რატომ არ არის მეგობარი ქალი სანდო და როდის გადაიქცევა ის მტრად
შეიძლება თუ არა, ერთი მოღალატე ქალის ნაცვლად მეორე ქალი გრძნობდეს სირცხვილს? სანამდე შეიძლება უერთგულო ადამიანს, რომელიც ამას არ იმსახურებს? უნდა არსებობდეს თუ არა საზღვრები მეგობრობაში? ვინ შეიძლება გამოიყენოს თქვენი ერთგულება ბოროტად? ხარ თუ არა მოღალატე შენც, როცა შენი ყველაზე ახლობელი მეგობარი ღალატობს მეუღლეს? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ არის ადვილი და, შეიძლება, მტკივნეულიც იყოს...
მაკა (35 წლის): თურმე, საზღვარი ყველაფერს უნდა ჰქონდეს, ამის გარეშე შეუძლებელი ყოფილა ნორმალური ცხოვრება. ძალიან შევცდი, როცა ჩემი და ჩემი დაქალის მეგობრობა უკიდეგანო მეგონა. სწორედ ამ მცდარმა მოსაზრებამ ჩამაგდო არათუ უხერხულ, არამედ ძალიან რთულ მდგომარეობაში. ორცეცხლშუა ვარ: ერთ მხარეს არის ჩემი შინაგანი ბუნება და ხასიათი, მეორე მხარეს კი ის გრძნობა, რომელიც ჩემს დაქალთან მაკავშირებს. აქვეა ჩემი ქმარიც, რომელიც საერთოდ ვერაფერს ხვდება და, კიდევ კარგი, რომ ასეა.
– რატომ? თქვენი ქმარი ჩადგა თქვენ შორის?
– არა, ასე არ არის. მადლობა ღმერთს, რომ ჩემმა დაქალმა რომანი მასთან არ გააბა, რაც, თურმე, შესაძლებელი იყო... არ გეგონოთ, რამეს ჩემი ფანტაზიით ვთხზავდე და ვიგონებდე. თავად ჩემმა დაქალმა მითხრა, გაცხარებული კამათისას – გაგიმართლა, რომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი, რომელმაც სიცარიელე შემივსო, თორემ, ქმარს აგახევდიო. ამას რომ შენი ბავშვობის მეგობარი პირში მოგახლის, თანაც – გათხოვილი ქალი... იმდენი წელია, ვმეგობრობთ და, თურმე, საერთოდ არ ვიცნობდი. ვნანობ, რომ არაფერს ვუმალავდი და ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი იცოდა... არცერთი ნორმალური ქალი არ მოიქცევა ასე.
– ქალებს შორის ამ ტიპის მეგობრობა ჩვეულებრივი ამბავია.
– დიახ და პრობლემაც ეგაა. როგორ შეიძლება, შენი ძალიან პირადი და ინტიმური ანდო უცხო ადამიანს – დაქალიც უცხოა, აბა, რა არის? ამ ჭეშმარიტებამდე მწარე რეალობამ მიმიყვანა. სხვათა შორის, როცა გავთხოვდი, ჩემს ქმარს არ მოსწონდა ჩვენი ასეთი „მჭიდრო“ მეგობრობა.
– რას გულისხმობთ ამ მოწონებაში?
– ყველაფერს როგორ ეუბნებიო.... რა წესია ცოლ-ქმრის ურთიერთობის ასე გასაჯაროებაო. დაიტოვე რაღაც შენთვის. მესმის, რომ ძალიან დიდი ხანია, მეგობრობთ, იმ დროიდან, სანამ მე გავჩნდებოდი შენს ცხოვრებაში, მაგრამ, ერთხელაც, ინანებ შენს ზედმეტ გულახდილობასო...
– თქვენი მეგობარი უფრო ადრე გათხოვდა თუ თქვენ?
– ის. მე ძალიან დიდ ხანს ვერ ვაკეთებდი არჩევანს ორ მამაკაცს შორის. ერთი თითქმის საქმროსავით იყო. მან არ იცოდა, რომ პარალელურად სხვასაც ვხვდებოდი. ცუდს არაფერს ვაკეთებდი, მხოლოდ საკუთარ გრძნობებში გარკვევა მინდოდა, რომ არჩევნის გაკეთებაში არ შევმცდარიყავი. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ინტიმური სიახლოვე არცერთთან არ მქონია. მაინც მქონდა უხერხულობის განცდა ჩემი საქმროს მიმართ და ამიტომ ვუმალავდი მეორე თაყვანისმცემლის არსებობას. ჩემმა დაქალმა ყველაფერი იცოდა. ყველაფერს ვუყვებოდი, აბსოლუტურად. ჩემთვის არაფერს ვიტოვებდი, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. ცუდად შემომიბრუნდა ჩემი გულახდილობა. როგორც ვთქვი, ჩემი დაქალიც გათხოვილია. ჩემზე ადრე გათხოვდა და შეარჩია კაცი, რომელიც უზრუნველ ცხოვრებას შეუქმნიდა – ეს მისი სიტყვებია. მაშინ ასე მითხრა: მე ჭკვიანი ვარ. სიყვარული პრობლემებს გვიქმნის. რად მინდა, შევიყვარო და მერე ვინერვიულო? სტაბილური, გაწონასწორებული, მშვიდი და შემდგარი ადამიანი მჭირდება, რომ ჩემი ყველა სურვილი დააკმაყოფილოსო. ჰოდა, იპოვა კიდეც ასეთი. მართლა ძალიან კარგი ადამიანია. მე ახლა მეცოდება ის კაცი, ნამდვილად არ იმსახურებს იმას, რომ ცოლისგან რქებდადგმულმა იაროს. როცა ჩემმა დაქალმა სერიოზულად დაიწყო შეხვედრები თავის თანამშრომელთან, მაშინვე მითხრა: რა ვქნა, კარგი ქმარი მყავს, მაგრამ, უკვე რვა წელია, სულ ერთი და იგივე მომწყინდა. ქალი ვარ და ემოციები, შთაბეჭდილებები მჭირდება, სხვანაირად მოვკვდები... ოცდათექვსმეტი წლისა ვერ დავასრულებ აქტიურ არსებობას. უნდა ვიცოდე, რომ ჩემით მამაკაცები ისევ იხიბლებიან, ისევ ვაღელვებ მათ... მხოლოდ ვიმეგობრებ – ზოგჯერ ყავას დავლევთ ერთად და ესეც მეყოფაო... არ აღვფრთოვანებულვარ მისი ამ განცხადებით, მაგრამ არც ჭკუა დამირიგებია. რა შენი საქმეა-მეთქი, საკუთარ თავს ვუთხარი და, ცხადია, საიდუმლო შევუნახე.
– დაიჯერეთ, რომ მარტო მეგობრობით შემოიფარგლებოდა?
– არა, რა თქმა უნდა. იმიტომ კი არა, რომ მის უზნეობაში ვიყავი დარწმუნებული – მანამდე მსგავსიც კი არაფერი შემიმჩნევია, მაგრამ, როცა მიყვებოდა იმ ტიპზე, თვალები ისე უელავდა, მივხვდი, ორივე ფეხით იყო გაბმული. ორი კვირაც არ იყო გასული, რომ სახლში მომადგა. გაწეწილი, სახეარეული; პერანგის ღილები აქა-იქ უსწორმასწოროდ ჰქონდა შეკრული... სამაგიეროდ, სახე უცინოდა და, პირველი, რაც მითხრა, იყო – ახლა ისეთი სექსი მქონდა, მთელი ჩემი ცხოვრება ღირდა ამადო. ლამის ენა ჩამივარდა. არ ვიცოდი, რა მეთქვა. შენ ახლა უნდა გამომადგე – ჩემი მფარველი უნდა გახდე და ყველაფერი გააკეთო, რომ ეს ამბავი ჩემი ქმრის ყურამდე არ მივიდეს. როცა საყვარელთან ვიქნები, მესიჯით გაგაფრთხილებ, ქმარს კი ვეტყვი, რომ შენთან ერთად ვარ და არ უნდა გამამხილოო. არ ვარ ბუნებით მატყუარა ადამიანი და ასეთი ბინძური თამაშები ჩემთვის ტანჯვაა. თან, პირველ ხანებში დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს დაქალს ეს ეიფორია გაუვლიდა და მერე სინდისი საშინლად შეაწუხებდა, მაგრამ, შევცდი. რა წუხილი და რის დეპრესია! ბედნიერება იპოვა ქალმა. ქმარიც უნდა – კარგი ცხოვრება რომ ჰქონდეს და საყვარელიც – ხორციელი სიამოვნებისთვის. მე კი შარში ვარ. აღარ შემიძლია, თან მისი ქმარი მეცოდება. ლამის გული ამერიოს, როცა ვხედავ, როგორ თამაშობს ერთგულებას ეს ქალბატონი. გავბედე და ვუთხარი – ძალიან ცუდად იქცევი და მეც მრევ ამ ამბავში-მეთქი. გაცოფდა – შენი თავი ჩემზე პატიოსანი ხომ არ გგონია, ზუსტად ისეთივე ხარ, როგორიც მეო და ის ამბავი გამახსენა, როცა გათხოვებამდე ჩემს ქმარს და იმ მეორე თაყვანისმცემელს ვხვდებოდი. როცა ვუთხარი, ეს რა სალაპარაკოა, მე მაშინ არ ვიყავი გათხოვილი და, შესაბამისად, არც ამდენი პასუხისმგებლობა მქონდა-მეთქი. მიპასუხა – რა მნიშვნელობა აქვს, ხომ ატყუებდიო. მერე დამემუქრა: შენი მტერი გავხდები. ისე მოვუყვები შენს წარსულს შენს ქმარს, მშვიდად ნამდვილად ვერ დაიძინებო. ჩემი ქმარი ისედაც ძალიან ეჭვიანია. თან, ხომ არ ვიცი, როგორ შეალამაზებს მაშინდელ ამბავს ჩემი დაქალი? დარწმუნებული ვარ, საზიზღრობებს ჩაუმატებს და ახლა ამიტომ ვარ იძულებული, ხელი დავაფარო მის გარყვნილებას. არადა, ძალა აღარ შემწევს, გულ და სინდისდამძიმებული დავდივარ... როგორ ვნანობ, რომ ასე ახლოს ვიყავი მასთან. უარესი ის არის, რომ დაწვრილებით მიყვება თავისი პაემნების ამბავს საყვარელთან. მეც ღალატის თანამონაწილე გამხადა და ძალიან მრცხვენია.