთვლიანი ბეჭედიც შევნიშნე – ამაში დარწმუნებული ვარ.
– ვისი ხელი შეიძლებოდა ეს ყოფილიყო, მარს? – ხმადაბლა ჰკითხა ველესმა.
– არ ვიცი, მისტერ ველეს, მე მარტო წითელთვლიანი ბეჭედი დავინახე... – თავი გააქნია ზანგმა.
როცა პოლიცია მოვიდა, მსახურმა იგივე გაიმეორა. ინსპექტორმა მის სიუზენ დარიესთან ისურვა ყველაზე დიდხანს საუბარი:
– თქვენ ხომ დეტექტივებს წერთ მის დარიე... წესით, სხვებზე მეტი უნდა იცოდეთ. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ, მითხრათ, ვის ექნებოდა მოტივი, ვის კი – შესაძლებლობა...
სიუზენი ჩაფიქრდა:
– მკვლელობის შესაძლებლობა ყველას გვქონდა. ისეთი ნისლი იყო, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ბიბლიოთეკა პირველ სართულზე მდებარეობს და მკვლელი ფანჯრიდან ისე გადახტებოდა, ვერავინ დაინახავდა, მერე კი მშვიდად დაბრუნდებოდა სახლში.
– მაშინ, მოტივებზე ვისაუბროთ: ვის შეიძლებოდა, სდომოდა ჯო ბრომფელის მოკვლა? დავიწყოთ ცოლით. კრისტაბელმა მითხრა, რომ რეიჩელს არ უყვარდა ქმარი... რენდისთანაც ჰქონდა რომანი და ალიბიც არა აქვს.
სიუზენმა თავი გადააქნია:
– ალიბი არცერთს არ გვაქვს, თუმცა, ალბათ, ჩემზე ეჭვს არ მიიტანთ. რაც შეეხება რეიჩელს, მე არ მიყვარს ეს უტვინო ქალი, მაგრამ მას ალიბი აქვს.
– რა ალიბი? – დაინტერესდა ინსპექტორი.
– მე მაქვს დამადასტურებელი ფაქტი, რომ დილით ნამდვილად ტყეში სეირნობდა – ის დაკბენილია.
– რა?!
– დიახ. თქვენც შეგიძლიათ, ნახოთ – წვრილი ნაკბენები აქვს. არის ასეთი რწყილი – ჩიგუ, რომელიც მხოლოდ ფიჭვის ტყეებში ბინადრობს. მისი ნაკბენი მხოლოდ რვა საათის განმავლობაშია შემაწუხებელი, რეიჩელი კი იქექებოდა, ესე იგი, რწყილებმა დილით დაკბინეს.
– რკინის ლოგიკა გაქვთ! – აღფრთოვანება ვერ დამალა ინსპექტორმა.
სიუზენმა გაიღიმა:
– მხოლოდ დეტექტიური რომანის ფაბულას მივყვები: მკვლელობას ორი მთავარი რაღაც სჭირდება: მოტივი და საშუალება... შემდეგ ჩნდება კითხვები, სამხილები, მოქმედი პირები... ვინ დაგვრჩა? მასპინძელი – კრისტაბელ ფრეიმი; მისი ძმა, რომელსაც, ალბათ, ხელს აძლევდა თავისი საყვარლის ქმრის სიკვდილი და – ბირჟის მოთამაშე... მოტივი და საშუალება სამივეს ჰქონდა.
– მაგრამ, სამივე ხომ არ ატარებს თითზე წითელთვლიან ბეჭედს?! – მრავალმნიშვნელოვნად მიანიშნა ინსპექტორმა.
– იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ თქვენ მკვლელი კრისტაბელი გგონიათ? მაგრამ, მისი ბეჭდის თვალი წითელი არ არის.
– დიახ, რა თქმა უნდა, კრისტაბელი თქვენი მეგობარია და გიყვართ... მაგრამ, ჯო ბრომფელმა ის მიატოვა, ქალის შურისძიება კი შეიძლება საშინელი იყოს...
