როგორ გაჰქონდათ საქართველოდან საბჭოთა ოქროს მარაგი პარტიულ ჩინოვნიკებს
პუბლიკაციის მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მიმსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
ძალიან საშიში საიდუმლო ინფორმაცია
1987 წლის 7 აპრილს 48 წლის ნოდარ კიკაბიძეს ზუსტად ერთი წელი გაუვიდა იმ ცამეტწლიანი სასჯელიდან, რომელიც მას პარტიული დისციპლინის დარღვევისა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვისთვის საბჭოთა კავშირის უმაღლესმა სასამართლომ მიუსაჯა. ნოდარი საქართველოს მთავრობის საკმაოდ მაღალჩინოსანი პერსონა გახლდათ და მსხვილ თანხებთან ჰქონდა შეხება. ის და მისი უშუალო უფროსი, კაკო ხვადაგიანი, მოსკოვიდან ჩამოსულმა „კაგებეს“ ცენტრალური აპარატის თანამშრომლებმა დააპატიმრეს, მოსკოვში ჩაიყვანეს და ყველა საგამოძიებო მოქმედება იქვე ჩაუტარეს. ხვადაგიანს თვითმფრინავში გაუსკდა გული და გარდაიცვალა, რომლის ცხედარიც, სათანადო საექსპერტო დასკვნით, სამი დღის მერე დააბრუნეს თბილისში დასასაფლავებლად. ნოდარს კი ერთთვიანი გამოძიების შემდეგ ცამეტი წელი შეუფარდეს და ცენტრიდან შორს, შუა აზიაში, უზბეკეთის დაბა ლენინსკში, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში უკრეს თავი. კოლონიის უფროსი პოლკოვნიკი კირილ პავლოვი იყო, რომელიც წარმოშობით თბილისელი, დედით ქართველი გახლდათ და რუსულზე კარგად ქართულ ენას ფლობდა. პატიმრობის ერთი წლის თავზე, ანუ 1987 წლის 1 აპრილს, ნოდარმა კირილ პავლოვთან შეხვედრა მოითხოვა. მის კაბინეტში რომ შეიყვანეს, ქაღალდზე რაღაც დაუწერა და უჩვენა, თან თითი ტუჩებზე მიიდო. ქაღალდზე ქართულად ეწერა: „შეიძლება, კაბინეტი ისმინება და უსაფრთხო ადგილას გავიდეთ“. ნოდარმა ბარათი გადაყლაპა, პავლოვმა კი პატიმარი კაპინეტის ტერასაზე გაიყვანა, სადაც დეკორატიული მცენარეები ჰქონდა და ჰკითხა:
– რაშია საქმე?
– კაკო ხვადაგიანი გახსოვს?
– პირადად ვიცნობდი, კარგი კაცი იყო. როგორც ვიცი, თვითმფრინავში გაუსკდა გული.
– ჰო, ჩემ თვალწინ მოკვდა, როცა მოსკოვში მივყავდით. კაკოს ტონა-ნახევარი პარტიული ოქრო უნდა გადაეტანა შვეიცარიის ბანკში, რომელიც თბილისში, სპეცსაცავში ინახებოდა. ჩვენ ის მოვტეხეთ და ძალიან საიმედოდ გადავმალეთ. პერესტროიკა ბლეფია და ის საბჭოთა კავშირის დასაშლელადაა მოფიქრებული. ამიტომ, მთელი პარტიული ოქრო და სხვა ქონება უცხოეთში გააქვთ. ამისთვის სპეციალური საიდუმლო ორგანიზაცია შექმნეს და კაკოც მისი წევრი იყო. მე ეს ამბავი, არავისთვის მითქვამს. სროკზე კი იმიტომ გამიშვეს, რომ ცენტრს მომაშორეს – ყოველი შემთხვევისთვის. რომ სცოდნოდათ, ეს ყველაფერი ჩემთვის ცნობილია, მაშინვე გამაქრობდნენ.
– რას როშავ?
– არაფერს. ახლა შენც დარტყმის ქვეშ ხარ. ამიტომ, აქედან უნდა გამაქციო. პოლნი წილში ხარ – 750 კილოგრამი ოქრო შენია.
– რაებს როშავ, თბილისელი მაინც არ იყო! როგორ ფიქრობ, დამაბოლებ?
