რატომ აფასებს საზოგადოება ნეპოტიზმს დადებითად, მიუხედავად კრიტიკისა და რატომ ახასიათებს ქართველ, კოლექტივისტურ საზოგადოებას ცხვრის სინდრომი
კარგა ხანია, ჩვენს საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს ნეპოტიზმიც და ხელისუფალ-ჩინოვნიკ-პოლიტიკოსთა მაღალ-მაღალი ხელფასები და დიდ პატივში ცხოვრება. მეორე მხრივ, იბადება კითხვა: ისინი, ვინც იწუნებენ პატიოსანი გვამების ცხოვრების წესსა და პრივილეგიებს, მათ ადგილას არ ისარგებლებდნენ სახელისუფლო სიამეებით, თუ, აღშფოთება იმითაა გამოწვეული, რომ თავად არ აქვთ ნეპოტიზმითა და პრივილეგიებით სარგებლობის საშუალება? – ამ არცთუ იოლ თემას ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად განვიხილავთ.
– მინისტრს ან პარლამენტარ ნათესავს რომ სთხოვოს ჩვენმა რომელიმე თანამემამულემ თავისი ან თავისი შვილის დასაქმება და მან უარი უთხრას, რა რეაქცია ექნება? ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ, მგონია, ნეპოტიზმი არა მხოლოდ თანამდებობებზე მყოფთა სენია, არამედ არმყოფებისაც და, მიზეზი ისაა, რომ თავად არ აქვთ იმავეს შესაძლებლობა. ვცდები?
– მე, როგორც ფსიქოლოგი, გამოვიყენებ რამდენიმე ფსიქოლოგიურ კანონზომიერებას. ერთ-ერთს ჰქვია პროექცია, როდესაც ადამიანი თავის თავს სხვებზე აპროეცირებს, ანუ, თავისი თვისებები გადააქვს სხვაზე და სხვაში ხედავს იმას, რაც თავად ახასიათებს. გაუმაძღრობა, ძალაუფლებისკენ სწრაფვა, ნეპოტიზმი – ეს არის ის თვისებები, რომლებზეც გარეგნულად აღშფოთებას გამოთქვამს ისეთი ადამიანი, რომელსაც საკუთრივ თვითონ აქვს თავის ბუნებაში სწრაფვა მომხვეჭელობის, ძალაუფლებისა და ნეპოტიზმისკენ და, სწორედ იმიტომ ლაპარაკობს ბევრს ამაზე, რომ თავად აქვს ეს თვისებები, უნდა, რომ ისინი დამალოს და სხვას მიაწეროს. ეს საყოველთაოდ გავრცელებული მექანიზმია ადამიანთა ურთიერთობაში და, ამდენად, სულაც არ არის გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ, ის ადამიანები, რომლებიც ნეპოტიზმს აძაგებენ, ამავე დროს, აძაგებენ საზოგადოების ელიტურ ნაწილს იმის გამო, რომ მათ აქვთ ხელფასები და ფინანსური წყარო; იმიტომ აკეთებენ ამას, რომ დაფარონ თავიანთი ამგვარი მიდრეკილებები და, ამგვარი ძაგებით, თითქოს ფსიქოლოგიურად, თავისი თავიდან იცილებს ამ ნაკლს.
არის მეორე მექანიზმი, რომელსაც ჰქვია რეაქციის ფორმაცია და შინაარსობრივად ნიშნავს შემდეგს: ადამიანს არა მხოლოდ თავისი ნაკლის დაფარვა უნდა, არამედ ისიც, რომ ის აღმოფხვრას, იმიტომ რომ არ უნდა, ეს თვისება ჰქონდეს. რადგან არ შეუძლია, ცდილობს, აღმოუფხვრას ის სხვებს. ანუ, ასეთები არ უნდა არსებობდნენ და ამით სიმბოლურად თითქოს თავიანთი თავის ტრანსფორმაციას აკეთებენ, სინამდვილეში კი იგივენი რჩებიან; გამოთქვამენ ისეთ აზრებს, რომლებიც თითქოს ტრანსფორმაციის გამოხატულებაა, სინამდვილეში კი ტრანსფორმაციის კი არა, განადგურების მომხრეები არიან. მაგრამ სიხარბეც და მომხვეჭელობაც არსებულია, არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არისო, ნათქვამია ლათინურ ანდაზაში. ადამიანს ყველანაირი თვისება ახასიათებს, მაგრამ, როდესაც გინდა, რომ აუკრძალო არსებობა იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შენი ის თვისებები, რომლებიც არ მოგწონს, ნიშნავს იმ სხვა ადამიანების ლიკვიდაციას.
– ამიტომ აკრიტიკებს ჩვენი ყოველი მომდევნო ხელისუფლება წინას?
– დიახ, ამის ნათელი გამოხატულებაა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში თითოეული მომდევნო ხელისუფლება ანადგურებს წინას. ამბობს, რომ წინამორბედს არაფერი გაუკეთებია, ამიტომ ის უნდა ამოიშალოს, მოისპოს, ციხეში ჩაჯდეს. ასე ხდებოდა გამსახურდიას დროს, როდესაც ხალხის მტრებად გამოცხადდნენ წინამორბედები და დაერქვათ „კრემლის აგენტები.” შემდეგ თვითონ გამსახურდია მოსპო შევარდნაძემ, როდესაც მის მმართველობას „პროვინციული ფაშიზმი” დაარქვა. შემდეგ შევარდნაძე გაანადგურა სააკაშვილმა, დღეს ახალი ხელისუფლება ანადგურებს სააკაშვილს და შემდეგ ვიღაც მომდევნო გაანადგურებს ამ ხელისუფლებასაც. ანუ ყველა ხელისუფალი ორიენტირებულია წინამორბედის ლიკვიდაციაზე, იმიტომ რომ, თავიანთ ბუნებაში არსებულ ნაკლოვანებებს მათ მიაწერენ და, იმის ნაცვლად, რომ თვითონ გარდაიქმნან, არსებობას უკრძალავენ მათ, ვისაც, ასევე, აქვს ეს თვისებები. და ეს აკრძალვა ჰგონიათ ტრანსფორმაცია, სინამდვილეში კი არაფერიც არ გარდაიქმნება. ეს თვისებები რჩება მათში, ვინც აგრძელებს ამ სახელისუფლო გზას. თუ ამას ჩვეულებრივ მოქალაქეზე გადავიტანთ: ის, როგორც კი მოვა ხელისუფლებაში, იმავეს ცდილობს, რასაც წინა ხელისუფალი ცდილობდა. ხომ გახსოვთ, როგორი წიოკი იყო თანამდებობებზე, როდესაც „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. ამდენად, ყველა ხელისუფლება და „ნაციონალები“ და „ოცნებაც“ ერთი და იგივე პერსონაჟები არიან.
– თუკი ხელისუფლებაში ერთი და იმავე სტილისა თუ შიგთავსის ადამიანები მოდიან, ეს რას ნიშნავს: იმას, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ ასეთები მიდიან თუ ჩვენი საზოგადოების კრიტიკული მასაა ასეთი?
– ამის თქმა ძნელია, იმიტომ რომ, ხელისუფლებაში ხალხიდან მიდიან და ისინი ისეთივენი არიან, როგორიც მათი ხალხია. მაგრამ აქ მეორე მომენტიცაა: როდესაც ისინი თავიანთ წინამორბედებს უარყოფენ, ამ დროს უარს არ ამბობენ იმ პროექტებზე, რომლებიც წინამ დაიწყო. მაგალითად, სააკაშვილი იდგა შევარდნაძის დაწყებულ პროექტებზე – საერთაშორისო მილსადენებსა თუ სამების მშენებლობაზე; დღევანდელებიც წინას პროექტებზე სხედან და არც ერთი მათგანი არ ამბობს იმ პლუსებს, რაც წინამორბედს ახასიათებდა, წინამორბედის ღირსებას არცერთი არ ცნობს, მხოლოდ უარყოფით პლანში მოიხსენიებენ, თითქოს წინამორბედები ცალსახად ნეგატიურის მატარებლები არიან. ეს ცუდია, რადგან, ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ ადამიანები ძალაუფლებაში მოსვლის დროს და ამიტომ ეს არ იცვლება, რადგან ერთნაირები არიან.
– ანუ, ამ უკეთურობის მთავარი წყარო ხალხია? ეს საზოგადოების პრობლემა გამოდის და, მაშინ, რა გამოასწორებს?
– საერთოდ, საზოგადოებები იყოფა ინდივიდუალურ და კოლექტიურ საზოგადოებებად. ჩვენი საზოგადოება კოლექტივისტურია, ანუ ცხვრის სინდრომი აქვს: საკუთარ აზრსა და საკუთარ არჩევანს კი არ აკეთებენ, არამედ, პატივს სცემენ კოლექტიურ არჩევანს. იმიტომაც იყო, რომ გამსახურდია აირჩიეს 86 პროცენტით, სააკაშვილი – 90-ზე მეტით.
– შევარდნაძემაც თითქმის იმდენივე მიიღო 1992 წლის არჩვენებში.
– მაგრამ ბოლოს ყველა „შავდებოდა“. თან, ჩვენთან თითოეული არჩევნების დროს ძირითადი სლოგანი იყო ვიღაცის არყოფნა: საქართველო შევარდნაძის გარეშე; შემდეგ – საქართველო სააკაშვილის გარეშე; გამსახურდიას დროს – საქართველო კომუნისტების გარეშე. ანუ, რაღაცის გასიკვდილება ხდებოდა. ანუ გასიკვდილება არასასურველისა, ეტყობა, ჩვენი აზროვნების ტიპური ნიმუშია.
– მეორე მხრივ, ასეთი ტიპის ლოზუნგები დადებითად მოქმედებდა ამომრჩეველზე.
– ცხადია და ახლაც იგივეა. ამას წინათ ღარიბაშვილმა ახალი ციხე გახსნა და თითქოს ხუმრობით თქვა, არადა, ხუმრობა სერიოზული ფენომენია და ყოველთვის ხუმრობას არ ნიშნავს, რომ კარგია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს – აქ სააკაშვილი არ ზისო. ამით სტიმული მისცა ადამიანებს, რომ იაზროვნონ მოწინააღმდეგის განადგურების კატეგორიებით. არადა, ბუნებაში არაფერი იკარგება. სააკაშვილის თვით გარდაცვალებითაც კი მისი ფენომენი არ დაიკარგება, ვიღაც სხვა აიღებს მის როლს. ანუ ბუნებაშიც ენერგიის მუდმივობის კანონი მოქმედებს და არაფერი ქრება. ვერაფერს გაანადგურებ, იმიტომ, რომ არაფერი იკარგება. სულმნათ შოთას შეიძლება შეედავოს კაცი, რასაცა გასცემ, შენია, რაც არა დაკარგულიაო, რადგან, რასაცა გასცემ – შენია, დანარჩენი ზედმეტია. პირველი ნაწილიც საკმარისია. ბუნებაში არაფერი იკარგება: არც სიკეთე და არც ბოროტება, ყველაფერი მისი ლიკვიდაციის შემდეგაც განაგრძობს არსებობას.
– გაცნობიერება პრობლემის გადაჭრის გზაა, ამიტომ ასე დავსვამ კითხვას: როგორ ფიქრობთ, რომლებიც გმობენ ნეპოტიზმს, მათ რომ ჰყავდეთ ნათესავი პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი და მიმართონ დახმარების თხოვნით, მაგრამ უარი მიიღონ, დადებითად შეაფასებენ თავიანთი ნათესავი მინისტრისა თუ პრემიერ-მინისტრის ქცევას?
– ნეპოტიზმი დადებითად ფასდება, ითვლება, რომ, ესე იგი, მეგობრული ადამიანია, ნათესავების მოყვარულია. ღირებულებათა ჭიდილია ჩვენთან და საზოგადოება წინ ვერ წავა, თუ არ ჩამოყალიბდა ინდივიდუალიზმი; კაპიტალიზმმა კი არ შექმნა ინდივიდუალიზმი, არამედ ინდივიდუალიზმმა შექმნა კაპიტალიზმი. ანუ ინდივიდუალისტები გახდნენ ადამიანები და თავიანთ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც და, როდესაც ასეთი საზოგადოება ყალიბდება, იქ უკვე ნეპოტიზმის ადგილი აღარ რჩება, იმიტომ, რომ ყველა თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას და არ უნდა, რომ შეაწუხოს სხვა, რომელიც მის ნაცვლად გაუკეთებს საქმეს.
– არადა, როგორი დამამცირებელია, როდესაც შენს საქმეს სხვა აკეთებს, ესე იგი, შენ აბსოლუტურად უსარგებლო და პარაზიტი ხარ.
– დამამცირებელიცაა. მე და ჩემი მეგობარი ახალგაზრდა ლექტორები, დიდი ხნის წინათ, 1978 წელს ვიყავით საფრანგეთში და ჩვენს იქაურ კოლეგას ვკითხეთ, იყო თუ არა მათთან „ჩაწყობა.” ჯერ ვერ გაიგო, შემდეგ ავუხსენით და საპასუხო კითხვა დასვა: მას, ვისაც უნდა „ჩავუწყო” საგანი, რაში სჭირდება, რომ ცოდნა არ ჰქონდესო? სირცხვილი არ არის, ცოდნა არ გქონდეს და ნიშანი გქონდესო? ცხადია, მათთვის სამარცხვინოა ეს და ნეპოტიზმიც სამარცხვინო უნდა იყოს, წესით.
– „ჩაწყობით” დაწერილი ნიშანი, „ჩაწყობით” მოწყობა სამსახურში და – შედეგსაც ვხედავთ.
– ვიცით შემთხვევები, როდესაც კონკურსში ვერ გადის ადამიანი და მაინც ნიშნავენ თანამდებობაზე. არადა, ტესტმა აჩვენა, რომ იმ თანამდებობას არ შეესაბამება და არ უნდა მუშაობდეს; ისინი კი მაინც სვამენ ამ თანამდებობაზე და ის ადამიანი ვერ ასრულებს ამოცანას, რასაც მოითხოვს ის თანამდებობა. ამდენად, დანიშნულს ვერც დაადანაშაულებ. ვერ აკეთებს, არ შეუძლია და რა ქნას?! დანიშნეს და ისიც არის.
– ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე თავად რომ მოხვდეს მაღალ თანამდებობაზე უარს იტყვის მაღალ ხელფასზე, არ გამოიყენებს სამსახურებრივ ავტომანქანას ოჯახის წევრების სატარებლად, უარს იტყვის პრივილეგიებზე?
– პასუხი ცხადია – ყველაფრით ისარგებლებს.
– აბა, მაშინ, როგორ განვვითარდებით, თუ მოკრიტიკეც ისეთივეა, როგორიც კრიტიკის ობიექტი და მხოლოდ იმიტომ წუხს, რომ თავად ვერ სარგებლობს იმ პრივილეგიებით?
– როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოება არ არის ორიენტირებული ევოლუციაზე, თუმცა მოდას მისდევს, აიფონებიც უჭირავთ და ყველაფერს აიტაცებენ ხოლმე. მაგრამ ევოლუციაზე, იმ გაგებით, რომ მენტალობა შეიცვალოს, არ არის ორიენტირებული. ეს დაახლოებით ისეა, როგორც ფუტკრების შემთხვევაში: ფუტკრები სულაც არ არიან ევოლუციაზე ორიენტირებულები, იმას აკეთებენ, რასაც საუკუნეების წინათ აკეთებდნენ, მაგრამ მაინც გადარჩნენ და გადარჩნენ კი არა, მშვენივრად არიან. ასეა ქართველობაც: ევოლუციაზე ორიენტირებულნი არ არიან, მაგრამ რაღაცნაირად გადავრჩებით ხოლმე .
– ფუტკრები ფასდაუდებელ საქმეს გვიკეთებენ: თაფლი, ფუტკრის რძე, ჭეო, პროპოლისი, ფუტკრის შხამი – ფაქტობრივად, უკვდავების საშუალებები.
– დაახლოებით იმავეს აკეთებს ქართველი ერი, როდესაც შოთა რუსთაველსა და ვაჟა-ფშაველას აძლევს სამყაროს; თუ გინდა, ნოდარ დუმბაძესა და ჭაბუა ამირეჯიბს. ეროვნული სული უკვდავია, მაგრამ პროგრესზე ორიენტირებული არ არის, რადგან ტრადიციული საზოგადოებაა. ტრადიციული საზოგადოება კი ორიენტირებულია რეგრესზე: რაც ძველია, ის კარგია, რაც ახალია, კარგი არ არის და ეს ძვალ-რბილშია გამჯდარი. ამიტომ ქართველი ვერასდროს იქნება მსოფლიოს ავანგარდში.
– მაგრამ ყოველთვის იქნება იმაზე მეტხანსაც, ვინც ავანგარდშია.
– გადარჩენის შანსი აქვს, ქართველი ყოველთვის გადარჩება და ეს ძალიან კარგია. ღმერთმა ნუ ქნას, არ გადავრჩეთ, მაგრამ მხოლოდ გადარჩენაზე ორიენტაცია მძიმე ხვედრია. ქვეყანა წინ მიდის და შენ იმაზე ცდები, მივიდა თუ არა პრეზიდენტი ოლიმპიადის გახსნაზე და აანთო თუ არა ცეცხლი ზვიადაურმა.