კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას სთხოვდა გაიოზ კანდელაკი სამხედრო ქარხნის დირექტორს და რატომ ჰპარავდა ის ცოლს „ტუფლებს”

მისი ცხოვრება  საინტერესო ეპიზოდებით იყო სავსე – ორი დიდი სიყვარულის, ჯაზისა და თეატრის სამსახურში იმდენი თავგადასვალი გადახდა, დღეს, 70 წლის ასაკში, როცა ხელოვნების ქურუმის რეგალია მიიღო,  მიხვდა, რომ ამისთვის ბევრი იწვალა.  გაიოზ კანდელაკს რეგალიები არ აკლია, თუმცა ყველაზე მეტად მაინც თბილისის ბიგბენდი ეძვირფასება – ორკესტრი, რომელიც  რეალურად მაშინ  „შექმნა”, როცა გეპეის სტუდენტმა, ბარათაშვილის ხიდის  ქვეშ ნახევრად არალეგალური ჯაზ-კლუბი გახსნა. გაიოზ კანდელაკი – კოლორიტული   ადამიანი, საინტერესო ისტორიებით  თავად გიამბობთ, როგორ გაიარა გზა, რომელიც  ახალ დღესასწაულთან მიდის.

 

გაიოზ კანდელაკი: რითაც დავიწყე ჩემი ცხოვრება, იმით ვამთავრებ. მთელი ცხოვრება, რაც მიყვარს, მარტო იმას ვაკეთებ. ორი სიყვარული მაქვს -  ეს არის მუსიკა და თეატრი.  რატომღაც ჩემს სახელს ყველა ჯაზს უკავშირებს. ამას წინათ, ჩემს იუბილეზეც თქვეს,  ნუ დაგავიწყდებათ, ამ კაცმა სამი თეატრი შექმნაო.  70 წლის გავხდი, უკან რომ გავიხედე და ჩემს განვლილ ცხოვრებას გადავხედე,  მივხვდი,  რომ თურმე,  მაგრად მიწვალია. ახლა,  ამდენი თავისუფლება  აქვთ ადამიანებს,  ყველაფერზე ხმამაღლა საუბრობენ, ისე რომ პასუხსაც არავინ მოსთხოვთ  – ასე კი არ იყო ჩვენ დროს, ერთი სიტყვა რომ გვეთქვა არასწორად, მეორე დღეს  იცით, სად ამოვყოფდით თავს?!  იღბლიანი კაცი ვარ, ისეთი ცხოვრება გავიარე,  ბევრი რომ  ინატრებდა. ცხოვრებამ შემახვედრა და დამაკავშირა ისეთ  საინტერესო ხალხს, რომელთაც მე მსოფლიო ადამიანებს ვუწოდებ.  
ჩემს ცხოვრებაში  ყველაფერი  მაინც  ბარათაშვილის ხიდის  სარდაფიდან და „გეპეიდან” დაიწყო.  ერთი ძველი ბეკერის როიალი გვედა იმ კლუბში, ისიც ძლივს ავაწყვეთ. მოვიყვანე ჩემი მეგობრები და დავიწყეთ და რა დავიწყეთ. აბსოლუტურად განსხვავებული ბიჭები ვიყავით. არ გვაინტერესებდა სმა, გრიალი, დედ-მამიშვილებს გაუმარჯოს და ხინკლისა და მწვადის სუნი რომ აგვსვლოდა. თავის დროზე ესეც გვქონდა, მაგრამ გემრიელად.   