– არანაირი დაბოლება, უკვე ერთ უღელში ვართ. შენ ისეთი საშიში საიდუმლო ინფორმაცია იცი, რომ გაგანადგურებენ. ამიტომ, ენას კბილი დააჭირე და არაფერი თქვა, ჩემი სიტყვების დასტურად კი, თბილისში, ამა და ამ მისამართზე ჩადი – ეს ჩემი სათადარიგო სახლია და საიდუმლო სეიფში ორ ცალ ათკილოგრამიან ზოდს ნახავ. ზოდებს საბჭოთა ღერბი აქვს. 148 ცალი ასეთი ზოდი გადავმალეთ მე და კაკომ. ოქროს ხელი არ ახლო, რომ შემთხვევით არ დაიწვა, ან, რად გინდა, თან, იქ 100 ათასი მანეთიცაა და ნახევარი დატოვე – როცა აქედან გამიყვან, სამოძრაო ფული რომ მქონდეს, მეორე ნახევარი კი შენია.
ორგანიზაცია „სოიუზი“
საიდუმლო ორგანიზაცია „სოიუზის“ შესახებ პირველი მწირი ცნობები 2006 წელს გამოჩნდა რუსულ პრესაში, შემდეგ კი მასზე უფრო ფართომასშტაბიანი ინფორმაცია გავრცელდა და ახლა უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სწორედ ამ ორგანიზაციამ გადამალა ეგრეთ წოდებული „პარტიული ოქრო” სხვადასხვა ადგილას, რომ შემდგომ კვლავ ძველი მიზნებისთვის – საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის გამოეყენებინათ. საქმე კი ის იყო, რომ უკვე 1986 წელს, ანუ, გორბაჩოვისეული „პერესტროიკის“ დაწყებიდან ერთი წლის თავზე, „კაგებეს“ ეგრეთ წოდებულმა „საბჭოთა პატრიოტთა ჯგუფმა” უკვე ზუსტად იცოდა, რომ გორბაჩოვი ქვეყანას შლიდა და მისმა წევრებმა პარტიული ქონების გატანა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ 1987 წელს საბჭოთა კავშირი საკმაოდ მყარად იდგა ფეხზე, „სოიუზელებმა“ გადაწყვიტეს, ხელი არ შეეშალათ ამ პროცესისთვის და სამომავლოდ დაეჭირათ თადარიგი. ერთ-ერთ საიდუმლო შეკრებაზე, რომელიც 1987 წლის იანვარში შედგა, „სოიუზის” ერთ-ერთმა მთავარმა წევრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ივან მატიუშკინმა თანამოაზრეებს უთხრა:
– ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია გორბაჩოვისა და შევარდნაძის ლიკვიდაცია და ამ პროცესის შენელება, მაგრამ, მხოლოდ შენელება, რადგან საბჭოთა კავშირი მაინც დაიშლება და ჩვენ რომ ამ პროცესის ხელის შეშლას შევუდგეთ, შეიძლება, ქვეყანა ვეღარ აღდგეს. ამიტომ, დაე, გაგრძელდეს „პერესტროიკა” და დაიშალოს საბჭოთა კავშირი. მართალია, ამას ბევრი გლობალური მასშტაბის უბედურება მოჰყვება, მაგრამ, სწორედ ეს ფაქტი ითამაშებს უმთავრეს როლს ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცის ადგენაში და მომავალში უფრო ძლიერი, სუპერმოდერნიზებული სივრცე გვექნება, რომელსაც უკვე ვეღარაფერი დაშლის.
მატიუშკინი 1993 წელს გარდაიცვალა მოსკოვში და დიდი პატივით დაკრძალეს, თუმცა, ამ პროცესს არცერთი იმჟამინდელი მოქმედი ხელისუფალი არ დასწრებია. „სოიუზი“ 1986-1993 წლებში იყო სახელმწიფო სახელმწიფოში და სწორედ მათ შეუშალეს ხელი ამერიკელებს და მის მოკავშირეებს, რუსეთი მიწასთან რომ არ გაესწორებინათ. სწორედ ორგანიზაცია „სოიუზის“ მითითებით დააპატიმრეს კაკო ხვადაგიანი და ნოდარ კიკაბიძე.
