ღალატი სიყვარულისთვის
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-28(759)
ანამ მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა. კაცმა ხელი გაიწოდა, რომ მისთვის თავზე გადაესვა, მაგრამ ანამ სწრაფად გაიწია და შეუბღვირა.
– რა იყო, ხელი უნდა მომაჭამო? – ნაძალადევად გაიღიმა ლაშამ, – მეგონა, უკვე შემირიგდი.
– შეგირიგდი? როგორი თავდაჯერებული იდიოტი ხარ, ნეტავი, ამას მაინც თუ აცნობიერებ. რა ქენი, გაჟიმე შენი ნაშა და მიიღე სიამოვნება?
ლაშამ სინანულით გადააქნია თავი:
– ნწ, ნწ, ნწ... როგორი უხეში გახდი... რა დაგემართა, საყვარელო, სად არის შენი კეთილგონიერება და სიდარბაისლე? შენ ხომ სხვებს არ ჰგავხარ?
– მოეშვი მაგ ირონიას, ჩემზე აღარ ჭრის... შენი „ნაშოჩკებისთვის“ შემოინახე.
– რას ჩაიხვიე ეს ნაშოჩკები და ნაშოჩკები... ამდენი წელია, ვეღარაფრით შეეჩვიე? მე ასეთი ცხოვრება მაქვს და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ.
– მერე, ჩემგან რა გინდა? – ანამ ჩანთიდან სიგარეტი და სანთებელა ამოიღო.
– ვა, დიდი ხანია, ეწევი?
– ეგ არ არის შენი საქმე! ცოტა უფრო ყურადღებიანი რომ იყო, შეამჩნევდი, რომ, რაც ბავშვი გავაჩინე, მას მერე ვეწევი. მაგრამ ახლა ამას არა აქვს მნიშვნელობა. გეკითხები, ჩემგან რა გინდა-მეთქი.
– არაფერი. არ მინდა, მიბრაზდებოდე.
ანამ ჩაიცინა:
– ჰმ, კარგი ერთი. მოხარშული წაბლი ხომ არ გინდა?
– დამცინი? – ტუჩები მობრიცა ლაშამ.
– როგორ გეკადრება...
– როგორ ჩაიარა დაბადების დღემ?
– ვითომ გაინტერესებს... რატომ არ მოხვედი?
– ანა, თავიდან რატომ იწყებ, ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ?
– არა, არ გვილაპარაკია. მითხარი, რომ ის ქალი რაღაცას ნიშნავს შენთვის და შეგეშვები. მართლა საერთოდ აღარაფერს გკითხავ და არც გაგიბრაზდები.
– ვერ გავიგე, რას მეუბნები. რას ნიშნავს – „ის ქალი რაღაცას ნიშნავს შენთვის“? როგორ პასუხს ელოდები, რა გაინტერესებს – მიყვარს თუ არა?
– ჰო, სწორედ ეგ მაინტერესებს.
ლაშამ გაიცინა, მერე ერთბაშად დასერიოზულდა და ანას ეჭვით შეხედა:
– ვერ გავიგე...
– რა ვერ გაიგე? გიყვარს? მითხარი!
– არა.
– საერთოდ, ვინმე გიყვარს საკუთარი თავის გარდა?
– რატომაც არა, მიყვარს... – ლაშა შეყოყმანდა, – აი, მაგალითად, შვილი მიყვარს.
– ეგ რომელი შვილი, დაბადების დღეც რომ არ მიულოცე და მასთან ყოფნას ბოზთან ჟიმაობა ამჯობინე? – მიახალა ანამ.
ლაშა ჭარხალივით გაწითლდა და თვალები ჩაუსისხლიანდა:
– რომ იცოდე, როგორ ვერ გიტან! ხვდები, რომ დაუკრეფავში გადახვედი? ხვდები, რომ ისეთ რაღაცას შეეხე, რაც შენვე დაგაზარალებს? კარი გააღე, მანქანიდან გადადი და აღარ დამირეკო.
