ღალატი სიყვარულისთვის
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-30(761)
შეიძლება, ყველა დღე განსაკუთრებული იყოს?! – ასე მხოლოდ ზღაპრებში და ფილმებში ხდება. ჩვენ კი ერთი, არც ისე დიდი ცხოვრებისეული პროზა გვაქვს, პატარ-პატარა სირთულეებით. იმდენად პატარათი, რომ ზოგჯერ ვერც კი ვხვდებით, რომ გაგვიხარდა... რა გვრჩება? ოცნება – ის, რაც ყოველდღე შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს...
ანა იჯდა და ფიქრობდა. წინ საფერფლე და სიგარეტის ნახევრად დაცლილი კოლოფი ეწყო... ყავით სავსე ჭიქაც, რომლისთვისაც პირი არ დაუკარებია. გადაწყვეტილების მისაღებად სულ ცოტა დრო რჩებოდა. თვალწინ თავისი ცხოვრების ყველა ეტაპმა გაურბინა: ბედნიერების მომენტები ცოტა ჰქონდა – ბავშვობა დამთავრდა და საკუთარ თავზე თვითონ უნდა ეზრუნა. ბევრს შრომობდა და, ის, რომ პირადი ცხოვრება თითქმის არ ჰქონდა, მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა, როცა დაღლილი, ტელევიზორის წინ, პულტით ხელში, მარტო რჩებოდა... როგორც ყველა ქალს, მასაც ბუნებრივი სურვილი ჰქონდა, გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყოლოდა – ყურადღებიანი, მზრუნველი და გამგებიანი... რა კარგი იქნებოდა, ვიღაცის ძლიერ მხარს მიყრდნობოდა. მოდუნებულიყო და პრობლემების ნაწილი მაინც მისთვის გადაებარებინა... იყო კი ლაშა ასეთი? რის ფასად დაუჯდებოდა რისკი, რომელიც მის გადაწყვეტილებას მოჰყვებოდა?
ანამ ამოიოხრა და სიგარეტს მოუკიდა. სასწორის ერთ მხარეს მისი მორალური პრინციპები იდო, მეორე მხარეს კი მხოლოდ ერთი რამე იყო გარკვეული – ორკვირიანი დასვენება ეგვიპტის ფეშენებელურ სასტუმროში...
***
... სოფომ სარკეში ჩაიხედა, მაკიაჟი კიდევ ერთხელ შეათვალიერა და კმაყოფილმა გასძახა მობილურში თავჩარგულ ქმარს:
– წამიყვან სამსახურში თუ რას იზამ?
– თვითონ რომ წახვიდე, არა? სამი გაჩერება უნდა გაიარო მარშრუტკით. მე ჯერ საქმე მაქვს.
სოფიკო გაგულისებული გამოვარდა სააბაზანოდან და ქმარს ეცა:
– ერთი მაჩვენე, ვის ემესიჯები დილიდან! მაჩვენე, რა საქმე გაქვს ამისთანა და ვისთან...
ნიკამ მოასწრო და მობილური ჯიბეში ჩაიტენა. მერე ცოლს შეუტია:
– ნუ გიჟდები და დამშვიდდი. ერთი შეხედე, რას ჰგავხარ, შეშლილივით ატრიალებ თვალებს... საქმეზე ვმესიჯობდი, რაც შენ არ გეხება... იცი, როგორ დამღალე ამ უაზრო ეჭვიანობითა და ისტერიკებით?
– დამიმტკიცე, დამიმტკიცე, რომ ტყუილუბრალოდ ვეჭვიანობ! – არ დაუთმო სოფომ.
– ქალო, შენ ხომ არ გაგიჟდი, რა უნდა დაგიმტკიცო? ყავა დალიე, სიგარეტი მოწიე და დამშვიდდი, ვა!..
– მაჩვენე, ვის ემესიჯები და დავმშვიდდები.
– კიდევ რა გინდა? – დასცინა ნიკამ.
– „ფეისბუქისა“ და ელექტრონული ფოსტის პაროლი.
ნიკამ ცოლს გაოგნებული მზერა მიაპყრო.
– არა, რა, არ ხარ შენ ნორმალური... გეხვეწები, წადი სამსახურში, წადი და საქმე გააკეთე... გაერთე, რამით დაკავდი, თორემ, აშკარად ცუდად დაამთავრებ და ბავშვია ცოდო, ჩემს თავს აღარ ვჩივი.
