იპოვე შენი ბედნიერება
უნდა დაიჯეროთ, რომ ყველა თავადაა საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი. ამისი რწმენა საშუალებას მოგცემთ, ზუსტად განსაზღვროთ პრიორიტეტები და გზა, რომელიც დასახულ მიზნამდე მიგიყვანთ. ცხოვრებაში არაფერია შეუძლებელი. მთავარია, რაღაც ძალიან მოინდომოთ. კონცენტრირებულად იფიქროთ მასზე, ხოლო თუ წარმატება დააგვიანებს, ამაში არავინ დაადანაშაულოთ. ეს სიკეთეს არ მოგიტანთ. უმჯობესია, დაფიქრდეთ იმაზე, სად დაუშვით შეცდომა და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოასწორეთ ის.
ცუდია, თუ ისეთი საქმით ხართ დაკავებული, რომელიც არ გიყვართ და არ მოგწონთ. ეს შეუმჩნეველი, თუმცა სერიოზული სტრესია. ხუმრობა იმაზე, რომ მუდმივად არ გიმართლებთ, სულაც არ არის კარგი. ამით საკუთარ თავს წარუმატებლობისკენ განაწყობთ.
საყვარელი საქმის კეთება უკვე ბედნიერებაა... ბედნიერებაა სტაბილური გარემო, გვერდით საყვარელი ადამიანები. მართლა ძალიან ბედნიერი იქნებით, თუკი იპოვით საკუთარ თავს საქმესა და ცხოვრებაში. რას ნიშნავს ეს? – აკეთეთ თქვენი საქმე ხალისითა და ენთუზიაზმით. შეეცადეთ, იაროთ წინ და მუდმივად ვითარდებოდეთ. დააფასეთ ის, რაც უკვე გაქვთ – ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გაუკეთეთ რაღაც კარგი საყვარელ ადამიანებს და იმათ, ვისაც ეს მართლა სჭირდება.
და კიდევ... ბედნიერებაა, როცა ხვდები, რომ გელოდებიან, ენატრები და უხარიათ შენი წარმატება.
ბედნიერებაა, როცა გიყვარს და უყვარხარ.
ენდე, მაგრამ
შეამოწმე...
რა უნდა ქნათ, თუკი თქვენი და თქვენი ქმრის ურთიერთობაში ყველაფერი წესრიგში არ არის... შიშობთ, რომ ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი დასრულდეს. ხანმოკლე განშორებაც კი, ასეთ დროს შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. არსებობს პრობლემის მოგვარების ორი გზა. პირველი შედარებით მარტივია და ბევრი ქალი მიმართავს. თუმცა, ფსიქოლოგები მას გაუმართლებლად მიიჩნევენ. რა არის ეს? – მუდმივი და დაჟინებული კონტროლი: როცა ყოველდღე ურეკავთ და მოითხოვთ, თქვას, სად არის და რას აკეთებს. საღამოს კი დაწვრილებით გამოჰკითხავთ, რით იყო მთელი დღე დაკავებული. ასევე, უგზავნით და უგზავნით მესიჯებს... გაუფრთხილებლად შეუვლით ხოლმე სამსახურში. გაფრთხილებული გყავთ მეგობრები, რომ ყურადღებით ადევნონ თვალი მის გადაადგილებებს. მაგრამ, გაითვალისწინეთ – ტოტალური კონტროლით არცერთ მამაკაცს არ გაუძლიერდება თბილი გრძნობები ცოლის მიმართ. პირიქით, დიდი ალბათობით, მასში გამოიწვევთ აგრესიას და გაუცხოებას. როგორც არ უნდა მოინდომოთ, ქმარს ქალთა სქესისგან იზოლაციაში ვერ მოაქცევთ.
რაც შეეხება მეორე გზას – რთულია, მაგრამ გაცილებით ეფექტური. დაგჭირდებათ ფანტაზია და მოთმინება. აჩუქეთ ქმარს განსხვავებული და დაუვიწყარი ღამე. გაემგზავრეთ სადმე სრულიად მოულოდნელად. იყავით ზოგჯერ მხოლოდ საკუთარი თავით დაკავებული, ზოგჯერ კი ქმარს მისი საყვარელი კერძი მოუმზადეთ, ისე, რომ წინასწარ არაფერი უთხრათ.