– მე არც დამირეკავს შენთვის, თავად გამოიჩინე კეთილი ნება და ინიციატივა.
– მეგონა, ნორმალური იყავი და იმიტომ.
– რა, ახლა გამიცანი?
ლაშამ თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა ქალი და ზიზღით გამოსცრა:
– მგონი, ჰო... გადადი, რა, მანქანიდან, ნერვებს ნუღარ მიშლი!
ანამ კარი გააღო.
– ინანებ შენს საქციელს! ჩემს თავს არ ვგულისხმობ, შენს შვილთან არ ხარ მართალი.
– როგორმე თავად გავარკვევ, ვისთან ვარ მართალი და ვისთან მტყუანი.
– ეჭვიც არ მეპარება, თუკი მოახერხებ და შენი ბოზების სათვალავი არ აგერევა.
– ანა! გადადი! – ყელზე ძარღვები დაებერა კაცს.
– დაწყნარდი, მივდივარ... მეცოდები...
***
ირინკამ მიიხედ-მოიხედა და კაფეში შევიდა. თავი დახარა და დარბაზის სიღრმეში, ნაკლებად განათებული მაგიდისკენ გაემართა. მაგიდასთან მჯდომი, საფეთქლებთან თმაგაჭაღარავებული, საშუალო ტანის მამაკაცი წამოხტა და გაბადრული მიეგება.
– არ მჯეროდა, რომ მოხვიდოდი.
– სიმართლე გითხრა, არ ვაპირებდი. დიდხანს ვყოყმანობდი, – ირინკა მოხერხებულად მოეწყო კაცის შეთავაზებულ სკამზე, ფეხი ფეხზე შემოიდო და მოკლე კაბიდან გარუჯული ფეხები თითქმის ბოლომდე გამოუჩნდა. კაცმა მზერა ვეღარ მოსწყვიტა და სულელივით გაიღიმა:
– რას დალევ? ვისკი?
– ჩემთვის ყავა და რამე მსუბუქი კოქტეილი შეუკვეთე... ასე რატომ მიყურებ?
– მოხიბლული ვარ... ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა რეალობამ.
– არ უნდა მოვსულიყავი, – გადაიკისკისა ირინკამ.
– რატომ, ჩვენ ხომ არაფერს ვაშავებთ? ყავას ვსვამთ და ვსაუბრობთ.
– საინტერესოა, ახლა აქ შენი ცოლი რომ შემოვიდეს, იმავეს თუ ეტყოდი.
კაცი შესამჩნევად გაფითრდა.
– ჩემი ცოლი რა შუაშია და აქ რატომ უნდა შემოვიდეს?
– დამშვიდდი, რატომ დაფრთხი? ისე, უბრალოდ ვიკითხე, ალბათობა დავუშვი...
– მეორედ აღარ დაუშვა ასეთი ალბათობა... – კაცმა ვისკი მოსვა და შუბლზე მომდგარი ოფლი მოიწმინდა.
ირინკამ გადაიკისკისა:
– ვაიმე, როგორი კურდღლები ხართ კაცები! ორი თვეა, მეხვეწები და შეხვედრას მთხოვ, მესიჯებს მესიჯებზე მწერ და, როცა მოვედი, სათქმელი არაფერი გაქვს, გარდა იმისა, რომ გეშინია, ჩვენი შეხვედრის ამბავი შენმა ცოლმა არ გაიგოს.
– მე არ მითქვამს, რომ ამის მეშინია, – იუკადრისა კაცმა.
– არ გითქვამს, მაგრამ შუბლზე გაწერია. კოქტეილს დავლევ და წავალ...
– ეგ არ გააკეთო, ძალიან გთხოვ. ცოტა ხანს კიდევ იყავი.
ირინკამ მხრები აიჩეჩა:
– ჩემი აქ ყოფნის აზრს ვერ ვხედავ, თორემ, არსად მეჩქარება.
– დაჯექი და იქნება აზრიც მოვიფიქროთ ერთად, – გაიბადრა ნიკა და მოულოდნელად აწკრიალებულ მობილურს დახედა.