სოფო დივანზე დაენარცხა და ხელები გაშალა:
– ერთი ამას უყურე, კიდევ მე გამომიყვანა გიჟი და გადარეული! გგონია, სულელი ვარ და ვერ ვხვდები, ნაშებს რომ აბამ?
ნიკამ გაიცინა:
– ჩემი შებმული ნაშა არ გაიშვა... შებმის ტრაკი რომ მქონოდა, შენს ხაფანგში ამოვყოფდი თავს? ისეთი შემაბი, გონზე ვერ მოვედი, როგორ შემომეტენე ცოლად.
ქალს თვალები გაუფართოვდა. წამით გაჩუმდა, მერე მთელი ხმით იწივლა და ხელში მოყოლილი დივანის ბალიში ქმარს მთელი ძალით ესროლა.
– დეგენერატო! რას ნიშნავს ცოლად შემოგეტენე? დამპალო! საზიზღარო! უნამუსო! შენ არ დამდევდი უკან?
– მე დაგდევდი? – გაიოცა ნიკამ ყასიდად, – აბა, რას იგონებ? ორივეს გვინდოდა ერთად ყოფნა, მაგრამ, გული და ხელი როდის შემოგთავაზე, არ მახსოვს...
– შენი დანახვაც აღარ მინდა! – სოფო წამოხტა, ჩანთას ხელი სტაცა და კარისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. უკვე გასულმა მოაძახა, მაგ ამნეზიას განანებო და კარი გაიჯახუნა. ნიკამ ამოიოხრა, – ცოლი უყვარდა, მაგრამ, რა ექნა, რომ ქალებიც მოსწონდა?! სრულფასოვანი ბედნიერებისთვის ძალიან სჭირდებოდა სულ ცოტა თავისუფლება, მაგრამ სოფო ამას ვერასოდეს გაიგებდა. საყვარლის გაჩენა თავადაც ვერ წარმოედგინა, თუმცა პატარა თავგადასავალზე უარს არ იტყოდა... ბავშვობაში ფსიქოლოგი დედა რისკების შეფასებას ასწავლიდა. ეუბნებოდა: ნიკუშ, სანამ კიბიდან ჩამოხტები, იფიქრე, რა შეიძლება დაგემართოს; წინასწარ გათვალე რისკი, ნელ-ნელა შეეჩვევი და პრობლემების თავიდან არიდებას შეძლებო. აი, ახლა სჭირდებოდა რისკების სწორად და საღად შეფასება. ირინკა დიდ პრობლემად და თავის ტკივილად შეიძლებოდა ქცეოდა, მაგრამ, საღ აზრს მისი ლოგინში ჩაწვენის სურვილი სწონიდა. თუმცა, იმასაც ხვდებოდა, რომ ირინკა ასე ადვილად არ შეუსრულებდა სურვილს. მობილური ჯიბიდან ამოიღო და ირინკას მისწერა: „დღეს შენს ნახვას ვეღარ შევძლებ, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა. მენატრები, მაგრამ სოფომ რაღაც იეჭვა. მეშინია, არ მიხვდეს...“
– გაგზავნა და გულაძგერებული დაელოდა პასუხს. რამდენიმე წუთი გაშტერებული ელოდა, თან ცდილობდა, სინდისისთვის არ მოესმინა, რომელიც აშკარად სოფოსკენ იხრებოდა...
„მე არც მიფიქრია, რომ შეგხვდებოდი... გაუფრთხილდი ცოლს და ჭკუით იყავი“ – და კიდევ ბევრი „სმაილი“ იყო ირინკას პასუხი. ნიკამ კბილები გააღრჭიალა.
...სოფო უკვე კომპიუტერთან იჯდა, როცა ირინკამ კაბინეტის კარი შემოაღო. აშკარად კარგ გუნებაზე იყო. საგულდაგულოდ დავარცხნილი გრძელი თმა მოვლილი თითებით გადაიყარა მხარს უკან და თავის მაგიდას მიუჯდა.
– რაღაც, სიწყნარეა. „ბუა“ არ მოსულა?
– გაფრთხილებ, კიდევ ერთხელ მოიხსენიებ ანას „ბუათი“ და ვეტყვი, – შეუღრინა სოფომ.
