კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: თუ შეიძლება, ცოტა ვრცელი ინფორმაცია მომაწოდეთ ენდორფინის შესახებ.
პასუხი: პირველად ენდორფინის შესახებ მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ალაპარაკდნენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენი თავის ტვინის ნეირონებში გამომუშავდება განსაკუთრებული ნივთიერებები, რომლებიც ამცირებს ტკივილსა და პანიკის შეგრძნებას; აწესრიგებს არტერიულ წნევას და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას; ხელს უწყობს ჭრილობების შემცირებასა და იმუნიტეტის გაძლიერებას; ააქტიურებს აზროვნების პროცესს და აუმჯობესებს მეხსიერებას. ეს ნივთიერება არის ენდორფინი, რომელიც გვანიჭებს სიმსუბუქის შეგრძნებას; გვაძლევს ენერგიას და გვხდის მიზანსწრაფულებს. ენდორფინის მაღალი შემცველობა გვაძლევს ეიფორიასთან მიახლოებულ სიხარულის შეგრძნებას, რის გამოც მას „ბედნიერების ჰორმონი“ უწოდეს; მისი სიმცირის შედეგად კი გვეწყება გაღიზიანება, ქრონიკული დაღლილობისა და დეპრესიის შეგრძნება.
ენდორფინის გამომუშავება ხდება აქტიური ფიზიკური დატვირთვის (ფიტნესი, ცეკვა, ცურვა, სირბილი, ველოსიპედით სეირნობა, გორგოლაჭები) დროს. მთავარია, ეს დატვირთვა გაგრძელდეს 30-40 წუთი მაინც და, რამდენიმესაათიანი სიმხნევისა და სიმსუბუქის შეგრძნება გარანტირებული გექნებათ. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი ეს ნივთიერება გამომუშავდება სასიყვარულო ურთიერთობის დროს, ასევე, ფეხმძიმობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ (მიუხედავად ტკივილისა).
ენდორფინების „ამოფრქვევა“ ხდება მაშინაც, როცა მივაღწევთ მიზანს ან გადავწყვეტთ რაიმე რთულ ამოცანას. ამ სასწაული ნივთიერების საჭირო „ულუფის“ მიღება კი უფრო ადვილადაც შეიძლება – მეტი დრო გაატარეთ თქვენს უახლოეს ადამიანებთან და მთელი გულით გაიცინეთ მათთან ერთად.