– უნდა ვუპასუხო, სოფოა, – თქვა ამოოხვრით.
– აი, სწორედ მაგას ვგულისხმობდი, როცა გეუბნებოდი, ჩვენი შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ-მეთქი, – ირინკამ ჩანთა აიღო, კაცს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და წავიდა. ნიკამ გულდაწყვეტილმა გააყოლა თვალი, ჩუმად შეიგინა და მობილური აიღო.
– რატომ გაქვს ჩვევად, ყველაზე შეუფერებელ მომენტში დამირეკო? – ჩასძახა მკვახე და პრეტენზიული ტონით.
– ვაიმე, რა ვიცი, როდის შესაფერისი მომენტია და როდის შეუფერებელი? – გაცხარდა სოფოც.
– ამიტომ, როცა რამე გჭირდება, მესიჯი უნდა მომწერო. მოვიცლი და გადმოგირეკავ, – ჭკუა დაარიგა ქმარმა.
– თუ ასეთ ამბავს ატეხდი, საერთოდ არ დაგირეკავდი. გეგონება, აკლებული მყავხარ ზარებით.
– ჰო, კარგი... აბა, მითხარი, რისთვის დაგჭირდი?
– შენ არა, მანქანა დამჭირდა.
– მანქანა მეც მჭირდება, – მოუჭრა კაცმა, რომელსაც ცოლის ხმა ნელ-ნელა აღიზიანებდა. ჩაშლილმა პაემანმა რომ გააცოფა, ამაში საკუთარ თავს არ უტყდებოდა.
– შენ სულ ასე იცი, – აწუწუნდა სოფო, – ვითომ მე მიყიდე ეგ მანქანა, სინამდვილეში კი თვეში ერთხელ თუ მომცემ ხოლმე და ისიც რამდენიმე საათით. მძღოლი ხომ გყავს?
– მძღოლს ხომ არ შევაჯდები, ქალო, ზურგზე? გუშინ არ გეუბნებოდი, მანქანას რაღაც გაუფუჭდა-მეთქი?! – გამწარდა ნიკა.
– აუ... რაღა შენი მანქანა ფუჭდება თვეში ორჯერ? მთელმა სამინისტრომ ბოლო მოდელის „ჯიპები“ რომ ჩამოირიგა, ერთი შენთვისაც მოეცათ, რა მოხდებოდა?
– სოფო, ეგ შენი საქმე არ არის. გიყიდი რამე პატარა მანქანას და მოვისვენებთ ორივე, – ამოიოხრა კაცმა.
– რამე პატარა მანქანა არ მინდა, ეგ მომეცი და შენ რაც გინდა, ის იყიდე...
– ოღონდ ახლა თავი დამანებე და ყველაფერს მოგცემ. თათბირი მეწყება.
– დღეს მალე მოდი... კინოში წავალთო, რომ შემპირდი, დაგავიწყდა?
– სოფო! – უყვირა კაცმა, – მომეშვი! – მერე მობილური მაგიდაზე დაახეთქა და, თავზე წამომდგარ ოფიციანტს, გაოცებული რომ უყურებდა, სთხოვა: – ერთი ორმაგი კიდევ, თუ კაცი ხარ...
***
ანა თავადაც ვერ მიხვდა, როდის ან რატომ შეუყვარდა ეს უცნაური კაცი ლაშა, თავისი ხასიათით, მანერებით, ჩვევებით, სრულ შეუსაბამობაში იყო იმ ვირტუალური შეყვარებულის პორტრეტთან, რომელსაც ქალის წარმოსახვაში ხატავდა ხოლმე. მარტოდ დარჩენილი საკუთარ თავს უწყრებოდა სისუსტისთვის, რომელსაც ლაშასთან ურთიერთობაში იჩენდა. მერე პირობას დებდა, რომ აღარ შეხვდებოდა, მაგრამ ლაშა რეკავდა, ან სახლთან „შემთხვევით“ ხვდებოდა და ანასაც მაშინვე ავიწყდებოდა თავისი დაპირება...
