კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უნდა დაუთმოს თითოეულმა ადამიანმა მეოთხედი საათი ყოველდღე და როგორ უნდა გამოსცადოს მან დაწოლის წინ საკუთარი სინდისი

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება ლტოლვაა ბედნიერებისა და სიხარულისკენ. ვიღაც ამას ახერხებს, ვიღაც – ვერა. ღმერთთან ურთიერთობაც სწორედ ბედნიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც ადამიანი სწორი ქრისტიანული ცხოვრებით აუცილებლად მიაღწევს. სწორედ ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– ღმერთმა ადამიანი შექმნა ნეტარ მდგომარეობაში და მისცა კურთხევა – განღმრთობილიყო, ბედნიერი ყოფილიყო. მაგრამ ადამიანმა ცნება დაარღვია და ღმერთმა ის გამოაძევა სამოთხიდან, თუმცა‚ მას დაუტოვა ბედნიერების შანსი და აღუთქვა მესიის მოსვლა, რომელიც მოვიდა და ჯვარს ეცვა. დღეს ძალიან ძნელია‚ ნახო ბედნიერი ადამიანები. შეიძლება‚ ვინმე არის ბედნიერი, მაგრამ მე ამას ვერ ვხედავ. ვის როგორც ესმის ბედნიერება, ისეთი ბედნიერიც არის. თუ შენ გარშემო ბევრი მშიერი, სნეული, დაწყლულებული ადამიანია, როგორ შეიძლება‚ შენ იყო ბედნიერი?! ადამიანის სამშობლო სასუფეველია და, ამიტომ‚ ის დედამიწაზე ბოლომდე ვერ იქნება ბედნიერი. ბოლომდე ბედნიერება – ეს არის ბედნიერების წყაროსთან, ანუ, ღმერთთან მისვლა. ადამიანის ბედნიერებასა და უბედურებაზე ნუ იმსჯელებ, სანამ არ ნახავ მის აღსასრულს.
– ჩვენ წლების განმავლობაში დავდივართ ეკლესიაში, მაგრამ მაინც ბევრ უმეცრებას ჩავდივართ.
– თუ არ ცდილობ, რაღაც წაიკითხო, გაიგო, ისე სხვა ვერაფერს გაგაგებინებს. ადამიანები წლების განმავლობაში დადიან ეკლესიაში, ისმენენ ქადაგებას, რომელიც წმიდა მამათა სწავლებას ეფუძნება და, ამის მერე, რომ ამბობენ – არ ვიცოდიო, ეს უკვე ორმაგი ცოდვაა. ამიტომაც, როცა წარდგებით უფლის წინაშე, ღმერთი მოგკითხავთ პასუხს. არ დაგავიწყდეთ, რომ, ვისაც მეტი მოგეცათ, უფრო მეტი მოგეთხოვებათ. მაგრამ, ყველაზე საშინელი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი მეცნიერებით სჩადის ამ ცოდვას. ანუ, ყველაფერი გააზრებული აქვს, იცის, რა არის სიტყვიერი, საქმიერი ცოდვა, ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილი  და უკვე მეცნიერებით, დახვეწილად სჩადის ცოდვას. ამიტომაც უნდა აკონტროლოთ საკუთარი ქცევები, არ უნდა დააბრკოლოთ სხვები და არ ატკინოთ თქვენი ქცევით მათ გული. ნებსით და უნებლიეთ – ეს ნიშნავს იმას, რომ იცი, ეს სიტყვა არ არის კარგი, ამ ქცევით სხვას შეურაცხჰყოფთ, მაგრამ, ნებსით მაინც სჩადიხარ. შეიძლება, სიტყვით შეცდე და არ გინდოდეს; შეიძლება, საქმით შეცდე და არ გინდოდეს, მაგრამ, ნებსით რომ სცოდავ – ეს უკვე საშინელებაა, რადგან, ამ დროს შენი ნებით იღებ ამ გადაწყვეტილებას, გააზრებულად სცოდავ. ადამიანი ამბობს: „არ მიყვარს განკითხვა“, – მაგრამ, მაინც განიკითხავს სხვას. „არ მიყვარს იქ წასვლა“ – მაგრამ მაინც მიდის. ანუ, იცი, რომ ეს დამღუპველია, ცუდია, მაგრამ, მაინც აკეთებ. ამიტომ, უნდა დავუკვირდეთ ნებსით აღსრულებულ სიტყვიერ, საქმიან ცოდვას. უნებლიეთ ჩადენილ ცოდვას კიდევ შეიძლება რაღაც გამართლება ჰქონდეს, მაგრამ თუ დავუკვირდებით, ამაშიც ჩვენი გარკვეული ვერაგობაა ჩადებული. თუ ადამიანი სწორად იცხოვრებს, შეუდგება ქრისტიანულ ცხოვრებას, ის აუცილებლად შეიცვლება, განიკურნება და ამაში მას მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება დაეხმარება. ეკლესია ადამიანისთვის ცოცხალ ღმერთთან შეხვედრის ადგილია, ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა და ზიარებაა. ჭეშმარიტ რელიგიურ გზას მხოლოდ ის ადგება, ვინც საკუთარი ცხოვრების გზაზე რეალურად შეხვდა ღმერთს, ვისაც შეეწია მისი ყოვლისშემძლე ძალა. ისევე, როგორც გონებით ვერ შეიცნობ სილამაზეს, აზრი რელიგიური განცდების მწველი ცეცხლის მხოლოდ ფერმკრთალი გამოხატულებაა და მისი შეცნობაც ძალიან რთულია, მაგრამ, არა შეუძლებელი.
