ვის ცოლად შერთვას აიძულებდა ალექსანდრე ყაზბეგს დედა და საიდან გამოიქცა ის
…ალექსანდრეს დედა – ელისაბედი (კეკე როგორც შინაურებში იწოდებოდა), კულტურული, ქართული მწერლობის მოტრფიალე და ოჯახის მოსიყვარულე ქალი ყოფილა. ალექსანდრე მშობლების ერთადერთი ვაჟი იყო… პატარაობაში ის არაჩვეულებრივ ფუფუნებაში იზრდებოდა. მასზე ერთდროულად ორი ძიძა და რამდენიმე გამზრდელი ზრუნავდა.
ელისაბედ ყაზბეგი იხსენებს: „ჩვენი ბიძა-ძალუის მისწრაფება სანდროს სწავლა-განათლებაზე სხვადასხვანაირი იყო. ბიძაჩემს გაგიჟებით უყვარდა ჩემი შვილი და ამას მხოლოდ იმით ამტკიცებდა, რომ ანებივრებდა და მეტად რყვნიდა თავის ერთადერთ მემკვიდრეს, თითქმის აღმერთებდა. ხშირად იტყოდა ხოლმე: ჩემმა ალექსანდრემ ოღონდ იცოცხლოს და, თუნდაც სულაც ნურას ისწავლის. რაც უნდა, ის ქნას, როგორც ესიამოვნება, ისე იცხოვროსო…”
ბავშვობაში სანდრო ცელქი და მოუსვენარი ბიჭი ყოფილა. ხშირად თანატოლებთან უსიამოვნებაც მოსდიოდა. რისთვისაც დედას „მოჩხუბარიძე” დაურქმევია. სანდროს ეს სახელი ძალიან მოსწონებია. ის მოგვიანებით იხსენებდა, რომ მასზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა ხალხის ცხოვრებიდან ამოღებული პატარა ამბები და ზღაპრები, რომლებსაც მეტწილად საყვარელი გამზრდელი უამბობდა. „შემიძლიან, სიამაყით გითხრა, შენს გაზრდილში თუ იპოვება რაიმე რიგიანი, ბავშვობიდანვე ჩანერგილი, ამის მიზეზი შენა ხარ, რომლისთვისაც გმადლობს წარმოუთქმელად შენი აკაკი მოჩხუბარიძე,” – ვკითხულობთ მწერლის ერთ-ერთ პირად წერილში. მწერლის თანამედროვენი იხსენებენ, რომ პატარა ალექსანდრე ძნელად ეგუებოდა გადაჭარბებულ ფუფუნებას. იგი ხშირად გარბოდა სახლიდან და დროს სოფლის ბიჭებთან ატარებდა. ,,მდაბალი ხალხი იმთავითვე, ბავშვობიდანვე უყვარდა, სული ბიჭებში მიუდიოდა და, ვგონებ, მიზეზიც იგივე იყო, რომ რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, დიდი ხნით ცხვრის სამწყემსურში გადავიდა…” – წერდა აკაკი წერეთელი.
შინაური მასწავლებლები ადრეულ ასაკში მიუჩინეს. 11-12 წლის ასაკში უკვე სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ და რუსულ ენებს. პატარა ალექსანდრე 1862 წელს მშობლებს ჰაკეს პანსიონში გადაუყვანიათ; 1863 წელს იგი თბილისის გიმნაზიაში განაგრძობს სწავლას როგორც მესამე კლასის მოსწავლე. 1865 წლიდან კი მშობლები ალექსანდრეს სასწავლებელში აღარ გზავნიან, რადგან, დიდთოვლობის გამო ოჯახმა ხევიდან თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა. პატარა ალექსანდრე თურმე ძალიან განიცდიდა სწავლას რომ მოსწყდა, მაგრამ, იძულებული გახდა, ბედს შერიგებოდა. ერთი წლის შემდეგ მშობლებმა გადაწყვიტეს, სასწავლებელში აღედგინათ, მაგრამ, ეს შეუძლებელი გახდა.