ლაშამ ღვედის შეკვრა აცალა, მერე ანასკენ გადაიხარა და ტუჩებით ოდნავ შეეხო ლოყაზე, ყურთან ახლოს. ქალი შეკრთა და თავი გასწია.
– ჩემი პრანჭია და უკარება გოგო... კარგი, ჰო, თითს არ დაგაკარებ, არც ტუჩებს, მაგრამ, არ გეტყვი, სად მიმყავხარ და უსიტყვოდ უნდა გამომყვე.
– ასე, ბრმად არსად გამოგყვები, – გააპროტესტა ანამ.
– მოგიწევს.
– ეს რა, ბრძანებაა?
– თითქმის. ოღონდ, დიდი იმედი მაქვს, რომ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება არ დამჭირდება, – გაიცინა ლაშამ.
ანამ საყვედურით შეხედა და მოულოდნელად ჰკითხა.
– შეგიძლია, გულახდილად მიპასუხო?
– გააჩნია, რა უნდა მკითხო. ისე, მე სულ გულახდილი ვარ და, ამის გამოა, პრობლემები ფეხდაფეხ რომ დამყვება.
– ჩემ გარდა სხვასაც ხვდები? – ანას ხმა აუთრთოლდა.
კაცმა მხრები აიჩეჩა:
– რა თქმა უნდა.
– რა? მეხუმრები?
– არა. გულახდილადო, ხომ მითხარი. ჰოდა, მეც გულახდილად გეუბნები: დიახ, სხვა ქალებსაც ვხვდები. მე ხომ ჯანმრთელი მამაკაცი ვარ, შენ კი ზრდასრული ქალი. მგონი, უნდა გესმოდეს, რასაც ვგულისხმობ. თუმცა, არის განსხვავებაც – შენ მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება მაქვს.
ანამ ჩაიცინა:
– მადლობელი ვარ შენი ამ სიტყვებისთვის...
– არ მესმის, რატომ ბრაზობ. გერჩივნა, ტყუილი მეთქვა?
– არა, რა თქმა უნდა. ყველაზე მწარე სიმართლეც კი უკეთესია ტყუილზე. ოღონდ, ახლა მანქანა გააჩერე, უნდა ჩამოვიდე.
– ეგ... ასე არ გამოვა... აუ, რა გავაკეთო, რომ გუნება გამოგიკეთო? ესე იგი, მაინც უნდა მომეტყუებინე... აი, ვგიჟდები, რა! ქალები ასეთი მესაკუთრეები რატომ ხართ? ყველაფერს აფუჭებთ ამით.
– მე არ ვარ მესაკუთრე, სხვა რაღაც მჭირდება, მაგრამ შენთვის ამის ახსნას აზრი არა აქვს. გამიჩერე, რა...
– ანა, მომისმინე... – ლაშამ მკვეთრად დაამუხრუჭა მანქანა და ქალისკენ შებრუნდა, – შემომხედე და ისე მომისმინე: შენ მიმართ რაღაცას რომ არ ვგრძნობდე, საერთოდ არ შეგხვდებოდი...
– „რაღაცას“ გრძნობ, მაგრამ, არ იცი, რას? თუ გინდა, მე გეტყვი, – მიახალა ანამ, – მაგრამ ჩემგან ამას ასე ადვილად ვერ მიიღებ... მორჩა, ჩავდივარ.
– მაშინ ჩახვალ, როცა მე გეტყვი, – ხმა გაიმკაცრა ლაშამ, – მე სექსის პრობლემა არ მაქვს, როცა მომინდება და ვისთანაც მომინდება, იმასთან მექნება. თავისუფალი კაცი ვარ და ვტკბები ამ თავისუფლებით. რა თქმა უნდა, შენთან ურთიერთობაში სექსს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა რაღაც უფრო მჭირდება.
– მაინც რა, საუბრები პოეზიაზე? – დასცინა ანამ.
– აუ, შენ აშკარად ვერ ხარ გუნებაზე, მე კი ვერ ვიტან, ქალი რომ მიტრაკებს.
– მაშინ, კარგად იყავი...
– კარგად იყავი... – პირქუშად მიუგდო კაცმა და მანქანის კარი გაუღო.
***
სოფომ მობილური მაგიდაზე მიაგდო და ირინკას ცარიელ სავარძელს შურით გახედა. „ნეტავი გამაგებინა, ვინ მფარველობს ამ გოგოს, ასეთ დიდ გულზე რომაა“, – გაიფიქრა და ანას კაბინეტისკენ გაემართა.
– შეიძლება, შემოვიდე? – შეიჭვრიტა ოდნავ შეღებული კარიდან და გაუღიმა.
– შემოდი, – ამოიოხრა ანამ, – კარი დაკეტე, მოვწიოთ...
– პრინციპში ყველა წავიდა, ირინკა მაინც ნახევარი საათით ადრე გავიდა... წეღან ვფიქრობდი, ნეტავი ვინ მფარველობს ამ გოგოს-მეთქი.
– მაგას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. არ გააკეთებს იმას, რაც ევალება და წავა აქედან, – წარბი შეიკრა ანამ და სიგარეტს მოუკიდა.
– იცი, რა თქვა? – შურს ჩემი, ლამაზი და ახალგაზრდა რომ ვარო, – ხმადაბლა წაიჭორავა სოფომ.
– იმედია, შენც ასე არ ფიქრობ – ტუჩის კუთხეში გაიღიმა ანამ, – ირინკასი რომ რამე მშურდეს... სასაცილოა... რამდენი ხანია, მიცნობ, ვინმეს უსამართლოდ მოვქცევივარ?
– არა, ანა, რას ამბობ? – სოფომ მკერდზე მიიდო ხელი, – დედას გეფიცები, ზუსტად ასე ვუთხარი.
– ირინკა ყველაზე ნაკლებად მაღელვებს. ნეტავი, სხვა პრობლემა არ მქონდეს.
– ჰო, მესმის... შეხვდი და ელაპარაკე?
– თვითონ შემხვდა... ოღონდ, რისთვის – ვფიქრობ და ვერ მივხვდი. რომ უარესად აეშალა ჩემთვის ნერვები? მორჩა, დავამთავრე მასთან ურთიერთობა! დავიღალე, მეტი არ შემიძლია. თორმეტი წელია, ვუძლებ და ვუმკლავდები...
სოფოს გაოცებისგან თვალები დაუმრგვალდა:
– თორმეტი წელი? უი... მე არ ვიცოდი... მეგონა...
– ჰო, ვიცი, რაც გეგონა... შენ ყველაფერი არ იცი... ღმერთო, როგორ დავიღალე!..
– არც ჩემი ქმარია ანგელოზი, მაგრამ, ჯერ ღალატში არ გამომიჭერია. თუმცა, თავს ვერ დავდებ, რომ რაღაცას არ ცუღლუტობს.
– საქმეც მაგაშია... შენ თავს იმაზე არ დადებ, რომ არ ცუღლუტობს, მე კი შემიძლია დავიფიცო, რომ ერთი დღე, ერთი ოცდაოთხი საათიც კი არ ყოფილა ჩემი ერთგული.
– ვწუხვარ, ანა... იქნებ კიდეც სჯობდეს, რომ ურთიერთობა აღარ გქონდეს მასთან? მოისვენებ... მერე კი შენს ცხოვრებაში სხვა მამაკაციც გამოჩნდება.
– თუ გამოჩნდება, მხოლოდ ისეთი, რომელიც მე შურისძიების იარაღად გამომადგება, – გაგულისებულმა ჩაილაპარაკა ანამ.
სოფომ გულუბრყვილოდ დაახამხამა წამწამები:
– რა? ეგ რანაირად?
– ასე მარტივად ვერ მოვინელებ ამ ამბავს – სამაგიერო უნდა გადავუხადო და ზუსტად ისე უნდა დავამცირო, როგორც ამ ხნის განმავლობაში მამცირებდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში