მძარცველთა საგანძური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #22-30(761)
***
აგარაკზე დაბრუნებულ განძის მაძიებლებს თინა დახვდათ. ის სტუმრებს შეეგება და უთხრა:
– სად ხართ, ძვირფასებო? გუშინ ორჯერ ამოგაკითხეთ და, დღესაც რომ არ მენახეთ, უკვე თქვენს ძებნას დავიწყებდი.
– თქვენი ლამაზი ქვეყნის თვალიერებამ გაგვიტაცა, ძვირფასო, – მიუგო თინას გენერალმა, – ისე გავერთეთ, რომ ყველაფერი გადაგვავიწყდა და ბოდიშს გიხდით.
– პირიქით, მე გიხდით ბოდიშს, რომ სათანადო ყურადღებას ვერ გაქცევთ, – იუხერხულა თინამ, – იმდენი ტურისტია ჩამოსული, სამუშაოს ვერ ავუდივართ და მთელი დღე ექსკურსიებზე დაგვყავს. ახლაც გავრბივარ. ლენინგრადელების ჯგუფია ჩამოსული და მცხეთაში უნდა წავიყვანო.
– ნუ განიცდი, თინა, – გენერალმა ნუცასკენ გაიშვირა ხელი, – აი, ეს მშვენიერი გოგონა გვიწევს ექსკურსიამძღოლობას, თან, მძღოლის ფუნქციასაც შეითავსა. ერთი სიტყვით, მოწყენილები არ ვართ.
– სამიოდე დღეც, ვასილი ანდრეევიჩ და, მთლიანად თქვენს განკარგულებაში ვიქნები – შვებულებაში გავდივარ, – თქვა თინამ.
– სამ დღეში უკვე მივემგზავრებით.
– რას ბრძანებთ, მართლა? – შეიცხადა თინამ.
– სამწუხაროდ, – ხელები გაშალა პოპოვმა, – გადაუდებელი საქმეები მაქვს და, იქ რომ არ ვიყო, არ შეიძლება. სამაგიეროდ, ნუციკოც მიგვყავს. უფრო სწორად, მას მივყავართ.
– ეს რა მითხარით! ძალიან საწყენია, გაგიჟდება ვასო, რომ ჩამოვა.
– ვასო ისევ რაიონშია?
– არა, გუშინ მოსკოვში გაფრინდა თანამშრომლებთან ერთად.
– მოსკოვში?
– დიახ. ვიღაც გაქცეულ მძარცველებს ეძებენ, განსაკუთრებით საშიშ ბოროტმოქმედებს. მოსკოვში ამ ერთი თვის წინ ინკასატორები გაუძარცვავთ. ერთ-ერთი მძარცველი ქართველია და ჩვენი სამინისტროს ჯგუფიც ჩართეს ამ ოპერაციაში, – თქვა თინამ, – ძალიან ვნერვიულობ. სანამ ჩამოვა, მე ჩემი დამემართება.
– ნუ ნერვიულობ, შვილო, ასეთია მილიციელის ცხოვრება. მეც, სანამ ვმუშაობდი, ასეთ გაწამაწიაში ვიყავი და ჩემი ცხონებული მეუღლეც შენსავით განიცდიდა. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.
– ვერაფრით ვეგუები ვასოს ვოიაჟებს, სანამ ჩამოვა ხოლმე, მე ჩემი მემართება.
– დამშვიდდი, თინა, ყველაფერი კარგად იქნება. ნერვიულობა ჯანმრთელობას არყევს.
– გმადლობთ, ვასილი ანდრეევიჩ, უკვე უნდა წავიდე. ხვალ იქნებ მოვახერხო და შემოგირბინოთ.
– შენი საქმე არ გაიფუჭო, შვილო. ხომ ხედავ, არაფერი გვიჭირს. მაზეგ დილით გავემგზავრებით. მანამდე კი, ალბათ, გნახავთ და გამოგემშვიდობებით.
– რაზეა ლაპარაკი, ვასილი ანდრეევიჩ. ხვალ თუ არა, ზეგ საღამოს მაინც ამოგაკითხავთ. აქ დავრჩები და მაზეგ გაგაცილებთ.
– შვილო.
– კარგი. ახლა კი გავიქეცი, ნახვამდის!
– ნახვამდის!
თინა მანქანაში ჩაჯდა და გაემგზავრა, გენერალმა კი დიმკას უთხრა:
– რაღაც, არ მომწონს მე ეს ყველაფერი.
– რას გულისხმობთ?
– ვასოს მოსკოვში გამგზავრებას. ვერ მიხვდი, რომ თქვენ გეძებენ?
– მოსკოვში? – კითხვითვე მიუგო დიმკამ.
– ეტყობა, რომ მილიციას რაღაც ინფორმაცია აქვს, ტყუილად არ გამოიძახებდნენ აქაურ ჯგუფს მოსკოვში.
