წმიდა მარინემ ბერძნების ოჯახს ბავშვი გადაურჩინა
ამ ორიოდე წლის წინ ვასილიუსების ოჯახი კვიპროსიდან, მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. მათ ლეიკოზით დაავადებული მცირეწლოვანი ანდრიასთვის ზურგის ტვინის გადასანერგად საჭირო დონორი ესაჭიროებოდათ. ინფორმაცია ტელევიზიით გადაიცა, დონორი გამოჩნდა და ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად მოემზადა, რადგან სწორედ იქ უნდა ჩატარებულიყო ურთულესი ოპერაცია.
თუ როგორ ევედრებოდა უფალ იესო ქრისტეს შვილის გადარჩენას ვასილიუსების ოჯახი, სატელევიზიო სიუჟეტშიც ჩანდა. გამგზავრებამდე კი მათ წმიდა მარინეს სასწაულების შესახებ შეიტყვეს და გადაწყვიტეს, მისი სახელობის მონასტრიდან ლოცვა-კურთხევა აეღოთ. ისინი კუნძულ ანდროსზე მდებარე წმიდა მარინეს სახელობის მონასტრის იღუმენს – არქიმანდრიტ კვიპრიანეს ტელეფონით ესაუბრნენ. არქიმანდრიტი შეჰპირდა, რომ მათთვის ილოცებდა და უსურვა, რომ ოპერაციის დროს წმიდა მარინე ყოფილიყო მათი ბავშვის შემწე. მართლაც, მამა კვიპრიანეს ლოცვითა და წმიდა მარინესადმი უსაზღვრო რწმენით, მშობლები პატარა ანდრიასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ.
შესაბამისი წინასაოპერაციო გამოკვლევისა და მომზადების შემდეგ, პატარა ანდრია ურთულეს ოპერაციაზე შეიყვანეს. ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ქირურგთან ერთი ქალი მივიდა და განუცხადა, რომ ის პატარა პაციენტის პირადი ექიმია და ოპერაციაზე დასწრება სურს. საუბარში ქალმა ისეთი სამედიცინო ცოდნა გამოამჟღავნა, რომ ქირურგს მასში ეჭვიც არ შეჰპარვია. თუმცა, აუხსნა, რომ ასეთ რთულ ოპერაციაზე უცხო ექიმის დასწრება დაუშვებელია და მათი საოპერაციო ბრიგადის პრაქტიკაში მსგავსი რამ არც მომხდარა. მაგრამ, ქალის დაჟინებულმა თხოვნამ ქირურგს აზრი შეაცვლევინა. ოპერაციაზე შესვლამდე მან ქალი მდივანთან გაგზავნა, სადაც მას თავისი მონაცემები უნდა ჩაეწერა.
უცნობი ექიმი ქალი არა მარტო დაესწრო, არამედ ენერგიულად ჩაერთო პატარა ანდრიას ოპერაციის მსვლელობაში და მას რამდენჯერმე ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულება მისცა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უცნობ ექიმ ქალს ქირურგმა მადლობა გადაუხადა და საოპერაციოდან გამოვიდა. პატარა ანდრიას მშობლები, როგორც კი ქირურგი დაინახეს, ოპერაციის შედეგის გასაგებად მიეჭრნენ: „ყველაფერმა ძალზე კარგად ჩაიარა“, – უთხრა მათ ქირურგმა და დაამატა: თუმცა ვერ გამიგია, რატომ მომმართეთ მე, თუკი ბავშვისთვის ასეთი ექიმი გყავდათ? გაოცებულმა მშობლებმა თქვეს, რომ არავითარი ექიმი არ ჩამოჰყოლიათ და ასეთ ვინმეს არც კი იცნობენ. მაშინ ქირურგმა ურჩია, რომ ცოტაც მოეთმინათ, ვიდრე უცნობი ექიმი სხვებთან ერთად საოპერაციოდან გამოვიდოდა... ამაოდ უცდიდნენ და ამაოდ ეძებდნენ ყველგან უცნობ ექიმ ქალს – ის გაუჩინარდა. პატარა ანდრიას მშობლებმა ბოლოს ივარაუდეს, რომ რომელიმე ექიმი საბერძნეთიდან ან კვიპროსიდან, მათი თანადგომისთვის, ოპერაციაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა. ისინი მდივანთან მივიდნენ, რათა ამ უცნობი ექიმის მისამართი მაინც გაეგოთ და მადლობა მოგვიანებით გადაეხადათ. ყველასთვის გასაოცრად, უცნობ ექიმ ქალს ჟურნალში თავისი სახელი – მარინე ანდროსიდან ჩაეწერა. ბავშვის მშობლები საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, კარგა ხანს გაოგნებულები იდგნენ. მათ თვალები სიხარულისა და წმიდა მარინესადმი მადლიერების ცრემლებით აივსო. მაშინ, გაიხსენეს მონასტრის იღუმენის სიტყვები: „წადით ამერიკაში. დაე, წმიდა მარინე გყავდეთ შემწე საოპერაციოში“.
უსაზღვრო სიხარულითა და მადლიერებით აუწყა ვასილიუსთა ოჯახმა მასმედიის საშუალებებს პატარა ანდრიას გამოჯანმრთელებისა და ნამდვილი სასწაულის შესახებ. ამ ამბის შემდეგ ოჯახმა აღთქმა დადო, რომ კუნძულ ანდროსზე, წმიდა მარინეს მონასტერში ყოველწლიურად დასწრებოდნენ ამ სასწაულთმოქმედი დიდმოწამის დღესასწაულს.
ღვთის მადლით, მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის მრავლად აღესრულება წმიდანთა სასწაულები, რომელთა მეშვეობით, ყოვლადმოწყალე უფალი, იესო ქრისტე თითოეული ჩვენგანის რწმენაში განმტკიცებას ცდილობს.