– როგორ უნდა გააკეთოს ადამიანმა თავის ცხოვრებაში სწორი არჩევანი?
– ადამიანის ცნობიერებაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ბრძოლა ძველსა და ახალ კაცს შორის: შესაბამისად, ეს ორი ადამიანი აკეთებს არჩევანს, ისინი ან ქრისტეს ირჩევენ, ან – ანტიქრისტეს. გადაწყვეტილების მიღება ჩვენზეა დამოკიდებული: ან სულის ცხოვნება უნდა ავირჩიოთ, ან – წარწყმედა. მხოლოდ საკუთარი თავისადმი, საკუთარი ძალებისადმი გაბედული და პატიოსანი მზერის მიპყრობა და საშინელი სულიერი სიღატაკის შეგრძნება დაგვანახვებს ჭეშმარიტ ხსნასა და ჭეშმარიტ მაცხოვარს – ქრისტეს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი საუკუნო ცხოვრების სიკეთე. სწორი ქრისტიანული ცხოვრების შედეგად ადამიანები ყოველთვის იცვლებიან. მათ, ვინც განიწმიდებიან ვნებებისგან და თავმდაბლობას მოიპოვებენ, სულიწმიდა მიიღეს. ყოველდღე თითოეულმა ადამიანმა მეოთხედი საათი მაინც უნდა დაუთმოს სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე ფიქრს, განსაკუთრებით კი – გონებისთვის მიუწვდომელ საიდუმლოებაზე, ძე ღმერთის განკაცებაზე, მის მეორედ მოსვლაზე, ჯოჯოხეთსა და სამოთხეზე ფიქრს. უნდა იფიქროთ იმაზე, რომ, შეიძლება, ეს დღე თქვენთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს, ამიტომ ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, როგორც ისურვებდით, გაგეკეთებინათ მაშინ, დაუყოვნებლივ რომ წარმდგარიყავით ღვთის საშინელი სამსჯავროს წინაშე. ყოველ დილას მადლობა უნდა შესწიროთ უფალს, რომ მან დაგიფარათ განვლილ ღამეს, რომ ჯერ ისევ ცოცხალი ხართ და არ მომწყდარხართ საკუთარ ცოდვებში. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი წარსდგა იმ ღამეს ღვთის სამსჯავროს წინაშე და თქვენთვის ეს დღე ჯერ არ დამდგარა. ყოველდღე უნდა ფიქრობდეთ იმაზე, რომ მხოლოდ ახლა იწყება და გსურს, იყო ქრისტიანი და წარსული დრო ტყუილად დაკარგე. დაწოლის წინ კი აუცილებლად უნდა გამოსცადოთ საკუთარი სინდისი; ილოცეთ, რომ გაგინათლდეთ გონება საკუთარი ცოდვების შესაცნობად, იფიქრეთ მათზე და ითხოვეთ პატიება. წაიკითხეთ ძილის წინ ლოცვები და ღმერთს შეევედრეთ ისე, თითქოს ამავე ღამეს აპირებდეთ მის წინაშე წარდგომას, შეავედრეთ თავი ღვთისმშობელს, მფარველ ანგელოზს, წმიდანებს, რომლის სახელსაც ატარებთ. როცა ღვთაებრივი სიხარული შენზე გარდამოდის მარხვით, აღსარებით, ლოცვით, ზიარებით, უფალთან, მოძღვართან ურთიერთობითა და სიყვარულით, ბუნებრივია, ეს სიხარული მარადიულია. სიხარული კი აქ იწყება – დედამიწაზე, ჩვენს გულებში, რომელიც ავა გონებამდე, მერე ჩვენი ბაგეებიდან მოეფინება საზოგადოებას. დღეს ბევრს ჰგონია, რომ მართლმადიდებლობა მონების რელიგიაა. თითქოს ჩვენ არ გვესმის, რა არის სიხარული, უარვყოფთ ამქვეყნიურ სიამოვნებებს. რა თქმა უნდა, არა, ჩვენ უარვყოფთ ვნებას და ყოველგვარ უკეთურებას. სერაფიმ საროველი ამბობს: ლოცვა, მარხვა, აღსარება, ზიარება არის საშუალებები, რომ ადამიანმა მიიღოს მადლი სულიწმიდის. იმისთვის, რომ ვცხონდეთ, საჭიროა სინერგია, ღვთისგან გამომავალი მადლი, ქარიზმა, რომელიც სრული სისავსით არის ეკლესიაში და თქვენ ისღა დაგრჩენიათ, მიიღოთ ეს მადლი, ოღონდ არა ხიბლით, არამედ გულმა უნდა იგრძნოს ეს სიხარული, სიმშვიდე.

скачать dle 11.3