რატომ უფართოვდებათ თვალები რუს გოგონებს „მასტერის” „გრუზინობაზე” და როგორ აპირებს ის „აქცენტით” რევოლუციის მოხდენას
რეპერი „მასტერი” დიდი ხანი არ არის, რაც მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და იქ აგრძელებს მუშაობას. საკმაოდ მოკლე ხანში ბევრი სიმღერა ჩაწერა, ნელ-ნელა ცნობადობაც მოიპოვა და ახლა, უფრო დიდ გეგმებზეც ალაპარაკდა. ის სულ რამდენიმე დღით იყო საქართველოში ჩამოსული. რასაკვირველია, შანსი ხელიდან არ გავუშვით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.
მასტერი: უკვე რვა თვეა, რაც მოსკოვში წავედი და იქ გადავწყვიტე, ახალი ალბომის ჩაწერა. თან, სახელიც შევიცვალე და იქ „აქცენტი” ვარ, საქართველოში კი „მასტერად” დავრჩი.
– როგორც ვიცი, მოსკოვში ცნობილ რეპერთან – სერიოგასთან ჩაწერე დუეტი, რომელსაც საკმაოდ მაღალ რეიტინგს უწინასწარმეტყველებენ მუსიკის კრიტიკოსები.
– დიახ, „ჩორნი ბუმერის” სერიოგასთან ჩავწერე დუეტი და ძალიან მაგარი გამოვიდა. ახლა კი, ირაკლი ფირცხალავასთან უნდა ჩავწერო დუეტი და მერე კლიპიც გადავიღოთ საქართველოში. ვფიქრობ, ეს მუსიკალურ სივრცეში ერთგვარი რევოლუცია იქნება – ორი ქართველი როგორი გულით მღერის თავის ქვეყანაზე და ორივე რუსეთში ცხოვრობს. მოკლედ, აქტიური პერიოდი მიდგას და არც მუშაობა მეზარება. რუსეთი ჩემთვის ახალი გამოწვევაა, სადაც ჯერ არ გცნობენ, მაგრამ ფეხს იდგამ და გრძნობ, რომ სულ ცოტა ხანში მსმენელი შეგიყვარებს. სამწუხაროდ, მარკეტინკული კუთხით, საქართველოში შოუ-ბაზარი არ არის, ამიტომ ვარჩიე იქ წასვლა, თორემ ჩემს ქვეყანაში რომ მცნობენ, ქუჩაში მიღიმიან და ჩემს სიმღერას უსმენენ, ეს ძალიან მსიამოვნებს. წარმოიდგინეთ, ირაკლი ფირცხალავამ და სერიოგამ ჩემთან გადაღებული ფოტო რომ დადეს სოციალურ ქსელში, უამრავი ნახვა ჰქონდა და ფაქტობრივად, ამ ორი ფოტოთი წამოვიდა ჩემ მიმართ დაინტერესება და გავხდი პოპულარული. მიზანდასახული ვარ და სულ ვფიქრობ, რა შევქმნა ახალი. ყველა ჩემს სიმღერაში, ჩემი სულის ნაწილი დევს, ჩემი პატარა ცხოვრება.
– რუსული შოუ-ბაზარი კი პრეტენზიულია, საკმაოდ ბევრი შემსრულებელია და საკუთარი მსმენელის ყოლაც რთული. ეს რისკები გათვლილი გაქვს?
– რასაკვირველია. საკმაოდ რთულია უცხო ქვეყანაში საკუთარი სიტყვის, მით უმეტეს, სიმღერით თქმა, მაგრამ მე ყველაფერი გათვლილი მაქვს. დრო მჭირდება და ყველაფერი კარგად იქნება. თუ არ დაიწყე, ისე თავსაც ვერ დაიმკვიდრებ. მე ჩემი თავის, შრომისმოყვარეობის და ღმერთის იმედი მაქვს, სადაც არ უნდა ვიყო.
– ქართული რეპი რუსეთში როგორ ჟღერს?
– ამაშიც გათვლაა საჭირო. მე გადავიღე ქართულ რეპზე მოსკოვში კლიპი და მთლიანად საქართველოზე გათვლილი – ბევრს მოეწონა. მთავარია, ჟღერადობა, თორემ ენას რა მნიშვნელობა აქვს?! მე ამ საქმის გარეშე ვერ ვიცხოვრებ და სადაც თავს დავიმკვიდრებ, იქ ვეცდები ჩემი სათქმელის „გარეპვას”. თუმცა, ჩემი ქვეყნისთვის ყოველთვის ვცდილობ, ისეთი სიმღერა და ტექსტი დავწერო, როგორიც ქართველებს მოეწონებათ, მათ გემოვნებაში ჯდება. კი წავედი მოსკოვში, მაგრამ იქაც ჩემი ხალხისთვის ვწერ, ქართული ბაზრისთვის ვმუშაობ. ხომ იცით, ქართველი მსმენელი როგორი პრეტენზიულია? ჰოდა, ვცდილობ, მაქსიმალური ჩავდო და დავიხარჯო. რუსი მსმენელი კი ამდენს არ ითხოვს, უბრალოდ, მოსასმენად კარგი მუსიკა უყვართ. გემოვნება საკმაოდ განსხვავებული აქვს ქართველ და რუს მსმენელებს. წელს რვა ვიდეოკლიპი გადავიღე და ეს საკმაოდ ბევრია. ეს სიმღერები ქართველ მსმენელზეა გათვლილი. როგორც გითხარით, მე „მასტერად” მიცნობენ და სანამ რუსეთში „აქცენტად” მაღიარებენ, მანამდე ყველაფერს გავაკეთებ. სხვათა შორის, მეჩხუბებიან, გადაერთე „ბრატ” მოსკოვურ შოუ-ბიზნესის ბაზარზეო, მაგრამ მე ასე არ შემიძლია. მინდა, თბილისში რომ ჩამოვალ ვიამაყო ჩემი შრომით, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მცნობდეს და არ დავკარგო ჩემი საყვარელი მსმენელი. ჩემს ძველ სიმღერებს დღესაც უსმენენ, საკმაოდ ბევრი ნახვაც აქვს სოციალურ ქსელში და ეს შემოქმედი ადამიანისთვის, ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს?
– ქართველი მომღერლები, ვინც რუსეთშია წასული, ამბობენ, ქართული მენტალიტეტი, გენი და ნიჭი აქ უფრო ჭრისო. შენს შემთხვევაშიც ასეა?
– სხვათა შორის, რუსებს ძალიან უყვართ ქართველები და ვფიქრობდი, ეს ჩვენი პაპებისგან და მამებისგან – 37 მანეთიდან გამომდინარე ხდებოდა, მაგრამ არა. ჩვენს თაობასაც დიდ პატივს სცემენ. სულ ვამბობ, პოლიტიკა, არ მოქმედებს ხალხის დამოკიდებულებებზე და თუ ნიჭიერი ხარ და ხედავენ მათთვის შრომობ, სითბოს არ იშურებენ. გოგონები რომ გაიგებენ „გრუზინი” ვარ, თვალები უფართოვდებათ – უი, რა სასიამოვნოაო (იცინის). ქართველებს სხვა შარმი აქვთ, განსხვავებული აურა, ტემპერამენტი და ამას უცხოეთში უფრო გრძნობენ.
– გოგონები ახსენე და პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ამ ეტაპზე, განსაკუთრებული არაფერი. სასიყვარულო ურთიერთობებში არ მიმართლებს (იცინის).
– რეპერები განსხვავებული აზროვნების ხალხი ხართ. იქნებ პრობლემა ამაშია?
– არც ისეთები ვართ, შორიდან რომ ვჩანვართ (იცინის). მე გოგონებთან დაკავშირებით, ჩემეული კრიტერიუმები მაქვს და მათი ტელეფონზე საუბრის ტონითა და მანერით ვხვდები მათ ხასიათს. თუ ვინმე შემიყვარდა ჩემს კარიერაზე მეტად, ჩავთვლი, რომ ეს ნამდვილი სიყვარულია. მე ქალს დიდ პატივს ვცემ, ესეც გენეტიკაში გვიზის ქართველებს.
– ეს როგორ გავიგოთ?
– აი, გოგონას რომ დედა ურეკავს და ეს ეუბნება, არ მცალია ახლაო და უთიშავს, მასზე წარმოდგენა, რაც არ უნდა კარგი გოგო იყოს, მეცვლება.
– სანამ რუსეთში წახვიდოდი, მანამდე ამერიკაშიც იყავი. რატომ მაინცადამაინც რუსეთი და არა ამერიკა?
– რუსეთში გაცილებით მარტივია შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრება, ვიდრე ამერიკაში, თან გეოგრაფიულმა მდებარეობამაც იმოქმედა. ამერიკაში ვგრძნობდი, რომ პატარა ადამიანი ვარ, ვიდრე მოსკოვში. ბევრი მეგობარი მყავს ამერიკაში, მაგრამ კიდევ ვამბობ, იქ ძალიან პატარა ვჩანდი. ახლა რუსეთში ახალ პროექტებზე ვმუშაობ და ზუსტად ვიცი, ეს უმოკლეს დროში, ამ ქვეყანაში პოპულარობას მომიტანს. მე ჩემი შემოქმედებით პროტესტსაც გამოვხატავ, სიყვარულსაც ვაჟღერებ და სითბოსაც ვჩუქნი ხალხს. მიყვარს თავისუფლება ჩემს შემოქმედებაში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, ყოველ ორ სიტყვაში გინება გავურიო. სიტყვა ყველაზე მძიმე ტყვიაა, რომელიც შეიძლება, ისე გაისროლო, კაცი მოკლა. ამიტომ, გინებაზე უფრო მწარე, ჩვეულებრივი სიტყვაა, გააჩნია როგორ იტყვი და რა ემოციით გამოთქვამ მას.
– ერთი შეხედვით, თუ ჩაცმის სტილით ვიმსჯელებთ, რეპერს არ ჰგავხარ. მეთანხმები?
– არ მიყვარს „ჩაჩაჩული” სიარული და რადგან რეპერი ხარ, რაღაც ჩარჩოებში მოქცევა. მირჩევნია ის მეცვას, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ. თუმცა, კეპი ჩემი განუყოფელი ატრიბუტია (იცინის). საკმაოდ უშუალო ვარ და ჩაცმულობაშიც ასეთი სტილი მაქვს. გამოგიტყდებით და მოსკოვში ძალიან მენატრება თბილისური სიტუაციები, დედა და ქუჩებში სიარული. ეს ქალაქი განუმეორებელია. იმ სითბოს რასაც აქ ვიღებ, სხვაგან ვერ მივიღებ.