როგორ შეძლო ნინო წილოსანმა ქალი ხელმძღვანელის შესახებ სტერეოტიპების დამსხვრევა
სამუშაო ოთახი – ერთდროულად სტანდარტული და თან ძალიან საინტერესო, ინდივიდუალური ნიუანსებით გამორჩეული. წარმოუდგენელი კონტრასტი გარეგნობასა და საქმიანობის სტილში; თუმცა, ინტერვიუს მსვლელობისას მძიმე მრეწველობის ურთულეს დეტალებზე ისეთი პროფესიონალიზმითა და საქმის სიყვარულით საუბრობს, რომ მომენტალურად იმსხვრევა ქალ ხელმძღვანელთან დაკავშირებული უამრავი სტერეოტიპი და, მათ შორის ყველაზე მთავარი – რომ რაღაც-რაღაცეები ქალის საქმე არ არის.
ნინო წილოსანს დღეს, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ერთ-ერთი წამყვანი საწარმოს მართვა აბარია; თუმცა, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობამდე იყო მრავალწლიანი მუშაობა და გამოცდილების დაგროვება. საამქროს კურატორობიდან ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭომდე მან ეტაპობრივად განვლო ყველა საფეხური და დღეს საწარმოს წარმატებული ხელმძღვანელია. ძალიან მალე ჰოლდინგი ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის წარმოებასაც გეგმავს და ქალბატონი ნინო ამ მასშტაბურ პროექტშიც ჩაერთვება.
მინი-დოსიე: პროფესიით ფინანსისტი. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ფინანსური სამსახურის უფროსი. აღნიშნულ ჰოლდინგში სამი მსხვილი საწარმოა გაერთიანებული: ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა თბილისში, ანალოგიური პროფილის საწარმო რუსთავში (ამ ქარხნების სამუშაო პროცესში შედის სამგზავრო და სატვირთო ვაგონების რემონტი და მშენებლობა) და მესამე საწარმო – ლითონის გადამმუშავებელი წარმოება, რომელიც ამზადებს ვაგონებისთვის საჭირო დეტალებსა და ნაწილებს. კომპანიამ გასულ წელს 4 ახალი ვაგონის გამოშვებაზე აიღო ლიცენზია და თავისი წარმადობითა და საბიუჯეტო შენატანებით დღეს ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა საქართველოს მასშტაბით.
ნინო წილოსანი: მინდა გამოგიტყდეთ, ბავშვობიდან იმდენად ახლოს ვარ ამ დარგთან, რომ ერთგვარი გენეტიკური სიყვარული ჩამომიყალიბდა. ზოგადად, წარმოება ძალიან მიმზიდველია ჩემთვის, რადგან ხელშესახებად ხედავ შენი შრომის შედეგს და იღებ პროდუქტს, რომელიც შემდეგ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგაქვს. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს ვაგონშემკეთებელი კომპანია შედის პოსტსაბჭოთა სივრცის იმ სამეულში, რომელიც აწარმოებს ვაგონებს. ეკონომიკურად ჩვენზე უფრო მძლავრ ბევრ ქვეყანას ეს დარგი საერთოდ არ გააჩნია. მეამაყება, რომ საქართველოში ვაგონმშენებლობა მამაჩემის, ბადრი წილოსანის დაარსებულია და ის დღესაც აქტიურად უძღვება ამ სფეროს. ამიტომ, როდესაც ჰოლდინგის მართვის სერიოზული მიმართულება მე გადმომაბარა, ეს ჩემთვის იყო როგორც დიდი გამარჯვება, ასევე, უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან უნდა მეხელმძღვანელა წარმატებული, შეიძლება ითქვას, ისტორიული საქმისთვის და, თან, ამავდროულად, ღირსეულად უნდა გამეგრძელებინა მამის გზა.
– ქალბატონო ნინო, ვაგონშემკეთებელი ქარხანა დიდი ტრადიციების მქონე კოლექტივია, თქვენ კი ახალგაზრდა ფინანსისტი ქალი ბრძანდებით. როგორი შეფი ხართ?
– ეს ადამიანები თავიანთი საქმის დიდი პროფესიონალები არიან, მშრომელები, უაღრესად პატიოსნები და საქმის ერთგულები. ბევრი მათგანი ოჯახებით, მამებიდან შვილებზე ტრადიციების გადაცემით, უკვე ათეული წლებია, აქ მუშაობს და ჩვენთან ერთად უნახავს ქვეყანას ამ უმნიშვნელოვანეს დარგს. შეუძლებელია, მათ მიმართ უდიდესი პატივისცემა არ იგრძნო. მამა ძალიან ახლოს იცნობს მათი ოჯახის ყველა წევრს, თავიანთი პერსონალური პრობლემებით და თითოეულ მათგანთან მეგობრობს. ესეც თითქოს ტრადიციასავით გახდა – მეც ყოველთვის ვცდილობ, მათ შეფის პოზიციიდან არ ვესაუბრო.
– დასვრილხართ ოდესმე საწარმოს ჭუჭყით?
– საოფისე საქმეში ყველაფერი უფრო სუფთადაა და მძიმე მრეწველობაც აქ, ერთი შეხედვით, შეიძლება მსუბუქად მოგეჩვენოთ. მაგრამ, მინდა, ერთხელ მაინც გიმასპინძლოთ საწარმოში და თავად ნახავთ, როგორი დაბრუნდებით იქიდან (იღიმის). არ დაგიმალავთ, თავიდან იმდენად მინდოდა ამ დარგის გათავისება, უშუალოდ წარმოებაში ჩართვაც ვცადე – ვითხოვე, საამქროს ციკლი ჩაებარებინათ ჩემთვის. მაგრამ, ჩემი იდეა არ განხორციელდა – მამა ფიქრობს, რომ ქალისთვის ეს განსაკუთრებულად უხეში საქმეა და, ალბათ, ამიტომ ვერ გამიმეტა. მიუხედავად ამისა, მამა იმასაც აღნიშნავს, რომ ჩვენი ჩინელი პარტნიორები მრეწველობაში ქალების დასაქმებას დადებითად აფასებენ და მასაც მოუწოდებენ, იხელმძღვანელოს პრინციპით – „მეტი ქალი სამსახურში”. მე კი მიმაჩნია, რომ ქალი საქმეში – ნიშნავს პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას, პრინციპულობას, გამორჩეულ შრომისუნარიანობას, ჯანსაღ ამბიციას და, რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, ნაკლებ სიხისტესა და მეტ მოქნილობას.
– კომპანია თქვენი მმართველობის პირობებში მართლაც წარმატებულია.
– დიდი მადლობა! ჩვენ ვცდილობთ, მუდმივად განვვითარდეთ, მივიღოთ ჩვენი დროის ყველა გამოწვევა. გარდა სტანდარტული ელექტრომატარებლების და ახალი სატვირთო ვაგონების მშენებლობისა, ჩვენ მოვიპოვეთ ლიცენზია საზღვაო და უნივერსალური კონტეინერების დამზადებაზეც. ეს პროდუქცია საქართველოს სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდა, ჩვენ კი შევქმენით ყველანაირი რესურსი და ბაზა, რომ გვქონდეს მათი ადგილობრივი წარმოების საშუალება. მოგეხსენებათ, საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა და ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია.
– მძიმე ვაგონებიდან ისევ „მსუბუქ” თემებს დავუბრუნდეთ: დილას როგორ იწყებთ?
– ჩემი დღე იწყება სამი ბავშვის დაკვალიანებით – ჩემი შვილების სკოლასა და ბაღში წასასვლელად მომზადებით. თუმცა, კაბინეტში შესვლისთანავე, სულ სხვა სამყაროში ვერთვები. ჩემთვის ეს საქმე განტვირთვა უფროა, ვიდრე რუტინული შრომა. ჩემი ნათქვამი შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენათ, მაგრამ, ამას მარტივი ახსნა აქვს – ეს საქმის სიყვარულია.
– როგორი მძღოლი ხართ?
– კანონმორჩილი. პარკირების წესებსაც კი ზედმიწევნით ვიცავ.
– საქმიან მოლაპარაკებაზე როგორი ხართ, დაუნდობელი?
– არა, ეს თვისება არ მახასიათებს. ვიტყოდი, უფრო მოქნილი ვარ. თან, ჩემი საქმე მოითხოვს, რომ პერსონებსა და გადაწყვეტილებებს მრავალმხრივად მივუდგე.
– რომ არა ეს სფერო, თავს სად ხედავთ, ბიზნესის რომელ სეგმენტში?
– ისევ საწარმოში – ეს ჩემი ორგანული ნაწილია და თავი სხვა ადგილას ვერ წარმომიდგენია. ეს საქმე ძალიან მიყვარს!