ვისთან განშორება უჭირს თამთა შედანიას და რატომ აღარ დაკარგავს ის თვითკონტროლსა და საკუთარ თავს
თამთა შედანია თავის ულამაზეს შვილს დამოუკიდებლად ზრდის და მისით განსაკუთრებულად ამაყობს. დედობამ თამთას ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა და ის დღეს განსაკუთრებულად ბედნიერია. მის კარიერაშიც გარკვეული სიახლეებია.
თამთა შედანია: ამ ეტაპზე თბილისში ვარ, სხვადასხვა დიზაინერთან გადაღებები მაქვს დაგეგმილი. ჩემი შვილი ამჟამად ზღვაზე ისვენებს, მეც ვიყავი მასთან ერთად. მია პირველად იყო ზღვაზე. ანაკლიაში მაქვს სახლი და მიამ პირველად რომ დაინახა დიდი მწვანე მდელო, შეეშინდა. მერე შეეჩვია. ზღვაზეც ძალიან მაგრად გაერთო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როდესაც შვილის თვალებში დავინახე ის საოცარი ემოცია, რაც მან ზღვის დანახვისას გამოხატა. ახლა დედასთან დავტოვე. გვიჭირს ერთმანეთთან განშორება. სულ ვცდილობ, თუ არ ვარ დაკავებული, მასთან ერთად დიდი დრო გავატარო.
– ჯერ პატარაა მია, ბევრ რამეს ვერ აცნობიერებს. მაგრამ მაინც, ალბათ, ცდილობ, შეუვსო ის დანაკლისი, რაც მამასთან ურთიერთობის გაწყვეტით გაჩნდა.
– ჯერ პატარაა, ვერაფერს ხვდება. მაქსიმალურად ვცდილობ, ძალიან ბევრი სიყვარული მივცე, რომ ამ მხრივ, უკმარისობის გრძნობა არ ჰქონდეს. მამასთან არ აქვს არანაირი ურთიერთობა, არც კონტაქტი. ჩემთან არის მხოლოდ.
– როდესაც შენი და ერეკლეს ურთიერთობა იწყებოდა, ალბათ, არც ფიქრობდი ასე მალე თუ დამთავრდებოდა ყველაფერი და სხვა გზით წავიდოდა.
– როდესაც რაღაც იწყება, ყველაფერი ლამაზი ფერებით არის მოხატული და გგონია, ეს კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება. ბედნიერებას ხელშეწყობა სჭირდება, თუ ასე არ ხდება, მერე ყველაფერი წარმავალი ხდება: სიყვრულიც, ბედნიერებაც და მეგობრობაც. რა თქმა უნდა, ეს ხელშეწყობა ორმხრივი უნდა იყოს – ცალმხრივი და ნაძალადევი არ გამოვა. ჩემი სიყვარულის ისტორიაც ლამაზად დაიწყო, მაგრამ მალე დასრულდა. არ მაქვს სინანულის ან იმედგაცრუების მომენტი, რადგან ეს კარგ მოგონებად დარჩა. ისე ჩაიარა ყველაფერმა, გრძნობა არც დამრჩენია. უბრალოდ, ეს არის ერთი კარგი ისტორია, რომელსაც არ ვიხსენებ და ჩემ ირგვლივ ვინც არის, ისინიც ცდილობენ, არ გამახსენონ. როგორც ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, ჩემთანაც, გაშორებასთან დაკავშირებული სირთულეები იყო, მაგრამ შვილმა გადამალახვინა. ახლა ვარ ძალიან ბედნიერი, თავისუფალი და ვტკბები ყოველი დღით. არც მინდა ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა, იმდენად კარგად ვგრძნობ თავს. თუ მომინდება სხვა ეტაპზე გადასვლა, არც ეგ არის პრობლემა. უბრალოდ, იმდენად დამოუკიდებელი ვარ, ყველაფერს ვაკონტროლებ და თუ ჩემს ცხოვრებაში რაიმე ნაბიჯის გადადგმას დავაპირებ, უკვე კარგად გავზომავ და მერე გავჭრი. რაც მია გაჩნდა, ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ. მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც შეეძლო, ყველაფერი გაეკეთებინა. მარტო ვიყავი, მეორე ნახევარი არ მყავდა და ყველაფრის გაკეთების უფლებაც მქონდა. მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში დადგა ეტაპი, როდესაც საკუთარ თავზე მეტად სხვა მიყვარს და იმ სხვაზე უფრო უნდა ვიზრუნო, ვიდრე საკუთარ თავზე. ეს ყველაფერი არ მაძლევს იმის საშუალებას, დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მეორედ სერიოზული ნაბიჯის გადადგმა, რთული იქნება.
– რამე ხდება ამ მხრივ, თუნდაც, ფლირტის დონეზე?
– არაფერი. რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლები სულ იყვნენ და ახლაც ბევრნი არიან. ბევრს გაუხარდა ჩემი ოჯახის დანგრევა. მაგრამ მე ამ ეტაპზე მარტო ვარ და ყველაფერს ვაკონტროლებ. ცხოვრებაში კაცისა და ქალის ურთიერთობა როგორ განვითარდება, სადამდე მივა, ყველაფერი ქალზეა დამოკიდებული. იმდენად ვისწავლე თვითკონტროლი, რომ შანსი არ არის, კონტროლი ან კიდევ ერთხელ თავი დავკრგო. ლამაზი ქალის ცხოვრებაში სულ არიან თაყვანისმცემლები, მაგის დანაკლისს არ ვგრძნობ. მაგრამ არ გამოჩენილა ისეთი კანდიდატი, ოდნავ რომ მაინც შეეტოკებინოს ჩემი გული. არც ვფიქრობ ამაზე, როცა იქნება – იქნება. დღეს ვტკბები ყოველი დღით. ბედნიერი ვარ, მყავს ულამაზესი შვილი. გამოვიყურები ძალიან კარგად. ფორმა ხელს მიწყობს და ვფიქრობ, უფრო მეტ კონცენტრაციას შვილსა და კარიერაზე გავაკეთებ. თუმცა, ამ ეტაპზე ვცდილობ, საქმეში შესვენება ავიღო და როცა მომინდება უცხოეთში მუშაობის გაგრძელება, ეს არ იქნება პრობლემა. ჯერ მთელ დროს საკუთარ თავსა და შვილს ვუთმობ. „იმიჯ-ცენტრთან“ ჩემი კონტრაქტი დამთავრდა. თავისუფალი მოდელი ვარ და ასე ჯობია როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე.
– ახლახან ქართველი ნიჭიერი დიზაინერის, მარიამ მათურელის ბრენდის, MATURELLI-ის ექსკლუზიური, ულამაზესი კაბები მოირგე, რომელიც სპეციალურად „აჭარა ფეშენ-ვიქისთვის“ შეიქმნა. ფოტოები კი თავად დიზაინერმა და ფოტოგრაფმა, მარიამ მათურელმა გადაგიღო.
– ბრენდი MATURELLI ახლახან გავიცანი, ისევე, როგორც მისი დამფუძნებელი, უნიჭიერესი დიზაინერი მარიამ მათურელი. მას აქვს იმის გამოცდილება და ბაზა, რომ დიდი მომავალი ჰქონდეს. ასეთი ხარისხი, ფერთა გამა, ტრენდულობა, სტილი, რაც მის კაბებშია, ყველა მანდილოსნისთვის სასურველი და გამოსადეგია. ეს არის კოლექცია, რომლის ყველა კაბასაც მე, პირადად, სიამოვნებით ჩავიცვამდი. იმდენად გემოვნებით არის ყველაფერი შეკერილი, იმდენად მოდურია, რომ არ შეიძლება, არ მოგეწონოს და გულგრილი დარჩე. ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ მარიამი თავად იღებს თავის კაბებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მან ზუსტად იცის, როგორ წარმოაჩინოს თავისი შექმნილი კაბები... საოცარი ფოტოები გადავიღეთ.
– არის შემოთავაზებები, რაზეც უარს ამბობ?
– ათი წელია, სამოდელო ბიზნესში ვარ, ბევრი შემოთავაზებაც ყოფილა. მაგალითად, ვიყავი CQ-ის ქასტინგზე, ამირჩიეს და მერე მითხრეს, რომ უნდა ჩამეცვა ჯინსი და ზემოთ ზურგიდან უნდა ვყოფილიყავი შიშველი. საკამოდ დიდ თანხას მთავაზობდნენ. არ დავკონკრეტდები, მაგრამ უარი ვთქვი. არასდროს, ამ ათი წლის განმავლობაში, არ გადამიღია შიშველს, ღია საცვლებში და არც არასდროს გადავიღებ. ძალიან მწყინს, როცა საქართველოში გოგონები იმისთვის, რომ პოპულარულები გახდნენ, მარტივად შიშვლდებიან ისეთი ფოტოგრაფების წინაშე, რომლებმაც წესიერად გადაღებაც არ იციან. მოდელებმა უნდა დავაფასოთ ჩვენი პროფესია, ჩვენი თავი და სხეული, რომ არ იყოს ის სამარცხვინო ანაზღაურება. ეს ყველაფერი მომდინარეობს დამწყები მოდელებიდან, რომლებსაც არ შეუძლიათ, საკუთარ სილამაზეში, სხეულში მიიღონ დიდი თანხა და ხშირად უფასოდ თანხმდებიან მუშაობაზე.
– ყველაზე დიდი თანხა რა ყოფილა, რაც შენს სილამაზეში, სხეულში მოგითხოვია?
– სილამაზით მომიპოვებია 35 ათასი დოლარი, როდესაც „ჯორდანოსთვის“ მქონდა ორდღიანი გადაღება. ძალიან სასიამოვნო გადაღება იყო.
– და მამაკაცების მიმართ რა მოთხოვნები გაქვს?
– სამწუხაროდ, დღეს ქართველმა ბიჭებმა ქალის დაფასების უნარი დაკარგეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ. ჩემი პირადი მოთხოვნა მამაკაცისადმი, ალბათ, იქნებოდა ის, რომ იყოს ზრდასრული, ჩამოყალიბებული, იცოდეს ქალის პატივისცემა, მოვლა, გვერდში დგომა. ჭკვიანმა კაცებმა ყოველთვის იციან, რა სურთ ქალებს და ზუსტად იციან, როგორ გაგხადონ ბედნიერი, როგორ გაგრძნობინონ თავი ნამდვილ ქალად. ასეთი მამაკაცები, სამწუხაროდ, ცოტანი არიან.