კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბირთვული ომის რა სცენარები განიხილება და რატომ არის დამოკიდებული მსოფლიოს ბედი იმაზე, აღმოაჩნდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტს ჯანსაღი ფსიქიკა

 

 

რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა სულ ახლახან საკმაოდ უჩვეულო განცხადება გააკეთა, კერძოდ, განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი უნდა გადაწყდეს (მაშინ, როდესაც რფ ყოველთვის ცდილობდა, ყარაბაღული დაპირისპირება საერთაშორისო ასპარეზზე არ გაეტანა და მხოლოდ თავად ემართა); მეორე მხრივ, აზერბაიჯანი ყოველთვის იყურებოდა კუნთებზე და თუ მათ, ადრე თუ გვიან, არ აათამაშებს, მაშინ მათ დაყენებას აზრიც ეკარგება. ამის პარალელურად, ვითარება კვლავ დაიძაბა ყარაბაღის ფრონტის ხაზზე და ეს ყოველივე ირანისთვის ემბარგოს მოხსნის ფონზე განვითარდა. ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასა და ამ რეალობაში საქართველოს პერსპექტივაზე აკაკი ასათიანთან ერთად ვისაუბრებთ.

–  რას უკავშირდება სიტუაციის დაძაბვა სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების ზონაში ლავროვის განცხადების ფონზე: თავისთავად დაიწყებდა ლღობას ეს კონფლიქტი, თუ ეს რუსეთისთვისაა ხელსაყრელი გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რომ ხელი შეუშალოს ირანის ენერგომატარებლების ტრანსპორტირებას სამხრეთ კავკასიის გავლით?
–  თქვენ სწორად თქვით თავიდან, ეს გეოპოლიტიკის ამოცანა არის და ირანის ფაქტორიც, რა თქმა უნდა. მოსალოდნელია, რომ ნავთობის ფასი საგრძნობლად დაეცემა ირანის შემოსვლის შემდეგ. ჩემი გათვლით, 30-40 დოლარი ბარელზე, რუსეთს ჰქონდა იმედი, რომ რამდენიმე წელიწადს მოიგებდა და ცოტას წელში გაიმართებოდა. რუსეთის დიპლომატიის გათვლა იმაზე იყო ექვსეულის მოლაპარაკებებისას, რომ შტატები არ წავიდოდა ირანთან შეთანხმებაზე და თუ წავიდოდა, ირანი არ დათმობდა იარაღის შესყიდვის თემას, ანუ ირანი თავისას გაიტანდა და რუსეთი ირანის ნავთობის გატანას აინაზღაურებდა ირანისთვის იარაღის მიწოდების უფლებით. მაგრამ მოხდა ისე, რომ ამერიკა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე რეგიონში, წავიდა ამაზე და ირანიც დაეთანხმა ამერიკას, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში არ იყიდის ახალ დანადგარებს. იარაღი კი იმდენი აქვს, ჯერ კიდევ შაჰის პერიოდიდან მოყოლებული, რომ ახლის ყიდვის აუცილებლობა არ აქვს, თან, ახალი შეიარაღების პრობლემა არც უდგას, მას ეყოფა ის იარაღი, რაც აქვს, იმისთვის, რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია.
– ანუ რუსეთმა სამხრეთ კავკასია უნდა ააფეთქოს, რომ ხელი შეუშალოს ირანის ენერგომატარებლების ტრანსპორტირებას ამ მარშრუტით?
– საქმე აფეთქებაზე არ არის. უნდა, რომ თვითონაც ჩართული იყოს.
– ეს ვიგულისხმე, ან გააუქმოს საერთოდ, თუ მასაც არ ერგება რაღაც ლუკმა.
– ჩვენთანაც ჰქონდა თავის დროზე საუბარი, თქვენ გაატარეთ საერთაშორისო მილსადენები, ოღონდ გაზსადენი ჩვენი იყოსო, რაზეც უარი ათქმევინეს ამერიკელებმა სააკაშვილს. თუმცა თავიდან სააკაშვილი დაეთანხმა რუსებს, მაგრამ შემდეგ გადათქვა.
– ახლანდელი გადასახედიდან, აშკარად ჯობდა, დათანხმებოდა მაშინ, რადგან, თუკი რუსეთის საერთაშორისო ეკონომიკური ინტერესიც იქნებოდა გათვალისწინებული, ჩვენი უსაფრთხოება უფრო დაცული იქნებოდა და შეიძლებოდა, დღეს ჩვენს ორ სეპარატისტულ რეგიონს არ ჰქონოდა აღიარებულის სტატუსი.
– სააკაშვილმა გათვალა, რომ შტატები ყოველთვის დაიცავდა და ამ გათვლამ გაუმართლა, პირადად მას იცავს კიდეც. ჩვენ ვხედავთ, როგორ პატრონობენ და გასაგებია, ვინც დანიშნა სააკაშვილი გუბენატორად, იაცენიუკსა და პოროშენკოს არ მიუღიათ ეს გადაწყვეტილება. უპრეცედენტო რამ ხდება, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ მასთან აფორმებს შეთანხმებებს. მაშინ ძალიან საინტერესო რამ მოხდა გაზსადენის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ამერიკელები დაეთანხმნენ რუსებს, მაგრამ უარი სააკაშვილს ათქმევინეს. იგივე სქემა გაათამაშეს, რასაც რუსები ჩვენთან ათამაშებენ, ჩვენ თანახმანი ვართ, მაგრამ ოსები და აფხაზები არიან უარზეო. იგივე გაუკეთეს რუსებს, ოღონდ ჩვენს ხარჯზე. ისევ ირანის თემას რომ დავუბრუნდეთ: ირანი დაინტერესებულია რკინიგზით…
– სწორედ ამას ვეკითხებოდი რუს პოლიტოლოგებს, რომლებიც ძალიან მშვიდად მსჯელობდნენ ირანი-სომხეთი-საქართველოს გავლით ევროპისკენ ირანის ენერგომატარებლების ტრანსპორტირებაზე, სანაცვლოდ რკინიგზის გახსნას ხომ არ ითხოვთ, რომ ირანთან პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა გქონდეთ-მეთქი. მიწუნებდნენ ლოგიკას.
– გასაგებია, ვისი ლოგიკაა დასაწუნი… ირანს ძალიან აინტერესებს ჩვენზე გამავალი რკინიგზა, რადგან მას კარგი ურთიერთობა აქვს სომხეთთან და ცუდი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან. ასე რომ, კონფრონტაცია იმ გაგებით, რომ რუსეთმა გადაუკეტოს გზა ირანს, სავარაუდოდ, არ არის მოსალოდნელი. რუსეთი დაინტერესებულია, ისეთივე სქემით იმოქმედოს ირანთან, როგორც თურქმენეთთან და შუა აზიის სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობს.
– მაგრამ რუსეთს ხომ შეუძლია სამხრეთ კავკასიაში ცეცხლის დანთება? ბოლოს და ბოლოს, სამივეს გვაკონტროლებს და აქვს საამისო ბერკეტები.
– მეტი რა ცეცხლი უნდა დაანთოს, დაანთო უკვე?!
– პატარა კოცონებია ჯერ.
– გამოცნობა ძნელია, ირაციონალურია რუსული პოლიტიკა. თუმცა ცხადია, რასაც ახლა ითხოვს, უნდა, რომ მიმდებარე ტერიტორიები მიიერთოს. ან მომეცით გავლენის სფეროებად ყოფილი საბჭოეთი, თუ არადა  მივიერთებ, რასაც შევძლებ, მოვაკბეჩ და ამას ამართლებს „ნატოს“ შიშით. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ „ნატო“ არ დაესხმება თავს რუსეთს, მაგრამ ჩვენ ამაში რუსეთს ვერ დავარწმუნებთ. ევროპას აქვს პრობლემა, თორემ ამერიკას ორივე მხრიდან ოკეანე აქვს და მისი რაკეტები უფრო მალე მისწვდება რუსეთის ტერიტორიას, რომელთა დაფიქსირებას მოასწრებენ, მაგრამ ჩამოგდებას ვერა, რუსეთს კი გაცილებით შორს მოუწევს სროლა. ანუ იქამდეც მივედით, რომ ასეთი სცენარები რეალისტურად განიხილება და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს პუტინს. მე რომ მკითხოთ, პუტინის მოქმედება რაციონალურია, მას სურს იმპერიული ამბიციის დაკმაყოფილება და აქვს დასავლეთის შიში. თუმცა რუსული არხების ყურება შეუძლებელია, საბჭოთა კავშირსაც კი არ ჰქონდა ასეთი პროპაგანდა, მაგრამ ეს შიდა მოხმარებისთვისაა. ამდენად, სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის კერების შექმნა არ ჯდება რაციონალურ პოლიტიკაში, თუმცა შესაძლებელია, თუ მისტიკური იმპერიული მოტივებით ვიხელმძღვანელებთ.
