კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღალატი სიყვარულისთვის

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-29(760) 

 

შურისძიება ცივ გონებაზე უნდა დაგეგმო, როგორც ზოგიერთი კერძის შემთხვევაში – თუკი ცხელს მიირთმევ, გაწყენს... ზუსტად ასე ხდება „ცხელ გულზე“ მიღებული გადაწყვეტილებების დროსაც. შურისძიებამ, შეიძლება, შენვე მოგაყენოს ზიანი. ამიტომ, კარგად უნდა დაფიქრდე – ღირს კი შური იძიო კაცზე, რომლის მიმართაც გრძნობა ჯერ კიდევ გაქვს?!
...ანა ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. პირველად მისცა თავს უფლება, ემოცია სხვისი თანდასწრებით გამოეხატა.
– ყავა ხომ არ დაგველია? – ჰკითხა სოფომ მორიდებით, უფრო სიტუაციის განსამუხტავად.
– ყავა? რა ვიცი... თუ ცოტა არ დავმშვიდდი, სხვა რაღაცაზე ფიქრი მიჭირს.
– იცი, რა ვქნათ? ყავა დავლიოთ და თითო ღერი მოვწიოთ...
– მე ძალიან იშვიათად ვეწევი... – ამოიოხრა ანამ, – ვერ ვიტან თამბაქოს.
– მეც არ ვარ მწეველი, მაგრამ, ზოგჯერ საჭიროა... რას იტყვი, მოვწიოთ?
– კარგი... იქნებ ყურადღება მაგაზე გადავიტანო... – ამოიოხრა ანამ, – საკუთარ თავზე ვბრაზობ, ასე რომ ვარ. ნერვები მეშლება. საერთოდ რა მინდოდა მასთან... რა მინდოდა?..
– ახლა რაღა აზრი აქვს მაგაზე ნერვიულობას? – ანუგეშა სოფომ, – სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი შვილი გყავს – ეს ხომ ბევრს ნიშნავს.
– ჩემთვის – კი, მაგრამ, მისთვის არაფერს ნიშნავს, ბავშვზე საერთოდ არ ფიქრობს. მგონი, ჰგონია, რომ, რადგან პატარაა ვერაფერს გრძნობს და ვერაფერს ხვდება. მე კი აშკარად ვატყობ, რომ განიცდის და, ამის გამო მინდა მოვკლა ის ნაძირალა.
– განიცდის? – სოფომ თანაგრძნობით გადააქნია თავი, – ამბობს რამეს?
– არა, მაგრამ, სულელი ხომ არ ვარ? ვეუბნები, საქართველოში არ არის-მეთქი. მაგრამ, სკოლაში უნდა მივიყვანო. ხომ შეიძლება, ქუჩაში დაინახოს, მერე რა ვუთხრა?..
– ანუ, ბავშვიც არ უნდა?
– ვიცი? რომ ჰკითხო, გეტყვის, მინდაო, მაგრამ, მისი საქციელიდან გამომდინარე, რა უნდა ვიფიქრო?
– მოკლედ, რთულად არის საქმე.
– ჰო, მარტივად ნამდვილად არ არის. იმიტომაც გეუბნებოდი, რაღაც უნდა მოვიფიქრო-მეთქი. უნდა ინანოს თავისი საქციელი, ძალიან უნდა ინანოს. საუკეთესო ვარიანტი რაც იქნება, კი ვიცი...
– რა? მითხარი, ძალიან მაინტერესებს...
– მის რომელიმე მეგობართან უნდა გავაბა რომანი, ოღონდ, ისეთთან, რომელმაც ჩემი და ლაშას ურთიერთობის შესახებ არაფერი იცის.
სოფომ პირი დააღო განცვიფრებისგან:
– ეგ როგორ უნდა მოახერხო?
– რა ვიცი, ვიფიქრებ. მთავარი მონდომებაა, თორემ, ყველა საქმე გამოვა, – ჩაიცინა ანამ, – დიდი იმედი მაქვს, რომ გარემოებები ჩემს სასარგებლოდ დაეწყობა.
– ჩემგან თუ რამე იქნება საჭირო, იცოდე, რომ ყველანაირად გვერდით დაგიდგები. თუმცა, მე მაინც ჩემი მოსაზრების ერთგული ვრჩები.
– რომელი მოსაზრების?
– რომ დაიკიდო და შენი ცხოვრება შეცვალო.
ანამ თავი გააქნია:
– არა, სანამ ჩემსავით ცუდად არ იგრძნობს თავს, ვერ მოვისვენებ. მერე კი, აუცილებლად დავიკიდებ.
სოფო ჩაფიქრდა, მერე უცებ სიცილი აუტყდა.
– წარმოვიდგინე, როგორ  აბამ რომანს ლაშას ძმაკაცთან... მერე როგორ უყვარდები იმას და ცოლად გირთავს – აი, ეგ იქნება შოკი თუ იქნება.
– ჰო, ცუდი იდეა არ არის. ვნახოთ, რა გამოვა. წინასწარ ძნელია, რამე დეტალებში გათვალო, მაგრამ, რაც ჩავიფიქრე, იმას მაინც გავაკეთებ. ლაშა ინანებს, რომ ვერ შემაფასა...
სოფომ ამოიოხრა.
***
ანას უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა. სახელს არ არქმევდა იმ გრძნობას, რომელიც მშვიდად ძილის საშუალებას აღარ აძლევდა, თორემ, კარგად იცოდა, რომ ეს სიყვარული იყო. უჭირდა, ლაშასთან თავი არ გაემჟღავნებინა, ისევ ისეთი ცივი და შეუვალი დარჩენილიყო, როგორც გაცნობის პირველ დღეს... იმ საღამოსაც სცადა, წარბშეკრული დალაპარაკებოდა და ურთიერთობა დაესრულებინა, თუმცა, გული სხვა რამეს სთხოვდა.
– ისეთი სახე გაქვს, მგონი, განაჩენი უნდა გამომიტანო, – სიცილით უთხრა ლაშამ.
ანა დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაწითლდა:
– რა სისულელეა, რომელი მოსამართლე მე ვარ...
– რა თქმა უნდა, არც მე ვარ კრიმინალი... მაგრამ, მომკალი და, ისეთი სახე გაქვს, რაღაც ცუდის თქმას აპირებ... მოდი, დღეს არ გინდა. ისეთ არაჩვეულებრივ განწყობაზე ვარ, ქვეყანა ჩემი მგონია.
– მე ნამდვილად არ ვარ შენი, – გამომწვევად მიახალა ანამ.
– მერე, რატომ მეჩხუბები, საყვარელო? – ენა დაიშაქრა კაცმა, – ხომ იცი, შენ გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი.
– ყველას ასე ეუბნები, ხომ?
– ვინ ყველას, ანუშკი, შენს თავს ყველას რატომ ადარებ? მე ასე არ ვფიქრობ...
– აბა, რას ფიქრობ? მითხარი, ძალიან მაინტერესებს, – მოსასმენად მოემზადა ანა.
ლაშამ ღიმილით შეათვალიერა.
– რა გაცინებს? – დადარაჯებულივით ჰკითხა ანამ.
– რა მაცინებს და შენი ყალბი ტონი. იცი, რას გეტყვი, ჩემო ანუშკი? – თუ გინდოდა, რამეზე მეფიქრა, ასეთი მოკლე კაბა არ უნდა ჩაგეცვა.
ანამ მექანიკურად წაავლო კაბის კალთას ხელი და ქვემოთ ჩამოქაჩა.
– როგორი საყვარელი ხარ, როცა ასე წვალობ... რა გემართება, მოეშვი... ცხოვრება მაშინ არის კარგი, როცა მისგან სიამოვნებას იღებ.
– შენი დემაგოგია ნაკლებად მაინტერესებს.
– საყვარელო, არც ის გაინტერესებს, რომ სიურპრიზი მოგიმზადე?
– რა სიურპრიზი? – ანამ გამომცდელი მზერა მიაპყრო მოღიმარ კაცს და დაიძაბა.
– აი, – ლაშამ ორი გრძელი კონვერტი დაანახა.
– ეგ რა არის?
– ბილეთებია, თვითმფრინავის. საგზურებიც აქ დევს. ერთი კვირით ძალიან მაგარ ადგილას მიმყავხარ.
– რა? მგონი, გაგიჟდი...
– რატომ გავგიჟდი? წავიდეთ, დავისვენოთ, გავერთოთ... პატარა არდადეგები... ზღვა და მზე არ მოგენატრა?
– თებერვალში ზღვა და მზე სად ნახე? – ანა აშკარად ძალიან დააბნია ლაშას უცერემონიო შეთავაზებამ და დროის მოგებას ცდილობდა, რამე გადაწყვეტილება რომ მიეღო.
– ეგვიპტეში. ყოფილხარ?
– არა, მაგრამ, ამას არა აქვს მნიშვნელობა, ვერ წამოვალ.
– ხელს რა გიშლის? არ მითხრა, რომ სამსახური.
– სამსახურიც. თუმცა, მთავარი ხელის შემშლელი მიზეზი ეგ არ არის.
– მივხვდი, რომ ეგ არ არის, – გამოაჯავრა ლაშამ, – კარგი, მითხარი, რისი მოსმენა გინდა ჩემგან – რომ, თაფლობის თვეზე გეპატიჟები?
– ირონიის გარეშე, ძალიან გთხოვ. სულაც არ მინდა, ეგ მოვისმინო.
– მაშინ, წავსულვართ...
– არა!
– რატომ?
– იმიტომ, რომ არ შემიძლია, – გადაჭრით მიუგო ანამ.
– ო, ღმერთო... ეს „გრუზინული ზახოდები“ მაგიჟებს... რამდენი წლის ხარ, ვეღარ გაიზარდე?
– ეგ რა შუაშია?
– აბა, რა არის შუაში, ანა? ვიცი, რომ მოგწონვარ და ჩემთან ყოფნა გინდა – თვალებზე გატყობ ამას, მაგრამ, საკუთარ თავს ეომები, წვალობ, განიცდი... მერე რისთვის? რომ ვიღაცამ რაღაც არ თქვას? სისულელეა ეგ ყველაფერი, დამიჯერე!
– შენთვის ადვილია... – წინააღმდეგობის გაწევა სცადა ანამ.
– შენთვისაც ადვილია. უბრალოდ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, საკუთარ გულს, სურვილებს უნდა მოუსმინო და სხვა დანარჩენი ფეხებზე დაიკიდო. მოდი, გულახდილად მითხარი, არ გინდა ჩემთან ერთად ეგვიპტეში წამოსვლა?
ანამ თავი დახარა და თითებით კაბის კალთას დაუწყო წვალება.
– ანუშკი, მიპასუხე – გინდა, წამოხვიდე ჩემთან ერთად ეგვიპტეში თუ არა?
– ზოგჯერ ის უნდა გააკეთო, რაც საჭირო და მისაღებია, – როგორც იქნა, ჩაილაპარაკა ანამ.
–   ეგ პასუხი არ არის. ნუ გეშინია, არ მოგიტაცებ და ძალით არ წაგიყვან ეგვიპტეში. უბრალოდ, მინდა, ის თქვა, რასაც მართლა ფიქრობ და განიცდი.
– ჰო, მინდა... რა იცვლება ამით?
ლაშას სახე გაუბრწყინდა:
– ყველაფერი, ანა, ყველაფერი! მოკლედ, ახლა სახლში მიგიყვან. ეგ ერთი კონვერტი აიღე, რეისის დრო და თარიღი მანდ წერია,  მე კი აეროპორტში დაგელოდები. მანამდე არ დაგირეკავ და მესიჯსაც არ მოგწერ...
– ჰო, მაგრამ...
– არა, არა, ნუ შემეკამათები. გამომართვი ეს კონვერტი და იფიქრე იმაზე, რომ მე აეროპორტში გელოდები...
ანას იმ ღამეს თითქმის არ სძინებია.
... ლაშამ სიგარეტი საფერფლეზე დასრისა და მის წინ ქვედა საცვლის ამარა მდგარ გოგოს ამრეზით შეხედა:
– რაღას ელოდები? ხომ გითხარი, ჩაიცვი და წადი-მეთქი, დღეს სხვა გეგმები მაქვს.
გოგომ ტუჩები გაბუსხა:
– რა უხეში ხარ, ლაშიკო... მეგონა, ბარში დამპატიჟებდი ან ნომერში შეუკვეთდი ვახშამს...
– ფულს მოგცემ და, რაც გინდა, ის შეუკვეთე. მე კი უნდა წავიდე, საქმე მაქვს.
– აუ, ისე იქცევი, როგორც ცოლიანი კაცები იქცევიან ხოლმე ნაშასთან სექსის მერე.
– შენ დიდი გამოცდილება გაქვს მაგ საქმეში, ხო?! – დასცინა ლაშამ, მაგრამ გოგოს არ სწყენია.
– ჰო, იყო ერთი-ორი ასეთი, გარდასახვის დიდოსტატი – ჩემთან ლომი და სახლში შინაური კატა, საშინაო ჩუსტების გარეშე ცხოვრება რომ ვერ წარმოუდგენიათ. მეცოდებიან ხოლმე ეგეთი ტიპები.
– მე არც ცოლი მყავს და არც საშინაო ჩუსტები მაქვს, – მიუგო ლაშამ და შარვალს დასწვდა.
– მეც მაგის თქმა მინდოდა – არ გყავს და ცოლიანივით იქცევი-მეთქი. წავიდეთ ერთად სადმე, გავერთოთ... – გოგო გვერდით მიუჯდა და შიშველი მკერდით მკლავზე მიეხუტა, თან მხარზე უსვამდა გრძელ, მანიკურიან ფრჩხილებს.
ლაშამ ისე შეხედა, როგორც არარაობას და უხეშად მოიშორა მისი მკერდი.
– შენ, ერთი, სახელი შემახსენე, – უთხრა და თითები გაატკაცუნა.
– ჩემი? – გაიოცა გოგომ.
– შენი, რა თქმა უნდა, აბა, ჩემი მახსოვს.
– ხათო, – ნაწყენი კილოთი თქვა გოგომ.
– ჰო, ხათუნა, მომისმინე, გენაცვალე! მე თავისუფალი ადამიანი ვარ, თანაც, საკმაოდ დიდი ბიჭი. ამიტომ, როგორმე თავად გადავწყვეტ, სად გავერთო და ვისთან ერთად. რჩევა თუ დამჭირდება, მოგაკითხავ.
– საწყენად და გასაბრაზებლად არ მითქვამს, – შეურაცხყოფილი ტონით ჩაილაპარაკა გოგომ და სწრაფად დაიწყო ჩაცმა.
– ჰოდა, ძალიან კარგი. დავივიწყოთ. როცა მომენატრები, დაგირეკავ, – ლაშამ ორი ასლარიანი იქვე, საწოლთან მდგარ ტუმბოზე დააგდო და გოგოს თავზე გადაუსვა ხელი, – ჩემ მაგივრადაც გაერთე კლუბში...
***
ირინკა „ლაუნჯ-ბარიდან“ გამოვიდა და გარშემო მიმოიხედა. მანქანა ორი ქუჩის იქით ჰყავდა დატოვებული – ყოველი შემთხვევისთვის და პრევენციისთვის... გაახსენდა, როგორი საცოდავი სახე ჰქონდა რეზოს, ცოლმა რომ დაურეკა და გაეცინა. „ეს კაცები როგორი სასაცილოები არიან ნაშებთან გართობაც უნდათ და თან შიშით კანკალებენ, ცოლებმა არ გაუგონ ცელქობები. მაგრად ვკაიფობ ამისთანებზე, მშვენიერი გასართობია. მის ცოლს კი ჰგონია, ერთგული და სერიოზული ქმარი ჰყავს, ოჯახის ბურჯი... როგორი  სიამოვნებით ავუხელდი თვალს, მაგრამ, სკანდალს მოაწყობს და ეგ არაფერში მჭირდება, მით უმეტეს, ახლა...“
ირინკა ფიქრიდან მანქანის ბორბლების ღრჭიალმა გამოარკვია. დამფრთხალი უკან გადახტა და გაოცებულმა შეხედა ფეხებთან დამუხრუჭებული მანქანის მძღოლს.
– შეგაშინე, ლამაზო? დაჯექი, წაგიყვან...
ირინკას მაშინვე გაუარა ბრაზმა. ძალიან მოეწონა მოღიმარი, საფეთქლებთან ოდნავ თმაშეჭაღარავებული მამაკაცი, კბილები რომ უქათქათებდა სიცილისას. არც ძვირფასი პერანგი და მაჯაზე მორგებული მოდური საათი დარჩენია შეუმჩნეველი.
– რომ არ იცი, სად მივდივარ? – თვითონაც შინაურულად უპასუხა.
– რა პრობლემაა, მეტყვი, როცა ჩამიჯდები. იქნებ, მარშრუტი ცოტათი შეცვალოთ კიდეც, – თვალი ჩაუკრა კაცმა.
– სხვათა შორის, ჩემი მანქანა აქედან მეორე ქუჩაზე დგას, –  გაიცინა ირინკამ, – იქამდე მისასვლელი დრო კი მარშრუტის შესაცვლელად არ გვეყოფა.
– სამაგიეროდ, შენს უკეთესად გასაცნობად მეყოფა... როგორი არგუმენტია?
– კარგი, მიმიყვანე მანქანასთან, – ირინკამ თამამად გამოაღო კარი, ჩაჯდა და კაცს შესცინა, – მშვენიერი მანქანაა, ვაფასებ შენს გემოვნებას.
– მადლობა. მე კი შენს გრძელ ფეხებს, ტუჩებსა და მკერდს ვაფასებ.
ირინკამ გადაიკისკისა:
– ასეთი კომპლიმენტები არასოდეს მომისმენია, მით უმეტეს, ახალგაცნობილი მამაკაცისგან.
– მერე, ხომ მაგარია? რა ვქნა, ასეთი ვარ. ვერ ვიტან ძალად ინტელიგენტებს: „ქალიშვილო, როგორი მომხიბვლელი ბრძანდებით. შეიძლება, სახელი გკითხოთ?“ – კაცი ახარხარდა, – მითხარი, რომ ეს არ მოგეწონებოდა.
– არა, არ მომეწონებოდა, – თავი გააქნია ირინკამ და ერთბაშად წამოიძახა, – უი, აქეთ არ უნდა წამოვსულიყავი. ჩემს მანქანას კი არ მივუახლოვდი, დავშორდი.
– არ არის პრობლემა. გეჩქარება სადმე? გრძელ გზას გავივლით და იქამდე მშვიდობით მივალთ. სახელს მეტყვი?
– აუცილებლად. მობილურის ნომერსაც, – ირინკა უკვე კისკისებდა.
– ყოჩაღ, მაგარი გოგო ხარ. არ შევმცდარვარ, მანქანა რომ გაგიჩერე.
 – ანუ, ცდები ხოლმე?
– ძირითადად, არა... თუმცა, ვაღიარებ – იაღლიშები მომსვლია.
– ჰა, ჰა, ჰა!.. ჩანთა ხომ არ მოგხვედრია მძიმედ?
– ჩანთაც და სილაც, მაგრამ განზრახვაზე უარს ასე ადვილად არ ვამბობ ხოლმე. აბა, რას იტყვი, შევცვალოთ მარშრუტი?
ირინკამ თვალები მოჭუტა:
– შევცვალოთ, ოღონდ, ბევრის იმედი ნუ გექნება, მხოლოდ კოქტეილზე ვარ თანახმა.
– ვიცი, სადაც აკეთებენ ფანტასტიკურ კოქტეილებს, – თავდაჯერებულად გაიღიმა ლაშამ და გაზის სატერფულს ფეხი დააჭირა. მანქანა ადგილს მოსწყდა და დიდი სიჩქარით წინ გავარდა...
***
ანამ მხოლოდ გვიან საღამოს გახსნა კონვერტი. აბაზანის ხალათში გახვეულმა დივანზე მოიკალათა, ტელევიზორი ჩართო და ბილეთი გაშალა  –  რეისამდე სამი დღე რჩებოდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3