რა იწვევს სმენისა და მხედველობის დაქვეითებას
ასაკის მატებას ახლავს სმენის დაქვეითება – ამას ფიზიოლოგიური სმენის დაქვეითება ეწოდება, რომელიც სმენის ნერვზე ასაკობრივი ცვლილებებისა და ნეიროეპითელის კვდომის გამო ვითარდება. ამ დროს სმენის სრული აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ სიყრუის შეჩერება – შესაძლებელი.
სმენის დაქვეითებას ბევრი დაავადება იწვევს. სმენის თანდათან დაქვეითებას ადამიანი პროგრესულ სიყრუემდე მიჰყავს. სრული სიყრუე არის როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. თანდაყოლილი სიყრუის მიზეზი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, ორსულობის პერიოდში გადატანილი ინფექციები, მიღებული მედიკამენტები და სხვა; სრული სიყრუე კი შეიძლება გამოიწვიოს ვირუსულმა ინფექციამ, დიდმა ხმაურმა, ოტოტოქსიკურმა პრეპარატებმა და ასე შემდეგ.
არის შემთხვევები, როცა ადამიანი ჯანმრთელი იძინებს, გამოღვიძების დროს კი ამჩნევს, რომ სმენა მკვეთრად დაქვეითებული აქვს. ამ დროს შიგნითა ყურში სმენის ნერვის ნეიროეპითელზე კვდომას იწყებს ნერვის დაბოლოებები და სრული სიყრუეც კი შეიძლება განვითარდეს.
სმენის ნაწილობრივი დაქვეითება ბევრი სახის შეიძლება იყოს, მაგალითად: ჩირქოვანი ანთების შემდგომი, ტრავმების შემდგომი, ოტოსკლეროზით გამოწვეული, ცხვირით სუნთქვის დარღვევის შედეგი და ასე შემდეგ. სრული სიყრუე კი ყოველთვის სმენის ნერვის პათოლოგიის შედეგია. სმენის ნერვული დაბოლოებები ძალიან მგრძნობიარე და სუსტია. მასზე ადვილად მოქმედებს ყველა ოტოტოქსიკური ფაქტორი, მაგალითად: მედიკამენტები, ხმაური, ინფექციები.
გაითვალისწინეთ, რომ სიყრუის პროფილაქტიკას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მის მკურნალობას.
რაც შეეხება მხედველობას, ფიზიკური გადაღლა, კომპიუტერთან და ტელევიზორთან დიდხანს ჯდომა, ალკოჰოლი, სიგარეტი, უძილობა – ეს ყველაფერი აზიანებს თვალებს და მხედველობაზე ნეგატიურად აისახება.
ასაკის მატებასთან ერთად მხედველობაც სუსტდება. თუ თქვენ მტკივნეულად რეაგირებთ შუქზე, თვალები გეცრემლებათ, სწრაფად გეღლებათ, უნდა ივარაუდოთ, რომ ორგანიზმში რაღაც დარღვევაა, არ გყოფნით ვიტამინების მარაგი და მიკროელემენტები.
მხედველობის შესუსტების დროს აუცილებლად უნდა შეიტანოთ კვებით რაციონში A, B1, B2, C და E ვიტამინების შემცველი პროდუქტები. უმჯობესია, ვიტამინები ნატურალური სახით მიაწოდოთ ორგანიზმს.
A ვიტამინს შეიცავს: ნესვი, სტაფილო, პომიდორი, სალათის ფურცლები, მწვანე ბარდა, ხახვი, ხაჭო, საქონლის ღვიძლი, კარაქი, ნაღები, ყველი.
B1 ვიტამინს შეიცავს: ბარდა, სოკო, ღვიძლი, თირკმელები, ნიგოზი, ბულგარული წიწაკა, ნიორი, ქათმის ხორცი, რძის მჟავე პროდუქტები.
B2 ვიტამინს შეიცავს: რძე, ყველი, ხაჭო, კვერცხი, საქონლის, ღორისა და ქათმის ხორცი, თევზი, ბარდა, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბანანი, მწვანე ხახვი, კამა.
C ვიტამინს შეიცავს: ასკილი, შავი მოცხარი, ქაცვი, ოხრახუში, კამა, კარტოფილი, კომბოსტო, ციტრუსები.
E ვიტამინს შეიცავს: სოია, სიმინდი, მზესუმზირის ზეთი, ხორბალი, შვრია, ჭვავი.
თუ გსურთ, წონაში დაიკლოთ, უარი თქვით მზისგან დამცავ მუქ სათვალეზე
ზაფხულში ორგანიზმს თავისი ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა შეუძლია და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა ჩვენგანმა. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა წელიწადის ამ პერიოდში არ მოითხოვს არც განსაკუთრებულ ძალისხმევას და არც დიდ ხარჯებს.