– ვაიმე?! უკაცრავად. დამავიწყდა, როგორი მნიშვნელობა აქვს ანას კეთილგაწყობას შენთვის.
– ეგ საერთოდ რა შუაშია? – წარბი შეიკრა სოფომ, – ვერ ვიტან, როცა უზრდელობენ...
– კარგი, არ გეკამათები. გატყობ, გუნებაზე ვერ ხარ და ჩხუბი არ მინდა. ისე, მე ანას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, სხვათა შორის...
– ძალიან კარგი. თუმცა, ვერ ვხვდები, საწინააღმდეგო რა უნდა გქონდეს, – გაიცინა სოფომ, – შენ ვინ გეკითხება?
ირინკამ მხრები აიჩეჩა და მობილური მოიმარჯვა. სოფო უცებ წამოენთო:
– შენ საქმე არ გაქვს, მთელ დღეს ჭრიჭინასავით რომ ატარებ?
ირინკამ ირონიული ღიმილით შეხედა:
– ჩემს უფროსად დაგნიშნეს და არ ვიცი?
– ასე ნუ მელაპარაკები! – გააფრთხილა სოფომ.
– როგორ გელაპარაკო, როცა იქ ყოფ ცხვირს, სადაც არ გეკითხებიან?
– ამას მე მეუბნები? – თვალები გაუფართოვდა სოფოს.
– რა თქმა უნდა. ერთ ოთახში რადგან ვსხედვართ, იმას არ ნიშნავს, რომ მეუფროსო. შენ იურისტი ხარ და შენი საქმე აკეთე, მე ვერაფერზე მიმითითებ.
– აუ, შენ ვინ ყოფილხარ!
– აბა, რა გეგონა? – გამარჯვებულის იერით ჩაილაპარაკა ირინკამ, – თავს არავის დავაჩაგვრინებ. მაგრამ, თუ სიმართლე გინდა, მირჩევნია, ვიმეგობროთ, ვიდრე ვიჩხუბოთ.
– მე და შენ ვიმეგობროთ? – ტუჩი აიბზუა სოფომ.
– რატომაც არა?! შეიძლება, ჩემთან მეგობრობა სასარგებლოც კი იყოს შენთვის, ვინ იცის.
– ჰო? რა ვიცი, რა ვიცი... საერთო თითქმის არაფერი გვაქვს: ღამის კლუბებში არ დავდივარ... ხმაურიანი წვეულებები, სადაც არავინ არავის იცნობს, არ მიყვარს... კაცებს არ ვაბამ...
– ჯერ ერთი, საიდან მოტიანე, რომ ხმაურიანი წვეულებების მოყვარული ვარ? მეორეც, შეგეშალა, მე კი არ ვაბამ კაცებს, აქეთ მაბამენ. აი, დღესაც, დილიდან ერთი ტიპი მიმტკიცებს, რომ მოვენატრე. არადა, სულ ერთხელ ვყავარ ნანახი. შემხვდიო, მეხვეწება.
– მერე, რატომ ეუბნები უარს? – სოფო ისევ ირონიული ტონით ელაპარაკებოდა არხეინად მოღიმარ ირინკას, – ვიდზე არ მოგწონს თუ ფული აქვს ცოტა?
– ცოლიანია, – გადაიკისკისა ირინკამ და სოფოს სიბრალულით შეხედა.
– მერე, შენთვის ეგ პრობლემა არ უნდა იყოს, – სოფო ვერ მიხვდა მისი მზერის შინაარსს.
– ისევ შეგეშალა – პრობლემაა... ნუ, შეიძლება, ასეც ითქვას... მე ცოლიანი კაცების წვალება მომწონს. ვგიჟდები ნერწყვმომდგარნი, პირის წკლაპუნით რომ მელაქუცებიან, ეგებ რამეს გამოვრჩეო... ასეთებს დიდხანს ვახვეწნინებ, ფულს ვახარჯვინებ, ვანერვიულებ და მერე ისევ ნერწყვმომდგარებს ვტოვებ.
– შენ ფიქრობ, რომ ეს კარგი საქციელია?
– რატომაც არა?! მე თავისუფალი ქალი ვარ, არანაირი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება არ მაქვს ვინმეს წინაშე. თავად ნუ აცანცარდებიან.
სოფომ ამოიოხრა:
– ყველა ცოლიანი კაცი ცანცარებს.
