კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიქცა კოტე თოლორდავა ნაჩხუბარ სიდედრთან საშველად, რისი იმედით გაემგზავრა ის მოსკოვში და რა ბრძოლების გადატანა უხდებოდა მსახიობს

11 აპრილს, მსახიობ კოტე თოლორდავას მოულოდნელმა გარდაცვალებამ სრულიად საქართველო შეძრა. ეს ამბავი ბუნებრივია, ყველაზე დიდი ტრაგედია მისი ოჯახისთვის აღმოჩნდა. ყველამ იცოდა, კოტესა და განოს განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია და კოტეს შვილებისადმი გიჟური სიყვარული. ამიტომ, იმის წარმოდგენა, თუ რას ნიშნავდა მათთვის უძვირფასესი ადამიანის იმქვეყნად წასვლა, ვფიქრობ, რთული არავისთვისაა. კიდევ ერთი დარტყმა, რომელიც ოჯახმა მიიღო, გახლდათ გავცელებული ინფორმაცია კოტეს გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ეს ნარკოტიკების მოხმარებამ გამოიწვია. თუმცა, ცოტა ხნის წინ, მისმა მეუღლემ განო მელითაურმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც კოტე არა ნარკოტიკების ზემოქმედების შედეგად, არამედ ინფარქტით გარდაიცვალა.

 კახა მელითაური (განოს მამა): ცნობილი ადამიანის შესახებ, ჭორი ყოველთვის ვრცელდება, მაგრამ კოტე თავის წარსულს არც არასდროს მალავდა. პირიქით, ღირსეულად ეჭიდავებოდა მას და ეს ბრძოლა გარკვეულწილად მოგებული ჰქონდა. თუმცა, აქ სხვა პრობლემები შეიქმნა. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მას და განოს ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა შეხვდათ. კოტე მუშაობდა ფილმზე, რომელსაც იღებდნენ ძალიან მძიმე გრაფიკით. თამაშობდა თეატრში, რომელიც მისთვის სახლის ტოლფასი იყო. მას კი სახლის ღალატი არ ახასიათებდა. ამას ემატებოდა გახმოვანება და რაც ყველაზე მთავარია, მათი პირადი ცხოვრება და უამრავი საზრუნავი. ისტერიულად მუშაობდნენ იმისთვის, რომ სახლის ვალი მალე გაესტუმრებინათ. ეს მძიმედ აწვა მათ ყოფას და ფსიქიკას. უნდოდათ, შვილებისთვის საკუთარი ფუძე დამოუკიდებლად მოეწყოთ. თუმცა, ამდენი შრომა ფიზიკურ სტრესს იწვევდა და მისი ორგანიზმი ამას აპროტესტებდა. ამის მოწმე მე ვარ. ცუდად რომ იყო, ამას მალავდა.
მერე მოსკოვიდან მიწვევა გამოჩნდა. ძალიან ბედნიერი იყო. გარდა პროფესიული სისავსისა, შანსი ეძლეოდა, მატერიალური პრობლემებიც მოეგვარებინა. ამიტომ, გიჟივით გადაეშვა ამ ორომტრიალში. გადაღებაზე მიემგზავრებოდა, მაგრამ მანამდე აქ, თეატრში რეპეტიცია ჰქონდა და თავს მისი გაცდენის უფლება არ მისცა. იქიდან რომ დაბრუნდა, დილით სპექტაკლი ითამაშა, სახლში მოვარდა და საათნახევრიანი შუალედის შემდეგ, რუსეთში გაფრინდა. ფიზიკურადაც ცუდ პირობებში მოხვდა. კოტეს სითბო უყვარდა, ძალიან მცივანა იყო. გადაღებების გამო კი, უცებ ბაიკალზე აღმოჩნდა, სადაც 36 გრადუსი ყინვაა. იქედან გამომდინარე, რომ მოსკოვში ძალიან დიდი სახელი არ ჰქონდა „ვიპ მომსახურება” არ დაუნიშნეს. ეს მომსახურება ითვალისწინებს მსახიობის გადაადგილებას სასტუმროდან გადასაღებ მოედნამდე, რომელიც ტბის ნაპირიდან დაახლოებით სამ კილომეტრშია. ამის გამო ცოტა გულდაწყვეტილი იყო, მაგრამ ამბობდა: ჯერ ვიწყებ და მერე ალბათ, მეც ვერტმფრენით მატარებენო. გადაღების გრაფიკიც გიჟური ჰქონდა, თითქმის 24-საათიანი. ამ პირობებში გაატარა 24 დღე. მე ეს ყველაფერი ვიცოდი და ამიტომ ჩემთვის გავრცელებული ჭორები არაფერს წარმოადგენდა. არც ექსპერტიზის პასუხებში ყოფილა რამე ახალი და მოულოდნელი. თუმცა, განოსთვის ეს მეორე დარტყმა იყო... მინდა ვთქვა, რომ ეს ისეთი ინსტანციაა, სადაც „ჩაწყობა” განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სხვა ქვეყნის და მით უმეტეს, საქართველოს მოქალაქეს ეხება, გამორიცხულია.
სამწუხარო ისაა, რომ კოტე მასზე ზრუნვის საშუალებას არ გვაძლევდა. ახლოს არ გვიშვებდა. თუ რამე ძალიან არ შეაწუხებდა, ექიმთან არ მივიდოდა. ამ საკითხში პუნქტუალურობას ვერ იცავდა. განო სულ ურეკავდა: რა ქენი, წამალი დალიეო? – კიო, პასუხობდა, მაგრამ სინამდვილეში, სადღაც ჰქონდა მიგდებული. ერთადერთი, რასაც ზედმიწევნით ასრულებდა, გასუქების საწინააღმდეგო დიეტა იყო. ესეც მხოლოდ და მხოლოდ როლისთვის სჭირდებოდა.
განო მუხლმოდრეკილი ემუდარებოდა ხოლმე, ექიმთან წამოდიო. ხანდახან მიყვებოდა. გული რომ ეტკინა, მაშინაც იყვნენ. კარდიოგრამა გადაიღო და ნახეს, რომ პრობლემა ჰქონდა. წამლები დაუნიშნეს. სამი დღე სვამდა და მერე თავი მიანება. რეპეტიციაზეც მოსვლია შეტევა.
– განოსთვის, ალბათ, ძალიან რთული გადასატანი იყო ამხელა ტრაგედიის შემდეგ, მსგავსი ჭორების მოსმენა?!
– ძნელი იყო, მაგრამ, როცა ადამიანს ინტელექტი და გონება აქვს, კარგად იცის საზოგადოების ავან-ჩავანი. ყველაფრის მიუხედავად, ჩემთვის მთავარი ისაა, რომ კოტეს მიმართ ალალი სიყვარული იყო. ვისაც ის ასე უყვარდა, არ ფიქრობდა როგორი იყო და რას აკეთებდა. კოტე იყო პიროვნება, რომელიც არასდროს ტყუოდა, როცა „ახურებდა” მაშინაც კი გულწრფელი, უზომოდ კეთილი და უბოროტო იყო. ერთი შეხედვით აგრესიული ჩანდა, უცებ აფეთქდებოდა და ჩხუბობდა, მაგრამ გული მალევე ულბებოდა. ქუჩა კლასიკური ლიტერატურასავით იცოდა, რომელიც გადაბულბულებული ჰქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხისტი, აგრესიული და ბოროტი იყო. პირიქით, ძალიან უხაროდა, თუ სადმე სითბოს პოულობდა. ყოველთვის და ყველაფერში გულწრფელი იყო. არც წამალთან დაკავშირებულ სიმართლეს დამალვია და ამაზე ყოველთვის გულღიად საუბრობდა. რაც მთავარია, თავის თავს ეჭიდავებოდა. ვერ ვიტყვი, რომ, როცა ჩვენი ცხოვრების არეალში შემოვიდა, უკვე მოგებული ჰქონდა ეს ჭიდილი, მაგრამ მე ვუყურე, როგორ მოიგო მან ეს ომი.
– თქვენ როდის გაიცანით კოტე?
