ექიმის რჩევები
კითხვა: მყავს წლისა და 9 თვის გოგონა. ძალიან მინდა, გავუხვრიტო ყურები – ძალიან მომწონს, მაგრამ, მე მგონი, პატარაა. იქნებ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: ექიმები გვირჩევენ, რომ ბავშვებისთვის ყურების გახვრეტა 3 წლამდე რეკომენდირებული არ არის, რადგან, ამ ასაკამდე მიმდინარეობს ყურის ხრტილოვანი ნაწილის ფორმირება, რაც დაკავშირებულია სახის, თვალის კუნთებთან, კბილებთან და ენასთან; ამიტომ, არ ღირს, ხელი ვახლოთ ნერვულ დაბოლოებებს ბავშვებში 3 წლამდე, რომ რაიმე ზიანი არ მივაყენოთ.
კითხვა: ჩემს ვაჟს გარდატეხის ასაკში ჰქონდა უნებლიე მოძრაობები და 20 წლამდე გაუარა მკურნალობის შედეგად. ახლა 27 წლისაა. რამდენჯერმე იყო სოლარიუმში, რის შედეგადაც, ერთი კვირის შემდეგ ეწყება თვალების სიმშრალე და დაჭიმულობა, რაც დიდხანს მიჰყვება, განსაკუთრებით უჭირს საღამოობით. მაინტერესებს, ახდენს თუ არა გავლენას სოლარიუმი და ვის მივმართოთ ამ შემთხვევაში თვალების გამო – ოფთალმოლოგს თუ ნევროლოგს?
პასუხი: სოლარიუმი თვალზე გარკვეულ გავლენას ახდენს. სოლარიუმში აუცილებლად თვალდახუჭული უნდა იყოს და თუ მაინც გრძნობს დისკომფორტს, სპეციალური სათვალე უნდა გაიკეთოს. თუ ამანაც არ უშველა, ოფთალმოლოგს უნდა მიმართოთ.
კითხვა: რამდენი ხანი ნარჩუნდება ლაზერით გათეთრებული კბილების სითეთრე? სამუდამოა თუ რამდენიმე წელი იქნება?
პასუხი: ლაზერით კბილების გათეთრებით მიღებული ეფექტი, პრაქტიკულად, მუდმივია, კბილების სწორი მოვლის შემთხვევაში. რამდენიმე წლის (5-6) შემდეგ მოსალოდნელია მინანქრის რამდენიმე ტონით გამუქება, რაც გარეშე თვალისთვის თითქმის შეუმჩნეველია. თუმცა, პირვანდელი ფერი აღარასოდეს აღდგება.
კითხვა: ტანზე მაქვს გამონაყარი და გამიჩნდა პატარა წყლულების მაგვარი ბუშტუკები, შარშანაც მქონდა მსგავსი და მაშინაც და წელსაც თიბვის მერე დამემართა, როცა ბალახთან მქონდა შეხება. ექიმმა მითხრა, ვირუსული ჰერპესიაო. თუ ასეა, მაინცდამაინც ყოველ წელს ბალახთან კონტაქტის მერე რატომ ჩნდება?
პასუხი: მიმართეთ ალერგოლოგს, გამოსარიცხია ალერგიული დერმატიტი.
კითხვა: მყავს 4 წლის გოგონა. თითქმის 2 წელია თმა სცვივა. გაზაფხულზე ანალიზი ავუღე კალციუმზე და ცოტა დაბალი ჰქონდა. ექიმმა დაუნიშნა კალცი. მკურნალობის პერიოდში თითქოს შეჩერდა, მაგრამ ისევ მალევე დაეწყო. გაცვენილი კი ამოდის, მაგრამ ცვენა არ ჩერდება. სხვა არაფერი აწუხებს. რა მიზეზით შეიძლება, სცვიოდეს თმა ამ ასაკის ბავშვს?
პასუხი: გამორიცხეთ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, რკინადეფიციტური ანემია. მათი გამორიცხვის შემთხვევაში, მიმართეთ ტრიქოლოგს.