დღე და ღამე იმ სარდაფში  ვიყავით, არც სახლი გვინდოდა, არც არაფერი. ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა. წლების შემდეგ მოსკოვში დავამთავრე კულტურის ინტიტუტი. ვისწავლე ორგანიზება  და დაგეგმვა,  დღეს რომ მენეჯმენტს ეძახიან.  ისეთი ცნობილი თეატრების დირექტორები და სამხატვრო ხელმძღვანელები მიკითხავდნენ ლექციებს – დიდი „კიტები” იყვნენ, ასპროცენტიანი ინტელიგენტები. ასეთები ჩვენც ბევრი გვყავდა – ჭაბუა ამირეჯიბი და რეზო თაბუკაშვილი იყვნენ მსოფლიო ხალხი. გიგა ლორთქიფანიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, თემურ ჩხეიძე, რამაზ ჩხიკვაძე, რობიკო სტურუა – მსოფლიო ხალხია. ისინი მარტო ქართულ ფენომენს  არ წარმოადგენენ.   ამ ხალხთან საოცარი წლები მაკავშირებს. ჩემი უმცროსი შვილის ნათლია გახლდათ  ოთარ მეღვინეთუხუცესი.  70 წლის იუბილე  თეატრის სხვენში მოვუწყვე. არც იცოდა, რას ვაპირებდი. მოდი, ბუფეტში დავჯდეთ და დავლიოთო, მეუბნებოდა. კარგი-მეთქი, დავეთანხმე, მაგრამ საოცარი ამბავი მოვუწყვე. სხვენში რაღაც ხდება, მგონი,  ჩხუბია-მეთქი, ვუთხარი და ავიყვანე.  გაიღო კარი და უცებ წავიდა ბობჯეიმსი. ისეთი გრიალი იყო,  გაგიჟდნენ, მთელი თეატრი გავაჯაზე.  
 ვერიკო ანჯაფარიძე, ირაკლი უჩანეიშვილი, ტარიელ საყვარელიძე, იაშა ტრიპოლსკი, ლენა ყიფშიძე, სოფიკო ჭიაურელი – ხანდახან რომ წარმოვიდგენ ხოლმე, რომ 20 წელი ვმართავდი მარჯანიშვილის თეატრს, გენერალური დირექტორი ვიყავი თეატრის, სადაც ეს „კიტები” იყვნენ, საკუთარი თავის მიკვირს.  კაკო ბაქრაძეს სახლში მივაკითხე, წამოვიყვანე.  ისეთი ანტისაბჭოთა  იყო, ლექციების წაკითხვის უფლებასაც არ აძლევდნენ. დაგიჭერენო, მითხრეს.  ეგრევე „გრაალის მცველი” „ვგლიჯეთ”. ეგეთი პატრიოტული დღე და განცდა, ალბათ, არასდროს მეღირსება.  ბევრს ვშრომობდი –  დღე და ღამე არ მეძინა.  არ იყო ეს ხალხი იოლი – თავისი  ხასიათები   ჰქონდათ, კაცო!   როცა წავედი მარჯანიშვილიდან. ძალიან გამიჭირდა. წლების მერე, ოთარ მეღვინეთუხუცესის გასვენებაზე მივედი იქ პირველად.  როგორია, სახლს რომ ააშენებ, გააკეთებ და ბოლოს გეტყვიან, წადი, ეს ჩემიაო. მაგრად ჩაგვრეცხეს. 
– იქამდე თქვენს ცხოვრებაში იყო „მეტეხის თეატრი.”
