რატომ აშინებდნენ სომხეთში ბავშვებს ილია დათუნაშვილით და რით გააკვირვეს დინამოელებმა ბოლივიელები
საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო” საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი იყო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. დინამოელების უდიდესი მიღწევა გახლდათ 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ქართველ ფეხბურთელებს ყოველთვის გულშემატკივრებით გადავსებულ სტადიონებზე უწევდათ თამაში და მაყურებლისგან დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდნენ. დღეს იმდროინდელი „დინამოს” შემადგენლობიდან მხოლოდ სამი ფეხბურთელიღაა ცოცხალი. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს, ილია დათუნაშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც „დინამოს” საუკეთესო წლებიდან საინტერესო ისტორიები გაიხსენა.
ილია დათუნაშვილი: მე წარმოშობით ბათუმელი ვარ. ბათუმელი იყო ბორის ფროლოვიც, რომელიც „დინამოში” თამაშობდა და, როცა დაამთავრა თავისი საფეხბურთო კარიერა ამ გუნდში, ისევ ბათუმში დაბრუნდა, სადაც გახსნა ბავშვთა საფეხბურთო სკოლა და მე და ჩემმა მეგობრებმა მასთან ვარჯიში დავიწყეთ. მერვე კლასში რომ ვსწავლობდი, გარდატეხის პერიოდი მქონდა, ცოტა მოუსვენარი ვიყავი და ბიძაჩემმა სასწავლებლად ლანჩხუთის სკოლაში გადამიყვანა. იქ ერთ-ერთ შეჯიბრებაზე გამოვიჩინე თავი და ორი წელი ლანჩხუთის გუნდში ვითამაშე, საიდანაც ანდრო ჟორდანიამ ქუთაისში გადამიყვანა. ერთი წელი ვითამაშე ქუთაისში და, როგორც კი ანდრო მიიღეს „დინამოში,” მეც წამიყვანა და ათი წელი ვთამაშობდი თბილისის „დინამოში”.
– ბატონო ილია, თქვენ იმ პერიოდში იყავით დინამოელი, როცა თბილისის „დინამო” ძალიან სახელმოხვეჭილი გუნდი იყო. როგორ გხვდებოდნენ სხვა ქვეყნებში?
– ჩვენამდე „დინამოში” ისეთი უძლიერესი ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომ მათი სახელები, მთელმა მსოფლიომ იცოდა, მაყურებელი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ „დინამო” საინტერესო თამაშს აჩვენებდა და ტრიბუნები ყოველთვის გადავსებული იყო. ჩვენი რეიტინგიდან გამომდინარე, ყველა გუნდი თავს იკლავდა, რომ ჩვენთვის მოეგო.
– საბჭოთა ხელისუფლების პირობებში რა ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობდა?
– მაშინდელი ხელისუფლება ჩვენთვის განკუთვნილი თანხების უმეტესობას ითვისებდა, მაგალითად, თუ გვეკუთვნოდა ათასი მანეთი, გვაძლევდნენ ას მანეთს. ყოველ მოგებულ თამაშზე ოთხმოც მანეთს გვირიცხავდნენ. მახსოვს, ერთხელ, ლენინგრადში გვქონდა თამაში. ოქტომბერი იყო, ძალიან ციოდა და ამიტომ ცოტა მაყურებელი მოვიდა. ჩვენ მოვიგეთ და, თბილისში რომ ჩამოვედით, აღმოჩნდა, რომ თითო ფეხბურთელზე გამოწერილი იყო 5 მანეთი და 45 კაპიკი. ჯემალ ზეინკლიშვილი გაბრაზდა და ადმინისტრატორს უთხრა, არ მინდა მე ეს ფული, მთავრობას ვჩუქნიო. ყოველთვის იყო იმისი მცდელობა, რომ რუსული გუნდები გამხდარიყვნენ ჩემპიონები. იმ პერიოდში, როცა თბილისის „დინამო” გახდა ჩემპიონი, ხრუშჩოვი გადააყენეს, ახალი მთავრობა ჯერ არ იყო მოსული და ფეხბურთისთვის არავის ეცალა. იმ თამაშზე ტაშკენტში დანიშნეს ბალტიისპირელი მსაჯი, რომელმაც ძალიან მიუკერძოებლად და სამართლიადან იმსაჯა და თბილისის „დინამომ” მოუგო კიდეც მოსკოვის „ტორპედოს.” ამ გამარჯვებაში მეც ჩემი წვლილი შევიტანე ორი გოლის სახით. ბალტიისპირელ მსაჯს, რომელიც საერთაშორისო დონის მსაჯი იყო, ჩვენი გამარჯვება არ აპატიეს და თამაშები აღარ მისცეს, სადაც იმსაჯებდა.
– ყველაზე გამორჩეული თამაშები თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ?
– ჩემთვის ყველა თამაში გამორჩეული და დასამახსოვრებელია. მაგალითად, 1966 წელს ერევნის „არარატს” ვეთამაშებოდით და პირველი ტაიმი ისე დამთავრდა, ვერცერთმა გუნდა ვერ მოვახერხეთ ანგარიშის გახსნა. მეორე ტაიმის მეხუთე წუთზე კი პირველი გოლი გავიტანე და ამის მერე აღარ გავჩერებულვარ. მეხუთე გოლი რომ გავიტანე, შევხედე ტაბლოს და ოცდამერვე წუთი იყო, ანუ, ოცდასამ წუთში გავიტანე ხუთი გოლი.
– ასეთი შესანიშნავი შედეგის შემდეგ არანაირი ჯილდო არ გადმოგცეს?
– იმ წელს მომანიჭეს საბჭოთა კავშირის ბომბარდირის ტიტული. თამაში რომ დამთავრდა, ედუარდ შევარდნაძემ მომაკითხა (მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო), მომილოცა და თავის მოადგილეს უთხრა: წადი ახლა სასწრაფოდ სამსახურში და ჩვენი ხალხი გაუშვი, ილიას სახლთან იდარაჯონ, რომ სომხებმა არაფერი დაუშავონ, თორემ, ვერ დავენახვები ხვალ სამსახურშიო. სომხები ისეთი გაბრაზებულები იყვნენ ჩემზე, რომ ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები (იცინის). ამ თამაშის მერე ხალხი მეუბნებოდა, სომხეთში ბავშვებს შენით აშინებენ – დაიძინეთ, თორემ დათუნაშვილი მოვაო. ბევრი მეუბნებოდა, ერევანში შენი სურათი ყველა ტირში აქვთ გაკრულიო. მე არ დავიჯერე, მაგრამ, ერთი ჩემი მეზობელი იყო იმ პერიოდში სომხეთში წასული და, რომ ჩამოვიდა, მაშინვე მოვარდა ჩემთან: რომ იცოდე, სომხები როგორი გაბრაზებულები არიან შენზე! ჩემი თვალით ვნახე, შენი სურათი ტირში აქვთ გაკრული და ხალხის რიგი დგას სროლაზეო.
– ძალიან ბევრი გასვლითი თამაში ჰქონდა თბილისის „დინამოს”. ყველაზე მეტად რომელი ქვეყანა დაგამახსოვრდათ?
– „დინამოში” ყოფნის პერიოდში თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარე. მახსოვს, კუბაში ვიყავით, საიდანაც ბოლივიაში გადავფრინდით – იქ გვქონდა შეხვედრა ადგილობრივ გუნდთან. ბოლივიის აეროპორტი 2 500 მეტრ სიმაღლეზე იყო და, ჩამოვედით თუ არა თვითმფრინავიდან, მაშინვე სასუნთქი ბალიშები დაგვახვედრეს. თვითონ ქალაქიც საკმაოდ მაღალზეა – 1 500 მეტრზე. თამაშამდე სამი დღით ადრე ჩავედით და აკლიმატიზაციის პრობლემა გვქონდა, გასახდელშიც კი სასუნთქი ბალიშები გვქონდა და მოედანზე გასვლამდე ისე ვსუნთქავდით. ამის მიუხედავად, მაინც მოვუგეთ ბოლივიას ეს თამაში და გადაირივნენ – ბრაზილიაც კი ვერ გვიგებს და თქვენ როგორ მოახერხეთო.
– ბევრი ცოცხალი ლეგენდის გვერდით მოგიწიათ წლების განმავლობაში თამაში. ალბათ, ძალიან შეკრული გუნდი იყავით.
– დიახ, ძალიან მეამაყება, რომ ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით ვიყავი ათი წლის განმავლობაში, შეკრული გუნდი რომ არ ვყოფილიყავით, ალბათ, ვერც ვაჩვენებდით ამხელა წარმატებას. მახსოვს, ერთხელ ტაშკენტში გვქონდა თამაში და მიხეილ მესხი ავად იყო. მთელმა საქართველომ იცოდა, რომ მიშა იმ თამაშს ვერ ითამაშებდა. გადაწყდა, რომ მისი ნომრით მე უნდა მეთამაშა, ასეც მოხდა და ორი გოლიც გავიტანე. იმ თამაშზე კომენტატორი ეროსი მანჯგალაძე, მთელი თამაშის განმავლობაში ჩემი გვარის ნაცვლად მიშა მესხს აცხადებდა. თურმე, ტელემაყურებელს უკვირდა – იცოდნენ, რომ მიშა არ თამაშობდა და, ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა.
– ალბათ, ბევრი სახალისო ისტორიაც გადაგხდენიათ ერთად...
– ჯემალ ზეინკლიშვილი იყო ძალიან კარგი იუმორის პატრონი. მახსოვს, ტაშკენტში სათამაშოდ რომ ჩავედით, სასტუმროში არ მოგვათავსეს – იცოდნენ, რომ ნახევარი თბილისი ჩამოვიდოდა იქ თამაშის საყურებლად, არავინ შეგაწუხოთო და ქალაქგარეთ, საწვრთნელ ბაზაზე წაგვიყვანეს. ყველანი ძალიან დაძაბულები ვიყავით და ვნერვიულობდით თამაშის წინ. ჯემალი კი გაიპარა, ვირი იყიდა, მათი ნაციონალური ტანსაცმელი ჩაიცვა და ვირზე ამხედრებული მოვიდა ბაზაზე. ამაზე ბევრი ვიცინეთ. მეორე დღეს უკვე თამაში გვქონდა. იფიქრა, რა ვქნა, სად წავიყვანო ეს ვირიო, იქვე ბავშვები თამაშობდნენ, დაუძახა ერთს და აჩუქა ეს ვირი. ცოტა ხანში ვხედავთ, მოდის ეს ბავშვი ტირილით და უკან მშობლები მოჰყვებიან. გამოვედით და დედამისი გვეუბნება, ვირი მოიპარა, სახლში მოიყვანა და ამბობს, ფეხბურთელებმა მაჩუქესო. თქვენ ვირი საიდან გეყოლებოდათო, – და ბავშვს ეჩხუბებოდა, გამოტყდი ვის მოჰპარეო. ჩვენ, როგორც იქნა, დავაჯერეთ, რომ ბავშვი სიმართლეს ამბობდა.
– ხალხისგან თუ გრძნობდით დაფასებას?
– რა თქმა უნდა. ყოველთვის ვამბობ, რომ იმ ათი წლის განმავლობაში მიღებული ყველაზე დიდი ჯილდო არის ქართველი ხალხის სიყვარული და პატივისცემა. დღეს უკვე ნაკლებად გავდივარ ქუჩაში, მაგრამ, თუ ვინმე გაიგებს, ვინც ვარ, ყველა სითბოსა და პატივისცემას გამოხატავს.