როგორ მოიპარა უნიკალური ბრილიანტების კოლექცია ქუთაისელმა ქურდმა საბჭოთა მარშლის ბინიდან
ძვირფასი ალაფი
მას შემდეგ, რაც 1945 წლის აპრილ-მაისში საბჭოთა არმიამ დამარცხებული გერმანიის მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიკავა, ჯარმა ძარცვა-გლეჯას მიჰყო ხელი და სამი დღის განმავლობაში მათთვის ეს საქმიანობა არავის დაუშლია. სამი დღის შემდეგ კი, სტალინის სპეციალური განკარგულებით, მოროდიორად ცხადდებოდა ყველა ქურდი და მძარცველი. მოროდიორებს კი, ომის კანონის თანახმად, ხვრეტდნენ. გასაიდუმლოებული სტატისტიკის თანახმად, დამარცხებული გერმანიის ტერიტორიაზე რამდენიმე ათასი წითელარმიელი დახვრიტეს მოროდიორობისთვის. მართალია, სტალინის ეს განკარგულება ყველა საბჭოთა სამხედროს ეხებოდა, განურჩევლად წოდებისა, მაგრამ აბა, ვინ დახვრეტდა არმიის გენერლებსა და მარშლებს. არა და, სწორედ მათ გაიტანეს გერმანიიდან ზღაპრული სიმდიდრე. ამ მხრივ, ყველაზე მეტად ქალაქი დრეზდენი დაზარალდა და მისი მუზეუმის საცავებიდან მარშალ ჟუკოვის ხელქვეითებმა მსოფლიოს უდიდესი მხატვრების ნაწარმოებები გაიტანეს, ერთმანეთში გაინაწილეს და საკუთარ ფეშენებელურ ბინებსა და აგარაკებზე წაიღეს. მართალია, სტალინის ბრძანებით, ამ შედევრების უდიდესი ნაწილი მათ უკან დააბრუნეს, მაგრამ, დაუბრუნებელი ალაფიც ძალიან დიდი სიმდიდრე გახლდათ და ის საბჭოთა ელიტის ცნობილ წარმომადგენელთა ოჯახებში ინახებოდა. ბრილიანტის სამკაულების ერთ-ერთი ასეთი კოლექცია მარშალ როკოსოვსკის ბინის სეიფში ინახებოდა და ის ერთ-ერთი გრაფის ცნობილი ბერლინური „ასობნიაკიდან“ იყო გატაცებული. ეს გრაფი ანტიფაშისტი და კომუნისტების მომხრე გახლდათ. 1953 წელს მან პირადად სტალინს მიმართა თხოვნით, რომ მისთვის ეს კოლექცია დაებრუნებინათ და საბჭოთა მმართველს ნაძარცვი ქონების სრული სია გაუგზავნა. ძვირფასეულობის დაბრუნების პროცესს სტალინის სიკვდილმა შეუშალა ხელი და კოლექცია კვლავ საბჭოთა მარშალს დარჩა. თუმცა, დასავლეთის პრესაში კოლექციის სრული აღწერილობა და ფოტოები გამოქვეყნდა. გრაფმა უკვე საერთაშორისო სამართლის მეშვეობით სცადა ქონების დაბრუნება, რაზეც საბჭოეთიდან უპასუხეს, რომ სამკაულების კოლექცია საბჭოთა კავშირში არ იყო და გრაფი მოატყუეს.
ფოტობრალდება
ბრილიანტების სკანდალი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა და რადგან სამართალს ვერ მიაღწია, მოხუცმა გრაფმაც ვნებები დაიოკა. თუმცა, ძველებურად აღარ თანაუგრძნობდა კომუნისტებს, მათ გაიძვერებს ეძახდა და ხრუშჩოვს მიწასთან ასწორებდა.
1963 წლის დასაწყისში ბრილიანტების სკანდალმა ახალი ძალით იფეთქა. საქმე კი ის იყო, რომ ერთ-ერთი გერმანული ჟურნალის მოსკოველმა კორესპონდენტმა დასავლეთ გერმანიაში ფოტოები გაგზავნა. ამ ფერად ფოტოებზე კი საბჭოთა ელიტის საახალწლო წვეულება იყო ასახული. გამოქვეყნებულ, ილუსტრირებულ რეპორტაჟში ერთ-ერთ, მსხვილი პლანით გადაღებულ კადრში, ცნობილი საბჭოთა კინოვარსკვლავი ქალი იყო აღბეჭდილი. მას ყელზე ბრილიანტის ძვირფასი სამკაული ეკეთა. სამკაული კი გრაფის კოლექციიდან გახლდათ. საყოველთაოდ ისიც იყო ცნობილი, რომ კინოვარსკვლავი ქალი და მარშალი როკოსოვსკი საყვარლები იყვნენ... მოხუცმა გრაფმა ჟურნალში გამოქვეყნებული სურათი რომ ნახა, ფაქტები შეაჯერა და გააანალიზა. შემდეგ „ინტერპოლში“ იჩივლა. მარშალ როკოსოვსკის დაპატიმრება, კოლექციის ჩამორთმევა და მისი გასამართლება მოითხოვა... აბა, როკოსოვსკის ვინ დააპატიმრებდა. ამიტომ, ფოტოები საბჭოთა მთავრობამ ფალსიფიკაციად გამოაცხადა. გერმანელი ჟურნალისტი მოსკოვიდან გააძევეს, ხოლო მოხუცი გრაფი შეშლილად გამოაცხადეს.
„კატა“
მოხუცი გრაფი 81 წლის ჰერმან ფონ რუნელსბურგი კერკეტი კაკალი გამოდგა, დანებებას არ აპირებდა და გადაწყვიტა, ბოლომდე, ყველანაირი ხერხით, ებრძოლა საკუთარი კოლექციის დასაბრუნებლად. გრაფმა ამის გაკეთება კრიმინალური გზით გადაწყვიტა და 1963 წლის 16 თებერვალს ქალაქ ჰანოვერის ციხიდან გათავისუფლებულ პატიმარს, 40 წლის გივი ჯოხაძეს დახვდა, „ლიმუზინში“ ჩაისვა და თავის საგვარეულო ციხე-კოშკში წაიყვანა. 1923 წელს დაბადებული ჯოხაძე 1946 წელს ფრანგულ საოკუპაციო ზონაში დააპატიმრეს სხვისი გვარით და ქურდობისთვის ოთხი წელი მიუსაჯეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მან ფედერაციული გერმანიის მოქალაქეობა მიიღო და კიდევ ორჯერ მოიხადა სასჯელი, მაგრამ უკვე საკუთარი გვარით. ის ქუთაისში დაიბადა. 1942 წელს კი, კოლონიიდან, სადაც ქურდებისთვის იჯდა, ფრონტზე წაიყვანეს. ჯოხაძე ბერლინამდე მივიდა. შემდეგ მოროდიორობისთვის დააპატიმრეს და უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ გაიქცა. ჯოხაძეს ქუთაისში „კატას“ ეძახდნენ და კვალიფიციურ ქურდად ითვლებოდა. მოხუცმა გრაფმა მას თავისი ნათესავის, კაპიტან შმიდტის მეშვეობით მიაგნო, რომელსაც ბრილიანტების დაბრუნების საკუთარი გეგმა გაუზიარა. შმიდტი ჰანოვერის ციხის სარეჟიმო ნაწილში მუშაობდა, პატიმრების პირად საქმეებს განაგებდა და გრაფს სწორედ მან ურჩია კვალიფიციური, ყოფილი საბჭოთა ქურდის დაქირავება ბრილიანტების დასაბრუნებლად.
ჯოხაძე ბრწყინვალე ფორმაში იყო და თანხმობა გამოუცხადა გრაფს, რომელიც გასამრჯელოდ ერთ მილიონ მარკას შეჰპირდა.
– საბუთები და ფული ერთ კვირაში გადმოგეცემათ და მოსკოვში ბუდაპეშტის გავლით ჩახვალთ. ჩემი მოტყუება არ სცადოთ, რადგან, ბრილიანტებს მაინც ვერ გაყიდით. თუ გაიქცევით, მთელ მსოფლიოში მოგძებნიან, დაგიჭერენ და უვადო პატიმრობას მოგისჯიან. თუ ჩემს შეკვეთას შეასრულებთ, მილიონ მარკას დაუყოვნებლივ მიიღებთ და სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველად იცხოვრებთ, – უთხრა გრაფმა „კატას“.
– რა თავში ვიხლი ბრილიანტებს. მილიონი მარკა კი მთელი სიცოცხლე მეყოფა. დარდი ნუ გაქვთ, გრაფ, თქვენს ბრილიანტებს დაგიბრუნებთ და ფული გაამზადეთ, – მიუგო რუნელსბურგს ჯოხაძემ.
1963 წლის 9 მაისს, ანუ ფაშიზმზე გამარჯვების 18 წლისთავზე მარშალ როკოსოვსკის ბინა გაიძარცვა. გახსნილი იყო მხოლოდ სეიფი, საიდანაც 44 ცალი ბრილიანტის ძვირფასი სამკაული გაიტაცეს. ექსპერტების შეფასებით, კოლექცია 75 მილიონი დოლარი ღირდა.
„კატა“ გერმანიაში აღარ დაბრუნებულა. გაუჩინარდა და სავარაუდოდ, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე წაიღო ბრილიანტების კოლექცია.
გრაფის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემუარები გამოქვეყნდა, რომელშიც ფონ რუნელსბურგი დაწვრილებით აღწერს „კატას“ დაქირავებისა და ბრილიანტების ისტორიას.
გრაფის კოლექციის ერთ-ერთი სამკაული 1989 წელს ერთ-ერთ ცნობილ ევროპულ აუქციონზე 2 მილიონ 850 ათას დოლარად გაიყიდა. მაგრამ, ის „ინტერპოლმა“ ამოიღო და გრაფის ოჯახს დაუბრუნა. სამკაულის ინკოგნიტო გამყიდველი, ისევე როგორც დანარჩენი 43 ნივთი, ვერ იპოვეს და დღემდე ძებნაშია.