კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცმა ორი ადამიანის მკვლელობა შვილების თვალწინ განიზრახა

შურისძიების ნიადაგზე  ჩადენილი ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, 31 წლის მამაკაცს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დანაშაულის ჩადენის მოტივი, რომელიც განსასჯელმა სასამართლოზეც ისევე დაადასტურა, როგორც  წინასწარი გამოძიების დროს, სასამართლომ დამაჯერებლად არ მიიჩნია. განსასჯელის წინააღმდეგ ჩვენება მისცა  მისმა ყოფილმა ცოლმა, რომელიც  ამტკიცებდა, რომ მამუკა გ-შვილს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი შვილების თვალწინ მისი და მისი ქმრის მკვლელობა.
   დანაშაული  29 წლის ნანა მ-ძის ბინაში მოხდა. შემთხვევას ჰყავდა  რამდენიმე თვითმხილველი,   რომლებიც ადასტურებდნენ მამუკა გ-შვილის მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულს. როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი, მამუკა გ-შვილი და ნანა მ-ძე რვა წელი იმყოფებოდნენ ოფიციალურ ქორწინებაში.  ისინი სიყვარულით შეუღლდნენ.  ნანა მ-ძის დედის განცხადებით, მათი ოჯახის დანგრევას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ქორწინებიდან ორ წელიწადში ყველაფერი შეიცვალა – ნანა არაერთხელ გახდა მამუკას ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ოჯახური დრამების მომსწრენი იყვნენ მათი მცირეწლოვანი ბავშვებიც, რომლებიც მშობლების ოფიციალური განქორწინების შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით,  დედასთან დარჩნენ  საცხოვრებლად. განქორწინებიდან ორ წელიწადში ნანა მ-ძე ცოლად გაჰყვა ბესო ჭ-ძეს, რომელიც  კერძო აუდიტად მუშაობდა იმ კომპანიაში, სადაც  მამუკა გ-შვილიც იყო  დასაქმებული, თუმცა მას ცოლ-ქმრის განქორწინებაში არანაირი წვლილი არ მიუძღოდა; უფრო მეტიც, ნანა მაშინ გაიცნო, როცა ის ქმართან უკვე განქორწინებული იყო.      
მამუკა გ-შვილმა ყოფილ ცოლს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. ის უცერემონიოდ, ყოველგგვარი ნებართვის გარეშე მიადგებოდა ხოლმე სახლში ყოფილ ცოლს და ბავშვების ნახვას ითხოვდა. ამის გამო მამაკაცებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა. საქმეში სამართალდამცველებიც ჩაერივნენ, რომლებმაც არაერთხელ გააფრთხილეს მამუკა გ-შვილი და ხელწერილიც კი ჩამოართვეს,  რომ ყოფილ ცოლსა და შვილებს ნორმალურად ცხოვრების საშუალებას მისცემდა, მაგრამ პირობა პირობად რჩებოდა – მძიმე ხასიათითა და ფსიქიკური პრობლემებით ცნობილი მამუკა გ-შვილი ყოფილი ოჯახის აწიოკებას არ ეშვებოდა. დაზარალებულმა ნანა მ-ძემ საკუთარ ჩვენებაში დეტალურად აღწერა იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც მისი ოჯახი ცხოვრობდა: „მას შემდეგ, რაც მამუკას დავშორდი, მას ფსიქიკური პრობლემები უფრო გაუმძაფრდა და ის უმართავი გახდა.  ხან რას მოიმიზეზებდა ხოლმე და ხან რას, რომ ჩვენს სახლში მოსულიყო და  სცენები გაემართა. ერთხელ ბავშვთან ცეკვაზე მისვლა დამაგვიანდა. ეს რომ გაიგო, იმავე ღამეს მომივარდა სახლში და შვილის წართმევით დამემუქრა. რამდენჯერმე ჩვენს ამბებში ჩემი მეორე ქმარი – ბესოც ჩაერთო, რომელსაც მამუკამ ფიზიკური  და სიტყვიერი შეურაცხყოფა  მიაყენა. მე ყველანაირად ვცდილობდი, რომ მამაკაცებს შორის დაპირისპირება არ მომხდარიყო, მაგრამ ამის თავიდან არიდება ვერ შევძელი. მამუკა უმართავი იყო. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, ნასვამი ვენებს იჭრის, ლურსმნებს ყლაპავს და საშინელებებს აკეთებსო. რამდენჯერმე გადაურჩენიათ სუიციდის მცდელობისგან. ჩემს  მეგობრებთან  და ნათესავებთან იმუქრებოდა – ნანას  ცხოვრებას გავუმწარებო და ასეც იქცეოდა. ჩემმა დისშვილმა რამდენჯერმე გამაფრთხილა კიდეც – მამუკას უთქვამს, ნანას ჩემს მიტოვებასა და გათხოვებას არ ვაპატიებ. ჩემი დროც  მოვა, როცა ყველაფრისთვის შურს ვიძიებ, შვილების თვალწინ უნდა გამოვასალმო სიცოცხლესო.      
  საქმის მასალების მიხედვით, მამუკა გ-შვილმა დანაშაული შურისძიების მიზნით, სოფლის დღესასწაულზე ჩაიდინა – ის  სოფელში  სტუმრად ჩავიდა ნათესავებთან, რომლებიც ნანა მ-ძის მშობლების მეზობლად ცხოვრობდნენ. 
ამონაწერი მოწმის, ლეილა წ-შვილის ჩვენებიდან: „მამუკა ჩემი ქმრის  ნათესავია, სწორედ ჩვენს ოჯახში გაიცნო ნანა წლების წინ. მას შემდეგ, რაც მათი  ოჯახი დაინგრა, მამუკა ჩვენთან მოსვლას ერიდებოდა ხოლმე, მაგრამ იმ დღეს მოულოდნელად გვესტუმრა. მეგობრის მანქანით იყო ჩამოსული. სუფრასთან რომ მივიპატიჟეთ, დალევა დაიწყო. ცოტა შევშინდი, რადგან, ვიცოდი, რომ  ნანა და მისი ქმარიც სოფელში იყვნენ. ჩვენ შორის სულ ორი სახლია და მამუკა მათთან უპრობლემოდ მოხვდებოდა. მამუკას სტუმრობიდან, ალბათ, ერთი საათი იქნებოდა გასული, როცა ჩემმა შვილმა ჩუმად მითხრა, მამუკას მანქანაში პისტოლეტი უდევსო. ამან ძალიან შემაშინა, რადგან მამუკა ნასვამი იყო. ორჯერ მკითხა, ბავშვები აქ არიანო? ხომ ვერ დავუმალავდი. ალბათ, სამი-ოთხი საათი დარჩა ჩვენთან. ამ ხნის განმავლობაში სულ ვაკვირდებოდი და შევატყვე, რომ ძალიან გაღიზიანებული იყო. როცა დაგვემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა, შვებით ამოვისუნთქე – ვიფიქრე, პრობლემებს გადავურჩით-მეთქი, მაგრამ,  ალბათ, ნახევარ საათში ნანას სახლიდან რამდენიმე გასროლისა და კივილის ხმა მომესმა. ყველანი იქით გავიქეცით და საშინელი ფაქტის მომსწრენი გავხდით: ნანა და ბესო მიწაზე საკუთარ სისხლში ცურავდნენ.”        
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამუკა გ-შვილი ყოფილი სიმამრის ოჯახში მაშინ მივიდა, როცა ნანა და მისი მეუღლე ეზოდან სტუმრებს აცილებდნენ. იქვე იყვნენ ნანასა და მამუკას შვილებიც, რომლებმაც მამის დანახვაზე მისკენ დააპირეს წასვლა. თვითმხილველთა განცხადებით, მამუკა გ-შვილი ბავშვებს ჩაეხუტა, მაგრამ, უცებ, ქურთუკიდან პისტოლეტი ამოიღო და ჯერ ნანასკენ გაისროლა, შემდეგ კი – მისი მეუღლის მიმართულებით. თვითმხილველთა განცახდებით, დანაშაული მცირეწლოვანი  ბავშვების თვალწინ მოხდა. მას შემდეგ, რაც მამუკა გ-შვილმა ორი ადამიანის მკვლელობა სცადა, ის შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მიიმალა, თუმცა, სამართალდამცველებმა მეორე დღეს დააკავეს. როგორც მათთვის გახდა ცნობილი, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამუკა გ-შვილმა თვითმკვლელობა სცადა – მან ვენები გადაიჭრა, მაგრამ ექიმების დროული ჩარევის შედეგად იგი გადარჩა.  სიკვდილს გადაურჩა დაჭრილი ცოლ-ქმარიც, რომლებსაც ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდათ მიყენებული. მოგვიანებით, დაზარალებულის ახლობლებმა გამოძიებას განუცხადეს, რომ  მამუკა გ-შვილმა თვითდაზიანებები იმიტომ მიიყენა, რომ სუიციდის მცდელობით  აფექტური მდგომარეობის იმიტაცია შეექმნა, თუმცა, სინამდვილეში, დანაშაულის ჩადენის მომენტში ის ადეკვატური იყო. მან სპეციალუარდ შეარჩია დრო მკვლელობისთვის და გამიზნულად წაიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რათა ჩანაფიქრი (ცოლ-ქმრის მკვლელობა) სისრულეში მოეყვანა.  
სასამართლო პროცესზე მამუკა გ-შვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, თუმცა, მისი თქმით, რომ ცოლ-ქმრის მოკვლა გადაწყვეტილი არ ჰქონია. იგი მას შემდეგ გამოვიდა წყობიდან, რაც ნანას დაურეკა და ბავშვების ნახვა მოსთხოვა, ქალმა კი ამაზე უარი უთხრა. უკვე სოფლიდან გასვლას ვაპირებდი, როცა უკან დავბრუნდიო, – განუცხადა ბრალდებულმა გამოძიებას. ეს მიზეზი სასამართლომ არ მიიჩნია დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად.       
განსასჯელის ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ფსიქიკურად შეურაცხადი იყო, რასაც ადასტურებდა ექსპერტიზა და ამიტომ იგი კომპლექსური ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა, რის საფუძვლადაც მის ქცევებს ასახელებდა. მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ჩათვალა, რომ დამატებითი ექსპერტიზა საჭირო არ იყო, რადგან არსებობდა გამოძიების ეტაპზე ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რომ განსასჯელი შეურაცხადი არ იყო და მამუკა გ-შვილს ჩადენილი დანაშაულისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

скачать dle 11.3