– მაგიტომაც არ მყავს ქმარი... – ნიშნისმოგებით გაიცინა ირინკამ, – მე მიყვარს, როცა კარგად ვცხოვრობ, პრობლემების გარეშე... არავინ მანერვიულებს და არავინ მყავს კუდში სადევნი. აუტკივარ თავს არ ავიტკივებ.
– ასე მანამდე იქნება, სანამ ვინმე არ შეგიყვარდება, – ჭკუა დაარიგა სოფომ.
– შეყვარებასაც ჭკუა და გათვლა სჭირდება. არ ვაპირებ, ვიღაც სულელის გამო ცრემლები ვღვარო და ღამეები არ მეძინოს... – ირინკამ გაიღიმა, – ერთხელ მოვედი ამქვეყნად და საკუთარი სიამოვნებისთვის უნდა ვიცხოვრო...
– შენი საქმეა. მე კი ჩემი ქმრისა და შვილის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია...
– როგორც ჩანს, დღეს ანა მოსვლას არ აპირებს, – საუბრის თემა შეცვალა ირინკამ, – შოკოლადი არ გაქვს? განწყობის ასამაღლებლად ტკბილი მჭირდება.
– რატომ, ხომ გაერთე იმ ცოლიანთან, ვერ აგიმაღლდა განწყობა?
– კი ამიმაღლდა, მაგრამ, ისევ დაიწია. ერთი ტიპის ზარს ველოდები და არ მირეკავს.
– ეგეც ცოლიანია? – ირონიულად ჩაიცინა სოფომ.
ირინკას თვალები გაუბრწყინდა, სოფოს მაგიდასთან მიირბინა, კიდეზე ჩამოუჯდა, გრძელი, ლამაზი ფეხები წინ დაუწყო და აღრთოვანებულმა დაიწყო მოყოლა:
– შემთხვევით გავიცანი. იცი, რა მაგარი ტიპია? სიმპათიური, საქმიანი... როგორ ეცვა?! რა მანქანა ჰყავს?! ერთი სიტყვით, ზუსტად ისეთი ტიპია, მე რომ მომწონს.
– ცოლი არ ჰყავს?
– მგონი, არა...
– მგონი? რომ ჰყავდეს?
ირინკა შეყოყმანდა:
– კარგი, რა, ნუ იქნები ასეთი ბოროტი... რატომ უნდა ჰყავდეს? მართლა მომეწონა...
– შენ თვითონ დაურეკე, რადგან ასე მოგწონს.
– არა, ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. დაველოდები, დარეკავს...
***
ანამ აეროპორტის დარბაზში შესვლისთანავე დაინახა ლაშა... სპორტული ჩანთა ეჭირა, არხეინად იყო დაყრდნობილი მოსაცდელი სკამის საზურგეს და სიგარეტს ეწეოდა... ანა ნელი ნაბიჯით გაემართა მისკენ. ლაშამ დაინახა და თვალები გაუბრწყინდა:
– ვიცოდი, რომ მოხვიდოდი... ვგრძნობდი... – წელზე მოხვია ხელი, მკერდზე მიიხუტა და ლოყაზე აკოცა. ანამ მაშინვე „გაიქვავა“ სახე.
– ბევრის იმედი ნუ გექნება – როგორც შემპირდი, ცალ-ცალკე ნომრებში ვიცხოვრებთ.
– ჰო, აბა რა! – სერიოზული სახით დაჰპირდა კაცი და უცებ სიცილი აუტყდა.
– რა გაცინებს?
– ძალიან სასაცილო ხარ... ბოლომდე იბრძვი, არ ნებდები.
– უბრალოდ, ვიფიქრე, რომ დასვენება არ მაწყენდა. შენ თუ ასე აპირებ გაგრძელებას, ახლავე წავალ.
– მე აღარ გაგიშვებ, – ლაშამ მაგრად მოჰკიდე ხელი და თითები მოუჭირა, მერე მისკენ დაიხარა და წასჩურჩულა: – იცი, როგორ დაგასვენებ? მთელი ცხოვრება არ დაგავიწყდება.
ანას სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და თვალზე მომდგარი ცრემლი შეუმჩნევლად მოიწმინდა...
