გულუხვი
და კეთილმეგობრული
მართალია, თავი გასჭირვებიათ, მაგრამ, რაკი მიწების შეგროვება სულზე ტკბილია, რფ-ის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რის მიხედვითაც, რუსეთ-უზბეკეთს შორის ფინანსური საკითხები უნდა მოგვარდეს. შესაბამისად, აწი უკვე „დუმას“ ვაჟკაცობაზეა ამ შეთანხმების რატიფიცირება.
დოკუმენტი კი სხვა არაფერია, თუ არა რფ-ის მიერ ადრე გამოთქმული ვალდებულება, რომ უზბეკეთს დავალიანების 97 პროცენტს ჩამოაწერდნენ, ეს 97 პროცენტი კი, არც მეტი, არც ნაკლები, 890 მილიონი აშშ დოლარია. შესაბამისად, ჩამოწერილს მხოლოდ 25 მილიონის გადახდა მოუწევს. ამგვარი შეთანხმებისთვის კი მხარეებს პრ. პუტინის ტაშკენტში ვიზიტისას მიუღწევიათ.
სახელდობრ, მაშინ პრ. პუტინს უბრძანებია: „ჩვენ დიდხანს ვკამათობდით ამ საკითხზე; უზბეკეთს თავისი პოზიცია ჰქონდა, ჩვენ – ჩვენი, მაგრამ, როგორც კეთილ მეგობრებსა და კარგ პარტნიორებს შეეფერებათ, მოვნახეთ ურთიერთ-მისაღები გამოსავალი და ეს ფურცელიც გადავშალეთ.“
მოკლედ, ეს რფ და მისი პრ., ზოგისთვის დედაა, ზოგისთვის – დედინაცვალი, ანუ მავანთ მშობლიურ მიწებს ართმევს, ხოლო კეთილმეზობლურებს მილიარდამდე დოლარს უფეშქაშებს.