კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გამოდიან მლოცველები ეკლესიიდან გაღიზიანებულები და აფორიაქებულები და რატომ არ აქვს მათ ეკლესიაში ყოფნას არანაირი შედეგი

სულიწმიდის ნაყოფში სიმშვიდე რიგითობით მესამეა, სიყვარულისა და სიხარულის შემდეგ. თუ ადამიანს ექნება სიყვარული, აქედან გამომდინარე, ექნება სიხარულიც და, სიყვარულისა და სიხარულის შემდეგ მასში უკვე სიმშვიდე დაისადგურებს. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – მაცხოვარი ბრძანებს: ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მე მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. ანუ ჩვენ უფლისგან უნდა ვისწავლოთ სიმშვიდე, რომელიც გამოხსნას აღასრულებს უდრტვინველად. ჩვენი საქმე, საერონი ვიქნებით თუ სასულიერონი, უნდა ავასრულოთ სიმშვიდით. სიყვარულითა და სიხარულით უნდა იყოს სავსე ჩვენი მოღვაწეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენში დაისადგურებს სიმშვიდე. ვისაც უნდა სიმშვიდე, უნდა იყოს უფალთან, იცხოვროს უფლის მცნებებით, სხვანაირად ის მშვიდი ვერ იქნება. აყალმაყალი, მრისხანება, ბოროტება და აურზაური ბოროტისგან მოდის, ხოლო სიმშვიდე, სიყვარული, მოწყალება, ყოველგვარი სიკეთე – უფლისგან. არჩევანი კი ჩვენზეა, იქ უნდა ვიყოთ, სადაც გვინდა. დღეს ბევრს აქვს დაკარგული სიმშვიდე, ისინი მოდიან ეკლესიაში, რომ დამშვიდდნენ. ბევრი ამას ვერ ხვდება და სხვადასხვა ხერხს მიმართავს სიმშვიდის მოსაპოვებლად. უჭირთ არსებული რეალობის აღქმა, არსებული პრობლემების აღიარება, მასთან ბრძოლა. ვერ გაუგიათ, როგორ გადაიტანონ ეს ყველაფერი და როგორ შეებრძოლონ. დღეს ბევრი „დონკიხოტია” ჩვენ ირგვლივ, რომელბმაც არ იციან, როგორ ებრძოლონ ბოროტებას. ადამიანმა საკუთარ თავში უნდა მოიპოვოს სიმშვიდე, სიყვარული და შემდეგ მიხვდება, როგორ უნდა მოიქცეს. მთელი მსოფლიო შედგება სახელმწიფოებისგან, სახელმწიფოები –  ქალაქებისგან, ქალაქები – ოჯახებისგან, ოჯახები – ადამიანებისგან. თუ არ იქნება მშვიდობა, არასად არ იქნება სიმშვიდე, არც ოჯახში, არც ქალაქებში და არც ქვეყნებში. დაწყნარდება ადამიანი – დაწყნარდება სამყარო, ფლორა და ფაუნა. დღეს თუ რამე ხდება, ეს არის ადამიანის შფოთვა, შიში, განშორება უფლისგან, არასწორი ცხოვრების წესი, რითაც მან დააზიანა საკუთარი თავი და შემდეგ – ირგვლივ ყველაფერი. არის მოჩვენებითი სიმშვიდე, როდესაც ადამიანი თითქოს მშვიდად გამოიყურება. ამ დროს ცოდვები ადამიანში მიჩუმებულია, მაგრამ, საკმარისია, მის პირად ღირსებას შეეხო, შენიშვნა მისცე, მისი ცოდვები მაშინვე მის სახეზე გამოჩნდება და მიხვდები, რომ მისი სიმშვიდე მოჩვენებითი იყო. მშვიდად არის ის, ვინც განშორებულია ბოროტებისგან, ეკლესიურად ცხოვრობს, აღსარებას ამბობს, ეზიარება, მადლმოსილია. ასეთ პიროვნებას რაც არ უნდა უთხრა, არ გამოვა წყობიდან, მაინც სიმშვიდეს შეინარჩუნებს. რა თქმა უნდა, ადამიანი ვერ იქნება მშვიდად, როდესაც მის სარწმუნოებას ებრძვის ვინმე, როცა მის ქვეყანაში არ არის სიმშვიდე. როცა საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას ეხება ეს ყველაფერი, მას ებრძვის ვინმე, რა  თქმა უნდა, ვერ ვიქნებით მშვიდად. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, სად და როდის არის სიმშვიდე საჭირო და, როდის – იარაღის ხელში აღება.