– არა, არა, კრისტაბელი მკვლელი არ არის. მართალია, ჯომ გული ატკინა, მაგრამ, ის ძალიან კეთილშობილია, რომ მოეკლა. თანაც, ბეჭედს ბირჟის მოთამაშეც ატარებს.
– მისი ბეჭდის თვალი მწვანეა... ზურმუხტიაო, ამაყად გამომიცხადა.
– სწორედ ეგ მაეჭვებს, – თავი გადააქნია სიუზენმა, – ინსპექტორი ერკვევა ძვირფას თვლებში?
–  მეტ-ნაკლებად. ამას მკვლელობასთან რამე კავშირი აქვს?
– ჯერ ვერ გიპასუხებთ, პატარა ექსპერიმენტი უნდა ჩავატარო...
იმავე საღამოს სიუზენმა ტრიონ ველესს სიგარეტის მოკიდება სთხოვა და მოულოდნელად გაიღიმა... მერე ინსპექტორს დაურეკა, დილისთვის მოსვლა და ყველას შეკრება სთხოვა, შემდეგ კი რენდის მოსაძებნად გაემართა.
მეორე დღეს, 12 საათზე, ინსპექტორმა ყველანი ბიბლიოთეკაში შეკრიბა. სიუზენი ადგა და საუბარი დაიწყო:
– მისტერ ტრიონ ველეს, თქვენი ბეჭედი ზურმუხტისთვლიანია და ამაში დარწმუნებული ხართ?
– დიახ, ის ჩემს თვალებს უხდება. ძვირფასო სიუზენ, რატომ დაინტერესდით  ჩემი ბეჭდის თვლით სწორედ ახლა?
– იმიტომ, რომ ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქმე ისაა, რომ ზურმუხტი ფერს არ იცვლის, ის სულ მწვანეა – დღისითაც, ღამითაც, ლამპის და ნათურის შუქზეც... სანთებელის ალზეც კი, – სიუზენმა პაუზა გააკეთა და ბირჟის მოთამაშეს შეხედა, რომელიც ნელ-ნელა კარგავდა ფერს...
– ახლა კი ადექით, აქ მოდით და სიგარეტზე მომიკიდეთ...
– გააკეთეთ, რასაც გეუბნებიან! – უბრძანა ინსპექტორმა....
როცა ტრიონ ველესმა სანთებელა აანთო, ყველამ დაინახა, რომ მისი ბეჭდის თვალი გაწითლდა.
– დიახ, ასეა – ეს ალექსანდრიტია, იშვიათი ძვირფასი ქვა, იშვიათი თვისებებით. ჩვეულებრივ დღის შუქზე ის მწვანეა, მაგრამ ღამის ან ნაბისმიერ სხვა განათებაზე წითლდება.
– მოტივი გქონდა, – შეაწყვეტინა სიუზენმა, – ფული, რომელსაც სისტემატურად სესხულობდი მისგან და რეიჩელი, რომელზეც კარგა ხანია ნადირობთ. ჯოს მოკვლით ფულიც შეგრჩებოდათ და მდიდარი ქვრივიც დაგრჩებოდათ. ამ ქალის გულის მონადირებას ხომ ბევრი არაფერი სჭირდება, – სიუზენმა ირონიულად გადახედა რეიჩელს, რომელსაც ოდნავი სინანულიც კი არ გამოუხატავს.
– ტრიონ ველეს, თქვენ დაპატიმრებული ხართ! – გამოუცხადა ინსპექტორმა, როცა პატიმარი გაიყვანეს. რეიჩელმა ამოიოხრა და რენდი ფრეიმის მიუბრუნდა: – ძვირფასო, ახლა ხელს აღარავინ გვიშლის და თავიდან ხომ არ გვეცადა?
სიუზენმა ამოიოხრა და ხელები გაშალა:
– აი, ხომ გეუბნებოდით...

 

скачать dle 11.3