კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თანხით ჯარიმდება მონადირე წესების დარღვევის შემთხვევაში და რა ეკრძალება მას ნადირობის დროს

აგვისტოში ნადირობის სეზონი იხსნება და მონადირეებს წინასანადირო სამზადისი აქვთ. საქართველოში ძირითადად გადამფრენ ფრინველებზეა დაშვებული ნადირობა. მართალია, დღეს ნებისმიერ, 18 წლის ახალგაზრდას შეუძლია სანადირო იარაღის გაფორმება და ფრინველის მონადირება, მაგრამ არსებობს გარკვეული წესები, რომლებსაც აუცილებლად უნდა დაემორჩილოთ. ამ ყოველივეზე, კი, უფრო ვრცლად, სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლთა ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარეს, ბატონ დავით ცხვედიანს ვესაუბრეთ.

 

– ბატონო დავით, როდის იხსნება ნადირობის სეზონი?
– წელს, აგვისტოში ნადირობის უკვე 43-ე სეზონი გაიხსნება. თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამ ყოველივეს თავისი მიზეზი აქვს, ბოლო დროს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, გარემოს დაცვის სამინისტროს არ სცალია, რაც ნამდვილად გასაგები და ბუნებრივიცაა. თავდაპირველად, კომუნისტების დროს, 1972 წელს გაიხსნა ნადირობის პირველი სეზონი. მაშინ, მონადირეებისთვის დაკანონდა, რომ ყოველი 15 აგვისტოს პირველ შაბათს, შეგვეძლო სანადიროდ წასვლა. აქ, კიდევ, ერთი გარემოებაა აღსანიშნავი, აღმოსავლეთ საქართველოში ნადირობა დასაშვები იყო შაბათს, კვირას და ორშაბათს. ორშაბათს, მხოლოდ კულტურის მოღვაწეებს შეეძლოთ, ვინაიდან შაბათ-კვირას მათ სპექტაკლები და ღონისძიებები ჰქონდათ. რაც შეეხება დასავლეთს, იქ რადგანაც გადამფრენ ფრინველებზე ნადირობდნენ, ყოველდღე იყო დასაშვები.  დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს ყოველივე აირია, ნადირობის სეზონი ისევ აგვისტოში იხსნებოდა, თუმცა კონკრეტული რიცხვი აღარ იყო მითითებული. ამან კი ათასი ვნებათაღელვა გამოიწვია. ზოგჯერ ბოლო მომენტამდე ვერ ვიგებდით გახსნის შესახებ ინფორმაციას. დღეს, გახსნის სეზონიდან ყოველდღიურადაა დასაშვები ნადირობა, თუმცა ამჯერადაც ზუსტი თარიღი არ არის დასახელებული. ჩემი აზრით, ის ძველი კანონი ჯობდა, ვინაიდან ზუსტად იცოდი, როდის გიწევდა წასვლა. მოსამზადებელი პერიოდიც გქონდა და რაც მთავარია, უფრო მეტ სიამოვნებას იღებდი. ნადირობა გართობის, ვნების დაკმაყოფილების საშუალებაა, ამიტომ ყოველდღე მისით სიამოვნებას ვერ მიიღებ.
– რამდენია ლიმიტი ნადირობის დროს?
– ეს ბოლო წლებია მხოლოდ გადამფრენ ფრინველებზეა დაშვებული ნადირობა. შესაბამისად, ლიმიტიც მათზეა. სულ თავიდან 30 მწყერის მოპოვება შეგეძლო. ახლა ესეც შეიცვალა და მაქსიმუმ 20 მწყერის მონადირების უფლება ეძლევა ერთ მონადირეს. რაც შეეხება დარჩენილ ფრინველებს: გარეული მტრედი 10 ცალი; ჩიბუხა – 5; ჩვეულებრივი გვრიტი – 10; ღვინძი (გარელიო) – 10; ტყის ქათამი – 7. ვფიქრობ, ეს მართებული ნადირობაა, ვინაიდან 20 მწყერი სრულიად საკადრისია ნადირობის ჟინის დასაკმაყოფილებლად და სიამოვნების მისაღებად. მართებულ ნადირობაში, ასევე, ვგულისხმობ ჯიშიანი ძაღლის ყოლას, დაკანონებულ მეთოდებსა და დაშვებულ ტერიტორიას. არავინ დაგიჭერს, თუ ძაღლის გარეშე ინადირებ, მაგრამ მონადირემ თავისი ფუნქცია რომ შეასრულოს, ძაღლის ყოლა აუცილებელია.
– სანადიროდ წასასვლელად, გარდა იარაღისა, რა არის აუცილებელი?
