კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ნიშნავს „გადაკიდება“ და რა შემთხვევაში დაისჯება თავისუფლების აღკვეთით თქვენზე ადევნებული არასასურველი ნაცნობი თუ უცნობი

იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებები მოამზადა სისხლის სამართლის კოდექსისთვის, რომელმაც უნდა აღკვეთოს ერთი ადამიანის მიერ მეორეზე გადაკიდება და შემაწუხებელი კომუნიკაცია. კანონი ასეთ ქმედებას უწოდებს „ადევნებას“, რომელშიც იგულისხმება შემდეგი: „პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი. ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც ხორციელდება სისტემატურად და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და მისი ან მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც აიძულებს პირს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი, ჩადენილი ასეთი ტანჯვის ან შიშის გამოწვევის მიზნით.“ ქმედება დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით და უკიდურეს შემთხვევაში – თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ხოლო, თუ იმავე ქმედებას ჩაიდენენ ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, თან – არაერთგზის, მაშინ სასჯელი განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე. როდის შევა ცვლილებები ძალაში და ვის შეეძლება, ისარგებლოს კანონის ამ მუხლით, – ამ კითხვაზე პასუხებს კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია გაგვცემს.

– კარგა ხანია, საუბარია, რომ კანონში უნდა შევიდეს მსგავსი ცვლილებები. რატომ გახდა აუცილებელი ამის გაკეთება, ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციაა თუ ჩვენი რეალობაა მთავარი მიზეზი?
– კავშირმა „საფარმა“ დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, რომელიც ზოგადად ეხებოდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს, მაგრამ, ასევე, მიმართული იყო საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე. სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში გამოიკვეთა ეს მუხლი, რომელსაც ახალ პროექტში ადევნება ჰქვია. ჩვენ გადაკიდება დავარქვით.
– მეც მგონია, რომ გადაკიდება უფრო ადეკვატურად გამოხატავს ასეთი ქმედების არსს, ვიდრე ადევნება, მაგრამ ეს მაინც დეტალია.
– ჩვენც ბევრი ვიფიქრეთ და, მგონი, გადაკიდება უფრო უხდება მუხლის შინაარსს. ანუ ეს  მუხლი შევიმუშავეთ იმიტომ, რომ ეს პრობლემა მრავალი წელია, დგას ქვეყანაში. ამ პრობლემის შესახებ ჩვენთვის ცნობილი ხდება ძირითადად ქალებისგან. თუმცა ეს მუხლი არ დაწერილა მხოლოდ ქალებისთვის და ის მხოლოდ ქალებს არ დაიცავს, რაც რამდენჯერმე შეცდომით გავრცელდა მედიაში. მუხლში არ არის დაკონკრეტებული ქალი ან კაცი. საუბარია ნებისმიერი ადამიანის დაცვაზე, ვინც დაექვემდებარება ასეთ მოპყრობას. უბრალოდ, ჩვენს პრაქტიკაში ასეთი პრობლემა ქალებს აქვთ, როგორც წესი.
– თუმცა კაცებიც არიან გადაკიდებისა თუ ადევნების მსხვერპლი.
– რა თქმა უნდა, ამიტომ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს არ ახასიათებს მხოლოდ საოჯახო და სასიყვარულო ურთიერთობებს, ძალიან ბევრ ადამიანს მრავალ სიტუაციაში შეიძლება, გაუჩნდეს გადაკიდების პრობლემა. ის ეხება ნებისმიერ ურთიერთობას, უცხო ადამიანთან თუ ნაცნობთან, პირადსა თუ სამსახურებრივს, არ აქვს მნიშვნელობა. თუ დადგა ის შემადგენლობა, რაც მუხლში წერია, მაშინ ნებისმიერს შეუძლია, გამოიყენოს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ, როდესაც ამ გადაკიდებას, მუდმივ უსიამოვნო სატელეფონო კავშირსა თუ პირად შეხვედრებს მიეცემა ისეთი ხასიათი, რის გამოც მსხვერპლი განიცდის მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს, აქვს საფუძვლიანი შიში იმისა, რომ ძალადობა შეიძლება, განხორციელდეს მის ან მისი ქონების მიმართ და იმისთვის, რომ ეს თავიდან აიცილოს, ცვლის თავისი ჩვეული ცხოვრების წესს, რაშიც იგულისხმება მისამართის გამოცვლა, სხვადასხვა „ექაუნთების“გაუქმება, ტელეფონის ნომრის გამოცვლა, გადაადგილების მარშრუტების შეცვლა და ასე შემდეგ, ეს უკვე დანაშაული იქნება. ძალიან კარგია, რომ ამჯერად ეს ცვლილებები ჩასვეს სისხლის სამართლის კოდექსში, რადგან ადრე საუბრობდნენ, რომ გადაკიდების მუხლი ჩაიდებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ამდენად, კარგია, რომ მუხლი ჩაემატება სისხლის სამართლის კოდექსს და ადამიანი იქნება დაცული.
– მაგრამ ცვლილებების ავტორად ითვლება იუსტიციის სამინისტრო, რადგან ის წარადგენს.
– ჩვენ მოვამზადეთ ეს ცვლილებები, მაგრამ იმის გამო, რომ იუსტიციის სამინისტრო მუშაობს სისხლის სამართლის კოდექსზე და მის მთლიან შეცვლას აპირებს, მათ გადავეცით. პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა, რამდენიმე სახით მოხვდეს, ამიტომ მივიჩნიეთ, რომ, თუ იუსტიციის სამინისტრო გაიზიარებდა ჩვენს მიდგომას და თვითონ აიღებდა პატრონაჟს ცვლილებების ბოლომდე გატანაზე, ამ მუხლს კანონად ქცევის გაცილებით მაღალი შანსი ექნებოდა. ამიტომაც ავირჩიეთ პარტნიორად იუსტიციის სამინისტრო. კმაყოფილები ვართ იმ მხრივ, რომ მუხლი მხოლოდ სტილისტურად შეიცვალა, დაიხვეწა, მაგრამ შინაარსობრივად მისი კვალიფიკაცია იგივეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იუსტიციის სამინისტრომ ყველაფერი გაიზიარა, რაც შევთავაზეთ.
– არასასურველი კომუნიკაციის დროს კარგა ხანია, ვიყენებ ასეთ მეთოდს: მშვიდად ვუხსნი ყველას, რომ ახლავე გადავცემ შემწუხებლის ვინაობას პატრულს და ეს ჭრის საკმაოდ ეფექტიანად. მაგრამ მე შეიძლება, მოვიტყუო, გავაუქმო ჩემი „ექაუნთები“, გამოვცვალო ტელეფონის ნომერი, შევცვალო ჩემი გადაადგილების მარშრუტი, თუმცა ადამიანი არც ისე მაწუხებდეს და დავაბრალო ადევნება.
– ნებისმიერი დანაშაული, რაც უნდა გავაცხადოთ პოლიციაში, ექვემდებარება გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთი ადამიანის ჩვენება საკმარისი არ არის. ანუ ის გამოძიების ფარგლებში დაიწყებს სამხილების შეგროვებას, რაშიც მას დაეხმარება მსხვერპლი, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ პოლიცია სრულფასოვნად გამოიძიებს საქმეს, დაკითხავს მოწმეებს, შეამოწმებს დახურულ „ექაუნთებს“. არც ერთი დანაშაული არ ითვლება დამტკიცებულად შეტყობინების გამო. დაიწყება სრულფასოვანი გამოძიება და საბოლოო სიტყვას იტყვის სასამართლო. რა თქმა უნდა, შეცდომა უნდა გამოირიცხოს.
– რამდენად ადეკვატურია სანქციები?
– სანქციებთან დაკავშირებით არ გვაქვს პრინციპული პოზიცია, მაგრამ, ბუნებრივია, სანქციები უნდა იყოს. მუხლის პირველი ნაწილი შეიძლება, დაისაჯოს უფრო მსუბუქად, თუ არ ახლავს დამამძიმებელი გარემოება და თავისუფლების აღკვეთასთან ერთად ითვალისწინებდეს ალტერნატიულ სასჯელსაც. ჩვენი მიზანი ხომ არ არის ადამიანის მაინცდამაინც დაპატიმრება?! ჩვენი მიზანია, რომ გადაკიდება შეწყდეს, თუ ის არსებობს და მომავალში აღარ განმეორდეს. ამდენად, მუხლში წერია, რომ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე, მაგრამ, ასევე, გათვალისწინებულია ალტერნატიული პასუხისმგებლობა, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო თავად გადაწყვეტს, კონკრეტული შემთხვევის სიმძიმიდან გამომდინარე, თუ რა ტიპის სანქცია გამოიყენოს.
– რა პრაქტიკაა, ამ მხრივ, სხვა ქვეყნებში და რომელი ქვეყნის გამოცდილებას დაეყრდენით თქვენ ადევნების მუხლის ფორმულირებისას?
– ჩვენი მუხლი არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობას არ იმეორებს, თუმცა ეყრდნობა სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას. ჩვენ შევისწავლეთ 20-ზე მეტი ქვეყნის გამოცდილება და მაქსიმალურად შევეცადეთ, მუხლს ჰქონოდა მკაფიო ფორმულირება და კონკრეტულად ყოფილიყო განსაზღვრული, თუ რა შემთხვევაში გამოიწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მაკვალიფიცირებელი გარემოებები ძალიან მკაფიოდაა გაწერილი და არ ტოვებს არასწორი ინტერპრეტაციის ადგილს. არის ძალიან გასაგები. არ არის საკმარისი ადევნების გამო მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლა; არ არის საკმარისი მხოლოდ ფსიქოლოგიური სტერსი; სამი გარემოება უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს: ფსიქოლოგიური სტრესი, ცხოვრების წესის ცვლილება და საფუძვლიანი შიში, რომ ამ ყველაფერს მოჰყვება ძალადობა. სამივე კომპონენტი უნდა იყოს აშკარა, რომ ამდევნებლის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს. ზუსტად ამ ფორმულირებით ეს მუხლი არც ერთი ქვეყნის კანონში არ არის მოცემული, მაგრამ, რაც ჩამოვთვალე, ეს დათქმები ცალ-ცალკე გაფანტულია სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაში. მივიჩნიეთ, რომ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ასეთი ფორმულირება იქნებოდა ყველაზე უფრო მორგებული ჩვენს ცხოვრებას და ადვილად გამოიყენებდნენ და გაიგებდნენ როგორც მოქალაქეები, ისე სამართლდამცველები.
– ჩვენი რეალობისთვის დამახასიათებელია მჭიდრო და ხშირი კომუნიკაცია  და, რა თქმა უნდა, სამივე კომპონენტს მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს კანონი.
– დიახ, რომ არ აგვერიოს და არ იყოს ადვილი ამ მუხლის მიყენება ადამიანისთვის. ჩვენ მიერ ფორმულირებული მუხლი, ამ მხრივ, გაცილებით უფრო მომთხოვნია და მკაცრად ამოწმებს ქცევის სიმძიმეს. ამდენად, იმის საშუალებასაც არ იძლევა, რომ ბოროტად იქნეს გამოყენებული ამა თუ იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ვერ აცნობიერებს თავის საქციელს და არ იცის, რომ მისი ქცევა სცდება კანონის ფარგლებს.
– ვიღაც შეიძლება, სულაც ლექსებს უძღვნიდეს და ამით აწუხებდეს ადამიანს ან აღტაცებული და დაჟინებით უმზერდეს, ამის გამო ადამიანის დასჯა უადგილო იქნებოდა.
– მუხლი ისეა ფორმულირებული, რომ უბრალოდ შეწუხებისთვის, უბრალოდ თავის მობეზრების გამო არანაირი პასუხისმგებლობა არ დგება. მუხლი ამოქმედდება მაშინ, თუ სერიოზული პრობლემა იქმნება და ადამიანი თავად ვერ აგვარებს მას. როდესაც ის ამოწურავს ყველა საშუალებას და რჩება მსხვერპლის მდგომარეობაში, როდესაც მის მიმართ აშკარა ძალადობაა, არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური. მაგრამ კარგი იმიტომაა ასეთი მუხლის არსებობა, რომ, თუ დანაშაულის ნიშნების ნაწილი მაინც გამოიკვეთა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ჩაერევა პრევენციის მიზნით, რომ თავიდან აიცილოს მოსალოდნელი შედეგი. გააფრთხილებენ პოტენციალურ ამდევნებელს, რომ ეს ურთიერთობა იღებს ისეთ სახეს, შეიძლება, ძალიან მალე გასცდეს კანონის ფარგლებს და ამას შეიძლება, შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს ადამიანზე, რომელიც გადაკიდებას ისე ახორციელებს, რომ ცოტა ხანში მის ქმედებას შესაძლოა, დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს.
– თუ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს არასასურველი კომუნიკაცია, ანუ არ არის რეალური ძალადობის საფრთხე, მაგრამ დაზარალებული მაინც მიმართავს პოლიციას, პოლიციამ შესაძლოა, ვერ დასაჯოს და ვერ მიუყენოს ეს მუხლი, მაგრამ გააფრთხილოს?
– შინგან საქმეთა სამინისტროს ექნება საშუალება, რომ თუნდაც აღძრას საქმე და შემდეგ დახუროს, თუ ვერ დაინახავს დანაშაულის ნიშნებს. ჯერ ერთი, ეცოდინება, რა მუხლით დაიწყოს გამოძიება და, თუ ვერ ნახა დანაშაულის ნიშნები,  აღარ გააგრძელებს გამოძიებას, მაგრამ პრევენციული ეფექტი მაინც ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთ ჩართულობას, რომ ის მომავალში არ გადაიზარდოს სისხლის სამართლის დანაშაულში. ეს ისეთი მუხლია, რომელიც ინტენსივობას რომ მიაღწევს, მაშინ იქცევა დანაშაულად, მანამდე ადევნება შეიძლება, ხორციელდებოდეს, იყოს არასასურველი, მაგრამ ჯერ არ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს.
– როდის ვარაუდობს იუსტიციის სამინისტრო ამ ცვლილების შეტანას კოდექსში? სანამ სისხლის სამართლის კოდექსის განახლებულ ვერსიას არ წარუდგენს პარლამენტს?
– ამ ეტაპზე, როგორც წარმოგვიდგინა, იუსტიციის სამინისტრო არ აპირებს ამ მუხლის ინიცირებას, როგორც ახალი კოდექსის ნაწილის. არამედ, აპირებს წარადგინოს სტამბულის კონვენციის სარატიფიკაციო ცვლილებათა პაკეტის სახით. სტამბულის კონვენცია არის 2010 წლის კონვენცია, რომელიც ქალთა და გოგონათა ძალადობას ეხება. ჩვენ მას ხელი მოვაწერეთ, მაგრამ ჯერჯერობით რატიფიკაცია არ მომხდარა. საქართველოს პოზიციაა, რომ სწრაფად მოახდინოს რატიფიკაცია, მაგრამ იმის გამო, რომ რატიფიკაცია გულისხმობს ახალ ვალდებულებებს, მას თან უნდა სდევდეს ცვლილებათა პაკეტი, რომლებიც ახალი ნორმების შემოღებას ითვალისწინებს. ამ კონვენციაში არის გადაკიდების დარეგულირება, ვალდებულება, ამიტომ, როდესაც ამ კონვენციის რატიფიკაცია მოხდება, ამას მიჰყვება ეს მუხლიც.
– ესე იგი, სტამბულის კონვენციის რატიფიკაციისთანავე შევა ცვლილება ამჟამინდელ სისხლის სამართლის კოდექსში და მაშინვე ამოქმედდება?
– დიახ, მთლიანი სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებას არ დაელოდება და ეს მუხლი შევა კონვენციის სარატიფიკაციო დოკუმენტებთან ერთად. პარლამენტის სურვილია, რაც შეიძლება, მალე მოხდეს კონვენციის რატიფიკაცია. როგორც მანანა კობახიძემ თქვა, უნდათ, რომ მოასწრონ საგაზაფხულო სესიაზე, საგანგებო სხდომის მოწვევასაც აპირებენ, თუ არადა, საშემოდგომო სესიას არ უნდა გასცდეს რატიფიკაცია.

скачать dle 11.3