ეცადეთ, გაავარჯიშოთ გული და სისხლძარღვები ველოსიპედით სეირნობით. ვინც წელიწადის თბილ პერიოდში ყოველდღიურად სეირნობს ველოსიპედით, ინფარქტის რისკი ნაკლებია.
თუ გსურთ, წონაში დაიკლოთ, უარი თქვით მზისგან დამცავ მუქ სათვალეზე, რადგან, სუფთა ჰაერზე ჩატარებული სეზონური ფოტოთერაპიის დროს იკარგება დაახლოებით იმდენივე კალორია, რამდენიც სატრენაჟორო დარბაზში ერთი საათის განმავლობაში აქტიური ვარჯიშისას. ზაფხულში მოქმედებს ბევრი ისეთი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს წონაში დაკლებას, კერძოდ: ორგანიზმში აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი, ცხელ დღეებში უფრო სწრაფად ხდება ცხიმების დაწვა, შემცირებულია კუჭის წვენის გამოყოფა, რაც, შესაბამისად, დამთრგუნველად მოქმედებს მადაზე.
ყოველდღიურად მიირთვით დიდი რაოდენობით კენკროვნები. მათ შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავს კანის უჯრედებს მავნე რადიკალების გავლენისგან. შესაბამისად, აფერხებს სიბერის პროცესს და ორი-სამი თვის განმავლობაში მათი სისტემატური მიღების შედეგად სამი-ოთხი წლით გაახალგაზრდავდებით.
ზღვის მიკროკრისტალებს, რომლებიც ლაგდება კანის ზედაპირულ ფენებში, აქვს გამაჯანსაღებელი ეფექტი, რომელიც გრძელდება ზღვაზე დასვენების შემდეგაც, დიდი დროის განმავლობაში.
ცხელ ამინდში ადამიანის ორგანიზმი დღეში 3 ლიტრ სითხეს საჭიროებს. შემდგომში ეს სითხე გამოიყოფა ოფლთან ერთად, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის წიდებსა და მავნე ნივთიერებებს. დიდი რაოდენობით სითხის მიღება ასტიმულირებს განსაკუთრებულ ცილას, ეგრეთ წოდებული ეპიდერმული ზრდის ფაქტორს. ეს განსაკუთრებული ცილა, თავის მხრივ, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და აფერხებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.
ასევე, ზაფხულში ენდოკრინული სისტემა განსაკუთრებით აქტიურად გამოიმუშავებს სასქესო ჰორმონს, რომელიც აძლიერებს სექსუალურ აქტივობას.
კუჭის შეკრულობისა და თმის ცვენის დროს ჭინჭრის ფოთლების ნახარში გიშველით
ხალხურ მედიცინაში ახალი ჭინჭარი კარგ სამკურნალო საშუალებად მოიაზრება. ჭინჭრის ფოთლებში არის ვიტამინები, კაროტინი და ქლოროფილი. ის გამოიყენება ფილტვებიდან, საშვილოსნოდან და სწორი ნაწლავიდან სისხლდენის დროს. ამისთვის საჭიროა, დანაყოთ ახალი ჭინჭარი და წვენი გამოწუროთ. 20 წვეთი ჭინჭრის წვენი შეურიეთ 1 ყავის ფინჯან წყალს და მიიღეთ თითო სადილის კოვზი, დღეში 4-ჯერ.
ჭინჭრის ფოთლების ნაყენს აქვს შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო თვისება. ის, ასევე, აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას; რეკომენდებულია რევმატიზმის, ათეროსკლეროზის, ეგზემის, კუჭის შეკრულობის დროს; აგრეთვე, კარგია მისი ნახარშის გადავლება თმაზე თმის ცვენის ან ქერტლიანობის შემთხვევაში. ნაყენი მოამზადეთ შემდეგნაირად: 5 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში გაცივებამდე. თმის ცვენის შესაჩერებლად კი 100 გრამ წვრილად დაჭრილ ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ნახევარი ლიტრი ძმარი, ხარშეთ ნახევარი საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე და ამ ნახარშით საპნის გარეშე დაიბანეთ თმა.
ხშირად სვით
კაკაო და მიირთვით სოია
კაკაო იცავს ადამიანს კიბოსა და სიცოცხლისთვის საშიში სხვა ბევრი დაავადებისგან.