– თუ რუსეთის ქმედება იქნება რაციონალური, მაშინ რატომ უნდა ჩაისვას ის წილში დასავლეთმა ან რატომ უნდა დაუთმოს რაღაც მოთამაშედ ირანის შემოყვანის სანაცვლოდ?
– იმიტომ რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოვლითი გზით სარგებლობა მოუწევს და უფრო ძვირი დაუჯდება, ან თურქეთი და ირანი გარიგდებიან და ასე დარჩება გვერდით რუსეთი და მაშინ ქურთებს დაუჭერს მხარს. სხვათა შორის, არც ესაა გამორიცხული, მით უფრო, რომ ქურთების ასეთ აქტიურობას ბევრი სახელმწიფო უჭერს მხარს. თავის მხრივ, ერდოღანის ქცევაც გასცდა ლოგიკას და ასე იცის დიდხნიანმა ძალაუფლებამ, თორემ პირველ ორ ვადაში ერდოღანს ბრწყინვალე ეკონომიკური მაჩვენებლები ჰქონდა, რაც მისი სწორი ეკონომიკური და სხვა პოლიტიკის დამსახურება იყო. მაგრამ, ეტყობა, მანაც დაკარგა რეალობისა და ადეკვატურობის განცდა. ამდენად, დასავლური სისტემა აბსოლუტურად მართალია, როდესაც 8 ან 10 წელზე მეტ ხანს არ აძლევს პოლიტიკურ ლიდერს ხელისუფლებაში ყოფნის უფლებას. ასე რომ, არ მგონია, რუსეთი შეეცადოს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას სამხრეთ კავკასიაში, რადგან ეს მხოლოდ სამხრეთ კავკასიით არ დასრულდება, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაც წკიპზეა. ამიტომ ყველამ ყველა უნდა ჩაისვას წილში, ჩვენც უნდა ჩავისვათ და ჩვენც უნდა ჩაგვისვან. თუმცა შეერთებულ შტატებს აქვს განსხვავებული დამოკიდებულება და ესაა პრობლემა.
– მათ არ უნდათ რუსეთის ჩასმა წილში?
– მათ კატეგორიულად არ უნდათ ერთი წვეთი ნავთობის დათმობაც კი.
– რკინიგზის გახსნის სანაცვლოდ, რითაც დაინტერესებულია რუსეთი?
– რუსეთიც და სომხეთიც.
– მაგრამ აზერბაიჯანი არ იჩაგრება ამ ახალ კონფიგურაციაში?
– რა თქმა უნდა და ვხედავთ აზერბაიჯანის ხელისუფლების დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლებისადმი. მე ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანი ცოტა უფრო მოქნილ პოლიტიკას უნდა დაადგეს, განსაკუთრებით, ჩვენ მიმართ. არც ჩვენ გვაწყენდა მოქნილი პოლიტიკა, მაგრამ აზერბაიჯანს მოუწევს, თუ არადა, უნდა ჩაბარდეს რუსეთს და ამის პირველი ნიშანი იყო „შოსთან“, შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, მისი მიერთება სომხეთთან, კამბოჯასა და ნეპალთან ერთად. ხომ წარმოგიდგენიათ კონფიგურაცია, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთ ორგანიზაციაშია?!
– რუსეთი როგორ მოახერხებს ჰარმონიულ ურთიერთობას სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, ყარაბაღს ვერ დააქსეროქსებენ, რომ ორივეს ერგოს.
– ასე არ გამოვა, მაგრამ ამ კონფლიქტსაც რაღაც ფორმა უნდა მისცენ. ბევრი ვარიანტი იყო განხილული, სომხეთის მიერ სანაცვლო ტერიტორიების გადაცემა აზერბაიჯანისთვის იმ დერეფნის სანაცვლოდ, რითაც სომხეთი ყარაბაღს უკავშირდება. თუკი ამ საქმეში ჩაერთვება ირანი, რუსეთი, ევროპა, მაშინ შეიძლება, გამოვიდეს კიდეც, თუმცა შეერთებულ შტატებს ეყოფა იმდენი გავლენა, რომ აქამდე არ მიიყვანონ საქმე.
– იმას ამბობთ, რომ შეერთებული შტატებისთვის არ არის ხელსაყრელი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა?
– აქამდე ასე იყო. არც რუსებს აძლევდა ხელს და არც შეერთებულ შტატებს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება, ანუ მათი ინტერესები ემთხვეოდა. იგივე ითქმის სააკაშვილის მმართველობაზეც, ვითომ რუსი ვერ იტანდა, არადა, აგენტი კი არ იყო რუსეთის, უბრალოდ მათთვის ხელსაყრელი იყო მისი აქ ყოფნა, ამბობდნენ, გიჟია და ვერ დაველაპარაკებითო. შემდეგ ვითარება შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ვერ გამოვიყენეთ მომენტი, რომ დაგვეჭირა რუსები სიტყვაზე და გვეთქვა, მოდი, ახლა დავილაპარაკოთო. არადა, რუსი ელოდა, რომ დაველაპარაკებოდით.
– რუსთან დალაპარაკება კი არადა, რამდენი ხანია, ველოდი, როდის იმოქმედებდა ხელისუფლება ადეკვატურად უკრაინის ხელისუფლების მიმართ, მეგობრობა მეგობრობად, მაგრამ საკითხები უნდა გაირკვეს, მით უმეტეს, მეგობრებთან. ერთადერთი თინა ხიდაშელმა მიმართა უკრაინის პრეზიდენტსა და მთავრობას, ემთხვევა თუ არა მათი პოზიცია ოდესის გუბერნატორის პოზიციას.
– არა მხოლოდ „ნაციონალების“, შევარდნაძის შეცდომაც იყო უკრაინაზე, როგორც რუსეთის შემცვლელზე, გათვლა. იმიტომ კი არა, რომ უკრაინა რუსეთივით დიდი არ არის და არც ბირთვული იარაღი აქვს, იმიტომ რომ, თვითონ უკრაინის ერთობაა მყიფე. პირველი სამი პრეზიდენტის ფრთხილი პოლიტიკის წყალობით ინარჩუნებდა მთლიანობას, მაგრამ პირველივე არასწორმა მოძრაობამ გამოიწვია ის შედეგი, რაც ვნახეთ და, რაც მთავარია, ეს არ დამთავრებულა.
– ილარიონოვმა, ლენინივით იმიტომ ვციტირებ მის მოსაზრებას, რომ არის მკაფიო პროამერიკელი და არანაკლებ მკაფიო ანტირუსი, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი გარიგდნენ უკრაინაზე. ეთანხმებით? და ჩვენ სად ვართ, უკვე გარიგებულებში თუ რიგში  მომდევნოები?
– გარიგებები იდებოდა სტალინის, ჩერჩილისა და რუზველტის დროს, ნუ ეწყინება რუზველტის სულს, მაგრამ ისიც ასეთი იყო. შეერთებული შტატები სწორედ გავლენის იმპერია იყო და სანამ გავლენის იმპერია იყო, მანამდე იყო ძლიერი სწორედ. მაგალითად, სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი პირდაპირ ამბობდნენ: ეს –  შენ, ეს –  მე, მათ იმპერიული ცნობიერება ჰქონდათ და საზოგადოებაც შეგუებული იყო, რომ დიდები იყოფენ. ახლა ეს უხერხულია, თუმცა იგივე ხდება. ახლა რაღაცაზე შეთანხმდებიან, რაც ოდესმე დაფიქსირდება დეიურედ. მაგალითად, ყირიმზე სხვანაირად მოხდა: იმათ წაიღეს, ამათ ხმა არ ამოიღეს, მაგრამ დონბასში ვითარება უფრო გართულდა, იმიტომ რომ, ყირიმი რუსეთისთვის ძალიან მტკივნეული თემა იყო, ფლოტის პრობლემა ჰქონდა, დონბასთან მიმართებაში კი საქმე სხვაგვარადაა, იქ მორიგდებიან.
– როგორც ჩვენთან: ერთი სოხუმში დააყენებს რაკეტებს, მეორე  –  ზუგდიდში? ფიგურალურად ვამბობ, ბუნებრივია.
– უკრაინა ევროპის ცენტრალური ნაწილია და რუსეთს ესმის, რომ დასავლეთ უკრაინაში რაკეტები დადგება მის წინააღმდეგ, ამიტომ უნდა, რომ ეს მოხდეს მისგან რაც შეიძლება, შორს და ამ ტერიტორიის გამო ჭიდაობენ. ამას დასავლეთი შეგუებულია და ეს ოდესმე გაფორმდება კიდეც. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ გულხელდაკრეფილები ვსხედვართ და შევცქერით, რა ხდება. ამდენად, არ არის გამორიცხული, ჩვენც მოვყვეთ ამაში, როდესაც დეიურედ გაფორმდება.

скачать dle 11.3