1866 წელს ალექსანდრე ყაზბეგს მამა გარდაეცვალა. ამ დროს ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა... „უბედურება მოჰყვა უბედურებას და შუა ზაფხულში გარდაიცვალა მამა ჩემი! გარდაიცვალა იმ დროს, როდესაც შინ ერთი გროში არა გვქონდა, გარდა იმ ათის თუმნისა, რომელიც მე ჩავუტანე იმ უბედურს სიკვდილის წინა დღით და რომელიც იყო ნაყოფი პირველი ჩემის ოფლისა.” მთელი ხევი შეყრილა მიხეილის დაკრძალვაზე. სესხად აღებული ფულიდან 1 350 მანეთი მიცვალებულს მოხმარდა. ოჯახისთვის მოვლა-პატრონობა ახლა ალექსანდრეს უნდა გაეწია, ისე კი უმაღლესი განათლების მიღებაზე ოცნებობდა. დედა ცდილობდა, სასწრაფოდ დაექორწინებინა შვილი... „ეს მოხდა გაზაფხულზედ, როდესაც დედიჩემის ძმის წიგნი მომივიდა, რომ იმასა ვწვეოდი ცოტას ხნით ქართლში. ჩემი იქ წასვლა დედიჩემის სურვილიც იყო, რადგანაც იმას უნდოდა, რომ უეჭველად ცოლი შემერთო. როგორც თქვენ მოგეხსენებათ, მამაჩემს დიდი სიმდიდრის ხმა ჰქონდა დავარდნილი და ამის გამოისობით მდიდარ სანატრელს საცოლედ მიყურებდნენ ქართლში, სადაც მე მივედი ჩქარა ბიძაჩემის დაპატიჟების შემდეგ.” ბიძის ოჯახში ალექსანდრეს წინასწარ შერჩეული ქალი გააცნეს და დაჟინებით მოსთხოვეს მისი ცოლად შერთვა. მეორე დილით ალექსანდრე მხლებელ ბიჭთან ერთად გაპარულა მასპინძლის ოჯახიდან და საბოლოოდ გადაუწყვეტია რუსეთში წასვლა. 18 წლისა იგი უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გაემგზავრა. მოსკოვში მწერალს მატერიალურად მეტად შეზღუდულ პირობებში უხდებოდა ცხოვრება. ის სამეურნეო აკადემიის სტუდენტი გახდა და მთელი მონდომებით შეუდგა სწავლას. ,,ქვეყანაზედ აღარაფერზედ ვფიქრობ, გარდა ჩემს სწავლაზედ”, – სწერდა იგი დედას. სასწავლებელი მომავალი მწერლის მისწრაფებას მაინცდამაინც ვერ აკმაყოფილებდა... და, ისევ უკან დაბრუნებულა... სულ რამდენიმე დღე დარჩა მწერალი პეტრეს ქალაქში, საგულდაგულოდ დაათვალიერა ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი და ისევ მოსკოვში დაბრუნდა. იქ ხელმოკლედ ცხოვრობს, რადგან ფულს ვერ აწვდიდნენ ოჯახიდან. წერილებში დედა სთხოვდა ,,ნაკლებ ხარჯვას.” ყაზბეგი კი თავს იმართლებდა და არწმუნებდა მშობელს, რომ მეტი მომჭირნეობა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. … „ოცდახუთი მანეთი სადილი და ოთახი, ხუთი მანეთი ჩაი და შაქარი, სამი მანეთისა სანთლები, თვეში ორი მანეთი წაღებისათვის უნდა გადაიდოს, ერთი თუმანი წიგნები. დარჩა ხუთი მანეთი. ეგეც ან ბულკს იყიდი, ან რძესა. აბა რაღა რჩება, ერთი მითხარი? “ – ვკითხულობთ მის ერთ პირად წერილში.
ალექსანდრე ყაზბეგი 1870 წელს დაბრუნდა სამშობლოში ისე, რომ უმაღლესი სასწავლებელი არ დაუმთავრებია. სამშობლოში მობრუნებული ალექსანდრე, ხალხის ყოველდღიური ყოფის ზედმიწევნით შესწავლის სურვილით, მთაში წავიდა მწყემსად. მწერალმა ამ არჩევნით უარი თქვა მამა-პაპის მიერ ნაცად გზაზე და თანამდებობრივ კარიერაზე. ,,მე-18… წელს გადავწყვიტე, მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიში და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლად თან სდევს. მე თვითონ, როგორც მთის კაცს, მყვანდა რამოდენიმე ცხვარი, ცოტაოდენი კიდევ ზოგიერთს მიწებში გაცვლით მოვაგროვე, მივუმატე ჩემს ფარას, ავიღე ჯოხი და თოფი და ამგვარად შევიქენ მწყემსი“... მისმა პირველმა ნაბიჯმა ყველა გააოცა, დაიწყო მითქმა-მოთქმა და გაუთავებელი საყვედურები ახლობლებისაგან. მაგრამ თავისი არჩევნით ყაზბეგმა მიზანს მიაღწია – უამრავი მასალა დააგროვა მოთხრობებისთვის, მაგალითად, ამ გზაზე მწერალმა მრავალი დაცინვა და დამცირება გადაიტანა, მაგრამ პრინციპულობა, უკომპრომისობა, ენერგიულობა გამოამჟღავნა. მთაში გატარებული შვიდი წელი მეტად ნაყოფიერი გამოდგა. მწერალი, სხვა მრავალთან ერთად, სიამოვნებით იხსენებს მთაში მატყლის საყიდლად ასულ ფრანგებთან შეხვედრის ეპიზოდს: „მე ვლაპარაკობდი ფრანცუზულს. გულმა ვეღარ გამიძლო და ამისთვის ვუპასუხე: მთაში ძალიან ბევრია ცხვარი, ხალხი თითქმის ამით ცხოვრობს, მატყლს კი აქვე ყიდულობენ სომეხი ვაჭრები-მეთქი.” უცხოელები გაოცდნენ, უბრალოდ ჩაცმულ-დახურული მწყემსი ფრანგულად მოლაპარაკე რომ ნახეს, ალექსანდრე კი მათ არწმუნებდა, რომ აქ, მთაში, ყველა მწყემსი მასზე უკეთესად ფლობდა ფრანგულს. ბუნებრივია, ეს უწყინარი ხუმრობა თავისი ხალხის ავტორიტეტის ასამაღლებლად დასჭირდა ყაზბეგს. ,,თუ ჩემს ნაწერებს კითხულობს ვინმე, თუ პოულობს იმაში რასმე გულის გასართობს, თუ არა სწყინდება და ბოლომდე ჩადის, ყველა ამის მიზეზი ჩემი წარსულია, ჩემი მეცხვარეობა,” – ასე შეაფასა მწერალმა მეცხვარეობის წლები.
1873 წელს ყაზბეგი თავს ანებებს ხევს და მუდმივ საცხოვრებლად თბილისში გადმოდის. ამის შემდეგ ალექსანდრე იშვიათად ჩადის მშობლიურ კუთხეში. ამ მომენტიდან მის ცხოვრებაში იწყება ახალი ხანა. იგი თბილისში ცხოვრობდა ჯერ რუსთაველის პროსპექტზე, იმ შენობაში, რომელშიც მოთავსებული იყო გაზეთ „დროების” რადაქცია, ხოლო შემდეგ იმავე უბანში, სასამართლოს ქუჩაზე...
რამდენიმე წლის შემდეგ მწერალი სულიერად დაავადდა. დიდი ხნის ტანჯვისა და წვალების მერე იგი სულით ავადმყოფთა სახლში მოათავსეს, სადაც ერთი წლის განმავლობაში მკურნალობდა, მისი ნაწერები კი ტომებად გამოდიოდა და მკითხველების გულებისკენ მიიკვლევდა გზას. მოვიდა გასაოცარი დიდება და აღიარება. ვალერიან გუნიას მწერლისთვის ერთ-ერთი გამოცემა მიუტანია საავადმყოფოში. თურმე, ბავშვური სიხარულითა და აღტაცებით ჩაჰყურებდა დიდი პროზაიკოსი სისხლითა და ნაღველით ნაწერ სტრიქონებს და ბედნიერების ცრემლმა იწვიმა მისი თვალებიდან, როცა წიგნის ყდაზე თავისი სურათი დაინახა...
სიცოცხლე 1893 წლის 10 დეკემბერს დაასრულა.
ნაწყვეტი დავით მესხის წიგნიდან – „მოგონებანი:”
„...ჩვენს პრესასა და საზოგადოებაში ამ მწერლის თაობაზე ატეხილი განგაშის გამო, აქ ორიოდე სიტყვა მეც უნდა ვთქვა.
ჯერ იმ ხანებშიც, როცა ყაზბეგი რედაქციაში ჩვენთან ერთად მუშაობდა, კანტიკუნტად ხმა გაისმოდა, რომ მისი ნაწერები იმის ბიძაშვილს, დიმიტრის ეკუთვნის, რომ ამ დიმიტრის სიკვდილის შემდეგ სანდრომ ეს ნაწერები ხელთ იგდო და თავისად ამზეურებსო… ეს ხმები შეთხზული ჭორებია, ამის მოწმედ, სხვათა შორის, მეც გამოვდგები.
ვფიქრობ, ეს ხმები იმითაც უნდა იყოს გამოწვეული, რომ ალ. ყაზბეგი ჩვენს მწერლობას უეცრივ, გრიგალივით მოევლინა: იგი არც ისე ახალგაზრდა იყო, მთიდან რომ ჩვენს ლიტერატურულ წრეში ჩაება. მაშინდელ ამ წრეს არც უნახავს, არც რამ სმენია და, უეცრივ, ოციოდე დრამატიული ნაწერები ჩამოიტანა და ზედიზედ მოთხრობებიც მიაყოლა…
ეს ეჭვები უნიადაგო და უფხოა იმათთვის, ვინც ყაზბეგის ყოველდღიური მუშაობის მოწმენი ვიყავით...
მე და სანდროს საცხოვრებელი ბინაც რედაქციაში გვქონდა და, აი, სწორეთ ამ დროს დაიწერა და დაიბეჭდა კიდეც „ელისო“, „ელგუჯა“ და სხვა.
ფარატინს ფარატინზე აჭრელებდა თავისი დიდი მოთხრობებისას და ასეთი ნაწყვეტები სტამბაში ხშირად გადაუკითხავადაც იგზავნებოდა. ხშირად ვეტყოდით ხოლმე:
– სანდრო, კაცო, არ დაგვღუპო, მოთხრობა მალე არ გაათავო!..
– რა გინდათ, რა ვქნა! თუ ამას არ მოვრჩები, სხვას ვეღარ დავიწყებ! – იტყოდა ხოლმე.
დილით ძილი უყვარდა, გაღვიძებული ლოგინში ნებივრობდა და თავის ცუცქნა მაიმუნს – ჟაკოს ეალერსებოდა. ჟაკო მუდამ უბეში ჰყავდა, წერის დროსაც. ხანდახან აცმუკდებოდა, ატყდებოდა, სტაცებდა თათს დაწერილ ფარატინს, ანაკუწებდა და სანდროს ხელახლა უხდებოდა დაწერა.
აღარ ვიცი – რა მახსოვრობისა უნდა ყოფილიყო, რომ იმოდენა ტანის მოთხრობა-რომანები გაეზეპირებინა – თუკი ისინი მართლა სხვას ეკუთვნოდა...“