– მაშინ ჩემი მეუღლე, თინა პირველ არხზე მუშაობდა, მე – მზეზე. დამირეკა და მითხრა, ძალიან რთული ტექსტია გასახმოვანებელი და უნდა მოგვეხმაროო. მივედი და კოტე იქ გავიცანი. მთელი ღამე გავათენეთ. ტექსტი გერმანულად იყო. კოტემ გერმანული ბრწყინვალედ იცოდა. სწავლობდა კიდეც იქ. მაშინ მივხვდი, რომ საქმე ჩვეულებრივ ადამიანთან არ მქონდა. ის მარტო ნიჭიერი მსახიობი არ იყო. კრეატიული სცენარისტი, ძალიან კარგი რეჟისორი და შემოქმედი იყო. რამდენიმე რეკლამაზე ვიმუშავეთ ერთად და მაშინ მივხვდი, რამხელა ნიჭს ფლობდა. ტრაგედიაა, რომ ზუსტად მაშინ დასრულდა მისი სიცოცხლე, როცა მიადგა ბარიერს, რომლის შემდეგაც ღვთისგან ბოძებული საჩუქარი იწყებოდა, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი შემოთავაზება ჰქონდა.
– როცა თქვენ გაიცანით, მას და განოს უკვე სიყვარული აკავშირებდათ?
– არა. ერთმანეთი რამდენიმე გახმოვანების შემდეგ გაიცნეს. ჩანდა, მათ შორის რაღაც რომ ხდებოდა. ეს განოს არჩევანი იყო და ყველაფერი ასჯერ რომ მოხდეს თავიდან, მე ამის წინააღმდეგი არასდროს ვიქნები. მხოლოდ ერთხელ მომმართა – ბატონო კახაო, რაზეც კინაღამ ინფარქტი მომივიდა. მას შემდეგ, ყოველთვის უშუალო ურთიერთობა გვქონდა. არაგამოხატული ფარული ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებდა. ამას უფრო ნდობა ჰქვია. კოტე მისთვის სანუკვარსა და სათუთს მანდობდა. ერთხელ, ჩემს ბიძაშვილთან ვიყავი, თინა მოვიდა და მითხრა: განო და კოტე გაიპარნენო. არავინ არაფერს უშლიდათ. ამიტომ, ჩემთვის გაპარვა მიუღებელი იყო და გაბრაზებული გარეთ გამოვვარდი. უცებ სახლის კუთხიდან კოტემ გამოყო თავი. მაშინ პირველად მითხრა: განო ძალიან მიყვარს და ცოლად უნდა მოვიყვანოო. ურთიერთობაში არასდროდს ჩაჭრილა და მშობლებთან დაწესებული ღირსების ზღვარიც არასდროს გადაულახავს.
გამუდმებული ჩხუბი გვქონდა, ის და განო სულ ჩხუბობდნენ. მე და თინაც ხშირად ვკამათობდით მასთან. სულ ომი გვქონდა მაგრამ, მერე ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი ზავით მთავრდებოდა. კოტეს განსაკუთრებით უყვარდა თინასთან ჩხუბი და შერიგებისას მაგარი საჩუქრის გაკეთება. ერთხელ, თინა სახლიდან კოტესთან ნაჩხუბარი წავიდა და გზაში მანქანამ დაარტყა. კოტემ ეს რომ გაიგო, იმწამსვე გაიქცა და მასთან ჩემზე ადრე მივიდა.
სულ სადღაც აგვიანდებოდა. ჩვეულებრივზე სამი საათით ადრე რომ ამდგარიყო, დანიშნულების ადგილას თავის დროზე მაინც ვერ მივიდოდა. ერთ დღეს, ის და განო დასავლეთში დაკრძალვაზე მიდიოდნენ და ბილეთების ასაღებად მისულებს რიგი დაგვხვდა, არადა მაშინაც რეპეტიციაზე აგვიანდებოდა. ჯერ ცნობადი სახე არ იყო, მაგრამ უმეტესობამ რიგი დაუთმო. თუმცა, ერთი მეგრელი ქალი გაუწიწმატდა, რაზეც კოტე გაგიჟდა. ისე ცუდად შეუბღვირა, ქალს უცებ შეეშინდა. მერე, როცა კოტემ ბილეთი აიღო და გამობრუნდა, იმ ქალთან მივიდა. ებდღვნა, ჩაეხუტა, თავი მკერდზე დაადო და მეგრულად უთხრა: მაპატიეო. აკოცა და გაიქცა. მახსოვს იმ ქალს ცრემლები ჩამოუვიდა. ერთად კიდევ ბევრი რამ გადაგვხდენია. ერთხელ წინანდალში ბიჭებთან ერთად იმდენი დავლიე, რომ აღარაფერი მახსოვდა. კოტემ ცოტა დალია, ზღვარს არ გასცდა და როგორც გვიყვებიან, თურმე არცერთ მოსახვევში არ მივუტოვებივარ. საოცარი თანადგომა იცოდა. ყური რომ მოეკრა, გიჭირდა და იგრძნობდა, მისგან დახმარებას ელოდი, ყველაფერს გააკეთებდა. თვითონ არ არსებობს ვინმესთან საწუწუნოდ და სათხოვნელად მისულიყო. პრობლემა ბევრჯერ ჰქონდა და დახმარებაც დასჭირვებია, მაგარამ ყოველთვის ყველაფერს მარტო უმკლავდებოდა. უცნაური კაცი იყო. ვერ ვიტყვი, რომ მარტოსული, მაგრამ განმარტოება უყვარდა.
 მისი და განოს სიყვარული არაადეკვატური იყო. მათ ერთმანეთი სამყაროს გამტარად აქციეს. რომც სცოდნოდა, განო სწორ რჩევას არ აძლევდა, მაინც იმას გააკეთებდა, რასაც ის ეტყოდა. განოს პრიორიტეტს არ დააკნინებდა... სასწაული ურთიერთობა ჰქონდათ. ნებისმიერი კონფლიქტიდან ერთი საათის შემდეგ ერთმანეთს ეძებდნენ და სულ ერთად იყვნენ. ხანდახან ვსაყვედურობდი კიდეც: თუ ჩხუბობთ, ნორმალურად მაინც იჩხუბეთ-მეთქი. ასე იყო, ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ. ამიტომაცაა განოსთვის ეს ყველაფერი ასე მძიმე. მამაჩემს და დედაჩემსაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. 6 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და დედაჩემი ძალიან ცუდად იყო. ერთი კვირა სასაფლაოზე ცხოვრობდა. არ ჭამდა და არ სვამდა. ხუთი წელი სახლში ტელევიზორი არ ჩართულა. სკოლა რომ დავამთავრე, შავები მერე გაიხადა. მოკლედ, განოს მდგომარეობა ჩემთვის უცხო არ იყო. ის კიდევ კარგად ცდილობს ამ ყველაფრის გამკლავებას, მაგრამ ბუნებრივია, მაინც უჭირს. როგორც ვთქვი, მათ სამყაროს გამტარებად ერთმანეთი აქციეს და უცებ, როცა კოტე აღარ არის, ეს სამყარო მისთვის ქაოტური და უსაგნო გახდა. კოტეც ასე იყო. როცა განო სახლში არ იყო, ადგილს ვერ პოულობდა და მის საძებნელად გარბოდა. სულ რაღაცას არჩევდენენ, იგონებდნენ და ჩხუბობდნენ. უცებ დაიწყებდნენ ისტერიულ სიცილს და ამის მიზეზი მარტო თვითონ იცოდნენ. რთული, მაგრამ სავსე ოჯახი ჰქონდათ. თავიანთ სამყაროს იგონებდნენ და მის დანარჩნებზე მორგებას ცდილობდნენ. ერთხელ, ხუმრობით გრანდიოზული სარეკლამო კამპანია მოიგონეს, რაც სხვებმა სერიოზულად მიიღეს. მერე იმაზე წვალობდნენ, როგორ ექციათ ხუმრობა სინამდვილედ. მერე იჩხუბეს, რადგან ხუმრობის დასერიოზულება რთული აღმოჩნდა. გაიქცნენ..... დაბრუნდნენ და ბოლოს ისე გააკეთეს, რომ ყველას მოეწონა.
განო ოქტომბრის ბოლოდან ბავშვს ელოდება. პირველად ექო შეცდა და გვითხრა ბიჭიაო. განოს ექიმი აქ არ იყო და სხვასთან ვიყავით. ჭრილობა, რომელიც განოს დარჩა, არასდროს ამოივსება. დრო ბევრ  რამეს ავსებს. თეა, ჩემი გერი რომ გარდაიცვალა, მეგონა, სამყაროს არსებობა შეწყდა. მაგრამ, როგორღაც თავს მოვერიე და თინას ამოვუდუქი გვერდში. თუმცა, განოზე ამას ვერ ვიტყვი, რადგან ეს მათი არაამქვეყნიური ტანდემის ისტორია იყო. განოს რომ შემთხვეოდა მსგავსი რამ, კოტე ვერ იცოცხლებდა. თავს არ მოიკლავდა, ბავშვებს ვჭირდებიო, იტყოდა, მაგრამ მათ გვერდით დაჭკნებოდა. რომ ვთქვა, განომაც გამოიხედა და ფეხზე დადგა-მეთქი, მოგატყუებ. ყველაფერი უფლის ნებაა და ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი.  განოს გაუმართლა, რომ ამ გზაზე მარტო არ აღმოჩნდა. მის გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მას წყალი მიაწოდონ.
– უდიდესი დარტყმა მიიღეს ბავშვებმაც, რომლებიც ყველამ იცის, რომ კოტეს სიგიჟემდე უყვარდა.
– ეს მათთვის დიდი ტრაგედიაა. პატარა სულ იძახდა: ძალიან, ძალიან მინდა მამას ნახვაო და მერე ნელ-ნელა მიავიწყდა. ჯერ ვერ აცნობიერებს. რა მოხდა, ძალიან პატარაა. უფროსმა მესამე დღესვე გვითხრა: მე ვიცი, რომ მამასთან დაკავშირებით რაღაც ხდება და პირდაპირ მითხარითო. კოტეს მათთან საოცარი ურთიერთობა ჰქონდა. სულ დღესასწაულებს უწყობდა. ყოველთვის იცოდა, რომელს რა უყვარდა და რას ნატრობდა. მათი ასრულება ზოგჯერ ძვირი სიამოვნება იყო, მაგრამ მშიერი დარჩებოდა, წინდას არ იყიდდა, შვილებს კი ნატვრას აუსრულებდა. ბავშვები არანორმალურად უყვარდა. ბუკა პირველი შვილია და ცდილობდა, მისგან კარგი კაცი დამდგარიყო. ასეც არის, ბუკა ძალიან კარგი კაცია. თვისებებით ჰგავს კიდევ კოტეს. ხასიათით თარაშიც არანორმალურად ჰგავს. ტასო კი კოტესავით ჯიუტია.
– თქვენ როდის ნახეთ ბოლოს კოტე?
– ბოლოს მაშინ ვნახე, როცა ლიფტში ჩაჯდა. ჩემოდანი მივაწოდე და ვუთხარი, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ეს იყო დღე, როცა საქართველოდან გაფრინდა. მერე მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორმა დამირეკა: აღარ არისო. სახლში მარტო ვიყავი ორი ბავშვით. განო მეგობართან იყო. აღდგომა იყო და მეგობართან ერთად ტაძარში უნდა წასულიყო. არც ვიცი, მან როგორ გაიგო. მე და თინა რომ მივედით, უკვე არაამქვეყნიური იყო.  დეტალებს ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მთავარია, რომ კოტეს დარჩა სამი არაჩვეულებრივი შვილი და ახლა მეოთხეს ველოდებით. უფროსი ბუკა, ტასო და თარაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მინახავს, როგორ ომობდა კოტე ღირსებისთვის, სიმართლისთვის და როგორ ებრძოდა საკუთარ თავს. ზოგჯერ იმარჯვებდა, ზოგჯერ მარცხდებოდა, მაგრამ არასდროს ნებდებოდა. ყოველთვის ცდილობდა, ღვთის გზაზე ევლო. ახლა უკვე ყველაზე მთავარია, რომ მეყოს ძალა და სანამ ცოცხალი ვარ, გვერდში დავუდგე მათ. რა და რატომ მოხდა, ეს ჩემთვის უმნიშვნელოა, მაგრამ ამ ექსპერტიზის დასკვვნაზე მისი შვილების ბედი იყო დამოკიდებული. ყველამ ყველაფერი იცოდა და კოტე ყველას ყველაფერთან ერთად უყვარდა. ეს ამ კაცის ნომერი პირველი ღირსებაა. ის არასდროს ტყუოდა და არც მისდამი სიყვარულში ტყუიან ადამიანები. ამიტომ, მათ ნაკლებად აინტერესებთ, კოტემ 25 გრამი გაიჩხირა 22 წლის რომ იყო, თუ შამპანური დალია. მთავარია, მისგან წამოსული სიყვარული მართალი იყო და მას ყველა ბუნებრივად პასუხობდა.

скачать dle 11.3