გასამების მოლოდინში
კაცი, ანუ ჩინოვნიკი გამოძახებით
მართალია, ჯერ რძეც არ შეშრობია ოდესის გუბერნატორის სკამზე, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენს პრეზიდენყოფილს მოლდოვაში ეპატიჟებიან თვით პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჩასასმელად. ამის შესახებ გასაბედნიერებელ მოლდოველებს ქალაქ ბელცის თავკაცმა, ვინმე რენატო უსატიმ აცნობა – მზადდება გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებო.
მეტიც, თუ უსატის ვერწმუნებით, პრეზიდენტი პოროშენკო დათანხმდა კიდეც ამ ამბავსო (ანუ ნებართვა მისცაო) და, რაც მთავარია, ეს საკითხი აშშ-ის სახდეპარტამენტთანაც შევათანხმეთო.
მართალია, შეათანხმეს, მაგრამ, მოლდოველებს თავად ბ-ნმა სააკაშვილმა გადაასხა ცივი წყალი, სახელდობრ (მომყავს ციტატა): „მე დიდი სიმპათიები მაქვს მოლდოვის მიმართ და წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ მე არ ვარ ჩინოვნიკი გამოძახებით. უკრაინაში იმიტომ ვარ, რომ მიყვარს ის და, საქართველოსთან ერთად, ჩემს სახლად მიმაჩნია. არც კი დავფიქრდები, თუ საჭირო გახდება, შევწირო მას ჩემი სიცოცხლე, ამიტომ, არანაირი თანამდებობები არ მიზიდავს უცხო ქვეყნებში“.
ჩვენ არ ვიცით, რად უკრა წიხლი მოლდოველთა შემოთავაზებას ჩვენებურმა ძებნილმა, თუმცა, თუ მისსავე შეფასებას გავითვალისწინებთ (ჩინოვნიკი გამოძახებითო), ვითომ, გამოძახების თანხა ეცოტავა?! –
P. S. მას შემდეგ, რაც ბ-ნი სააკაშვილი კიევის ორბიტაზე გამოჩნდა, მათ შორის, როგორც უკრაინელი მაღალჩინოსანი, პერმანენტულად აკეთებს არაკორექტულ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების მისამართით. მაგრამ ეს უკანასკნელი, რატომღაც, არ იმჩნევს, თუმცა, ნავსი გატყდა და საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ისიც ქალი, აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც მიმართა უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, განემარტათ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს, ეს არის ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის პოზიცია თუ არასტაბილური ფსიქიკის მქონე ერთი გუბერნატორის მოსაზრება. უკრაინის ხელისუფლებას ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია, თუმცა, მე ის უფრო მაინტერესებს, იქნებ ტერიტორიების დაბრუნებას იმიტომ არ ჩქარობენ, რომ ქალებს გველოდებიან?! –