ორმაგი დანაშაული
საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში მორიგ ჩხრეკას ვატარებდით ერთი სპეკულანტის სახლში. ოპერატიული ინფორმაცია გვქონდა, რომ დიდძალი ოქრო და ძვირფასეულობა ჰქონდა გადამალული და სწორედ მის მოსაძებნად ვიყავით მისულები.
ძებნა-ჩხრეკას ყველა წესის დაცვით ვაწარმოებით, ამიტომ მოწმეებად ამ კაცის მეზობლები მივიწვიეთ. სამსაათიანი წვალების შემდეგ ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა ქალის ქვედა საცვალი გამოიტანა, რომელიც გადამყიდველის მეუღლეს ეკუთვნოდა. მასში ორი ცალი ბრილიანტი და რამდენიმე ოქროს ბეჭედი იყო გახვეული. ამ დროს ის ქალი სახლში არ იმყოფებოდა.
გადამყიდველს ნაპოვნი ნივთები ვუჩვენეთ და დანარჩენი ძვირფასეულობის გამოჩენა მოვთხოვეთ. მან მხრები აიჩეჩა, მის სახლში ძვირფასეულობის არსებობაზეც უარი განაცხადა და არც ის უღიარებია, რომ ნაპოვნი საცვალი მის ცოლს ეკუთვნოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბინაში შემოვიყვანეთ ჩვენი მეგობარი ძაღლი – გერმანული ნაგაზი, მეტსახელად „კლოსი,“ რომელსაც მანქანაში ეძინა და მანამდე ჩხრეკაში არ მონაწილეობდა. კლოსმა ქალის საცვალი დაყნოსა. შემდეგ ზანტად შეტრიალდა და იქითკენ გაემართა, სადაც ეჭვმიტანილის მეზობლები იდგნენ. კლოსმა სათითაოდ ჩამოუარა მათ და აყეფდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქალის ტრუსის სუნმა მიიყვანა იქ... ამ სურათის შემხედვარე ეჭვმიტანილი ჯერ მიტკალივით გაფითრდა, მერე ადგილიდან მოწყდა, მეზობელს ეტაკა, ძირს დასცა, ცემა დაუწყო და თან უყვიროდა:
– შე ვერაგო, მოღალატე და გამყიდველო!
კლოსის ყნოსვამ სამ საიდუმლოს ახადა ფარდა: პირველი საიდუმლო ის იყო, რომ გადამყიდველის ცოლი და ჩხრეკის მოწმედ მოწვეული მეზობელი საყვარლები აღმოჩნდნენ და ქალის ტრუსის სუნმა იმიტომ მიიყვანა კლოსი ვერაგ მეზობელთან; მეორე ის იყო, რომ ქალი სინამდვილეში სწორედ იმ მეზობელთან იყო დამალული და არსად წასულა; მესამე საიდუმლო კი ის იყო, რომ გადამყიდველს მთელი ქონება სწორედ იმ ვერაგ მეზობელთან ჰქონდა გადამალული, ტრუსში გახვეული რამდენიმე ნივთი კი სიჩქარეში იატაკის ფართო ჭრილში ჩავარდნია, რაც შემდგომში კლოსმა ამ საიდუმლოებათა ჯაჭვის სათავედ გამოიყენა.