***
... გრძნობებისგან ადამიანები ტირიან... მაგალითად, შეიძლება, სიმფონიური მუსიკის კონცერტს უსმენდე და ატირდე; ან, დაინახო, როგორ კოცნის ჩვილი დედას და ცრემლები გადმოყარო... ანასაც ასე დაემართა. თავადაც ვერ მიხვდა, რატომ მოუნდა ტირილი. ლაშა სულ ახლოს იყო, მისი ძლიერი მხრის შეხებას გრძნობდა და ერთბაშად გააცნობიერა, რომ ვერანაირი ცალ-ცალკე ნომერი ვერ უშველიდა. კაცმა გაიმარჯვა, ყოველ შემთხვევაში, ახლა ის აბსოლუტური ტრიუმფატორი იყო...
***
სოფომ აწკრიალებულ მობილურს სტაცა ხელი:
– ჩემი ქმარი მირეკავს...
ირინკას გაეღიმა:
– არ უპასუხებ?
– რა ვიცი, დილით ძალიან გამაბრაზა. სამსახურშიც არ წამომიყვანა.
– მერე რა, პირიქით, უნდა უპასუხო და ისე მოიქცე, რომ თავისი საქციელი ინანოს.
– ეგ როგორ?
– როგორ და, საერთოდ არ აგრძნობინო, რომ გაბრაზებული ხარ. პირიქით, ისეთი პასუხი გაეცი, რომ ინერვიულოს...
– რა პასუხი უნდა გავცე, მაგან რომ ინერვიულოს? – ამოიოხრა სოფომ.
– გადამრევთ ეს გათხოვილი ქალები, საერთოდ არ იცით, კაცი როგორ უნდა აწვალოთ! მიდი, ჯერ უპასუხე მხიარულად და უდარდელად, მერე რაღაცას გასწავლი.
– გისმენ, საყვარელო! – ხმა გაინაზა სოფომ და ირინკას გახედა. იმანაც მოწონებით დაუქნია თავი.
– სამსახურში ვარ, აბა, სად ვიქნები? რას ვაკეთებ და ვერთობი, თანაც, ძალიან კარგად... მითხარი, რა გინდა... რა?! – სოფო უცებ გაჩუმდა და თვალები გაუფართოვდა, – ამას სერიოზულად ამბობ? რა? ახლავე? რა მაგარია! მოვდივარ! ანას ვეტყვი, რომ დღეს ვეღარ დავბრუნდები. მოვქრივარ! ძალიან, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ! – სოფომ მობილური მაგიდაზე მიაგდო და სიხარულისგან შეხტა.
– რა მოხდა? ბოდიში მოგიხადა?
– ბოდიში?! რა ბოდიში... მანქანას ყიდულობს ჩემთვის და ახლავე წამოდიო – უნდა, რომ დღესვე გავაფორმოთ.
– მართლა? ეტყობა, ძალიან დააშავა... – სიგარეტს მოუკიდა ირინკამ და თავისთვის გაიფიქრა: „ნეტავი ვიცოდე, ჩემი დამსახურება ხომ არის ეგ მანქანა...“
სოფო სიხარულისგან ხტოდა. ასე აწითლებული და აჟიტირებული შევარდა ანასთან.
– დღეს უნდა გამიშვა, რა... – დაიძახა კარიდანვე.
– მოხდა რამე? – თავი ასწია ანამ და სოფოს გამომეტყველების დანახვაზე შეცბა: – მშვიდობაა? ასეთი აწითლებული რატომ ხარ? ბავშვი ხომ გყავს კარგად?
– კი, კი, კარგად არის... ნიკამ დამირეკა. შენთვის მანქანა ავარჩიე და უნდა გიყიდოო. სასწრაფოდ უნდა წავიდე.
– კარგი ამბავი ყოფილა, – შუბლი გახსნა ანამ, – მე კი შემეშინდა.
– აუ, ისე მიხარია, ისე მიხარია... იცი, რამდენი ხანია, მპირდება ეგ საზიზღარი? დილით გამაბრაზა და, ახლა, ეტყობა, ამით უნდა დანაშაული გამოისყიდოს. ისე, ეს ირინკა მაგარი ვინმეა.
ანამ გაოცებით ასწია წარბები, რაც იმას ნიშნავდა, რას გულისხმობო.
– მაგრად ერკვევა კაცების ფსიქოლოგიაში. კერძო გაკვეთილები უნდა ავიღო მაგისგან.
– ეგეთები ყოველთვის კარგად ერკვევიან კაცების ფსიქოლოგიაში, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ანამ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში