რეფორმებს შეწირულები
ანუ ავტორიტარიზმის მოთხოვნა
თუმცა ერთ დროს ჩვენებური ხალხის რჩეული და აწ უკრაინის გენპროკურორის მოადგილე ბ-ნი საყვარელიძე თავისი დანიშვნის აისზე უბნობდა, რომ უკრაინაში რეფორმების გატარება გაცილებით იოლია, მაგრამ ახლა აზრი შეუცვლია.
ოღონდ, შენიშნავს (მომყავს ციტატა): „ჩემი მიზანია, დავამტკიცო, რომ უკრაინა უკვე არის სხვა ქვეყანა, რომ აქ უფრო კარგად გამოდის, ვიდრე საქართველოში (თუ ფსიქოლოგებს დავესესხებით, აშკარაა ფსიქოლოგიური პრობლემები, აი, საკუთარი წარმოშობა რომ გესირცხვილება და საკუთარის დამარცხება გაბედნიერებს).“
მაგრამ არც იმას მალავს, რომ რეფორმირების პროცესი საქართველოში უფრო მარტივი იყო და შემდეგ მიზეზებს ასახელებს: „უკრაინაში პოლიტიკური სპექტრი უფრო მეტად ფრაგმენტული და კომპლექსურია, ვიდრე საქართველოში იყო. საქართველოში პარლამენტი უფრო მყარი და ეფექტიანი იყო, ვიდრე უკრაინაშია. ამიტომაც იქ უფრო იოლი იყო, მთავარი საკითხებისთვის ბიძგი მიგვეცა. მთავრობის, პრეზიდენტის, პარლამენტის, პოლიციის მუშაობა სინქრონული იყო და რეფორმებიც ავტომატურად ხორციელდებოდა. პროკურატურის, ასევე პარალელურ რეჟიმში მოხდა საგადასახადო და საბაჟო სისტემების, სასამართლოების რეფორმირება და შედეგები დაუყოვნებლივ შესამჩნევი გახდა“.
ხოლო, რაკი ჩვენ ვიცით, რა იგულისხმება „ეფექტიანსა“ და „სინქრონულობაში“ (არც მეტი, არც ნაკლები, მე ვარ და ჩემი ნაბადიო), რაც უკრაინელებმა ჯერ არ იციან, კერძოდ, ის, რომ ბ-ნი საყვარელიძე ავტორიტარიზმს ითხოვს რეფორმების გასატარებლად და კიდევ – შიშის დანერგვას, აი, ის კი, როგორ გამოუვა საქართველოზე სულ მცირე 10-ჯერ დიდ და მრავალრიცხოვან ქვეყანაში, რთულზე რთული სათქმელია, თუ, რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიის ფართობის საქართველოს ტერიტორიამდე შემჭიდროებას არ მოელის.