ჭეშმარიტი სარწმუნოება
სისხლად ქცეული სიტყვა
ერთი ბერი აბბა აქილთან მივიდა და დაინახა, რომ ის პირიდან სისხლს ანთხევდა. ბერმა ჰკითხა, რას ნიშნავდა ეს. აბბა აქილმა კი უპასუხა, რომ ეს ძმისგან ნათქვამი შეურაცხმყოფელი სიტყვაა. მინდოდა, ის გულში არ დამრჩენოდა, ამიტომ უფალს მისგან გათავისუფლებას ვევედრებოდი და ავი სიტყვაც სისხლად იქცა. მე გადმოვანერწყვე, დავმშვიდდი და წყენა დავივიწყე.
მარხვა
აბბა იოანე ბრძანებდა: თუ მეფე მოისურვებს მოწინააღმდეგის ქალაქის დაპყრობას, პირველ ყოვლისა, წყლისა და საკვების მიწოდების საშუალებას მოუსპობს. ამგვარად, შიმშილით ძალაგამოცლილი მტერი ემორჩილება მას. ასევე ემართება ხორციელ ვნებებსაც. თუ ადამიანი მარხვითა და თავშეკავებით იცხოვრებს, მაშინ მტერი დაუძლურდება და სულზე თავდასხმას შეწყვეტს.
რა არის უფრო აღმატებული სათნოება
ერთხელ კვიპროსის ეპისკოპოსმა ეპიფანემ აბბა ილარიონის ნახვა მოისურვა. როდესაც აბბა ილარიონი მოვიდა, ერთმანეთის ნახვით ძალზე გაიხარეს. ტრაპეზზე ფრინველის ხორცი მოიტანეს. ეპისკოპოსმა სტუმარს შესთავაზა, მან კი მიუგო:
– მაპატიე, მაგრამ ბერად აღკვეცის შემდეგ, ხორცი აღარ მიხმევია.
ეპიფანემ უთხრა: – მე კი მას შემდეგ, რაც მონაზონი გავხდი, არასდროს დამიშვია, ვინმეს ისე დაეძინა, ჩემზე ნაწყენი ყოფილიყო და არც მე დავწვებოდი დასაძინებლად, ვინმეზე წყენა რომ დამრჩენოდა გულში.
ბერმა უთხრა: – შემინდე, შენი სათნოება ჩემსაზე აღმატებულია.
მოწყალება უდიდესი მადლია
ერთმა 10 წლის ყმაწვილმა ლიტურგიაზე ბერისგან, რომელიც ღვთის სიტყვას ქადაგებდა, მოისმინა, რომ მოწყალებას, რომელსაც გლახაკისთვის გავიღებთ, თვით იესო ქრისტეს ვუძღვნით. ის დაეჭვდა ბერის სწავლების ჭეშმარიტებაში და სახლში დაბრუნებული ფიქრობდა: „ვიცი, რომ ქრისტე ზეცაშია, მარჯვენით მამისა“. როგორ შეუძლია მას, მიიღოს, მაგალითად, პურის ნატეხი, რომელსაც ღატაკს ვაძლევ?“
ასე ფიქრობდა ის, როცა დაინახა დახეულსამოსიანი მათხოვარი, რომელიც ითხოვდა, ქრისტეს გულისთვის რაიმე მიეცათ მისთვის; მის თავზე კი დაინახა ქრისტე მაცხოვრის სახება. ყმაწვილი შეშინდა... უეცრად მახლობელი სახლიდან ვიღაცამ საბრალო მოხუცს პური გამოუტანა და სწრაფად გაუწოდა; მაცხოვარმა ხელი გაიწოდა გამოსართმევად, შემდეგ კი მოწყალების გამღები აკურთხა.
მაშინ კი ირწმუნა ბავშვმა ღვთის სიტყვა და იმ დროიდან კონსტანტინეპოლში პირველი მოწყალე გახდა.