ჩემს დისშვილს უწესო ქალი შეუყვარდა
კი გწერთ ამ წერილს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ამით ჩემი და ჩემი დის ოჯახს რამე ეშველოს. არადა, სწორედ იმიტომ გწერთ, რომ იქნებ იმ უზნეო ქალბატონმა ან მისმა რომელიმე ნაცნობმა წაიკითხოს და უთხრას, რომ ჩვენი ოჯახის წევრი ის ვერასოდეს გახდება, ამ ჩემმა გამოშტერებულმა დისშვილმა კიდეც რომ შეირთოს ცოლად.
ისე, მაინც, რა უბედურება გვჭირს, არ ვიცი. ვინ დაგვწყევლა, რომ ორ დას თითო ვაჟი გვყავს და ორივე გამოთაყვანებული გამოდგა. აბა რა ეთქმის ან ერთის და ან მეორის საქციელს, რომ ჯერ ჩემმა შვილმა სამი წელი ამასხარავებინა და გააფცქვნევინა თავი ქვეყნის გამონაცვალ ქალს, მის გამო მთელი სანათესაო მოიმდურა და კინაღამ სერიოზულ შარში გაეხვია. კიდევ კარგი, შვილი არ გაუჩინა, თორემ იმ ბავშვსაც ისე გააუბედურებდა, როგორც თავის მერამდენეღაცე ქმრისგან თუ საყვარლისგან გაჩენილ შვილს აუბედურებს. ყველაზე დიდი საშინელება კი ამ ისტორიაში ის არის, რომ ჩემი ერთადერთი დისშვილიც წამოეგო ამ ალქაჯის ანკესზე და ჰიპნოზგაკეთებულივით ემორჩილება ყველაფეში. აბა რა იქნება – ათი თუ თორმეტი წლითაა იმ გომბიოზე უმცროსი და ყველა მის ბრძანებას მონასავით ასრულებს.
ჩემი დისშვილი ძალიან ცნობილი ბიჭია, თან ძალიან სიმპათიური. ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და მთელი ცხოვრება წინ აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქვეყნოდ აცხადებს ჩემი საცოლეა და ერთმანეთზე ვგიჟდებითო. როგორ უნდა შექმნას ოჯახი იმ ქვეყნის ნათრევ ქალთან? კიდევ არ ამოვიღებდი ხმას, ჩემი შვილის საყვარელი მაინც რომ არ ყოფილიყო. ერთმანეთთან ვეღარასოდეს ვეღარ უნდა მივიდნენ ძმებივით ერთად გაზრდილი დეიდაშვილები იმ უზნეო დედაკაცის გამო? ბრაზილიაში ან სადღაც მაპუტუში, შეიძლება, ამას საერთოდ არ ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ, ამ პატარა საქართველოში რატომ უნდა ჰყავდეთ ძმებს საერთო ცოლი ან საყვარელი ვერ გამიგია და რა ვქნა?! რა ძალაა, თორემ, კი ბატონო. ყველაზე დიდი სირთულე კი ამ ჩვენს ტრაგედიაში ის არის, რომ ჩემმა დისშვილმა ჯერ არ იცის, როგორი „წმინდანის” შერთვას აპირებს, პირდაპირ თქმას კი ვერიდებით – გვეშინია ჩვენ ჯინაზე მაშინვე არ შეირთოს და ჩემი შვილივით არ დაიღუპოს თავი. ცოტას კიდევ მოვიცდი და თუ სხვამ ვერავინ უთხრა, ჯერ იმ ქალბატონთან მივალ და დავემუქრები, მერე კი ამ ტუტუც ბიჭსაც მოვახსენებ, რაც საჭიროა და, თუ მაინც იმ ქალთან მოინდომა ყოფნა, ესე იგი, მეტის ღირსი არც ყოფილა და ღმერთმა შეარგოს.
მაგდა, 51 წლის.