– რა ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ?
– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა პოპოვმა, ჩაფიქრდა და დაამატა: – იმ ქირურგს ხომ არ ჩაავლეს ნეტავ?
– ზალკინს?
– სწორედ მაგას.
– თუ მასეა, მაშინ, იმ ფულმა და კაზლიკის საგანძურმა ჭირი მოგვჭამა, – ჩაეცინა დიმკას.
– მაგას ვინ ჩივის, ოქროს კუბოშიც საკმარისი განძია. მთავარია, კვალზე არ გამოვიდნენ, – თქვა გენერალმა.
– როგორ უნდა გამოვიდნენ, ვინ რა იცის, რომ თქვენთან შევაფარეთ თავი?
– მილიციამ რა იცის, ჩვენ ზუსტად არ ვიცით. ფაქტი ისაა, რომ ოპერაციაში აქაურებიც ჩართო ცენტრმა და ეს უკვე ძალიან საგანგაშოა. ერთი სიტყვით, სახლში უნდა დავრეკო და ფიგარო გავაფრთხილო, რომ ჩვენს დაბრუნებამდე გარეთ ცხვირიც არ გაყოს. არც სატელეფონო ზარებს უპასუხოს და ბინის კარსაც არ მიუახლოვდეს – ვითომ სახლში არავინაა. ჩვენ კი რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნდეთ ლენინგრადში. ახლა კი ფოსტაში წავიდეთ და დავრეკოთ.
– ვასილი ანდრეევიჩ, მეც უნდა წამოგყვეთ ლენინგრადში? – ჰკითხა პოპოვს ნუცამ.
– არ გინდა? – მიუგო პოპოვმა.
– უხერხული ხომ არაა?
– რა უხერხული, შვილო, თანაც, საჭესთან შენ უნდა დაჯდე. მე არ შემიძლია, დიმკასთვის კი არ შეიძლება, რომ არ დაიწვას. თუმცა, თუ სურვილი არ გაქვს, შეგიძლია, უარი თქვა, ნამდვილად არ გვეწყინება.
– რას ბრძანებთ, ვასილი ანდრეევიჩ, – წამოწითლდა გოგონა, – თქვენ იმდენი კარგი გამიკეთეთ და ისე სასიკეთოდ შეცვალეთ ჩემი ცხოვრება, რომ უარს როგორ გეტყვით.
– ეგ რა შუაშია. თუ არ გინდა, შეგიძლია, არ გამოემგზავრო. წინ რა გველოდება, არ ვიცით და საკმაოდ რისკიანი საქმეა. შენ შენს წილს დაგიტოვებთ, ბინა უკვე გაქვს – შეგიძლია, აქ დარჩე და რისკს აერიდო.
– არა, – მტკიცედ თქვა გოგონამ, – თქვენთან ერთად მოვემგზავრები. ახლა კი ფოსტაში წავიდეთ, თქვენ ხომ ლენინგრადში უნდა დარეკოთ.
ფოსტამდე მისვლას, ფიგაროსთან ლაპარაკსა და ვაკეში დაბრუნებას ორიოდე საათი დასჭირდა. ნუცას ბინაში რომ დაბრუნდნენ, საღამოს 8 საათს გადასცილდა. განძის მაძიებლებმა გზად სურსათ-სანოვაგე შეიძინეს ვახშმის მოსამზადებლად, რადგან ღამით ნუცასთან დარჩენა ჰქონდათ გადაწყვეტილი.
ნავახშმევს გენერალი სავარძელში მოკალათდა და გააბოლა, ახალგაზრდებმა კი ორი საძინებელი ოთახი საფუძვლიანად დაალაგეს, ყველაფერი დააკრიალეს და ბინა უფრო ფეშენებელური გამოჩნდა.
– ვასილი ანდრეევიჩ, სულ გამოგვრჩა მხედველობიდან, – უთხრა დიმკამ პოპოვს.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა გენერალმა.
– პასპორტები. იმ კაცს არ მივაკითხო?
– ჯერ არა, ჯერ ლენინგრადში დავბრუნდეთ და ყველაფერი კარგად გავიაზროთ, – თქვა პოპოვმა, – საინტერესოა, რა იყნოსა მილიციამ. ნამდვილად რაღაც ხელჩასაჭიდი აქვთ და მუშაობენ. უკან რომ დავბრუნდებით, იქნებ რაღაც-რაღაცეები გავარკვიო. ეგებ, გავიგო, რა ინფორმაციას ფლობს საკავშირო სამინისტრო თქვენ შესახებ.
– როგორ გაარკვევთ, თქვენ ხომ უკვე აღარ მუშაობთ მილიციაში? – ჰკითხა პოპოვს დიმკამ.
– ჩემი ყოფილი მოადგილე ამას წინათ მოსკოვში გადაიყვანეს და მას შევეხმიანები, იქნებ მისგან შევიტყო რამე.
– რას ეტყვით?
– ჯერ არ ვიცი, კარგად უნდა მოვიფიქრო. ისეთი რამ უნდა ვუთხრა, რომ არ გავიშიფრო.
– არა მგონია, რამე საგანგაშო იყოს.
– ტყუილად არ გგონია, დიმკა. რა იცი, რა მოხდა, საიდან რა ინფორმაცია მიიღეს და რას აპირებენ?
– წესით, ჯაჭვი მოსკოვში უნდა გაწყვეტილიყო და თუ გვეძებენ, ალბათ, ისევ მოსკოვში.
– თუ ასე არაა?
– მაშინ, არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა დიმკამ.
– ჰოდა, რომ არ ვიცი, მეც სწორედ ამიტომ ვნერვიულობ, – თქვა გენერალმა, – ეხუმრები ამ საქმეს? ნახევარი მილიონი მანეთია გატაცებული. სამი მძარცველი მკვდარია. მოლარე და ინკასატორები – დაჭრილები. მთელი მილიცია ფეხზე დგას და თქვენი სურათები კი მთელ ქვეყანაშია გამოკრული. კიდევ კარგად გადარჩით, რომ ჩემამდე ჩამოაღწიეთ და გზაში არ აგიყვანეს. არეულ-დარეული დროა, თორემ, ადრე უკვე საკანში იქნებოდით გამომწყვდეულები. აბა, დაფიქრდი, თუ მართალს არ ვამბობ.
– მე ციხეში აღარ ჩავჯდები, – თქვა დიმკამ, „პარაბელუმი“ ამოაცურა და მოულოდნელად დაამატა, – ალყაში რომ მომაქციონ, ბოლომდე შევეწინააღმდეგები. ერთ ტყვიას კი ჩემთვის დავიტოვებ და შუბლში ვიგლიჯავ.
დიმკას სიტყვებზე ნუცა გაფითრდა, პოპოვმა კი კოპები შეკრა და დიმკას უთხრა:
– შეინახე ეგ რკინა და ნუ სულელობ! რა გულს უხეთქავ ამ გოგოს?! განძს მივაგენით და ახლა იკლავ თავს?
დიმკამ პისტოლეტი მაგიდაზე დადო და გენერალს მიუგო:
– მე უკიდურეს შემთხვევას ვგულისხმობ, ვასილი ანდრეევიჩ, მილიციას კი ცოცხალი ნამდვილად არ ჩავბარდები – ჯერ ერთი, ყველაფერს მე შემტენიან; თანაც, ისეთ დღეში ჩამაგდებენ და ისე მაწამებენ, სიკვდილს მომანატრებენ.
– გეყოფა, ყველაფერი კარგად იქნება, – შეუბღვირა პოპოვმა ბიჭს. შეშინებულმა ნუცამ კი დიმკას ჰკითხა:
– მართლა შეგიძლია თავის მოკვლა?
– თუ სხვა გზა არ დამრჩება, მაშინ კი.
– გეყოფა-მეთქი სისულელეების ლაპარაკი! სხვა გზა ყოველთვის არსებობს, – თქვა გენერალმა, – მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო, მეტი არაფერი.
– გამართლებაც, – დაამატა დიმკამ.
– მერედა, არ გიმართლებს? ამდენ დავიდარაბას გადაურჩი, განძს მიაგენი და მდიდარი ხარ. მალე საზღვარგარეთ გაემგზავრები და მეფესავით იცხოვრებ, თუ, რა თქმა უნდა, ისევ დანაშაულისკენ არ გაგიწია გულმა, – ნახევრად ხუმრობით თქვა გენერალმა, მერე ნუცასკენ გაიშვირა ხელი და დაამატა: – რაც ყველაზე მთავარია, გვერდით ასეთი მშვენიერი გოგონა გყავს.
ნუცა წამოწითლდა, იგივე დაემართა დიმკასაც, პოპოვმა კი პაუზის მერე განაგრძო:
– ასე რომ, შვილიკო, ბედს ნუ უჩივი, მაგრად ჩაავლე კუდში ხელი და არ გაუშვა, – გენერალს გაეცინა. ახალგაზრდებს გადახედა და თქვა: – არ ვამბობ სიმართლეს?
– დიახ, მართალს ბრძანებთ, – მიუგო ნუცამ.
– შენ, შენ რას იტყვი, შვილიკო? – ჰკითხა პოპოვმა დიმკას.
– მართალი ხარ, მამიკო; როგორც ყოველთვის, მართალი, – მიუგო ბიჭმა და სიგარეტს მოუკიდა.
გენერალმა საათს დახედა და თქვა:
– რა დრო გასულა! გვეყოფა ამდენი ლაპარაკი. ხვალ ბევრი საქმე გვაქვს, დავიძინოთ.
***
მეორე დღეს განძის მაძიებლებმა ოქროს კუბო „ვოლგის“ საბარგულში ფსკერის კუთხეში საიმედოდ მიამაგრეს და ბრეზენტი მიაფარეს. საბარგული კი შესანიღბავად პირთამდე აავსეს ჩანთებით, რომლებიც ქართული სუვენირებითა და ეროვნული თიხის ჭურჭლით იყო სავსე. შემდეგ წყნეთში ავიდნენ, ივახშმეს და დასასვენებლად სავარძლებში მოკალათდნენ. თინაც მალე მოვიდა. მან მანქანიდან ორი უზარმაზარი ჩანთა გადმოიტანა, სტუმრებს წინ დაუწყო და უთხრა:
– ეს თქვენ – ჩვენგან საჩუქრად. აქ ქართული სუვენირები და ეროვნული ჭურჭელია.
– გმადლობთ, შვილო, რატომ დაიხარჯე და შეწუხდი! ჩვენ უკვე ყველაფერი შევიძინეთ და საბარგული ისეა გამოტენილი ამ ნივთებით, ნემსსაც ვერ ჩაატევ, – უთხრა პოპოვმა თინას.
– არა უშავს, ვასილი ანდრეევიჩ. უკანა სავარძლებზე დააწყობთ, – გაუღიმა თინამ გენერალს, – ჩვენგან საჩუქრად გექნებათ და გაგვიხსენეთ ხოლმე.
– დიდი მადლობა, შვილო, – მიუგო თინას გენერალმა და ჰკითხა: – ვასოსგან ხომ არაფერია ახალი, ხომ არ დაურეკავს?
– დიახ, წუხელ დამირეკა მოსკოვიდან და მითხრა, რომ ჯერ არ იცის, როდის ჩამოვა. ძალიან ვნერვიულობ.
– აბა, აბა, ნერვიულობას მოეშვი, ყველაფერი კარგად იქნება, – უთხრა პოპოვმა დიასახლისს.
– მაინც მეშინია, ვასილი ანდრეევიჩ, ასე მითხრა, სერიოზულ ოპერაციაში ვარ ჩართული, შეიძლება, სხვა ქალაქში გავემგზავრო და, თუ არ დაგირეკე, არ ინერვიულოო.
– მერე რა, ასეთია ჩვენი პროფესია. ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება.
– თქვენზე რომ გაიგო, მიემგზავრებით, ძალიან ეწყინა.
– არა უშავს, ამით ხომ არ მთავრდება ჩვენი მეგობრობა, პირიქით, ახლა იწყება. ისევ გესტუმრებით, მანამდე კი, როცა მოიცლით, შენ და ვასო მესტუმრეთ.
– სხვათა შორის, ვასომ მითხრა, შეიძლება, ლენინგრადშიც მომიწიოს გამგზავრება სამ-ოთხ დღეში და გენერალს აუცილებლად მოვინახულებო, – უთხრა თინამ პოპოვს.
დიასახლისის სიტყვებზე გენერალი შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია, თინას გაუღიმა და მიუგო:
– ჰოდა, ძალიანაც კარგი, გამიხარდება მისი ნახვა და დიდი სიხარულით შევხვდები, – გენერალმა საათს დახედა და დაამატა: – ხვალ ადრე ვართ ასადგომები. თუ არ გეწყინება, დავწვები, ჩემო კარგო.
ნუცა და თინა ერთ საძინებელში მოთავსდნენ, დიმკა და გენერალი კი, რომ განმარტოვდნენ, პოპოვმა ბიჭს უთხრა:
– ესღა გვაკლდა, ახალი სანერვიულო გაგვიჩნდა.
– რას გულისხმობთ?
– რას და, თუ ვასო მართლა მეწვევა სახლში, სედოის და ფიგაროს რა ვუყო?
– მართალია.
– რა ვქნა?
– სხვა რა გზა გაქვთ, უნდა დაემალოთ. ვითომ სახლში არ ხართ.
– არა, არ გამოვა, – თავი გააქნია პოპოვმა, – ძალიან საეჭვოდ გამოჩნდება ეს ყველაფერი, სხვა რამ უნდა მოვიფიქრო.
– მაინც, რა?
– რა და, დროებით ჩემს აგარაკზე გადავიყვან ფიგაროსა და სედოის.
– შორსაა აგარაკი?
– შორს არაა, მაგრამ, არაა საიმედო.
– რატომ?
– პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ იქ ბევრი ხალხი ირევა. თანაც, იმ ადგილზე მხოლოდ მილიციის თანამშრომლები სახლობენ და ვინმემ თუნდაც ფიგარო რომ იცნოს, სედოიზე რომ არაფერი ვთქვათ, ყველაფერი ჩაგვეშლება, – თქვა პოპოვმა და დაამატა: – ეჰ, ვასო, ვასო... ჯერ იყო და, ფეხი მომტეხა, ახლა ლენინგრადში სტუმრობას აპირებს...
– ვასილი ანდრეევიჩ, – დიმკამ სიტყვა გააწყვეტინა პოპოვს, – ვასოს ლენინგრადში რა ესაქმება, მართლა კუდზე ხომ არ დაგვასხდნენ?
გენერალი ჩაფიქრდა და თქვა:
– ნეტავ, მართლაც ჩვენს კვალს ხომ არ დააჯდა მილიცია და... – პოპოვმა თავი გააქნია და დაამატა: – არა, არა, რა სისულელეა. მილიციამ რომ იცოდეს, მე შეგიფარეთ, მაშინ, ჯერ ერთი, ეს ინფორმაცია ამ გზით არ მოვიდოდა ჩვენამდე. თანაც, ახლა უკვე „აყრილები” ვიქნებოდით. არა, აქ რაღაც სხვა ამბავია. ყოველ შემთხვევაში, არ იციან, რომ ჩემთან ხართ დაკავშირებული.
– ჰო, ალბათ, – თქვა დიმკამ.
– კარგი, შვილო, გვეყოფა მარჩიელობა, დავიძინოთ. დილით ადრე ვართ ასადგომები და წინ დიდი გზა გვაქვს გასასვლელი, – უთხრა პოპოვმა დიმკას და ლოგინში ჩაწვა.
***
განძის მაძიებლები დილაადრიან გაემგზავრნენ წყნეთიდან. ისინი თინამ გააცილა და გამომშვიდობებისას უთხრა:
– დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. ჩასვლისთანავე დამირეკეთ და მითხარით, როგორ იმგზავრეთ. აი, ჩემი სახლის ტელეფონის ნომერი, – თინამ გენერალს ბლოკნოტის ფურცელი მიაწოდა.
მსგავსი ფურცელი მისცა დიასახლისს პოპოვმა:
– აქ ჩემი მისამართი და ტელეფონის ნომერია. მასპინძლობისთვის დიდი მადლობა. სტუმრად გელოდები მეუღლესთან ერთად. ნახვამდის.
ნუცამ „ვოლგა“ ადგილიდან დაძრა და თბილისისკენ დაეშვა.
– რას იტყვი, მამიკო, როგორ მოგეწონა საქართველო და ქართველები? – ჰკითხა დიმკამ პოპოვს, როდესაც ისინი თბილისისკენ მიემართებოდნენ.
– კეთილგანწყობა გამიორმაგდა, – მიუგო გენერალმა, – საოცარი რამ თქვა ჩვენმა დიასახლისმა.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა დიმკამ.
– რას და, მადლობა სტუმრობისთვისო, – გაეღიმა პოპოვს, – მადლობას, წესით, სტუმრები ამბობენ, თქვენთან კი პირიქითაა. საოცარია, ნამდვილად საოცარი. გული მწყდება, რომ მთელი საქართველო ვერ დავათვალიერე. ალბათ, სხვაგანაც ასე ხვდებიან სტუმარს.
– სხვაგან უარესია, – გაიცინა დიმკამ.
– უარესში რას გულისხმობ? – ვერ მიხვდა გენერალი.
– რას, მამიკო და, სხვაგან რომ ვყოფილიყავით, შეიძლება, ასე ადრე არც გამოვეშვით.
– ადრე როგორ, დილით?
– დილა რა შუაშია, – გაიცინა დიმკას, – ანუ, ასე მალე – ხანმოკლე სტუმრობას ვგულისხმობ.
– ორი კვირა ცოტაა?
– ქართველი მასპინძლისთვის – კი.
– საოცარია, ნამდვილად საოცარი, – გაეცინა გენერალს და თავი გააქნია.
– საქართველო საერთოდ საოცრებათა ქვეყანაა. აქ, შეიძლება, სასაფლაოზე დამარხული ზღაპრული განძი იპოვო და საკავშირო ძებნილმა შენი მაძებრის აგარაკზე იცხოვრო, – თქვა დიმკამ. პოპოვმა კი დაამატა:
– თანაც, ისეთი პრინცესა გაიცნო, როგორიც ჩვენი ნუციკოა.
– უფრო, ალბათ, კონკია, – თქვა ნუცამ.
– კონკია ხომ შემდეგ პრინცესა გახდა, – მიუგო გენერალმა გოგონას.
– მერე, პრინცი სადაა? – გაეცინა ნუცას.
– ვიპოვით, ამქვეყნად პრინცებს რა გამოლევს, – თქვა დიმკამ, – შეიძლება, გზაზეც კი შეგვხვდეს.
– მერე, როგორ მიხვდები, რომ პრინცია? – ჰკითხა ნუცამ.
– ქოშით. ხელში ქოში უნდა ეჭიროს, – არ დააყოვნა პასუხი დიმკამ, რომელიც მზად იყო, ნებისმიერი პრინცი ძვლებში დაელეწა ნუციკოს გამო.
– მოდი, ასე ვქნათ, შვილიკო, – ლაპარაკში გენერალი ჩაერთო, – ნუციკოს ვთხოვოთ, რომ ფეხსაცმელების პირველივე მაღაზიასთან გაგიჩეროს. შემდეგ გადადი, ერთი ცალი ქოში იყიდე და გზაზე დადექი ქოშით ხელში...
– პრინცივით, – დაამატა ნუცამ.
– მერე, ქოში რომ არ მოგერგოს?
– ვისაც მოერგება, პრინცესაც ის იქნება, – პასუხი არ დააყოვნა განაწყენებულმა ნუცამ. პოპოვმა კი იგრძნო, რომ ახალგაზრდების კინკლაობა მალე ჩხუბსა და ურთიერთწყენაში გადაიზრდებოდა და მათ უთხრა:
– გეყოფათ ზღაპრები, ჯობია, რეალობას დავუბრუნდეთ. რას იტყვით, ხომ არ გვესაუზმა სადმე?
– რიკოთთან რომ მივალთ, იქ ვისაუზმოთ. კარგი რესტორანია და გემრიელ კერძებს ამზადებენ, – თქვა დიმკამ.
– რიკოთი რა არის? – იკითხა გენერალმა.
– უღელტეხილი. იმის იქით დასავლეთ საქართველოა, – აუხსნა დიმკამ პოპოვს.
განძის მაძიებლები ერთი საათით გაჩერდნენ რიკოთზე, დანაყრდნენ, ცოტა შეისვენეს და გზა განაგრძეს. მეორედ აბაშაში შეჩერდნენ, ისადილეს და, რომ დაასრულეს, პოპოვმა თქვა:
– უგემრიელესი კერძებია, მაგრამ, ყველაფერი ძალიან ცხარეა და პირი გამომებუგა.
– ეგ რა ცხარეა, ვასილი ანდრეევიჩ, – გაეცინა ნუცას, – თქვენ ოჯახებში უნდა ნახოთ, მართლა რამდენ წიწაკას ურევენ კერძებში და, თუ მიჩვეული არ ხართ, ერთ ლუკმასაც ვერ შეჭამთ.
– ტკბილი ხალხი ხართ და ბევრ წიწაკას, ალბათ, კომპენსაციისთვის ხმარობთ. ნამეტანი სიტკბოც არ ვარგა, ზოგჯერ სიცხარეც საჭიროა, – იხუმრა გენერალმა.
– საკმაოდ გონივრული მოსაზრებაა, მამიკო, – გაეცინა დიმკას, – თბილისში რომ მილიციელები შეგვხვდნენ იმ ღამეს, როგორც ჩანს, მარტო წიწაკით იყვნენ ნაკვები.
– სულელები, – გაეცინა ვასილი ანდრეევიჩს, – ისე ჩამაბარეს თავიანთი მოწმობები, რომ ერთხელაც არ უცდიათ გაერკვიათ, მართლა გენერალი ვიყავი თუ ვიტყუებოდი, მუნდირმა შეაშინა.
– შენს გენერლობას, მამიკო, დიდი შემოწმება არ სჭირდება, ეგრევე გეტყობა, – უთხრა პოპოვს დიმკამ, – უბრალოდ, ის კრეტინები გვიან მიხვდნენ ამას.
– ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, – თქვა გენერალმა და დაამატა: – რას იტყვით, სად ვივახშმოთ მოგვიანებით?
– სადაც ღამით გავჩერდებით, – მიუგო დიმკამ.
– მართალი ხარ, ღამით აუცილებლად უნდა დავისვენოთ, თორემ, ჩვენი პრინცესა ცოდოა. მთელი დღეა, საჭეს უზის და გადაიღალა.
– საერთოდ არ დავღლილვარ, ვასილი ანდრეევიჩ, – თქვა ნუცამ, – შემიძლია, ღამითაც ვიარო.
– არა, შვილო, ღამით უნდა დაისვენო, – თქვა პოპოვმა, – მოდი, სოჭში შევჩერდეთ. ღამე სადმე მყუდრო ადგილას, მანქანაში გავათენოთ. იქვე ვივახშმოთ, უთენია კი გზა განვაგრძოთ. რას იტყვით, კარგი აზრია?
– მომწონს, – თქვა ნუცამ.
– მეც, – დაამატა დიმკამ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. სოჭში ვათენებთ ღამეს, – თქვა გენერალმა და სიგარეტი გააბოლა.
