სადისტების ტყვეობაში
მოჭრილი თავი – საჩუქრად
ისლამური სახალიფო თავის საზღვრებსაც აფართოებს და ადამიანებსაც ხოცავს პანტაპუნტით, დანარჩენი მსოფლიო კი ძირითადად განცხადებებით იფარგლება და ჯერჯერობით არანაირი ერთიანი სტრატეგია არ შეუმუშავებია.
სავარაუდოდ, პოლიტიკურად დაპირისპირებული ბანაკები ვარაუდობენ, რომ ამასობაში ტერორისტული სახელმწიფო მოწინააღმდეგეს უფრო დააზარალებს.
ამის პარალელურად კი, ისლამურ სახალიფოში ისეთი ამბები ხდება, დანიის სამეფოში რომ არც დასიზმრებიათ.
სახელდობრ, ხალიფა ალ-ბაღდადმა ქალისთვის თავის მოკვეთა და მისი საქორწინო საჩუქრად მირთმევა ბრძანა.
ისტორია კი ასე დაიწყო: შარიათის ერთ-ერთი მოსამართლის ქმარი დაიღუპა, შესაბამისად, ახალი ქმარიც მოითხოვა, საქორწინო საჩუქრად კი – „ურჯულოს“ თავი (შეგახსენებთ, „ურჯულოებში“ იგულისხმებიან აბრაამის რელიგიის მიმდევრები და ქრისტიანები).
მაგრამ, ალ-ბაღდადს, რაკი ქალს არ აქვს კაცის სიცოცხლის მოთხოვნის უფლება, სანაცვლოდ შარიათის მოსამართლე ერთ-ერთი ქალის თავი შეუთავაზებია, რომელსაც ბრალი შპიონაჟში ედებოდა. სხვათა შორის, შარიათის პოლიციაში ბრიტანეთის ხუთი მოქალაქე ქალი მსახურობს და მათ შორის, საკუთრივ ეთნიკური ინგლისელებიც. –
აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა: ასეთებად იბადებიან თუ რა გარემოებები უწყობს ხელს ადამიანის ყველაზე სასტიკ პირუტყვზე უარეს არსებად გარდასახვას?! თუ გავიხსენებთ, რომ, არსებული ინფორმაციით, ტერორისტული სახელმწიფოს რიგებში 30 000 მებრძოლია და მათ ამაზე გაცილებით მეტი თანაუგრძნობს, გამოდის, რომ დედამიწაზე მანიაკ-სადისტების რიცხვს კრიტიკული ზღვრისთვის მიუღწევია.