– უპირველეს ყოვლისა, ნადირობის მოსაკრებელი უნდა გადაიხადოთ. თქვენ ამ დროს იღებთ ქვითარს, რომელიც 10 ლარი ღირს და მთელი სეზონის განმავლობაში გაქვთ. შემდეგ, უნდა წარადგინოთ სანადირო თოფის ტარების დამადასტურებელი ცნობა. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გარდა გადამფრენი ფრინველებისა, ცხოველებზეც დაუშვან ნადირობის უფლება, მაგალითად, კურდღელზე. ეს ყოველივე გვინდოდა, ლიცენზიის სახით გაცემულიყო და ცალკე თანხა ყოფილიყო გადასახდელი. შემოსული თანხა კი, ისევ, ამ ნადირ-ფრინველის გამრავლებას მოხმარდებოდა. ჩემი აზრით, ეს აუცილებელია. ვინაიდან კონტროლი არ ხდება, მაინც ნადირობენ ცხოველებზე, ამიტომ ჯობია, რეგისტრაციის ქვეშ მოექცეს ეს ყოველივე.
– რა შემთხვევაში ჯარიმდება მონადირე და როგორ ემზადება ის ნადირობის სეზონისთვის?
– თუ მონადირე წესებს დაარღვევს და ეს შენიშნული იქნება, საკმაოდ სოლიდური თანხით ჯარიმდება, დაახლოებით 1 000-დან 1 500 ლარამდე. შარშან ამოქმედდა საჯარიმო სისტემა და არაერთი მონადირე დააჯარიმეს. თუმცა, აღვნიშნავ, რომ რთული გასაკონტროლებელია ყოველდღიურად დარღვევები იყო თუ არა. ჯარიმდებიან იმ შემთხვევაში, როდესაც დაუშვებელ ტერიტორიაზე ნადირობენ, მაგალითად აუღებელ ყანაში, ნაკრძალში და ასე შემდეგ. ეკრძალებათ მარყუჟებით, ელექტროხელსაწყოებით, ფარნის შუქით, დიდი განათებებითა და ხმოვანი სიგნალებით ნანადირევის მოპოვება. კიდევ არის სხვა კრიტერიუმებიც. ეს ყოველივე კანონში რომ არ ეწეროს, ისედაც არაეთიკურია. უპირველეს ყოვლისა, სეზონისთვის იწყება მზადება, ამ დროს საჭირო ტანსაცმელს და ტყვია-წამალს ყიდულობენ. 21-ე საუკუნეში ყველაფერი გამარტივდა და მათ აღარ უწევთ ვაზნების თავად დამზადება, გამზადებულს ყიდულობენ მაღაზიებში. აუცილებელია, სანადიროდ წასვლისას საგზლის წაღება სასმლითურთ, თუმცა ეს ყოველივე ღრეობაში არ უნდა გადაგეზარდოს. ნადირობის წინ, ნებისმიერი კულტურული მონადირე იწყებს ძაღლის დაგეშვას. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ საველე გამოცდებსა და შეჯიბრებებს ძაღლებში. ეს არის ერთ-ერთი ფორმა მათი სანადიროდ მომზადების. წელს 200-ზე მეტი ძაღლი მონაწილეობდა შეჯიბრებაში.
– რომელ ფრინველებზეა ნებადართული ნადირობა და რამდენად არიან ამ პროცესში ახალგაზრდები ჩართულები?
– ძირითადად მწყერსა და ჭაობის ფრინველებზე: დუპელსა და ბეკასზე. ასევე, იხვზე, ბატსა და გარეულ ქათამზე. მწყერზე სანადიროდ თბილისის ახლომახლო, ასევე კახეთსა და ქართლის მიმდებარე ტერიტორიებზე შეგიძლიათ წასვლა. ნადირობა ერთგვარ მოდად იქცა. ალბათ, იმიტომ რომ, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ადრე, მონადირეთა კავშირის წევრი რომ გამხდარიყავი, გამოცდა უნდა ჩაგებარებინა, მთელი კომისია გესწრებოდა. იარაღის ტარების ნებართვაზეც დიდი ამბავი იყო საჭირო. დღეს, უკვე ვინც 18 წლის გახდება, ყველას აქვს უფლება იარაღის ტარების, უბრალოდ, უნდა მივიდნენ სანებართვო სისტემაში და სანადირო წესების მინიმალური ცოდნის გარეშე, შეუძლიათ დაეუფლონ იარაღს. ამჟამად ახალგაზრდები უფრო ნადირობენ, ვინაიდან ეს ძვირი სიამოვნებაა – საწვავის თანხა გჭირდება, ვაზნების, ჩასაცმელის.
– ბადით თევზაობა სად არის შესაძლებელი?
– ბადე, როგორც ვიცი, საერთოდ აკრძალეს. თევზაობაც ნადირობის ერთ-ერთი სახეა, როგორც სოკოს შეგროვება. მე პირადად, სოკოს შეგროვება მირჩევნია. ეს არის წყნარი ნადირობა, რომელიც ძალიან აზარტულია და გითრევს. ბადით თევზაობა თავიდან დასაშვები იყო, უბრალოდ, განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებოდა. მისი გამოყენება ბადის ქსოვაზე იყო დამოკიდებული – ძალიან წვრილი ნაქსოვი არ უნდა ჰქონოდა. აკრძალულია იმ თევზების დაჭერა, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი. დღეს ძირითადად იჭერენ კობრასა და  საზანს.

скачать dle 11.3