განძის მაძიებლები სოჭში რომ ჩავიდნენ, ღამის ქალაქი გაჩახჩახებული დახვდათ. ქუჩები დამსვენებლებით იყო სავსე. ღია კაფეებსა და რესტორნებში ხალხის ტევა არ იყო. ირგვლივ მხიარულება და ბედნიერება სუფევდა.
– ნუციკო, შვილო, გასტრონომთან გააჩერე. შენ და დიმკამ ვახშმისთვის პროდუქტები იყიდეთ. შემდეგ კი ველურ პლაჟზე მივიდეთ და ღამით იქ დავბანაკდეთ, – უთხრა პოპოვმა გოგონას, – ოღონდ, ფრთხილად და ყურადღებით იყავით. მიდით.
ახალგაზრდები მანქანიდან გადავიდნენ. ოციოდე წუთის შემდეგ კი პროდუქტებით სავსე ჩანთით დაბრუნდნენ უკან და გზა განაგრძეს.
– პირდაპირ იარე! ოთხას მეტრში გზაგასაყარია და იქ ხელმარცხნივ ჩაუხვიე. მამაიკაზე გავჩერდეთ, მყუდრო ადგილია, – უთხრა გენერალმა ნუცას და სულ რაღაც ათიოდე წუთის შემდეგ განძის მაძიებლები სოჭის გარეუბან მამაიკის ველურ პლაჟზე დაბანაკდნენ.
„ვოლგა“ კლდის პირას გააჩერეს და ივახშმეს. მერე ნარჩენები ერთად მოაგროვეს და პარკში ჩაყარეს. შემდეგ კაცებმა გააბოლეს. პოპოვმა საათს დახედა და თქვა:
– თერთმეტი საათი სრულდება. ცოტა ხანში დავიძინოთ, – გენერალი დიმკას მიუბრუნდა: – მე და შენ პლაჟზე გავიფინოთ, ნუციკო კი მანქანაში დაიძინებს.
– რაზეა ლაპარაკი, – მიუგო დიმკამ. ნუცამ კი დაამატა:
– ვასილი ანდრეევიჩ, მანქანაში თქვენ დაწექით. ფეხი გაქვთ მოტეხილი, მე კი პლაჟზეც კარგად მოვთავსდები.
– არც კი გაიფიქრო. შენ მანქანაში გაათევ ღამეს, – მიუგო გოგონას პოპოვმა.
– ნუცა, ცურვა იცი? – ჰკითხა გოგონას დიმკამ.
– ვიცი.
– ზღვაში ხომ არ გვებანავა ძილის წინ?
– ვიბანაოთ.
– ხომ არ გეშინია?
– არა, – თქვა ნუცამ, საცურაო კოსტიუმს ჩავიცვამ და ვიბანაოთ.
ხუთიოდე წუთში ნუცა უკვე საცურაო კოსტიუმით დაბრუნდა პლაჟზე, დიმკას ხელი ჩაჰკიდა და წყვილი ზღვისკენ გაემართა.
– ფრთხილად, ახალგაზრდებო, შორს არ შეცუროთ! – მიაძახა გენერალმა და გააბოლა, თან თავისი ახალგაზრდობა გაახსენდა და გაეღიმა.
სანამ ქალ-ვაჟი ზღვაში ბანაობდა, გენერალმა ასიოდე მეტრის მოშორებით მოტოციკლის ხმა გაიგონა. მარცხნივ გაიხედა და დაინახა, როგორ გაჩერდა მოტოციკლი, შემდეგ კი შუქი ჩაქრა. პოპოვმა მიაყურადა და ქალ-ვაჟის ხმები გაარჩია. „ალბათ, შეყვარებული წყვილია და განმარტოება უნდათ“, – გაიფიქრა გენერალმა. ამასობაში დიმკა და ნუცა დაბრუნდნენ. გოგონა სველი კოსტიუმის გამოსაცვლელად მანქანაში ჩაჯდა, დიმკა კი გარეთ დარჩა. ამ დროს მარცხნიდან ნიავმა დაუბერა და მარიხუანის მძაფრი სუნი მოიტანა.
– ვიღაცა პლანს ეწევა, – თქვა დიმკამ.
– აი, იქ, ასიოდე მეტრში, ქალ-ვაჟია მოტოციკლით, – გენერალმა ხელმარცხნივ გაიშვირა ხელი, – ალბათ, ისინი აბოლებენ.
ამ დროს ნუცაც დაბრუნდა მანქანიდან და თქვა:
– რა თავბრუდამხვევი სუნია. ცუდად ვარ.
– წყვილი ბოლდება, – ჩაიცინა დიმკამ.
– რას ნიშნავს ბოლდება და ვინ წყვილი? – იკითხა ნუცამ.
– აი, იქ, – პოპოვმა კვლავ მარცხნივ გაიშვირა ხელი და დაამატა, – ქალ-ვაჟია, ეტყობა, ნარკოტიკს ეწევიან.
– ნარკოტიკს?
– ჯანდაბას მაგათი თავი, წავლენ, ალბათ. მოდი, დავიძინოთ. შუაღამეა და დილით ადრე ვართ ასადგომები, – უთხრა ნუცას პოპოვმა, – მე და დიმკას პლედები გაგვიფინე, შვილო და აქ მოვთავსდებით. შენ კი სავარძელი გადაწიე და მანქანაში დაიძინე.
ნუცამ პლედები გამოიტანა და პლაჟზე გაფინა. ამ დროს ქალ-ვაჟის ჩხუბის ხმა მოისმა იმ ადგილიდან, სადაც მოტოციკლი იყო გაჩერებული. ბიჭი გოგოს აგინებდა, გოგონა კი ტიროდა. შემდეგ, როგორც პოპოვი მიხვდა, ბიჭი ძალადობაზე გადავიდა და გოგონას ცემა დაუწყო.
– ნაბიჭვარი... ეტყობა, გოგონაზე ძალადობს, – უთხრა პოპოვმა დიმკას და „ტეტე“ მიაწოდა: – მიდი ერთი, გაარკვიე, რა ხდება. ის საცოდავი გოგო წამოიყვანე, ის ნაბიჭვარი კი გააგდე. წაიღე ჩემი პისტოლეტი, მაგრამ, მხოლოდ შეაშინე.
დიმკამ პისტოლეტი პერანგის ქვეშ დამალა და წყვილისკენ გაემართა. ამ დროს გოგონა აკივლდა:
– მიშველეთ! მიშველეთ!
დიმკამ ნაბიჯს აუჩქარა. წყვილთან მიირბინა. მათგან ორიოდე მეტრში გაჩერდა და მოძალადე ბიჭს უთხრა:
– რაო, ქალს მოერიე?
მოძალადემ ცემა შეწყვიტა და მთვარის შუქზე დიმკა შეათვალიერა. გოგონამ კი მოძალადისგან თავი გაითავისუფლა. გვერდზე გახტა და შემოხეული ტანსაცმლის გასწორებას შეუდგა, თან ტიროდა.
– ჩუმად, შე ძუკნავ! – შეუღრინა მოძალადემ გოგონას. შემდეგ დიმკას მიუტრიალდა: – რაო, რა გვინდაო? აბა, ამოღერღე, აქ რა წერამ მოგათრია?
– აბა, თუ გამოიცნობ, რას უშვრებიან უზრდელ ბიჭებს ჩვენში? – მიუგო დიმკამ.
– შენისთანებს ჩვენში ტკეპნიან, – უთხრა დიმკას მოძალადემ.
– შენნაირები ხომ არა? – გაეცინა დიმკას.
– მალე სიცილის ხასიათზე აღარ იქნები, – თქვა მოძალადემ, უცებ ფოლადის ჯაჭვი მოიმარჯვა, რომელიც წელზე ჰქონდა შემორტყმული და დიმკას დაუტრიალა, – ახლა კარგად გაგშოლტავ ამ ჯაჭვით და მეორედ აღარ მოგინდება ბოზების დაცვა.
– გეშლება. როდის დაგიცავი? – დამცინავად უთხრა დიმკამ ჯაჭვიანს.
– მე მიწოდებ ბოზს?! – იღრიალა მოძალადემ და დიმკას ჯაჭვი მოუქნია, მაგრამ ვერ მოარტყა. შემდეგ მეორედაც ააცილა, მესამედაც... დიმკამ კი დრო იხელთა, მოძალადეს ზურგიდან წიხლი ჩასცხო ხერხემალში და ძირს დააგდო. შემდეგ ფოლადის ჯაჭვი აართვა, ყელზე შემოუჭირა და კბილებში გამოსცრა:
– აბა, როგორია, შე ბოზო?
– ვიხრჩობი... – ახროტინდა მოძალადე.
– თქვი, ვინ ხარ, თორემ დაგახრჩობ.
– სლავკა ვარ.
– სლავკა კი არა, ბოზი ხარ. თქვი, ვინ ხარ? – გაუმეორა დიმკამ.
– ბოზი ვარ... – ამოიხროტინა მოძალადემ.
– ბოზი და ქათამი.
– ბოზი ვარ და ქათამი, – გაიმეორა სლავკამ.
– აი, ასე, შე ბოზო და ქათამო, – თქვა დიმკამ, – მოძალადეს ყელიდან ფოლადის ჯაჭვი მოხსნა, ხელზე დაიხვია და დაამატა: – ახლა აქედან გაეთრიე, თორემ, ზღვაში დაგახრჩობ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში