როგორ უმტკიცებდნენ ერთგულებას მონღოლებს ქართველი დიდებულები ქართველებისვე წინააღმდეგ ბრძოლაში
1260 წლის ბოლოს, მონღოლთა უფლისწულმა ჰულაგუმ (ულომ), რომელსაც ჩვენი რეგიონი ჰქონდა დაკავებული, გადაწყვიტა, ეგვიპტის წინააღმდეგ კიდევ ერთ სამხედრო კამპანიაში წაეყვანა ქართველები. ამ დროს მეფე დავით მეშვიდე ულუ ძალიან გამწარებული იყო მონღოლების მიერ ჩატარებული აღწერის გამო, რადგან დიდი გადასახადები დაუწესეს საქართველოს: ტფილისში ყოველი 100 თეთრიდან 3 საყაენოდ გადაიდებოდა. გადასახადების აკრეფას მონღოლების წარმომადგენელი, სპარსი მაჰმადიანი ხოჯა აზიზი ახორციელებდა. ხოჯა აზიზმა გაბედა და თვით მეფის სამზარეულოს აღნუსხვაც კი დაიწყო, თუ რამდენი ცხვარი, კრავი და სხვა პროდუქტი შეისყიდებოდა სასახლისთვის და ამასაც ბეგრავდა.
მეფე განსჯაში იყო – ვერ გადაეწყვიტა, წასულიყო ეგვიპტეში საომრად თუ განდგომოდა ჰულაგუს. ბოლოს გაემგზავრა ეგვიპტისაკენ, თუმცა, როცა ჯავახეთს მიაღწია, მაინც განდგომა გადაწყვიტა. მოიწვია კარავში დიდებულები და შესთავაზა: „ვისაც უნდა, წამოვიდეს ჩემთან ერთად. თუ ვინმეს არ სურს ჩემთან ყოფნა, წავიდეს, ემსახუროს ყაენს ეგვიპტეში და ამგვარად დაიცავს თავის მამულს. ყველამ თავისი ნების მიხედვით გადაწყვიტოს. მე აღარ მსურს თათართა მონება და ხოჯა აზიზის თავხედობის ატანა, რომელიც არღუნ ნოინმა ზედამხედველად დამიყენა; ვეღარ ავიტან ამდენ შეურაცხყოფას“.
დიდებულების უმრავლესობამ არ გაიზიარა განდგომის აზრი, მაგრამ მეფემ არ გადათქვა და არჩევნის თავისუფლება დაუტოვა მათ. უმრავლესობა ყაენის დასახმარებლად წავიდა, მათ შორის – ივანე შანშეს ძე, გრიგოლ სურამელი, ახალქალაქის ერისთავი კახა და სხვები.
შესაძლოა, მეფის მხრიდან მთლად გამართლებული არ იყო ემოციის აყოლა და ქვეყნის საფრთხეში ჩაგდება, თუმცა, ცოტა ხნით ადრე მისმა მამიდაშვილმა და თანამეფემ, დავით ნარინმა მოაწყო აჯანყება. ქვეყანა ვერ იტანდა დამპყრობლებს, მათთვის სისხლისღვრას ომებში; დიდი გადასახადების გამო კი ეკონომიკა ინგრეოდა.
ალბათ, შეცდომა იყო დიდებულებისთვის არჩევნის საშუალების მიცემაც, მაგრამ, მეფე ყოყმანობდა და ვერ გაერისკა ბოლომდე; ფიქრობდა, აჯანყების დამარცხების შემთხვევაში, ზოგი დიდებულის საგამგებლო ასე მაინც გადარჩენილიყო აოხრებას. მაგრამ, მთავარი ის იყო, რას მოიმოქმედებდნენ დიდებულები თავისუფალი არჩევნის უფლების მიღების შემდეგ – მარტო ეგვიპტის კამპანიაში დაუჭრდნენ მხარს ყაენს?!
მეფემ მოიხმო სარგის ჯაყელ-ციხისჯვარელი, რომელიც ამ დროს სამცხის სპასალარი გახლდათ და მოუწოდა, განდგომოდა ყაენს. სარგისი დაეთანხმა.
ლაშას ძემ ზაფხული მცირე, მაგრამ ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად სამცხეში გაატარა, დედოფალი გვანცა და უფლისწული დიმიტრი (მომავალი თავდადებული მეფე) კი ბიჯნისის ციხეში გადამალა.
გავიდა დრო. ჰულაგუ დაბრუნდა ეგვიპტის ლაშქრობიდან. ყაენმა ზაფხული აღატაღში, თავის ერთ-ერთ საზაფხულო სადგურში გაატარა, მერე კი ყარაბაღში, საზამთრო რეზიდენციაში გადაინაცვლა. შემდეგ, დავით მეფეზე გაბრაზებულმა, არღუნ ნოინს ულუს წინააღმდეგ გამოლაშქრება უბრძანა, გამოატანა ოცი ათასი მეომარი, დამხმარედ დაუნიშნა მასთან ერთად ეგვიპტეში ნაომარი ქართველები და სამცხეში გამოგზავნა.
არღუნმა გამოვლო განძა და მოვიდა ტფილისში, აქ ქართველი დიდებულებიც შეუერთდნენ და სამცხისკენ გაემართნენ. მეფემ რომ შეიტყო არღუნისა და მისი მომხრე ქართველი დიდებულების მოახლოება, მოუწოდა მესხებს, შავშებს, კლარჯებსა და ყველას, ვინც მისი ერთგული დარჩენილიყო და მხოლოდ 8 000 კაცი შეიკრიბა. სარდლად დანიშნა მრავალჯერ გამოცდილი და ბრძოლებში სახელგანთქმული სარგის ჯაყელი. მეფე ძალიან ენდობოდა მას და სარგისიც ერთგული იყო მეფისა.
მეფემ სარგისი არღუნის არმიის შესაგებებლად წარავლინა. არღუნი მივიდა სურამში და 6 000 მხედარი გამოგზავნა წინამბრძოლებად, თვითონ კი სოფელ შინდარასთან გაჩერდა. წინამბრძოლები მივიდნენ ტაშისკართან და დაბანაკდნენ პატარა მდინარესთან, რომელსაც ჰქვია შოლა.
სარგისის ბრძანებით, 1 500 რჩეული მეომარი დაიძრა წინ, არც იცოდნენ არღუნის მოახლოება, გამოემართნენ და გადაიარეს ახალდაბის ხიდი.
დეკემბერი იყო, ძალიან ციოდა. წინმავლებმა დაინახეს თათრები. სარგისისა და ძირითადი ძალების ლოდინის დრო აღარ იყო. მესხებმა პირველებმა შეუტიეს და გააქციეს მონღოლები, მრავალი სახელოვანი მეომარი დაუხოცეს და კარგა ხანს დევნეს. გაქცეული თათრები არღუნის ბანაკში, შინდარას გორასთან შეიხვეწნენ.
როცა სარგისს აცნობეს მომხდარი, ძალიან გაუხარდა, თუმცა, ეწყინა ვაჟკაცს, ომში მონაწილეობა რომ ვერ მიიღო.
მესხებს ისევ სურდათ ომი და არღუნის ბანაკისკენ გაემართნენ. არღუნი გაცლას აპირებდა, მაგრამ, ყაენის მომხრე ქართველი დიდებულები უშლიდნენ. კახა თორელმა განსაკუთრებით გამოიდო თავი მტრისთვის ერთგულების დასამტკიცებლად: ქართველები კარგად ვიცნობთ მათი ომის წესს, ჩვენ შევებრძოლებით თქვენს მაგიერო...
ძლივს დაარწმუნეს ქართველმა დიდებულებმა მონღოლთა ნოინი, არ გაჰქცეოდა დავით მეფის სამხედრო შენაერთებს.
ბრძოლა ქვიშხეთთან ახლოს დაიწყო. როგორც ყოველთვის, მესხები პირველები გადავიდნენ შეტევაზე. სარგის ჯაყელი მიუძღოდა რაზმებს და, მონღოლთა გამოჩენილი მეომარი ბაადური პირველივე შეტაკებაში განგმირა ჰოროლით. დიდი ზარალი ნახა არღუნის არმიამ და უკან იხევდნენ, მაგრამ, ბოლოს, უკან დახევას ამჯობინეს, ხერხისთვის მიემართათ – ისევ გაიხსენეს თავიანთი ჩვეულება: გაიქცნენ სხვადასხვა მხარეს, მერე მოულოდნელად შემობრუნდნენ და რამდენიმე მხრიდან დაუშინეს ისრები დადევნებულ და გაშლილ ქართველ მხედრებს...
ისევ მოტყუვდნენ ქართველნი, როგორც ლაშა გიორგის დროს; ისევ გულუბრყვილობა გამოიჩინეს ჩვენმა სარდლებმა. ბრძოლის ბედი ამ ტაქტიკურმა ნაბიჯმა და, მტრის – მონღოლთა ჯარისა და მონღოლთა მხარეს მებრძოლი ქართველი დიდებულების რაზმების სიმრავლემ გადაწყვიტა – გაშლილ ველზე ასეთი მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა ძნელი იყო.
დიდი ზარალი ნახეს ქართველებმა: მრავალი ვაჟკაცი დახოცეს მონღოლებმა და მათ მხარეზე მებრძოლმა ქართველებმა; მრავალი სახელგანთქმული მეომარი დაეცა და ბევრიც ტყვედ ჩაუვარდა მტერს, მათ შორის მურვან გურკლელი და სხვები. მხოლოდ მცირე ნაწილიღა გავიდა სამშვიდობოს.
აბაღა ნოინი ჰულაგუს კარზე გაემგზავრა გამარჯვებული, სარგისი და მესხნი კი მეფე დავით ულუსთან დაბრუნდნენ აწყურში და გლოვობდნენ დაღუპულ თანამებრძოლებს.
მეფემ ზამთრის ნახევარი სამცხეში გაატარა, მერე შავშეთსა და კლარჯეთში გადავიდა, შემდეგ კი – ნიგალისხევში.
მაისში ჰულაგუმ კვლავ გამოგზავნა არღუნ ნოინი მეფის სადევნელად. მას ისევ შეუერთდნენ ის დიდებულები, რომლებმაც თავი ჯერ ეგვიპტელების, მერე კი ქართველებისა და საკუთარი მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიჩინეს.
ივნისში არღუნის არმია სამცხეში შევიდა. მესხთა ერთი ნაწილი მეფეს გაჰყვა კვლავ, ნაწილი კი დამორჩილდა მრავალრიცხოვან მტერს.
მონღოლებმა სამცხის აოხრება დაიწყეს – მიადგნენ ციხისჯვარს და შეუტიეს. ჯვრის ციხის გალავანი არ იყო კარგად გამაგრებული, მაგრამ მეციხოვნეები თავგამოდებით იცავდნენ და დიდი ზარალიც მიაყენეს თათრებს. დღისითაც და ღამითაც გამოდიოდნენ ციხიდან, სხვადასხვა ადგილას ესხმოდნენ და ხოცავდნენ მონღოლებს და მათ მომხრე ქართველებს.
იხილა რა არღუნმა ციხისჯვრის დამცველთა სიმტკიცე, აიყარა და წავიდა. ამ დროს ჰულაგუსგან წერილიც მოუვიდა, რომელიც ატყობინებდა, რომ სასწრაფოდ გამგზავრებულიყო დვინში, რადგან მონღოლთა შორის უთანხმოება ჩამოვარდნილიყო. ჰულაგუს ილხანობა (ყაენობა) ჯერ არ იყო დამტკიცებული ყარაყორუმში. ასე გადარჩა სამცხე მონღოლთაგან და მონღოლთა მომხრე ქართველებისგან აოხრებას.
დავით მეფე დაბრუნდა შავშეთსა და სამცხეში. სამცხე მოოხრებული რომ ნახა, მოიწვია თანამზრახველები და ითათბირა.
ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა – მონღოლებსა და მათ მომხრე ქართველ დიდებულებს გაცილებით მეტი ძალები ჰყავდათ.
ამის შემდეგ დავით ულუ დასავლეთ საქართველოში გადავიდა თავის მამიდაშვილთან და თანამეფესთან – დავით მეექვსე ნარინთან.