კორექტირებული გეგმა
1987 წლის 12 აპრილს კირილ პავლოვი თბილისში გაფრინდა, 15 აპრილს კი უკან დაბრუნდა და ნოდარს უთხრა:
– დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურ სიმართლეს ამბობ. თანახმა ვარ, ვიჩალიჩოთ, მაგრამ ეს საქმე ძალიან დახვეწილად უნდა ჩავატაროთ, რომ თავები არ წაგვაცალონ. მოკლედ, ასე, ნოდარ, მე ცოლი და ორი შვილი მყავს, შენც – ასევე. გეგმის პირველ ეტაპზე ჩვენი ცოლ-შვილი უნდა გავხიზნოთ უცხოეთში. ახლა ტურისტული ვოიაჟები ძალიან ადვილია და ჩვენებს საგზურებით გავუშვებთ ერთდროულად, შეიძლება, ერთადაც კი. შემდეგ შენ აქედან გაგიყვან და ისე მოვაწყობ, რომ ერთი კვირა ეს არავის ეცოდინება. შენ ამ პერიოდში ოქრო უნდა გაიტანო ქვეყნიდან, ჩემი გაქცევის ხაზი გაჭრა და ყველანი სამშვიდობოზე შევხვდებით ერთმანეთს.
– გეგმის პირველი ნაწილი კარგია, მეორე ნაწილის მეორე ნახევარი კი არ ვარგა. გამორიცხულია, რომ ტონა-ნახევარი ოქრო ერთდროულად გაიტანო ქვეყნიდან. ამიტომ, ჩვენს გეგმაში კორექტივები უნდა შევიდეს. ოთხივემ გარეგნობები უნდა შევიცვალოთ. ჯერ ჩვენმა ცოლებმა უნდა გაიკეთონ პლასტიკური ოპერაციები, შემდეგ კი მე და შენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, „კაგებე“ მიწიდან ამოგვთხრის.
– საიმედო ქირურგს იცნობ?
– კი, უცხოეთში მყავს ასეთი. მე და კაკოს ანალოგიური გეგმა გვქონდა შემუშავებული და თადარიგი წინასწარ დავიჭირეთ. უბრალოდ, მას ცოლ-შვილი არ ჰყავდა და მხოლოდ სამს გვიწევდა ოპერაციის გაკეთება.
– ბავშვები?
– ბავშვებს ისეთ საიმედო ადგილზე გადავმალავთ, რომ ოპერაცია არ დასჭირდებათ. 4-5 წელიწადში კი თავადვე, ბუნებრივად შეიცვლიან გარეგნობას.
– თანახმა ვარ. ახლა ვადები დავაზუსტოთ.
– ჯერ მოიცა. ახლა ოქროზე ვთქვათ: ერთ ჯერზე, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ოთხი ზოდის, ანუ 40 კილოზე მეტის გატანა არ შეგვიძლია და არცაა საჭირო. ამიტომ, ზოდები ნელ-ნელა ვზიდოთ. თარიღიც მოფიქრებული მაქვს. ჩვენები 4 მაისს სამთვიანი მსოფლიო კრუიზით სოჭიდან გავლენ საოკეანო ლაინერით. 16 მაისს კი ისინი აი, ამ ქვეყანაში ჩავლენ. 19 მაისს მე გავდივარ ციხიდან და 26-მდე ვაგროვებ გასასვლელი ხაზის ამბებს. 26-ში კი, ღამით, აი, აქ ვხვდებით ერთმანეთს და გავრბივართ.
– გასაგებია.
დიდი გაქცევა
ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა და კიკაბიძემ და პავლოვმა თავიანთი ოჯახები უცხოეთში გაიყვანეს. შემდეგ, 1987 წლის 19 მაისს, ვითომდა კარცერში ჩასმული ნოდარ კიკაბიძე პოლკოვნიკმა პავლოვმა ზონიდან გააპარა. იმ პერიოდში „კაგებე“ ჯერ კიდევ თითქმის ყოვლისშემძლე იყო და მას „სოიუზი“ აკონტროლებდა. ამიტომ 30 მაისს უშიშროების ანალიტიკურმა სამსახურმა დაასკვნა, რომ კიკაბიძე და პავლოვი შეთანხმებულები იყვნენ და ჯერ ოჯახები გააპარეს ქვეყნიდან, შემდეგ კი თავადაც გაიქცნენ. თუმცა, რაში იყო საქმე, მხოლოდ „სოიუზელი“ გენერალი მატიუშკინი მიხვდა, რომელსაც ამ დროს „კაგებეში“ მაღალი თანამდებობა ეკავა. ამიტომ, სასწრაფოდ დაავალა ძებნის სამსახურს კიკაბიძისა და პავლოვის მოძებნა.
ნოდარ კიკაბიძე და კირილ პავლოვი „კაგებემ“ ვერ იპოვა და, დიდი ალბათობით, მათ „ეფესბეც“ ეძებს, თუმცა, მათი აღმოჩენა ვერ მოხერხდა...