კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაიბრალა... მკვლელობა

მის კერლი ძალიან არ უყვარდათ თავის მდგმურებს, რადგან, არავის აძლევდა ბედნიერად ცხოვრების საშუალებას: თითოეულ მობინადრეს გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა და ყველაზე ყველაფერი იცოდა. ზედმეტად ვერავინ გაიფაჩუნებდა. ამიტომ, მისი ჩხუბი ანიტა ლოუსთან არავის გაკვირვებია. მართალია, ანიტამ ზღვარი გადალახა და სახეში ყავა შეასხა, მაგრამ, არც მის კერლი იყო მართალი – ვინ ეკითხებოდა მას, ღალატობდა ანიტა ქმარს – არტურ ლოუს თუ არა?! მის კერლიმ დაინახა, როგორ გავიდა სახლიდან წითელ კაბაში გამოწყობილი ანიტა და ფარებჩამქრალ მანქანაში ჩაჯდა, რომელიც სახლიდან ოდნავ მოშორებით ელოდებოდა... – მის კერლიმ ბრაზით გააღრჭიალა კბილები. მისტერ ლოუ, როგორც ყოველთვის, ისევ საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა სხვა ქალაქში, ეს ჩია, უენო, მოკრძალებული კაცი ბევრს და საკმაოდ ნაყოფიერად შრომობდა, რათა ცოლისთვის არსებობა უზრუნველეყო და ამას კარგადაც ახერხებდა. მის კერლის ნაკლებად ადარდებდა ის, რომ ანიტა ქმარს ატყუებდა. შინაბერას იმის გამო ახრჩობდა ბოღმა, რომ ამ ტიპის ქალები ყველაფერს იღებდნენ ცხოვრებისგან; ბედის ნებიერები იყვნენ და ისე ატარებდნენ დროს, როგორც მოესურვებოდათ...
მის კერლიმ მისტერ ლოუს ანონიმური წერილი გაუგზავნა და ამით შეეცადა, მისთვის თვალები აეხილა; ხოლო, როცა დილით, სახლის პირველ სართულზე, საერთო ოთახში ანიტა ყავას სვამდა და რაღაცაზე ხმამაღლა კისკისებდა, მის კერლიმ მოურიდებლად უთხრა, შენი საქციელი მორალის ფარგლებს სცილდებაო და მიიღო კიდეც ყავის შხაპი... ო, რა დიდი სიამოვნებით ჩაავლებდა თმაში ხელს ამ უზრდელს და კიბეზე ათრევდა, მაგრამ, სხვა მობინადრეებთან საჯაროდ ამის გაკეთებას მოერიდა...
რატომ არ რეაგირებდა არტურ ლოუ ანონიმურ წერილზე?
მოსაღამოვდა და ბინდი ჩამოწვა. სახლში სიმშვიდემ და სიჩუმემ დაისადგურა. მძიმე ფიქრებმა სახლის მეპატრონეს ჩაძინების საშუალება არ მისცა. სმენა მახვილი ჰქონდა. თორმეტის ნახევარი იქნებოდა, როცა კიბეზე ფეხის ხმა გაიგონა. ჯერ იფიქრა, ეტყობა, ანიტა დაბრუნდაო, მაგრამ ნაბიჯები გაცილებით მძიმე იყო, თანაც, ვიღაც სიბნელეში უშეცდომოდ გადაადგილდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აქაურობას კარგად იცნობდა. ეს უეჭველად არტური უნდა ყოფილიყო. მის კერლიმ მიაყურადა. არ შემცდარა – გასაღებმა მისი ოთახის ზემოთ მოთავსებული 2-ა ბინის კარის საკეტში გაიჩხაკუნა. გაიგონა, როგორ გაიჭრიალეს ზამბარებმა დივანზე, სადაც სავარაუდოდ, არტულ ლოუ დაჯდა. დილის ოთხ საათზე სახლიდან ოდნავ მოშორებით გაჩერდა მანქანა. მის კერლიმ ფრთხილად გაიხედა ფანჯარაში – ეს ის მანქანა იყო, რომლითაც ანიტა გაემგზავრა, ახლა კი მანქანიდან გადმოსვლას აყოვნებდა... ბოლოს კიბეზე ფრთხილი ნაბიჯების ხმა გაისმა – ანიტა ფეხის წვერებზე ადიოდა. ალბათ, კმაყოფილი იყო საყვარელთან გატარებული დროით... მის კერლიმ სულიც კი განაბა. კარის გაღების ყრუ ხმა, ჩამრთველის გატკაცუნება და ქალის სუსტი შეკივლება მოესმა. მის კერლი არ შემცდარა – მოღალატე ცოლს, რომელიც პაემნიდან შინ დაბრუნდა, სახლში ქმარი დახვდა. ისინი ცდილობდნენ, ხმადაბლა ელაპარაკათ. სიტყვების გარჩევა ჭირდა, მაგრამ მის კერლი მათი ხმის ტემბრით ხვდებოდა, რომ საუბარი მძიმე იყო. დივანმაც გაიჭრიალა. მერე ისეთი ხმები ჩამოდიოდა, თითქოს ოთახებში ვიღაც დაბორიალებდა, მაგრამ ეს მარტო ერთი ადამიანების ნაბიჯების ხმა იყო, დიდი ალბათობით – არტურის. ანიტასგან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მის კერლი დაიძაბა. უცებ ისეთი ხმა გაიგონა, როგორიც ავეჯის ერთი  ადგილიდან მეორეზე გადაჩოჩებისას ისმის ხოლმე. უკვე თითქმის 5 საათი იქნებოდა, როცა არტური კიბეზე დაეშვა. შემოსასვლელი კარი გახმაურდა და ყველაფერი მიწყნარდა... მის კერლი ფეხაკრეფით მივიდა ფანჯარასთან. არტური უკვე აღარ ჩანდა. ეტყობოდა, მანქანა სადმე მოშორებით გააჩერა, რომ მისი ჩამოსვლა შეუმჩნეველი ყოფილიყო. სახლის მეპატრონეს ერთბაშად გაუელვა აზრმა, რომ კაცმა ცოლი მოკლა. ანიტა არ ჩანდა. სად შეიძლებოდა ის ყოფილიყო? მის კერლი დაელოდა, სანამ კარგად გათენდებოდა.
შუადღე დადგა, მაგრამ ანიტა მაინც არ გამოჩნდა, ყავისთვისაც კი არ ჩამოსულა ქვემოთ, რაც მის ხასიათს არ ჰგავდა. მის კერლიმ 2-ა ბინის სათადარიგო გასაღები აიღო და ფეხაკრეფით ავიდა მეორე სართულზე – ოთახში სრული წესრიგი და სიმშვიდე სუფევდა, არანაირი კვალი იმისა, რომ აქ რაღაც მოხდა. ანიტა არსად ჩანდა. მის კერლი კი დარწმუნებული იყო, რომ ანიტა ლოუ არსად წასულა და ბინაში დარჩა. თითქოს მიწამ უყო პირიო... თავის ოთახში განადგურებული ჩავიდა. ანიტას ვერ იტანდა, მაგრამ მისი სიკვდილი ნამდვილად არ უნდოდა. მხოლოდ ორი საათით ჩაეძინა და ტელეფონის ზარმა გააღვიძა. არტურ ლოუ ურეკავდა:
– მის კერლი, ჩემი ცოლი ჩამოვიდა ჩემთან – სიურპრიზი გამიკეთა, მაგრამ, მისი ნივთები მანდ დარჩა. ჩვენს ბინაში სკივრია. ძალიან შეწუხდებით, სატრანსპორტო კომპანიაში რომ დარეკოთ და ზანდუკი აქ გამოგვიგზავნოთ? მისამართს გეტყვით და ჩაიწერეთ... – მის კერლიმ ეს ყველაფერი ისე მოისმინა და მისამართიც ისე ჩაიწერა, როგორც სიზმარში მყოფმა.. იგი მიხვდა, რომ ანიტას უსულო სხეული სწორედ იმ ზანდუკში იყო ჩაკეტილი.... ქალის გონება სწრაფად ამუშავდა – ამ საქმიდან ფულის შოვნაც შეიძლებოდა. სწრაფად დაწერა წერილი და არტურ ლოუს გაუგზავნა. წერილში ეწერა: „მისტერ ლოუ! შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ თქვენს ცოლთან დაკავშირებით. ის ვეღარასოდეს გავა ბინიდან, ამაზე მე ვიზრუნე. თუ გინდათ, რომ ანიტას სამუდამო გაუჩინარება თქვენ არ დაგბრალდეთ, ათი ათასი დოლარი უნდა გადაიხადოთ...“ – მის კერლი დარწმუნებული იყო, რომ მისტერ ლოუ სასწრაფოდ დაბრუნდებოდა სახლში, მაგრამ ასე არ მოხდა. მის კერლი ავიდა 2-ა ბინაში, რათა ზანდუკის არსებობაში დარწმუნებულიყო, სწორედ ამ დროს მისტერ ლოუმაც დარეკა და სთხოვა, იქვე დალოდებოდა. მის კერლიმ პირველად იგრძნო შიში – მას ხომ მკვლელთან ჰქონდა საქმე. არტურს ისიც რომ მოეკლა, მოწმესაც მოიშორებდა და ფულიც შერჩებოდა, მაგრამ, ერთ ზანდუკში ორი გვამის ჩატენა ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა. მის კერლი ზანდუკს მიუახლოვდა და ხელი შეავლო. ანიტა აქ იყო, ალბათ, ორად მოკეცილი და, თეორიულად, მისი გვამის ჩატენაც არ იქნებოდა შეუძლებელი... მის კერლიმ ლამის იყვირა... ამ დროს ოთახის კარი გაიღო და რამდენიმე პოლიციელი შევიდა. მათ უკან მისტერ ლოუ იდგა.
– ოფიცრებო, – თქვა მან შეწუხებული და შეძრწუნებული ხმით, – ძალიან გთხოვთ, შეამოწმოთ, ხომ არ დამალა ამ ქალმა ჩემი ცოლის გვამი ამ სკივრში...
მის კერლი ძალიან გვიან მიხვდა, რომ ორივე ფეხით გაება... ექსპერტმა ძალიან ადვილად დაადგინა ანიტა ლოუს სიკვდილის დრო. მისი ქმარი ამ დროს ქალაქში არ იმყოფებოდა და არც არავის უნახავს იმ საღამოს, გარდა მის კერლისა. სამაგიეროდ, თითქმის ყველა მობინადრემ იცოდა, როგორ იჩხუბეს იმ დღეს სახლის პატრონმა და მისის ლოუმ... როგორ შეასხა მას ანიტამ ყავა და როგორ დაიქადნა მის კერლიმ, რომ სამაგიეროს გადაუხდიდა. მობინადრეები იმასაც ამბობდნენ, რომ მის კერლი საღ გონებაზე ვერ იყო, ხშირად გამოხატავდა მობინადრეების მიმართ აგრესიას, თანაც, სრულიად უმიზეზოდ... და – წერილი, რომელიც მან არტურ ლოუს გაუგზავნა. სხვას ვის შეეძლო ასეთი შინაარსის ბარათი დაეწერა, გარდა მკვლელისა?!

скачать dle 11.3