კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-29(760)

 

კაპიტანი რომ წავიდა, პოპოვმა დიმკას და ნუცას უთხრა:
– მოემზადეთ, ქალაქში მაღაზიების დაკეტვამდე უნდა ჩავიდეთ და ნიჩაბი ვიყიდოთ. შემდეგ ცოტას გავივლ-გამოვივლით და, რომ დაღამდება, განძის ამოსათხრელად წავალთ.
– ფანარიც დაგვჭირდება, ვასილი ანდრეევიჩ, – შეახსენა პოპოვს დიმკამ.
 – ფანარი, რეზინის ჩექმები და ორი დიდი სპორტული ჩანთა, – თქვა გენერალმა.
– ჩანთები ცუდად მაქვს დაცდილი, – ირონიულად თქვა დიმკამ, – ფულითა და ძვირფასეულობით სავსე ჩანთები ერთხელ უკვე აგვაცალეს ცხვირწინ.
– თქვენი ბრალია, თქვენი, თქვენ რა გითხარით, თქვე დოყლაპიებო!.. – თავი გააქნია პოპოვმა და ნუცას უთხრა: – წარმოგიდგენია, შვილო? ამ დოყლაპიებს ნახევარი მილიონი მანეთი და ოქროთი და ძვირფასი ქვებით სავსე ორი ჩანთა უკვე ხელში ეჭირათ და, იმის მაგივრად, რომ კიდევ უფრო მაგრად ჩაევლოთ ხელი და შერგებოდათ, ღრეობის გამართვა მომინდომეს. მერე კი დაიძინეს და ვიღაც ნაძირალას გაატანეს, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა.
– მართალია თუ ხუმრობთ, ვასილი ანდრეევიჩ? – ჰკითხა ნუცამ გენერალს.
– რა მეხუმრება, ჩემო ნუციკო. ამ ამბავს რომ ვიხსენებ, ბრაზი მახრჩობს, – მიუგო ნუცას პოპოვმა და მისთვის ჩვეული ემოციურობითა და არტისტიზმით ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა გოგონას.
ამბავი რომ მოისმინა, ნუცამ დიმკა ყურადღებით შეათვალიერა და თქვა:
– სულ არ ჰგავს ბოროტმოქმედს და ვერც კი იფიქრებ, რომ მძარცველია.
– ნეტავ მილიციაც შენნაირად ფიქრობდეს, – გაეცინა დიმკას, გენერალმა კი თქვა:
– მოდი, ვისადილოთ, ცოტა დავისვენოთ და შემდეგ საქმეს მივხედოთ. იმედია, დღეს თინა არ ამოგვაკითხავს და გეგმას არ ჩაგვიშლის.
ნასადილევს განძის მაძიებლებმა დაისვენეს, შემდეგ წასასვლელად გაემზადნენ და საღამოს 5 საათზე თბილისისკენ აიღეს გეზი. უკანა სავარძელზე თვალახვეული დიმკა იყო მოკალათებული; მძღოლის გვერდით გენერალი იჯდა, საჭეს კი ნუცა მართავდა, რომელიც კარგად უძღვებოდა საქმეს და „ვოლგა“ მშვიდად მიჰყავდა. გოგონა არც ქალაქში დაბნეულა და მანქანებით სავსე თბილისის ქუჩებზე აუღელვებლად მოძრაობდა.
– ყოჩაღ, ნუციკო! ისე კარგად დადიხარ, ვერც კი იფიქრებს კაცი, რომ ახალბედა მძღოლი ხარ, – შეაქო გოგონა პოპოვმა.
საღამოს 7 საათისთვის განძის მაძიებლებს უკვე ყველა საჭირო ნივთი ნაყიდი ჰქონდათ, რომლებიც საბარგულში შეინახეს და კუკიის სასაფლაოსკენ აიღეს გეზი. ადგილზე რომ მივიდნენ, პოპოვი „ვოლგაში“ დარჩა, დიმკა და ნუცა კი სასაფლაოზე შევიდნენ და სამარხისკენ გაემართნენ.
– აი, აქაა ჩაფლული მამაშენის განძი, – ქართულად უთხრა დიმკამ ნუცას, რომელიც ყურადღებით ათვალიერებდა თავისი ნამდვილი ბებიისა და ბაბუის საფლავებს და პაუზის მერე თქვა:
– აბა, რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ნამდვილი მამა ის არ იყო, ვინც ყოველთვის მამად მიმაჩნდა და რომ ასე შემომიბრუნდებოდა ბედი.
– მთავარია, რომ ყველაფერი სასიკეთოდ ლაგდება და ბედი გვწყალობს, დანარჩენი კი ჩვენზეა დამოკიდებული. ამაღამ განძს ამოვთხრით, შემდეგ ლენინგრადში ჩავიტანთ და თუ არ გადაიფიქრებ და საზღვარგარეთ წამოგვყვები, იქ უკვე აღარაფერი გაგვიჭირდება.
– ჯერ განძი ამოვთხაროთ, დანარჩენზე კი მერე ვილაპარაკოთ.
– ამოვთხაროთ. რამდენიმე საათიც და – მდიდრები ვიქნებით.
– დიმკა, განძი რომ აქ არ იყოს? – თქვა ნუცამ და თითი საფლავისკენ გაიშვირა.
– რას ამბობ, ნუცა, ვის უნდა წაეღო?
– არავის. უბრალოდ, რომ არ იყოს?
– რას ამბობ? – გაიმეორა დიმკამ, – რაში დასჭირდებოდა მამაშენს ჩემი მოტყუება? არა, განძი ნამდვილად აქაა, დარწმუნებული ვარ.
დიმკას ისეთი შეშფოთებული სახე ჰქონდა, რომ ნუცამ გადაიკისკისა და ბიჭს უთხრა:
– ხომ მაგრად შეგაშინე? ვხუმრობ. განძი აქ იქნება და ამაღამ აუცილებლად ამოვთხრით.
დიმკას გაეცინა, შვებით ამოისუნთქა, თავი გააქნია და ნუცას მიუგო:
– სიმართლე გითხრა, შენმა სიტყვებმა მაგრად დამგრუზა და უცებ წარმოვიდგინე, რომ განძი მართლა არ არსებობს.
– მე მგონი, არსებობს, – გაიღიმა ნუცამ.
– არსებობს, არსებობს... განძი რომ აქ არ იყოს, ამაღამ გული გამისკდება და აქვე მოგიწევთ ჩემი დატოვება, – ნახევრად ხუმრობით უთხრა დიმკამ, ნუცამ კი სერიოზული სახით მიუგო ბიჭს:
– ფულისა და ოქროს ასეთი მოყვარული ხარ?
– მე შენ მიყვარხარ, – უთხრა დიმკამ გოგონას და მარჯვენა ხელში ნაზად ჩაავლო ხელი.
– აბა, აბა! ეგეთები არ იყოს! – მხიარულად უპასუხა ნუცამ დიმკას, ხელი გამოსწია და გასასვლელისკენ დაიძრა, – წამოდი, წავიდეთ, რას დგახარ? სულ მალე უკან დაბრუნება მოგვიწევს.
დიმკა უხმოდ გაჰყვა ნუცას და არც მაშინ ამოუღია ხმა, როდესაც უკანა სავარძელზე მოთავსდა. ნუცამ „ვოლგა“ ადგილიდან დაძრა და იკითხა:
– ახლა საით?
– საით წავიდეთ, დიმკა? – ჰკითხა პოპოვმა ბიჭს.
– რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა ჩაფიქრებულმა დიმკამ.
ნუცას გაეცინა.
გენერალმა ჯერ გოგონას შეხედა და ეშმაკურად გაიღიმა, შემდეგ ბიჭს მიუბრუნდა და უთხრა:
– რა შეყვარებულივით ხარ დაბნეული, თქვი, სად წავიდეთ, რომ დრო მოვკლათ, სანამ უკან დავბრუნდებით.
დიმკა გამოერკვა და გენერალს უთხრა:
– მთაწმინდაზე ავიდეთ და იქ გავჩერდეთ.
– კარგი აზრია, – მხიარულად თქვა ნუცამ და სიჩქარე გამოცვალა.
– ის ხომ შენი უბანია, ვინმემ რომ გიცნოს? – თქვა პოპოვმა.
– მანქანიდან არ გადმოვალ, – უხალისოდ მიუგო დიმკამ.
გენერალს მეტი აღარაფერი უთქვამს ბიჭისთვის, ნუცას მიუბრუნდა:
– წავედით მთაწმინდაზე. ამას წინათ რომ ვიყავით, ძალიან მომეწონა იქაურობა. საოცრად ლამაზი პანორამა იშლება ზემოდან, ღამის ქალაქი კი განსაკუთრებით მშვენიერია.
– ჰო, მეც ძალიან მიყვარს იქაურობა. მშობლებს ხშირად ავყავდი ხოლმე მთაწმინდაზე, – თქვა ნუცამ და სისწრაფეს მოუმატა.
– შენგან ნამდვილი მძღოლი გამოვა, ნუციკო. ასეთი კარგი ტარება ვინ გასწავლა? – ჰკითხა გენერალმა გოგონას.
– მამამ, – თქვა ნუცამ და დაამატა: – უფრო სწორად, იმან, ვინც მთელი ცხოვრება მამაჩემი მეგონა.
– კარგი, კარგი. არ გვინდა ახლა ამაზე ლაპარაკი, – თქვა გენერალმა და გაჩუმდა.
განძის მაძიებლებმა რამდენიმე საათი გაატარეს ფუნიკულიორის პლატოზე და შუაღამე რომ დადგა, ქვევით დაეშვნენ. გვიანი დროის მიუხედავად, ქალაქში საკმაოდ ბევრი ხალხი მოძრაობდა და არც მანქანები აკლდა ქუჩებს.
– იმედია, სასაფლაოზე მაინც არავინ იქნება, – თქვა გენერალმა.
– მიცვალებულებისა და ჩვენ გარდა, – დაამატა დიმკამ.
– მთავარია, განძი იყოს ადგილზე, – მიუგო გენერალმა, – ფრთხილად და ყურადღებით იმოქმედეთ. მე მანქანაში ვიჯდები და დაგაზღვევთ.
კუკიის სასაფლაოზე რომ მივიდნენ, მანქანა შესასვლელთან გააჩერეს. დიმკა პირველი გადმოვიდა მანქანიდან, საბარგულიდან ფანარი და მესანგრის ფოლადისპირიანი ნიჩაბი ამოიღო და ნუცას უთხრა:
– აბა, წავედით!
ქალ-ვაჟმა ფრთხილად გაიკვლია გზა ცარიელ და მდუმარე საფლავებს შორის და ნუცას ბებიისა და ბაბუის საფლავთან შეჩერდნენ. ირგვლივ უკუნეთი სიბნელე და სიჩუმე იდგა. დიმკამ ფანარი და ნიჩაბი მარმარილოს ქვაზე ფრთხილად დააწყო და ნუცას ჩურჩულით უთხრა:
– ჩამოჯექი და სიბნელეს თვალი შეაჩვიე.
ნუცა დიმკას გვერდით ჩამოჯდა, ხელი ხელში ჩაავლო და ბიჭს მიეკრა.
– გეშინია? – ჩურჩულით ჰკითხა დიმკამ ნუცას.
– ცოტა, – მიუგო  გოგონამ.
– ნუ გეშინია, ხუთიოდე წუთში დავიწყებ.
– კარგი, – მიუგო ნუცამ და დიმკას უფრო მაგრად მიეკრა.
ხუთი წუთი რომ გავიდა და განძის მაძიებლებმა სიბნელეს თვალი შეაჩვიეს, დიმკა ნიჩაბს დასწვდა და ფრთხილად წამოდგა საფლავის ქვიდან. ორიოდე ნაბიჯი გადადგა. ნუცაც თან გაიყოლა და უთხრა:
– ეს ფანარი ხელში გეჭიროს, მაგრამ, სანამ არ გეტყვი, არ აანთო.
– კარგი, – მიუგო ნუცამ.
დიმკამ მესანგრის ნიჩაბი მიწაში ჩაარჭო და ბალახიანი ბელტი გვერდზე გადააგდო. შემდეგ მეორეც მიაყოლა, მესამეც... ოციოდე წუთი უხმოდ იმუშავა. მერე შეჩერდა, ნუცას ფანარი გამოართვა, ორმო გაანათა და თქვა:
– ქვიანი და გამხმარი მიწაა. უფრო დიდი ნიჩაბი უნდა გვეყიდა და არც კირკა გვაწყენდა. ვინ იცის, რა სიღრმეზეა განძი ჩაფლული და არ შემოგვათენდეს.
– თუ დაიღალე, დაისვენე და მე შეგენაცვლები, – უთხრა დიმკას ნუცამ.
– არა, რას ამბობ, – გაეცინა ბიჭს და თხრა განაგრძო.
დიმკა თითქმის ორი საათის განმავლობაში თხრიდა და მხოლოდ ორჯერ შეისვენა ხუთ-ხუთი წუთი. ბოლოს ნიჩაბი მაგარ საგანს მოხვდა. ბიჭმა თხრა შეწყვიტა, ნუცას ფანარი გამოართვა და გაანათა.
– იპოვე? – ჩურჩულით ჩასძახა გოგონამ.
– მე მგონი, კი.
– რა კარგია! – წამოიძახა ნუცამ.
– ჩუმად, ნუციკო, არ დავიწვათ... – თქვა დიმკამ და გოგონას ფანარი მიაწოდა, – ჩაიცუცქე და გამინათე, მაგრამ, ფრთხილად, არ ჩამოვარდე.
ჩაცუცქული ნუცა ოცი წუთის განმავლობაში ანათებდა ორმოს. ამასობაში დიმკამ ოქროს კუბო მთლიანად ამოთხარა, ფეხზე წამოაყენა და ნუცას უთხრა:
– საკმაოდ დიდია და მძიმეა. შევცდით, რომ თოკიც არ ვიყიდეთ.
– აწევა გიჭირს? – ჰკითხა ნუცამ.
– მაინც ავწევ. ცოტა სულს მოვითქვამ, – მიუგო დიმკამ, კუბოს წვერს ჩამოეყრდნო და  სამიოდე წუთი შეისვენა. შემდეგ დაიხარა, ორივე ხელით დასწვდა კუბოს მეორე წვერს და რის ვაი-ვაგლახით თხრილის კიდეზე ააცურა. ნუცამ ორივე ხელი ჩაავლო ოქროს კუბოს, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, თავისკენ მოზიდა და გააცურა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და ზურგით მიეჯახა მარმარილოს ქვას.
დიმკა ორმოდან ამოხტა და წაქცეულ გოგონას ჰკითხა:
– იტკინე რამე?
– არა, არაფერია, – მიუგო ნუცამ.
 დიმკამ გოგონა წამოაყენა და მარმარილოს საფლავის კიდეზე დასვა, შემდეგ ოქროს კუბო ორივე ხელით ასწია, ნუცას გვერდით დადო, თავადაც დაჯდა და თქვა:
– ხუთიოდე წუთით სული მოვითქვათ, შემდეგ კი განძი დავაბინაოთ. ბოლოს მიწას საფლავში ჩავყრი და წავიდეთ.
ცოტა რომ დაისვენა, დიმკამ ოქროს კუბო მხარზე მოიგდო და ნუცასთან ერთად გასასვლელისკენ გაემართა. წყვილი ფრთხილად და უხმოდ მიაბიჯებდა მდუმარე საფლავებს შორის. გარეთ რომ გავიდნენ, შეჩერდნენ და არემარე ყურადღებით დაათვალიერეს. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მათ გზა განაგრძეს, სწრაფად მივიდნენ „ვოლგასთან“ და განძი საბარგულში მოათავსეს.
– გაგიჭირდათ? – ჰკითხა ქალ-ვაჟს გენერალმა.
– საკმაოდ, მაგრამ, ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ. თქვენ აქ იყავით. მე მიწას საფლავში ჩავყრი და მოვალ, – მიუგო პოპოვს დიმკამ და სწრაფი ნაბიჯით დაბრუნდა უკან.
დიმკა რომ მანქანასთან დაბრუნდა, დილის ოთხი საათი სრულდებოდა. ნიჩაბი და ფანარი საბარგულში ჩაალაგა, თავად უკანა სავარძელზე მოთავსდა და საჭესთან მჯდარ ნუცას უთხრა:
– წავედით!
ნუცამ „ვოლგა“ ადგილიდან დაძრა და კუკიის დაღმართზე ფრთხილად დაეშვა.
– ყოჩაღ, ახალგაზრდებო, ყოჩაღ, კარგად იმუშავეთ! – სიხარულით იმეორებდა გენერალი, შემდეგ დიმკას მიუბრუნდა და ჰკითხა:
– ძალიან დაიღალე?
– დიახ, მაგრამ, მთავარია, განძი ვიპოვეთ, – მიუგო დიმკამ.
– საკმაოდ მოზრდილი კუბო ჩანს.
– კი, მძიმეა. სამოც კილოზე ნაკლები არ უნდა იყოს, მეტი თუ არა.
– მთავარია, კარგად დავმალოთ მანქანაში განძი, მერე კი ლენინგრადში ჩავიტანთ და დანარჩენს იქ მივხედავთ.
– ჯერ წყნეთში ავიდეთ მშვიდობიანად, – მიუგო დიმკამ პოპოვს. თვალის სახვევს დასწვდა. აიკრა, ტანსაცმლიდან მიწა ჩამოიბერტყა და დაამატა: – მგონი, „ძაღლები” დაგვადგნენ...
პოპოვი შეტრიალდა და წითელი ფერის „ჟიგულის“ მოჰკრა თვალი, რომელმაც „ვოლგას“ გაასწრო, ოციოდე მეტრში გაჩერდა და სამოქალაქოფორმიანმა ახალგაზრდამ, რომელიც მანქანიდან გადმოხტა, ხელით ანიშნა ნუცას, გაჩერებულიყო.
– ნუციკო, გააჩერე, გავიგოთ ერთი, რა უნდა ამ კვახს, – თქვა პოპოვმა და ნუცამ „ვოლგა“ პლეხანოვის გამზირის კუთხეში, პატარა სკვერის მოპირდაპირე მხარეს დაამუხრუჭა.
„ჟიგულიდან“ კიდევ ორი ახალგაზრდა გადმოხტა. სამივე ერთდროულად მიიჭრა „ვოლგასთან“ აქეთ-იქიდან, წინა კარი უცერემონიოდ გამოაღეს და, პირველმა ახალგაზრდამ, რომელიც ნუცას მხარეს იმყოფებოდა, გოგონას უთხრა:
– ჩქარა, შენი მართვის მოწმობა და მანქანის საბუთები მაჩვენე!
მეორე ახალგაზრდამ კი პოპოვს შეუღრინა:
– იარაღი ან ნარკოტიკები თუ გაქვთ, გამოაჩინეთ, ჩქარა!
– ქართული არ მესმის, – მშვიდად მიუგო გენერალმა.
– იარაღი და ნარკოტიკები თუ გაქვთ, სწრაფად გამოაჩინეთ, – დამტვრეული რუსულით გაიმეორა ახალგაზრდამ.
პოპოვმა ნუცას უთხრა:
– წყნარად იჯექი, შვილო, – შემდეგ მეორე ახალგაზრდას მიუბრუნდა და მიუგო: – ვინ ბრძანდებით, წარმოგვიდექით.
– შენც ახლა, პოლკოვნიკი არ იყო, რომ წარმოგიდგე. ჩქარა, საბუთები მაჩვენე, თორემ, გადმოგათრიე მანქანიდან! – უხეშად მიუგო პოპოვს ახალგაზრდამ და სახეზე უკიდურესი ზიზღი გამოეხატა.
– პოლკოვნიკიო... – ჩაეცინა პოპოვს, – გენერალი ვარ, შე ლაწირაკო, სმენა! – უღრიალა გენერალმა თავხედ ახალგაზრდას და მთელი ტანით წამოიმართა სავარძელზე.
– მართლა გენერალია, შე ჩემა, – ამოილუღლუღა ნუცას მხარეს მდგარმა პირველმა ახალგაზრდამ, რომელმაც გვიან შენიშნა ფანჯარაზე ჩამოკიდებული მუნდირი და სარივით გასწორდა.
მეორე ახალგაზრდა გაფითრდა, ენა ჩაუვარდა და ადგილზე გაქვავდა. თვალებანთებულმა პოპოვმა კი მას უღრიალა:
– ჩქარა! შენი საბუთები მიჩვენე!
მესამე ახალგაზრდა, რომელიც მოშორებით იდგა, თვალყურს ადევნებდა დანარჩენებს და ყველაზე ადრე მიხვდა, ვისთანაც ჰქონდათ საქმე, პოპოვს მიუახლოვდა, გაუღიმა და უთხრა:
– ამხანაგო გენერალო, მილიციის თანამშრომლები ვართ. სხვებში შეგვეშალეთ...
– სმენა! – უღრიალა გენერალმა მესამე ახალგაზრდას, ხმა ჩააგდებინა და ისევ მეორეს მიუბრუნდა: – შენი სამსახურებრივი წიგნაკი, ცოცხლად!
გენერლის ბრძანებამ მეორე ახალგაზრდა გამოაცოცხლა. მან მილიციის თანამშრომლის წითელი წიგნაკი გულისჯიბიდან ამოაცურა და პოპოვს გაუწოდა.
გენერალმა წიგნაკი გადაშალა და ხმამაღლა წაიკითხა:
– პირველი მაისის რაიონის მილიციის სისხლის სამართლის სამძებროს უმცროსი ოპერრწმუნებული, უმცროსი ლეიტენანტი ძუკუ გვანჯის ძე კუტავა.
გენერალმა კუტავას მოწმობა გულისჯიბეში შეინახა, დანარჩენ ორ ახალგაზრდასაც გამოართვა მოწმობები, რომლებიც თამაზ ხუიძე და ომარ იობაშვილი აღმოჩნდნენ. მათი წიგნაკებიც ჯიბეში ჩაიდო და მილიციელებს უთხრა:
– აბა, ნაბიჯით იარ თქვენი მანქანისკენ და განყოფილებისკენ გამიძეხით! უკან უნდა გამოგყვეთ. თქვენი უფროსი ვნახო და თქვენზე დაველაპარაკო.
გასუსული ახალგზარდა მილიციელებიდან, პირველად ომარ იობაშვილი გამოერკვა, ნახევარი ნაბიჯი გადადგა წინ და პოპოვს შეევედრა:
– გთხოვთ, ამხანაგო გენერალო, ნუ დაგვღუპავთ, გვაპატიეთ. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით. დამნაშავეები ვართ და ვინანიებთ. გთხოვთ, გვაპატიოთ... ძალიან გთხოვთ!
– იობაშვილო, აბა, თუ მეტყვი, მილიციელებს რატომ გვეძახიან „ძაღლებს”? – ჰკითხა პოპოვმა.
– არ ვიცი, ამხანაგო გენერალო, – მიუგო ომარ იობაშვილმა.
– რატომ და, თქვენნაირი უღირსი მილიციელების გამო, – თქვა გენერალმა და დაამატა: – თქვენ და თქვენნაირები ცოფიანი ძაღლებივით, ისე, როგორც წეღან, ყოვლად უმიზეზოდ აცხრებით თავს პატიოსან ხალხს, აწიოკებთ და  თავს აძულებთ. ამით კი ჩირქს სცხებთ ორგანოებს. სახელს უტეხთ მილიციას და აი, ამიტომაც შეგვარქვეს „ძაღლები”, გასაგებია?
– გასაგებია, – ამოილუღლუღა ომარ იობაშვილმა, – გვაპატიეთ. ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვწირავთ, სამსახურს ნუ დაგვაკარგვინებთ.
– ღირს კი თქვენისთანების მილიციაში დატოვება?
– სისხლით გამოვისყიდით ჩვენს დანაშაულს, ოღონდ გვაპატიეთ.
გენერალმა გულის ჯიბიდან მოწმობები ამოიღო, იობაშვილს გაუწოდა და უთხრა:
– გამომართვი და დაუბრუნე მაგათ. ამჯერად გაპატიებთ.
იობაშვილმა თავისი მოწმობა სასწრაფოდ შეინახა ჯიბეში, დანარჩენებსაც მისცა და მათაც იგივე გაიმეორეს.
– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო, – უთხრა იობაშვილმა პოპოვს.
– აბა, ერთ მწკრივად მოეწყვეთ! – უბრძანა გენერალმა მილიციელებს, რომლებმაც სასწრაფოდ შეასრულეს ბრძანება და პოპოვის პირდაპირ სიმაღლის მიხედვით დამწკრივდნენ.
– სწორდით! – ბრძანა გენერალმა და მილიციელებმა მარჯვნივ მიატრიალეს თავები. – სმენა! – დაამატა პოპოვმა და მილიციელები გაიჯგიმნენ.
– მარჯვნი-საა-კენ! – უბრძანა გამოჯგიმულებს პოპოვმა და ოპერები მარჯვნივ შეტრიალდნენ ერთ რიგად.
– მანქანისკენ ნაბიჯით იარ! – რიხიანად თქვა გენერალმა და „ჟიგულისკენ“ მწყობრად მიმავალ მილიციელებს გასძახა, – ჩასხედით და თქვენი „დუხი“ არ ვნახო აქ!
სამივე მილიციის ოპერი უკანმოუხედავად ჩახტა „ჟიგულიში“, რომელიც ადგილს მოსწყდა და „დინამოს“ სტადიონის მიმართულებით გაქანდა. პოპოვს კი გაეცინა, მანქანის კარი მიხურა და ნუცას უთხრა:
– დაქოქე და წავიდეთ!
ნუცამ „ვოლგა“ ადგილიდან დაძრა და გენერალს უთხრა:
– ვასილი ანდრეევიჩ, ეს საცოდავები ისეთ დღეში ჩაყარეთ, ალბათ, ჭიანჭველასაც კი აღარასოდეს დააბიჯებენ ფეხს.
– ეჭვი მეპარება, ნუციკო, – გაეცინა პოპოვს, – ასეთები არ სწორდებიან. მათ, უბრალოდ, სისხლში აქვთ ასეთი საქციელი და რა გამოასწორებთ.
– სწორედაც რომ, სისხლში აქვთ, – ჩაერთო დიმკა, – თქვენ რომ გეუზრდელათ, გვარად კუტავა, ისეთი ნაძირალა მამის შვილია, სხვაგვარად ვერც მოიქცეოდა.
– ვინაა მამამისი? – იკითხა გენერალმა.
– თბილისის ციხის უფროსი.
– შენ რა იცი?
– საპასპორტო მონაცემებით მივხვდი, თანაც, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს გვანჯი კუტავას.
– მაინც, რა დააშავა იმ გვანჯიმ?
– პირველ სროკზე რომ გამიშვეს, მალალეტკა ვიყავი და ავჭალის კოლონიაში გამამწესეს. იქ ეგ გვანჯი რეჟიმის უფროსი იყო. ეგრევე თავისთან დამიბარა და სტუკაჩობა შემომთავაზა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვდებით, ალბათ, რას მეტყოდა.
– კი. მერე, შენ რა ქენი? – ჰკითხა პოპოვმა.
– სიტყვაც არ დავამთავრებინე. პირიდან გატეხილი ბრიტვა გავაძვრე და მთელი ძალით დავისვი ვენაზე, – დიმკამ პოპოვს მსხვილი იარა დაანახვა და დაამატა: – იმდენი სისხლი დავკარგე, ძლივს გადავრჩი.
– კუტავას რა უქნეს?
– იქიდან მოაშორეს, დააქვეითეს. მაგრამ, ეტყობა, იჩალიჩა და მესამე სროკზე თბილისის ციხეში რომ ჩამსვეს, იქ დამხვდა უფროსად.
– მერე?
– მერე, პირველივე ეტაპით გამაციმბირა და დაცინვით მითხრა,  იქიდან თუ დაბრუნდი, ხის კოსტიუმი გეცმებაო.
– ანუ კუბო, – თქვა გენერალმა.
 – დიახ, – დაუდასტურა დიმკამ.
ნუცამ პაუზით ისარგებლა და დიმკას ჰკითხა:
– ვენებს რომ იჭრიდი, არ გეშინოდა?
– სხვა გზა არ მქონდა, – მიუგო დიმკამ.
– მე, ალბათ, ვერ შევძლებდი ამას.
– როცა გიჭირს, ყველაფერს შეძლებ, – თქვა დიმკამ, – როცა გაგიჭირდა, ხომ გადაამსხვრიე თავზე ბოთლები იმ ნაძირლებს და თავი გადაირჩინე?
– ეგეც მართალია, – გაეცინა ნუცას და წყნეთის აღმართს აუყვა.
განძის მაძიებლები აგარაკზე რომ დაბრუნდნენ, დილის ექვსის ნახევარი შესრულდა. დიმკამ და ნუცამ ჯერ გენერალი შეიყვანეს სახლში, შემდეგ დიმკამ ოქროს კუბო აიტანა საძინებელში და იატაკზე დადგა. პოპოვმა კი გოგონას უთხრა:
– ნუციკო, ტილო მოიტანე და ჯერ ეს ჯართი გავასუფთაოთ.
ჯართის ხსენებაზე ნუცას გაეცინა, ტილო მოიტანა და კუბო ისე გააპრიალა, რომ სულ ლაპლაპი გასდიოდა.
– ბაჯაღლო ოქროსგანაა ჩამოსხმული, –  თქვა პოპოვმა, – ოცდაათ კილოზე ნაკლები არ იქნება. აბა, ახალგაზრდებო, ფრთხილად მოხადეთ თავი ამ ყვითელი ეშმაკის ნაგლეჯს.
ბაჯაღლო ოქროსგან ჩამოსხმული კუბო სიგრძეში ერთი მეტრი იყო, სიგანე და სისქე კი ორმოცი სანტიმეტრი ჰქონდა. ოთხივე პოლუსზე ოთხი მსხვილი სამაგრი ჰქონდა, რომლებიც მჭიდროდ იჭერდა კონსტრუქციას. დიმკამ ჯერ სამაგრები მოხსნა, შემდეგ ნუცას ანიშნა, მომეხმარეო. ქალ-ვაჟმა სახურავი ერთდროულად ასწია და გვერდზე გადადო. კუბოს შიგთავსს შუქი რომ მოხვდა, იქიდან ისეთი სხივები ამოიფრქვა, რომ ოთახში მყოფნი მოჯადოებულები უყურებდნენ ამ ჯადოსნურ ფერებს.  პირველი გენერალი გამოერკვა და ქალ-ვაჟს უთხრა:
– ამოალაგეთ, დაახარისხეთ და დათვალეთ, რამდენი რა არის. ცოცხლად, ძვირფასებო, დრო არ ითმენს, მასპინძლებმა არ მოგვისწრონ.
მთელ ამ პროცესს სამი საათი დასჭირდა. ქალ-ვაჟმა ბოლო ოქროს მონეტა რომ ამოიღო კუბოდან, დილის 9 საათი შესრულდა. კუბოს ფსკერზე დაბეჭდილი კონვერტი იდო. ნუცა მას დასწვდა და წაიკითხა: „ჩემს ნუციკოს“.
– ალბათ,  წერილია, ხომ? – ჰკითხა პოპოვმა გოგონას.
– როგორც ჩანს, მამამ დამიტოვა, – მიუგო ნუცამ.
– წაიკითხე და შემდეგ გადამითარგმნე.
ნუცამ კონვერტი გახსნა. წერილი ამოიღო და ხმამაღლა წაიკითხა: „ნუციკო, შვილო, შენ თუ ამ წერილს კითხულობ, ესე იგი, მე ცოცხალი აღარ ვარ და, ესე იგი, ძალიან გიჭირს... თავის მართლებას არ დავიწყებ. შენ ჩემი და დედაშენის სიყვარულის ნაყოფი ხარ. ეს ქონება ფეხზე დაგაყენებს. ერთგულ ადამიანებსაც გაუნაწილე. შენს სახელზე, ამ მისამართზე დაკეტილი ხუთოთახიანი ბინა მაქვს ნაყიდი. გასაღები  რკინის კარის ზედა ჩარჩოში დევს. ბინაში, ქართული ენციკლოპედიის პირველ ტომში, შენს სახელზე გაფორმებული ბინის საბუთებია. იცოცხლე დიდხანს. იყავი ბედნიერი. მამაშენი – ნოდარ მდივანი“.
ჭაღარას წერილი დიმკამ პოპოვს გადაუთარგმნა, რომელმაც ნუცას უთხრა:
– სანამ არავინ დაგვდგომია თავს, ეს ოქროს კუბო კვლავ განძით აავსეთ, ნუცას ბინაში უნდა წავიღოთ და გადავმალოთ.
თხუთმეტიოდე წუთში ოქროს კუბო კვლავ ძვირფასეულობით იყო სავსე. ქალ-ვაჟმა ის ბრეზენტში შეახვია, შემდეგ დიმკამ „ვოლგის“ საბარგულში ჩადო განძი და განძის მაძიებლები თბილისში გაემართნენ.
– ხომ გეუბნებოდი, შვილო, ღმერთი გადმოგვხედავს-მეთქი. ხედავ, რა მალე აგისრულდა ჩემი სიტყვები? ახლა უკვე საკუთარი სახლიც გაქვს, მდიდარიც ხარ და ცხოვრებასაც ააწყობ. ბედნიერი იქნები. არაფერი გაგიჭირდება... – უთხრა გენერალმა ნუცას.
– ხუთოთახიანი ბინა ვაკეში მთელი ქონებაა, – დაამატა დიმკამ.
– ვაკე პრესტიჟული რაიონია? – იკითხა პოპოვმა.
– ყველაზე პრესტიჟული. აქვეა, ახლოს და მალე მივალთ, – თქვა დიმკამ.
 ნუცას ბინა ფეშენებელური საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარეობდა. განძის მაძიებლებმა ადვილად მიაგნეს ბინის გასაღებს, საკეტს მოარგეს და შიგნით შევიდნენ.
– მართლაც რა დიდებული ბინაა!.. – აღფრთოვანებას ვერ მალავდა გენერალი. დიმკამ კი დაამატა:
– მაგარი ბაითია, ოღონდ, დასუფთავება სჭირდება, თორემ, ხომ ხედავთ, რამდენი მტვერია ირგვლივ.
– რა გასაკვირია, – თქვა პოპოვმა და დაამატა, – აქ, ალბათ, ათი წელია, არავინ ყოფილა.
– თორმეტი, – გაუსწორა დიმკამ და დაამატა, – ძია ნოდარი თორმეტი წლის წინ ჩასვეს ციხეში.
– ეგ არაფერი, ჩვენი პრინცესა დააწკრიალებს ყველაფერს, შენ კი დაეხმარები, – გაეღიმა გენერალს და დაამატა: – ოღონდ, ხვალ დილიდან. დღეს კი კვლავ წყნეთში დავბრუნდეთ და ჩვენს მასპინძლებს დავენახვოთ, თორემ, ვასო ჩვენზე ძებნას გამოაცხადებს.
– ვასილი ანდრეევიჩ, ჩემთან რომ გადმოხვიდეთ? აქ უფრო უსაფრთხოდ არ იქნებით? – უთხრა ნუცამ პოპოვს.
– ვნახოთ, შვილო, ეს ამბავი კარგად უნდა მოვიფიქროთ. ჯერ წყნეთში დავბრუნდეთ და მასპინძლებს დავენახვოთ.
– მამიკო, ნუცა მართალია, აქ ყოფნა ჯობია.
– ჯერ წყნეთში ავიდეთ, – მოკლედ მოუჭრა დიმკას პოპოვმა.
– არის, ამხანაგო გენერალო! გისმენთ და გემორჩილებით! – ხუმრობით თქვა დიმკამ და პოპოვს გამოეჯგიმა. შემდეგ თვალი ჩაუკრა ნუცას, სავარძელში მოკალათდა და გააბოლა. ბოლოს კი დაამატა: – განძი დავითრიეთ. ახლა ის კაცია სანახავი, ვინც ყალბ პასპორტებს გაგვიკეთებს და საზღვარგარეთაც გავემგზავრებით. თუმცა, სამწუხარო ისაა, რომ ნუციკო აქ რჩება.
– რა, გადაიფიქრე ჩემი წაყვანა? – ჰკითხა ნუცამ ბიჭს.
დიმკა დაიბნა, რადგან ასეთ კითხვას არ ელოდა. მას ეგონა, რომ ნუცა აღარ მოისურვებდა საზღვარგარეთ გამგზავრებას და ფეშენებელური ბინისა და თავისი წილის გამო თბილისში დარჩებოდა. ამიტომ, მცირე პაუზის შემდეგ მიუგო:
– წამოხვალ ჩვენთან ერთად?
– თუ გადავწყვიტე, რატომაც არა?
– ასეც ვიცოდი, – გაეცინა ბიჭს და დაამატა: – შენ ამ ბინიდან სადმე წახვალ?
– სად გარბის რო, ეს ბინა? თუკი თორმეტი წელი ცარიელი იდგა, კიდევ ვერ იდგება?
– არა, როგორ ვერ იდგება, მაგრამ, მე მგონია, რომ აქ ყოფნა გირჩევნია.
– ვნახოთ. მოვიფიქრებ... – თქვა ნუცამ,  – მგონი, არაფერია იმაში ცუდი, რომ რამდენიმე წელიწადი საზღვარგარეთ ვიცხოვრო. ერთი სიტყვით, მოვიფიქრებ.
დიმკას მეტი არაფერი უთქვამს ნუცასთვის, პოპოვმა კი პაუზით ისარგებლა და თქვა:
– სამი სრულდება. აბა, წავედით წყნეთში!


გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3