– ბევრი სწორედ ჩხუბით, ხშირად ბილწსიტყვაობითაც კი ცდილობს სარწმუნოების, მართლმადიდებლობის დაცვას, რაც კიდევ უფრო მეტად აბრკოლებს სხვებს; თან, მათი ნაწილი ხშირად ეკლესიურად ცხოვრობს,  თითქმის ყველა ლოცვასა და წირვას ესწრება.
– ასეთ დროს კარგად უნდა გავარკვიოთ, მას პირადი პრობლემები ხომ არ აქვს სხვებთან ურთიერთობისას და მერე ეკლესიას აბრალებს. ეკლესია სიმშვიდეს, მიტევებას, შემწყნარებლობას ქადაგებს. ადამიანი ყოველთვის მოზომილად უნდა საუბრობდეს; როდესაც რამეს დაინახავს, მაშინვე არ უნდა აღშფოთდეს და გაღიზიანდეს. უნდა დამშვიდდეს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება. საქართველოს მოსახლეობის 10-20 პროცენტი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს ან უკვე დაიწყო. რას ნიშნავს მათი ეკლესიური ცხოვრება? ეკლესიაში მოსვლას, ლოცვაზე დგომას, ხანდახან მარხვის დაცვასა და ზიარებას? ბევრმა ეკლესიური ცხოვრება გაიგო როგორც მხოლოდ ეკლესიაში სიარული, „მოძღვრის აყვანა” (ასეთი უცნაური ტერმინი გაჩნდა) და ხანდახან უცნაური, არაგულწრფელი აღსარების თქმა, რომ მამაოს ჩვენზე შთაბეჭდილება არ შეეცვალოს. ხშირი აღსარება, ხშირი ზიარება, ლოცვების სიღრმისეულად წაკითხვა ჩვენგან შორს არის; ყოველდღე სახარების წაკითხვაც ჩვენგან შორს არის. რა დაგვრჩა? არაფერი, ფარისევლური გადაადგილება ტაძრებში. თუ ჩვენ გულწრფელად ვიტყვით გენერალურ აღსარებას, ვიქნებით ჩვენი მოძღვრების მორჩილები, ყოველდღე წავიკითხავთ სახარებას, მაშინ აუცილებლად შევიცვლებით და ჩვენში სიმშვიდე დაისადგურებს სამწუხაროდ, დღეს ბევრი ფარისევლურად ამაყობს, რომ უკვე ათი წელია ეკლესიაში დადის და ლოცულობს, მაგრამ მისი ნაყოფი მხოლოდ და მხოლოდ მრისხანება და განკითხვაა.
– როგორ უნდა მიხვდეს ქრისტიანი, რომ ეკლესიაში მისი ყოფნა ნაყოფიერია?
– როდესაც ეკლესიაში ვიწყებთ სიარულს, უნდა დავივიწყოთ ამქვეყნიური შფოთი და საკუთარ თავს დავუსვათ  შეკითხვა: რა მოვიტანეთ ეკლესიაში და რა მიგვაქვს? თუ წირვის, ქადაგების, აღსარება-ზიარების შემდეგ სიმშვიდე დაგვეუფლება და მშვიდად მივდივართ სახლში, ესე იგი, ჩვენი ლოცვა ნაყოფიერი იყო და ღმერთმა მოისმინა, შეიწირა ჩვენი მსახურება; მაგრამ, თუ ისევ გაღიზიანებულები, აფორიაქებულები გამოვდივართ ეკლესიიდან, მაშინ, ბუნებრივია, ეკლესიაში ჩვენს ყოფნას არანაირი ნაყოფი არ ჰქონია. ხშირად, ეკლესიაში მივდივართ და არცერთი კვერექსიის შინაარსი არ ვიცით, მოძღვარს არ ვუსმენთ, ვსუბრობთ ან სხვაგან ვართ გონებით.  ღვთისმსახურება მთელი გულით, სულით რომ მოვისმინოთ, დავმშვიდდებით და ეს სიმშვიდე ერთი კვირა მაინც გაგვყება. ეკლესიაში არა მხოლოდ ერთხელ ტარდება წირვა, არამედ ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, რადგან, ერთი არ არის საკმარისი. ჩვენ ღვთისმსახურებაზე ხშირი დასწრება გვჭირდება, რომ ჩვენში იყოს სიმშვიდე. ერთ სოფელში, ერთ რაიონში, ერთ კორპუსში, ერთი მშვიდოსბისმოყვარე ადამიანიც რომ ცხოვრობდეს, ეს სიმშვიდე ყველას მოეფინება. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვიგებთ, რომ იქ ერთი ქრისტიანი ცხოვრობს, რომელიც ყველას ეჩხუბება, განიკითხავს, „წარმართებს” ეძახის სხვა სარწმუნოების ხალხს. ამიტომაც ბრკოლდება დღეს ბევრი ხალხი – ისინი ხედავენ, რომ მარილი კი არ ვართ ამ სოფლისა ან მნათობი, არამედ, ხალხის გამღიზიანებელი და ამრევი. ამიტომ, ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით კი სასულიერო პირებსა და მრევლს თქვენი ცხოვრების წესი იყოს მშვიდი. რა თქმა უნდა, ეს ძნელია – როცა ხედავ, რა მდგომარეობაშია საზოგადოება, გიჭირს სიმშვიდის გამოხატვა, მაგრამ, მაინც ჯობია, სიმშვიდე შეინარჩუნო, რომ უარეს მდგომარეობაში არ ჩავარდე. ადამიანმა უნდა იცოდეს, რამდენად ცხოვრობს ის უფლის ნებით, ღმერთის კურთხევით. როცა შენ უფლის ნებით, უფლის კურთხევით არ ცხოვრობ, მაშინ, რატომ გაქვს უფალზე პრეტენზია?! მთელი ცხოვრება უღმერთობაში გაატარე და მერე მე რატომ მთხოვ პასუხს, რატომ ვარ ასეთ მდგომარეობაშიო? თუ შენი ცხოვრებით ცხოვრობ, შენი მრწამსი გაქვს, ისე იქცევი, როგორც გინდა, მერე მე რატომ მთხოვ პასუხს? იმიტომ ხარ ასე, რომ უღმერთოდ ცხოვრობ, ღმერთის გარეშე; ისე არ ცხოვრობ, როგორც უფალი გეუბნება. მაგრამ, თუ დადიხარ ეკლესიაში და მაინც პრობლემები გაქვს, ესე იგი, რაღაც გაკლია; უნდა შეამოწმო საკუთარი თავი, რას არ აკეთებ სწორად. არავის არ უნდა, საკუთარ თავში ჯვარი დაინახოს და ატაროს. ქართველებს, სამწუხაროდ, ჩვენი რელიგია გვაქვს: „მამაო, არ მთხოვო მარხვა, აღსარება  და ეკლესიაში სიარული, ცხვარსაც დავკლავ და ვიქეიფებ”... მაგრამ, მერე, ხელი რომ არ ემართება, წუწუნებს – რატომ ვარ  ასეთ მდგომარეობაშიო. რაც ეშლებოდა ლუარსაბს, ის გვეშლება ჩვენც. თუ მოვიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს, ხორციელ სიმშვიდესაც მოვიპოვებთ. უფლისგან ვისწავლოთ სიმშვიდე, სიმდაბლე და ჩვენში აუცილებლად იქნება სიმშვიდეც და სიმდაბლეც.

скачать dle 11.3