–  22-23 წლის ვიყავი,  როცა ეს თეატრი დავაარსე სანდრო მრევლიშვილთან ერთად. ეს თეატრი ჩემი პირველი სიყვარული იყო. ჩვენთან ერთად იყო  მიშიკო ჭავჭავაძე.  მახსოვს,  როცა  თეატრი  გავაკეთეთ,  შევარდანაძემ 95 ათასი მოგვცა   დოტაცია. ეს არ იყო საკმარისი თანხა.   გვიჭირდა,  გარდერობიც კი არ გვქონდა. ჩემს ცოლს კაბებსა და „ტუფლებს” ვპარავდი და თეატრში მიმქონდა. სულ იმას იძახდა, სად გაქრა ჩემი „ტუფლიო.” მერე ხედავდა სპექტაკლებზე მსახიობებს ეცვათ. ეს ჩემთვის ახალი და საინტერესო ეტაპი იყო. ეს იყო საბჭოთა კავშირში პირველი ახალგაზრდული დრამატული თეატრი, რომელიც გავიდა უცხოეთში. იქ  ჩვენი მუსიკაც  შევაპარეთ – მერე ნიკა ოძელი მოვიყვანეთ.  ჩვენ გვქონდა პატარა სახელმწიფო – ჯაზისა და თეატრის სახელმწიფო.   გივი გაჩეჩილაძე და ჩემი ბიჭები იმიტომ არიან მაგრები, რომ ის სკოლა გვაქვს ყველას გავლილი.  იქიდან გადამიყვანა  ოთარ თაქთაქიშვილმა ფილარმონიის დირექტორად.  1978 წელი იყო, გავხდი თუ არა ფილარმონიის დირექტორი, გამეხსნა ყველა გზა. ჯაზ-ფესტივალის გაკეთება დავიწყე, გიჟია, რას აკეთებსო, ამბობდნენ ჩემზე. 29 წლის ვიყავი, პატარა ამბავი არ იყო ფილარმონიის დირექტორობა. დორიან კიტია იყო საქართელოს ფილარმონიის დირექტორი. მკითხა დორიანმა: რას აკეთებო? ვუთხარი, ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს, თუ რამე მოხდება ბოლო-ბოლო მომხსენი-მეთქი.  მაინც საბჭოთა კავშირია, თაქთაქიშვილი გაგიჟდებაო, დავაიმედე, რომ არაფერი მოხდებოდა.  საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან 24 ჯაზ-ანსამბლი ჩამოვიყვანე. მაშინ უცხოეთში არავინ გაგვიშვებდა. ცხრადღიანი ფესტივალი იყო, რამაც დასაბამი მისცა ახალ ეტაპს – გაიხსნა გზები, გაიარა კონტაქტები, რომლის დამყარებაში მე იქამდე, ჩემი კალათბურთიც მეხმარებოდა. კარგი კონტაქტები მქონდა პოლონეთთან, 13 ჯაზ-ფესტივალზე ვიყავი მიწვეული, სულ ახალგაზრდა კაცი ვოკალის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე ჟიურის წევრად მიმიწვიეს.  კარგი ტიპი ყველგან ჩანდა. ნეპოტიზმი მაშინაც იყო, მაგრამ სამსახურის  მხრივ არავინ მომხმარებია.  ეს გზა ჩემით გავიარე.  როცა თაქთაქიშვილმა „მელოდიის” დირექტორად გადამიყვანა,  რაც კიდევ ცალკე თემაა, ისე ჩავერთე საქმეში, აღარაფერი მახსოვდა. ხუთი წელი გავატარე „მელოდიაში”.  საკავშირო მნიშვნელობის იყო „მელოდია”,  სულ მოსკოვში მიწევდა ყოფნა.  მაშინ  უამრავი საქმე გავაკეთეთ.  სხვათა შორის, ახლა რა სტუდიაც მაქვს, ზუსტად იმ კონფიგურაციისაა, რაც მქონდა „მელოდიაში”.  ბზიკებივით კი მეხვეოდნენ ვიღაც-ვიღაცეები, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. ყოველთვის ვცდილობდი, ვინმე არ ჩამეჩეხა, წინ არ გადავდგომოდი. მე არავის ვეჭრებოდი და ვერც მე შემომეჭრებოდა ვერავინ ჩემს  კუნძულზე. „მელოდიის” დირექტორი ვიყავი, როცა რეზო ჩხეიძემ და მიშა თუმანიშვილმა კინომსახიობთა თეატრის შექმნის ამბები დაიწყეს. პარალელურად,  გავხდი ამ თეატრის  მთავარი კონსულტანტი. ხუთი წელი ვიყავი იქ – მე და კახა ქორიძემ ავაშენეთ ეს თეატრი, პირველები წავედით უცხოეთში.  ესპანეთში წავიღეთ „დონ ჟუანი”. მოსკოვიდან დავრეკე თეატრში – დროზე ჩაიცვით, ჩემოდნები ჩაალაგეთ-მეთქი. გადაირივნენ. მიშა თუმანიშვილი  პირველად მე ჩავსვი თვითმფრინავში. ვისკი ჩავარტყმევინე და ახლა გავფრინდეთ-მეთქი, ვუთხარი. ეგ და რეზო ხარების ბრძოლაზე წავიყვანე. ეს რა საზიზღრობააო, გამომექცა მიშა ტოროდან (იცინის).
–  დღეს ქართული კულტურის  ბედს თქვენი შვილი და მისი მეგობრები წყვეტენ. რჩევებს თუ გეკითხებიან გამოცდილ გაიოზ კანდელაკს?
– რჩევებზე უარს როგორ ვეტყვი. თუ რამეში ჩემი გამოცდილება გამოადგებათ, ენაცვალოთ ჩემი თავი. ძალიან ძნელ დროს ჩააბარეს კულტურა. დღეს რომ ინტრიგანობა და შური ღვივის, ასეთი არ მინახავს.  მარჯანიშვილის თეატრი ინტრიგებით იყო ცნობილი, მაგრამ, მგონი, იქაც არ ხდებოდა ეს. მიშა და კახა მეშვიდე კლასიდან ერთად მოდიან. მიშაც ჩემს თვალწინ გაიზარდა, შვილივით მიყვარს! ორჯერ გავუგზავნე ოფიციალური წერილი, მინდოდა, კონცერტები გამემართა მთელ საქართველოში,  მაგრამ უარი მივიღე.  ნეპოტიზმში რომ არ ჩათვლოდათ (იცინის).
– ისე მოხდა, რომ თქვენმა შვილმაც თითქოს თქვენი გზა გაიარა.
– შემთხვევით არაფერი ხდება. ოჯახი, მამა, დედა  ბევრს განსაზღვრავს ცხოვრებაში. ასეთი  იყო  მამაჩემის გზაც. ჩვენ იმ პერიოდში, როცა ცხოვრებას ვიწყებდით,  მშობლებიც გვიწყობდნენ ხელს.  მამაჩემი „გეპეის” ორკესტრში იყო. დედაც იქ იყო, „გეპეიში”. მათ  კარგად იცოდნენ ყველაფრის ფასი. მამა დღე და ღამეს მარჯანიშვილის თეატრში ათენებდა. იქ იყო მისი საძმაკაცო. მამა გრიშა კოსტავამ გაზარდა. მის მუშათა თეატრში მთავარ როლებს ასრულებდა მედეა ჯაფარიძესთან ერთად. როცა გრიშა გადაასახლეს ანტიკომუნისტური განწყობისთვის და ცხრა წელი მისცეს, გრიშამ წერილი გამოუგზავნა მედეას. ის მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე იყო. შემოუთვალა – მე აქედან ვეღარ ჩამოვალ, გათხოვდიო. პურში ჩადებული  წერილი მამაჩემთან მოვიდა. მამამ მიუტანა მედეა ჯაფარიძეს ეს ამბავი. მედეა  სიცოცხლის ბოლომდე მეხვეწებოდა, მამაშენის, ვახტანგის სურათი მომიტანეო.
კახას როგორ არ ჩავითრევდი ასეთ ცხოვრებაში,  როცა ყველაფერი მის თვალწინ ხდებოდა. სახლში ჩემი ხელით გაკეთებული აპარატურა მქონდა. მე და თემურ კაჭკაჭიშვილი ფიზიკის ინსტიტუტში ვიპარებოდით,  დინამიკის ფილტრებს ვახვევდით. ახლა რომ ყველაფერი იყიდება ასე კი არ იყო. რუსეთში სამხედრო ქარხანას მივაგენი, რომელიც „პიშჩალკებს” უშვებდა. წერილს წერილზე ვწერდი იმ ქარხნის დირექტორს. იმდენი ვეჩალიჩე, დამანებე თავიო – ოთხი დინამიკი გამომიგზავნა (იცინის).
