კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რეალურად დაიცავენ თუ არა შრომითი ინსპექტორები დასაქმებულების უფლებებს და როგორ აირიდებთ თავიდან ყულფს, დამქირავებელთან ხელშეკრულების გაფორმებისას

2016 წლიდან დასაქმებულთა უფლებებს შრომის ინსპექტორები გააკონტროლებენ. ჯანდაცვის სამინისტროში  უკვე შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც საწყის ეტაპზე 25 წარმომადგენლით დაიწყებს მუშაობას. რა ფუნქციით იქნებიან აღჭურვილი შრომითი ინსპექტორები, რატომ გახდა აქტუალური შრომითი ინსპექციის შექმნა დღეს, როცა შრომით კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, შრომითი გარემო ასე თუ ისე  გაუმჯობესდა და ახალი დებულების  რა ხარვეზებზე  საუბრობენ სპეციალისტები და ექსპერტები, ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს, ეთერ მათურელს გავესაუბრეთ.

 

ეთერ მათურელი:  შრომითი ინსპექციის შექმნა ჩვენს რეალობაში  აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი იყო.  შეიძლება ითქვას, რომ  მისი შექმნა პროფესიული კავშირისგან  დიდი ზეწოლისა  და სისტემატური მოთხოვნის  შედეგადაც მოხდა.  დასაქმებულებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. 30-ე მუხლის მიხედვით შრომა თავისუფალია, მაგრამ შრომითი უფლებების დაცვა, სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი სამუშაო  პირობების  შექმნა  სახელმწიფოს პრიორიტეტია. 2006 წლამდე არსებობდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, რომელიც  შრომის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ გაუქმდა. 2006 წლის შემდეგ  სახელმწიფოში არ არსებობდა ორგანო, რომელიც მოახდენდა ინსპექტირებას, რა ხდებოდა შრომით ბაზარზე, იყო თუ არა დაცული დაქირავებული მუშაკების უფლებები,  შრომის უსაფრთხოების პირობები.
– თქვენ ფიქრობთ, რომ შრომის სახელმწიფო ინსპექციის გაუქმებას შრომითი გარემოს გაუარესება მოჰყვა?
–  მე  შეგახსენებთ  იმ სტატისტიკას, რომელიც არსებობს 2006 წლიდან 2014 წლამდე. რვა წლის განმავლობაში  სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 345 დასაქმებული, საწარმოო ტრავმა მიიღო (დაშავდა) – 604. გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა იზრდება ბოლო ორი წლის განმავლობაში. 2013 წელს გარდაიცვალა 30, დაშავდა – 42;  2014 წელს გარდაიცვალა 41, დაშავდა – 66. ეს არის არასრული მონაცემები და ზუსტად არ ასახავს რეალობას, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას. მათ მონაცემებში არ არის დაფიქსირებული  ისეთი შემთხვევები, როცა ადამიანი გარდაიცვალა სამუშაო ადგილზე მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული დაავადებებით  გარკვეული პერიოდის შემდეგ. მარტო ეს სტატისტიკაც საკმარისია იმისთვის, რომ სახელმწიფომ დაიწყოს აქტიური ქმედითი ღონისძიებების გატარება დაქირავებულთა  შრომითი უფლებების დასაცავად. საჭირო იყო ისეთი სამსახურის შექმნა, რომელიც ჩაატარებდა პრევენციულ ღინისძიებებს, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი შემთხვევების სიმრავლე.  შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს შრომის საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნების ასახვას ქვეყნის კანონმდებლობაში, რაც დღეს  არ  სრულდება.  ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენციაზე, რომელიც უკავშირდება შრომის ინსპექციის შექმნას. სახელმწიფომ უნდა შეასრულოს  ვალდებულებები, რასაც რატიფიცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.
– შეიქმნა კიდეც ეს სამსახური. როგორი იქნება მისი ფუნქცია და ის  რეალურად დაარეგულირებს თუ არა  ადამიანთა შრომითი უფლებების დაცვას?
– ეს არის შრომის კოდექსში ცვილებების შეტანის მეორე ეტაპი, რომელიც მოიცავდა როგორც შრომითი ინსპექციის შექმნას, ასევე ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებას.  დებულება, რომელიც დამტკიცდა  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის მიერ, რაც მოიცავს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის  საქმიანობას,  საკმაოდ ბევრ ხარვეზს  ტოვებს. ჩვენ თავიდანვე ვაპროტესტებდით ამ დებულებას. დეპარტამენტის შექმნა  კარგია, მაგრამ თუ მას არ ექნება ფუნქციური დატვირთვა, რეალურად შეასრულოს ის მოთხოვნა, რასაც დასაქმებულები უყენებენ, რა აზრი ექნება ასეთი სამსახურის ფუნქციონირებას? დებულების მიხედვით, მონიტორინგს ჩაატარებენ ინსპექტორები, თუმცა მათ არ ექნებათ იმის უფლება, საწარმოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელის გარეშე შევიდნენ ორგანიზაციაში და განახორციელონ კვლევა – არის თუ არა იქ უსაფრთხო შრომის გარემო და დაცულია თუ არა დაქირავებულის უფლებები. ინსპექტორებს არ ექნებათ უფლება, სანქცია დაადონ ორგანიზაციას, იქ აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში. ეს ეწინააღმდეგება, როგორც საერთაშორისო კონვენციას, ასევე ვალდებულებას, განსაზღვრულს ასოცირების ხელშეკრულებით. ლოგიკურად დაისმება შეკითხვა: თუ  ამ ადამიანებს არ ექნებათ ეს უფლება, რა უნდა გააკეთონ მათ ამა თუ იმ ორგანიზაციაში? თუ ორგანიზაციამ თვითონ არ მოითხოვა შრომითი ინსპექტორების მიერ შემოწმება და ისინი საკუთარი სურვილით ან საჩივრის შედეგად ვერ შევლენ კონკრეტულ ორგანიზაციებში, რა შედეგი უნდა მივიღოთ ამ სამსახურის მუშაობით?  ყველა ხელმძღვანელს ვერ დავადანაშაულებთ, თუმცა შესაძლოა,  ბევრმა არაკეთილსინდისიერმა ხელმძღვანელმა მოაწესრიგოს გარემო პირობები, მიიყვანოს შრომითი ინსპექტორები, დაათვალიერებინოს და შემდეგ კვლავ დარღვევებით განაგრძოს მუშაობა. რომელი დამსაქმებელი შეუშვებს მონიტორინგზე ინსპექტორს, თუ იცის, რომ მის ორგანიზაციაში უსაფრთხო სამუშაო გარემო არ არის, ან ირღევა  დასაქმებულის სხვა შრომითი უფლება? რა გამოდის, რომ შრომითი ინსპექტორი გარედან, ქუჩიდან არის ზედამხედველი? 
– არსებობს  ვარაუდი, რომ ამ სამსახურს მეტი უფლება არ მიენიჭა იმის გამო, რომ კერძო სექტორის საქმიანობაში  სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევის მაგალითები  არ მიგვეღო.
– ვერ დაგეთანხმებით. შრომითი ინსპექტორები მოგებას ხომ  არ  უთვლიან ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, რატომ უნდა ჩაითვალოს მათი აქტიურობა კერძო სექტორში ზედმეტ ჩარევად?  როდესაც ვიცი, რომ ადამიანი სიცოცხლისთვის საშიშ გარემო პირობებში მუშაობს, ვინმეს ხომ  უნდა ჰქონდეს სანქციის დადების უფლება? არის გაუთვალისწინებელი შემთხვევები, მაგრამ ის, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება, უნდა ავიცილოთ.  ძველი შრომის კოდექსი საქართველოში მონობას ამკვიდრებდა.  37-ე დ მუხლი იყო აბსოლუტური განუკითხაობა, რომლის საფუძველზეც,  ადამიანებს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უშვებდნენ სამსახურებიდან, მათ შორის დამსაქმებელს ჰქონდა ფეხმძიმე ქალის გათავისუფლების უფლება.  თუ ის მიღწეული იყო ორსულობის შვიდ თვემდე და არ ჰქონდა აღებული დეკრეტული შვებულება, მას ვერ დაიცავდა ვერავითარი კანონი.  ის კანონმდებლობა, რაც  2006 წლიდან  2013 წლამდე მუშაობდა საქართველოში, იყო ჯოჯოხეთი დასაქმებულებისთვის. 2013 წლის 12  ივნისს შრომის კოდექსში შეტანილი ცვილილებების შემდეგ, კანონი ბევრად უფრო სამართლიანი გახდა, დამსაქმებელს  უკვე სასამართლო დასაბუთებას ავალდებულებს, თუ  რატომ გაათავისუფლა ესა თუ ის ადამიანი სამსახურიდან. 
– დღეს როგორია შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები დამსაქმებელთა მიერ?
– ჩვენს რეალობაში, სამწუხაროდ, ბევრ დარღვევასთან გვაქვს კიდევ საქმე. ნაკლები შრომით დიდი მოგების შოვნის სურვილი ბევრ ხელმძღვანელს აქვს – ეს მიდგომა, ჯერ ვერ შეიცვლა.  იმის მიუხედავად, რომ შრომით ბაზარზე ბევრი რამ შეიცვალა,  დასაქმებულები მაინც ერიდებიან საკუთარი უფლებების დაცვას მაშინაც კი, როცა მათი პოზიცია მართალია. ეს ალბათ, იმით არის განპირობებული, რომ ჩვენთან ძალიან მაღალია უმუშევრობის  პროცენტი. მართალია,  სახელმწიფოს სტატისტიკის მიხედვით,  ეს რიცხვი შეადგენს 12,4 პროცენტს, თუმცა რეალურად, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია.  უმუშევრობის ასეთი მაჩვენებლის მიუხედავად, ჩვენ ყველას ვურჩევთ, რომ შრომითი ხელშეკრულების გარეშე, ან მის წაუკითხავად, როცა დაუდებენ ორ ფურცელს და ეტყვიან, აქ მომიწერე ხელიო, არ დათანხმდნენ არანაირ სამსახურზე. ეს არ არის სამართლიანი, ამით ყულფში ყოფთ თავს  და საკუთარი უფლებების დაცვის შანსს არ იტოვებთ.

скачать dle 11.3