შეიცვალეთ ჩაცმის სტილი, თმის ფერი, ვარცხნილობა... გაფანტული მზერა, ღიმილი არაფრის გამო – ეს ის ინტრიგაა, რომელზეც ქმარი წამოეგება. თავი მოაჩვენეთ, რომ ენდობით. ჩუმად კი შეამოწმეთ – ფრთხილად და შეუმჩნევლად...
როცა ის დუმს...
კაცების უმრავლესობას არ უყვარს ლაპარაკი – ეს ნორმალურია. მაგრამ, არის შემთხვევები, როცა მამაკაცი საერთოდ მუნჯდება. დილით თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, აი, სამსახურიდან მოსული კი ხმას არ იღებს, სიტყვას არ ძრავს. ცოლების დიდი უმრავლესობა ასეთ დროს შფოთავს, ნერვიულობს და ყველა საშუალებით ცდილობს, ქმარი აალაპარაკოს. ასეთ დროს კი, არცთუ იშვიათად, მამაკაცები უხეშობენ, რის შედეგადაც კი, შეურაცხყოფის ნიაღვარი იღვრება და ჩხუბი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, რაც ნელ-ნელა ანგრევს ურთიერთობას.
ეს რომ არ მოხდეს, მოიქეცით მარტივად – გაჩუმდით და აცადეთ, სანამ თავად ალაპარაკდება, ანუ, გაუჩნდება სურვილი, მოგიყვეთ იმის შესახებ, რამაც „დაამუნჯა“. თუ მოთმინებით აღიჭურვებით, ეს აუცილებლად მოხდება.
ზოგჯერ მამაკაცის დუმილის მიზეზი შეიძლება უფრო რთულიც იყოს. ეს მისი კომპლექსებია, რომლებიც ხან ბავშვობიდან მოდის, ხანაც – ვერდავიწყებული წყენიდან. კიდევ, შეიძლება, ნაწყენი იყოს იმაზე, რომ ჯეროვნად ვერ დააფასეს მისი შესაძლებლობები. ერთი სიტყვით, აუცილებელია, კარგად დაფიქრდეთ, გააანალიზოთ სიტუაცია და მაშინვე არ ინერვიულოთ იმაზე, რომ, რადგან ჩუმადაა, ესე იგი, თქვენ აღარაფერში სჭირდებით.
თქვენი მამაკაცი აუცილებლად გაიხსნება, თუკი დაინახავს, რომ თქვენ მისთვის ყველაზე, ყველაზე ახლობელი ხართ, მაშინვე ზედაპირზე ამოიტანს სიღრმეში დამალულ ტკივილს და გაგანდობთ.
დაანახვეთ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება – ეს გაჭრის!
კრიზისი? – იქნებ
ადრეა?!
კრიზისული პერიოდები ყველას გვაქვს. ამაში რთული არაფერი იქნებოდა, დროულად ამოცნობა და სათანადოდ მომზადება რომ შეგვეძლოს მასთან გასამკლავებლად. თუმცა, თუკი ყურადღებით ვიქნებით, კრიზისსაც დავძლევთ და ცხოვრებას უკეთესობისკენ შევცვლით...
* დაიწყეთ იმით, რომ მოახდინეთ სრული კონცენტრირება საკუთარ შეგრძნებებზე. ნახეთ, ხომ არაფერი შეიცვალა თქვენ შიგნით: მოუსმინეთ შინაგან ხმას – ის სიმართლეს გეტყვით.
* დაფიქრდით, რა არის ის, რაც თქვენ ბედნიერებას განიჭებთ. აი, სწორედ ეს გახლავთ მთავარი ფასეულობა, ამიტომ, ძალიან გაუფრთხილდით.
* გაიხსენეთ, რა სიძნელეები გქონიათ ცხოვრებაში და როგორ ძლევდით მათ: ვინ გყავდათ გვერდით, ვინ გეხმარებოდათ – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.
* დაფიქრდით იმ ყველაფერზე, რაც უკვე გაგიკეთებიათ. კიდევ რისი გაკეთება გინდათ? კიდევ რომელ სფეროში სცდიდით ბედს და მოახდენდით თქვენი შესაძლებლობების რეალიზებას? როცა ჩამოყალიბდებით, აღარ გადადოთ ხვალისთვის, მაშინვე შეუდექით საქმეს.
* იფიქრეთ მომავალზე – ეს აუცილებელია, რადგან ცხოვრების ყოველ ეტაპს ახალი მიზანი სჭირდება, მთავარია, სწორად განსაზღვროთ ის. ეს კარგი სტიმულია წინსვლისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.