შვილს მემკვიდრეობით  დისკების მაგარი კოლექცია დავუტოვე – მთელი ცხოვრება ამას ვაგროვებდი. მთელი ჩემი ხელფასი, მამაჩემის მოცემული ფული სულ ფირფიტებში მიდიოდა. უცხოეთში მთელ ფულს  დისკებში ვხარჯავდი, სხვებსაც  „შევაწერდი” ხოლმე. მერე მოდიოდნენ ჩემთან ბიჭები და უსმენდნენ. სახლში  ჩემი ხელით აწყობილი მაგნიტოფონი მქონდა. მოსკოვიდან ჩამოვიდა იაპონელი კაცი, ჩემი აწყობილი მაგნიტაფონი რომ ნახა, გაგიჟდა. ჩემს  მაგნიტოფონს   ისეთ მაგნიტოფონში მიცვლიდა, ერთი მანქანის ფასი რომ ჰქონდა (იცინის). ამდენ საქმეს ვიყავი შეჭიდებული – არც სახლისთვის მეცალა და არც არაფრისთვის, მიუხედავად ამისა, პირველ მეუღლესთან კონფლიქტიც კი არ მქონდა,  გადასარევი ბუნების ადამიანია, მაგრამ დავშორდით. ოცი წელი მიყვარდა თეატრი, მაგრამ დადგა დრო და წამოვედი. ასე  ხდება პირად ცხოვრებაშიც. იმ პერიოდში  როგორც სახელმწიფო დაინგრა, ისე დაინგრა  ბევრი ოჯახი. ფულის სესხება, გაჭირვება, მძიმე 90-იანი წლები. ამას დაემატა სახლის გაყიდვა, სულ ისე დავრჩი.  ოჯახში საჭმელი არ გვქონდა. 27 მანეთი მქონდა ხელფასი მარჯანიშვილის თეატრში, მეტი კი არა. ღმერთმა გაახაროს თამაზ ბუბუტეიშვილი,  ცხელი წყალი მარტო მასთან მოდიოდა, თამბაქოს ქარხანაში. მე, ოთარ მეღვინეთუხუცესი და ამირან ბუაძე იქ მივდიოდით ხოლმე, რომ გვებანავა. მერე მშივრებს გვაჭმევდნენ. ეს როგორ დამავიწყდება? გათბობის „ფეჩიც” გუჯამ მიყიდა თეატრისთვის.  ეს კი არ მეტყობოდა. თეატრში ჩემი ბავშვობის მეგობარი მოდიოდა ხოლმე ვაჟა – მაგარი ბიჭი იყო, ერთ ეზოში გავიზარდეთ,  ბიზნესი ჰქონდა. შემომაწვდიდა მარჯანიშვილის თეატრში, ფანჯრიდან ასდოლარიანს – აჰა, თამარ დეიდას საჭმელი წაუღეო  და გაიქცეოდა. პენსიასავით მქონდა ის ასი დოლარი.  იმის მიუხედავად, რომ ასეთი რთული პერიოდიც იყო და ხან მიკვირს კიდეც, როგორ გადავრჩი, მაინც, მადლობა ღმერთს, ბედნიერი კაცი ვარ. ჩემს ივანიკას   ბევრს ვერაფერს ვუკეთებ, მაგრამ მაინც მშვიდად ვარ – სტუდია რომ ავაშენე და უკვე არსებობს ასეთი კარგი ბიგბენდი, ამას ისე დავტოვებ ჩემი წასვლის  შემდეგ, როგორც კარგ მემკვიდრეობას.  წყნარად წავალ  ამქვეყნიდან – ჩემს ორკესტრს თავისი შენობა აქვს, თავზე  სახურავი  ახურავს. ამ გადასახედიდან ყველაზე მეტად მაინც  ეს ბიგბენდი მეძვირფასება, ჯაზ-ფესტივალების დაწყება და ბიგბენდი.  ერთი დიდი გეგმა მაქვს – იმასაც  გავაკეთებ, თუ წლები მეყოფა. მე სულ წინ ვიყურები, სინათლისკენ. ახლა  ერთი კარგი „პრაზდნიკი” უნდა მოვაწყო, ისეთი, ხელოვნების მოყვარულ ხალხს რომ გააბედნიერებს.

скачать dle 11.3