კაკაოში არსებული ანტიოქსიდანტების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება წითელ ღვინოში არსებულს. მიუხედავად იმისა, რომ კაკაოს ბევრი პროდუქტი შეიცავს, მაგალითად, შოკოლადი, უმჯობესია, თუ ამ ნუგბარის ნაცვლად ერთ ფინჯან კაკაოს მიირთმევთ. შედარებისთვის: შოკოლადში დიდი რაოდენობითაა ნაჯერი ცხიმი, კერძოდ, 40 გრამ შოკოლადის ფილაში ცხიმები 8 გრამია, ფინჯან კაკაოში კი – 0,3 გრამი.
თუ ყოველდღიურად სვამთ ფხვნილისგან დამზადებულ კაკაოს, ამით მნიშვნელოვნად შეამცირებთ ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და სისხლში ანტიოქსიდანტების შემცველობაც მოიმატებს.
დადგენილია, რომ კაკაოს მოყვარულები, ანუ, ის ადამიანები, ჩაიზე ხშირად კაკაოს რომ სვამენ, ნაკლებად ავადდებიან კიბოთი.
კლიმაქსის მოახლოებასთან ერთად, თანდათან მცირდება ეგრეთ წოდებული ქალური ჰორმონების – ესტროგენების რაოდენობა, რის შედეგადაც ბევრ ქალს უჩნდება კლიმაქსისთვის დამახასიათებელი ჩივილები: მომატებული ოფლიანობა, ალები, აგზნებადობა, ჭირვეულობა, კიდურებისა და ძვლების ტკივილი. საქმე ის არის, რომ ესტროგენები ძვლებში კალციუმის შემცველობას განსაზღვრავს. ამიტომ, როცა მათი სეკრეცია მცირდება, ძვლებიც უფრო სუსტი და იოლად მსხვრევადი ხდება, რასაც ოსტეოპოროზს უწოდებენ. ეს, ძირითადად, გამხდარ ქალებს ემუქრება, რადგან, მენოპაუზის დროს ცხიმოვანი ქსოვილი საკვერცხეების დანიშნულებას იძენს და ესტროგენების წყარო ხდება.
იმ ქალებს, რომლებიც ინტენსიურად მიირთმევენ სოიას, კლიმაქსის სტადიაში ოსტეოპოროზის საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ.
ჭარხალი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას, არაყი კი სისხლის მიმოქცევას აძლიერებს
ჭარხალი მდიდარია აქტიური ნივთიერებებით, ორგანული მჟავებითა და უჯრედისით. ამის გამო, ყაბზობის დროს მისგან დამზადებული სალათები თავისუფლად ცვლის კუჭში გამხსნელ მედიკამენტებს. ჭარხალი შეიცავს B, C და PP ვიტამინებს; მიკროელემენტებს – კალციუმს, კალიუმსა და მაგნიუმს, რაც მეტად საჭიროა ყველა ორგანოსა და უჯრედის ნორმალური მუშაობისთვის.
ჭარხალი, ასევე, უხვად შეიცავს რკინასა და კობალტს, რაც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში, გაციების დროს კი უებარია ნივრით შეზავებული ჭარხალი.
ჭარხლის შემადგენლობაში არსებული საღებავი ნივთიერებები ელასტიკურობას სძენს სისხლძარღვების კედლებს; აჩერებს სისხლძარღვთა სკლეროზის განვითარებას და ასტიმულირებს ღვიძლის მოქმედებას, ხოლო უჯრედისი აძლიერებს კუჭის სეკრეციასა და ნაწლავთა პერისტალტიკას. ანემიის დროს კარგია ჭარხლის, ბოლოკისა და სტაფილოს წვენების თანაბარი რაოდენობით მიღება.
გაციების დროს, ასევე, ეფექტურია ჭარხლის წვენისა და თაფლის ნარევი.
წითელი ჭარხალი ყველა ჩვენგანისთვის სასარგებლოა ნებისმიერი სახით, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვალი აწუხებს, რადგან ის მდიდარია იოდით; გარდა ამისა, მას შარდმდენი ეფექტი აქვს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას. ჰიპერტონიული დაავადების დროს, ჭარხლის წვენს შეურიეთ სტაფილოს ან ახალგამოწურული ვაშლის წვენი და სვით ყოველდღე.
აგრეთვე, სასარგებლოა ზოგიერთი ალკოჰოლიანი სასმლის მცირე დოზით მიღება. სამკურნალო თვისებები აქვს ღვინოს, ლუდსა და არაყს. მცირე დოზით მიღებული არაყი ააქტიურებს ორგანიზმს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, განაპირობებს ყველა ორგანოს სისხლით მომარაგებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის ორგანიზმში ნერვულ დაძაბულობას, ამაღლებს გუნება-განწყობას და დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს.