კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დასრულდა ვახტანგ რჩეულიშვილის ხიფათიანი მოგზაურობა კიროვობადში „პლანის” ბარიგასთან და სად გადაურჩა ის ჰომოსექსუალის რისხვას

ვახტანგ რჩეულიშვილი  მათ შორისაა, ვინც  მარიხუანის ლეგალიზაციაზე თამამ განცხადებებას არ უშინდება. ამას წინათ  ერთ-ერთ  ცნობილ შოუში ისიც კი თქვა, ჰოლანდიაში მინდა წასვლა, სიბერეში „პლანი“ თავისუფლად რომ მოვწიოო. მას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, არაერთხელ ჰქონდა ნარკოტიკთან შეხება. ამის მიუხედავად, ექსვიცე-სპიკერი  ნარკოტიკების მიმართ  თავის დამოკიდებულებაზე გახსნილად  საუბრობს და იმ დღეებსაც იხსენებს, როცა ნარკოტიკებთან დაკავშირებულმა  ტკივილმა ცხოვრება ყველაზე მეტად გაურთულა.  

 

ვახტანგ რჩეულიშვილი: დარწმუნებული ვარ, ბევრი ფიქრობს ჩემსავით, თუმცა, თამამი განცხადებების გაკეთებას ამ თემაზე ვერ ბედავენ. მე მხარს ვუჭერ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას – მისი მოწევისთვის  ადამიანები არ უნდა დავაპატიმროთ, თუმცა, არის და უნდა იყოს კიდეც მკაცრი სანქციები რეალიზაციისთვის.   რეალიზაცია უნდა იყოს დასჯადი, რომ ამ პროცესმა  არ მიიღოს საშიში ფორმა. მინდა  იცოდეთ, რომ, გაეროს ნარკოტიკების საწინააღმდეგო კომიტეტის ინფორმაციით, ნარკოტიკების აკრძალვა გარკვეულ ეტაპზე იწვევს დანაშაულებრივი ორგანიზებული სტრუქტურების შექმნას, ამიტომაც, თუ დანაშაულებრივ სამყაროს ამ  სეგმენტს გამოვგლეჯთ ხელიდან, მგონია, რომ მეტად ეფექტურ შედეგს მივიღებთ. რაც შეეხება მძიმე ნარკოტიკს, მისი სასტიკი წინააღმდეგი ვარ; მიმაჩნია, რომ ეს არის დიდი საფრთხე როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის და უნდა დარჩეს ნომერ პირველ ამოცანად, რომელიც უნდა გადაჭრას ყველა ქვეყანამ, მთელმა მსოფლიომ.  მეტადონის პროგრამა კარგად მუშაობს, თუმცა, მაინც უამრავი ადამიანი იღუპება ამ სენით.    ჩემს ნათქვამს – ჰოლანდიაში მინდა წასვლა და ცხოვრება, რომ მოხუცებულობაში „პლანი” თამამად მოვწიო-მეთქი, – ბევრი გამოეხმაურა სოციალურ ქსელშიც. იმედი მაქვს, ჩემს სიბერემდე კანონს მიიღებენ და ჰოლანდიაში არ მომიწევს გადასვლა (იცინის).  მესმის, რომ  მარიხუანის ლეგალიზაციის თემა ჩვენს საზოგადოებაში  აქტუალურია და ამის მიზეზიც ვიცი. მესმის იმ ადამიანებისაც, ვისაც არ სურს, რომ მარიხუანის მოხმარება დაშვებული იყოს და ამ ამბის მიმართ  დიდი შიში აქვს, თუმცა ეს შიში, ჩემი აზრით, გადაჭარბებულია.  მართალია,  ქართველებმა არ ვიცით ზომიერება და მოხმარების კულტურა: თუ ვსვამთ – ვსვამთ ბოლომდე, ვეწევით – ვეწევით ბოლომდე  და, ამიტომაც,   ბევრი ფიქრობს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია გამოიწვევს მის მოხმარებას მასობრივ, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდებში.  მე არ მგონია, ეს ასე მოხდეს. სრულად დაშვება იმას არ ნიშნავს, ყველა მიეტანოს, თუმცა,  ყველაფერს ზომიერება  სჭირდება, გადაჭარბებას ყველაფერში პრობლემა მოაქვს და საშიშია.  ბევრ ქვეყანაში, სადაც აკრძალულია მძიმე  ნარკოტიკების მოხმარება, დაშვებულია მარიხუანის მოწევა და ეს ძალიან კარგია – როგორც ცოტა რაოდენობით ღვინო ახალისებს ადამიანს, ასევეა მარიხუანაც. სხვადასხვა ავადმყოფობის დროს ექიმები ურჩევენ კიდეც ადამიანებს, მოწიონ „პლანი“, რაც დაშვებულია ამერიკაში, ჰოლანდიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში, სადაც კაფეში შეიძლება ნარკოტიკის ყიდვა – იქ ჩემი ასაკის კაცებიც ეწევიან, ახალგაზრდებზე აღარ მაქვს საუბარი.   გამორიცხულია,  „პლანის” მოწევისთვის  გერმანიაში ვინმე ციხეში ჩასვან, თუმცა, გაყიდვა ისჯება.  ჩემი თაობის ხალხისთვის, ვინც  ქუჩაც ვიცოდით და არც ნარკოტიკთან ვიყავით მწყრალად, „პლანი” საერთოდ არ ითვლება ნარკოტიკად. 
–   უფრო მძიმე ნარკოტიკს მოიხმარდით?
– არც „პლანზე” ვამბობდით უარს, თუმცა მას არ ვაგდებდით სათვალავში. როგორც მსმელებში არ ითვლება ლუდი სასმლად, ასე იყო „პლანის” ამბავი, თუმცა, დღეს ლუდის გამოც შეიძლება დაგაჯარიმოს  პოლიციამ, თუ საჭესთან წაგიჭირეს. ჩემს ახალგაზრდობაში  ყველაზე პოპულარული იყო კოდეინის ტაბლეტები, რომლებსაც  დასაძინებელ საშუალებებთან ერთად მოვიხმარდით. კოდეინი საკმაოდ მძიმე ნარკოტიკია, სიკვდილსაც კი იწვევს; იგივე ეფექტი აქვს, რაც მორფსა და სხვა საშუალებებს ოპიატების ჯგუფიდან. მაშინ კოდეინი ადვილად ხელმისაწვდომი იყო – აფთიაქში იყიდებოდა. მერე და მერე   კავკასიიდან  დაიწყო შემოსვლა გაუწმენდავმა  ოპიუმმა. იყიდებოდა მორფიც, მაგრამ, შეზღუდული რაოდენობით. ნარკოტიკი გაძლევს ილუზიას, რომ ცხოვრობ  სისხლსავსე ცხოვრებით; მისი გავლენის  ქვეშ მყოფს გგონია, რომ სასურველი ხარ ყველასთვის – ქალისთვის და კაცისთვის, თუმცა, სინამდვილეში, ყველას ერთი სული აქვს, მალე მოგიშოროს.  ნარკოტიკის ძიება  გვაცხოვრებდა  იმის ილუზიათაც, რომ  მთელი დღე დაკავებულები და საქმიანები ვიყავით. როგორც ჯინსი ათანაბრებდა ყველა სოციალური ფენის ადამიანს, მდიდარს და ღარიბს,  ასევე ათანაბრებდა ნარკოტიკიც და ამიტომაც იყვნენ იმ წლებში ჩემ გვერდით  სხვადასხვა ჯურის ადამიანები.  ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე – ვნახე, რა იყო ილუზიებით ცხოვრება, როცა საკუთარი თავის „განსაკუთრებულობაში” ხარ დაწმუნებული. მე  24 წლის ასაკში  დავასრულე ჩემი ცხოვრების  ეს ეტაპი და, შემიძლია ვთქვა, რომ მას შემდეგ მძიმე ნარკოტიკი არ გამისინჯავს. ერთადერთხელ, დედის გარდაცვალების დროს, ყველაზე რთულ დღეებში დავდექი  კიდევ ამ ცდუნების წინაშე, მაგრამ მაშინაც გავუძელი.
– როგორ დაანებეთ თავი ნარკოტიკს?
– მაია მომყავდა ცოლად და ვაცნობიერებდი, რომ ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო. რამდენიმე დღე მანქანით დავატარებდი პაკეტით ნარკოტიკს, მაგრამ არ  მოვიხმარდი – ჩემს თავს ვუტარებდი გამოცდას, როგორ გავუძლებდი ცდუნებას. როცა რამდენიმე თვეში ეს პაკეტი უკან დავუბრუნე  მეგობარს, რომელმაც ამ ნარკოტიკზე „დამპატიჟა”, ყველა დარწმუნდა, რომ უკვე გადაგდებული მქონდა. ალბათ, მაია იყო, მთავარი ადამიანი, ვინც დამანებებინა თავი იმ ცხოვრებაზე. მანამდე იყო ბევრი  ბრძოლა  დედის, მამის... თუმცა, მათი მოტყუება ბევრად უფრო იოლია, ვიდრე ცოლის.   მაიამ იცოდა ყველაფერი, მათ შორის ისიც, როგორ ვიყავი გატაცებული ამ სისულელით –  ეს მაშინ იმიჯის შემადგენელი ნაწილიც იყო.  მე მქონდა ერთი კარგი თვისება – არ ვიყავი ნარკოტიკზე დამოკიდებული.  გამოცდების წინ ჩავიკეტებოდი ხოლმე სახლში და ვმეცადინეობდი, რაც ჩემს მშობლებს უფანტავდა ხოლმე ეჭვს, რაც ამ თემაზე ჰქონდათ, თუმცა, ის პერიოდიც გავლილი გვქონდა, როცა ღამით ფანრის შუქზე მისინჯავდნენ ხელებს (იცინის). 
–  ნარკოტიკების თემა  ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ბევრჯერ მძიმედ შეგეხოთ,  ალბათ, უფრო რთული იყო, როცა ამ პრობლემის წინაშე შვილთან დაკავშირებით აღმოჩნდით.
– რა თქმა უნდა, ჩემი შვილის გატაცება ნარკოტიკით უფრო მძიმე იყო ჩემთვის, ვიდრე – ჩემი საკუთარი. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი  სატკივარი  და ტრაგედია იმ წლებში. ვისაც ეს გამოვლილი აქვს, მიხვდება, რა გადავიტანე.   უფრო მეტად მივხვდი, რას გადამარჩინა უფალმა და,  ალბათ, ამიტომაც არის ეს თემა ჩემთვის მნიშვნელოვანი,  თუმცა არასდროს ვერიდები მის აღიარებას და მასზე საუბარს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვიყავი, როცა მის უწმიდესობას, მეუფეებთან ერთად, საკუთარ სახლში, არმაზში  ვუთხარი, რომ ჩვენი ყველაზე დიდი გასაჭირი იყო გუკას  დამოკიდებულება ნარკოტიკების მიმართ. მანამდე ჩვენ  ბევრი ვიბრძოლეთ, მაია სულ უკან დასდევდა გუკას, თუმცა, საბოლოოდ, მაინც კათოლიკოსმა გადაგვარჩინა – მახსოვს თავზე დაადო ხელი გუკას და თქვა: ეს ამ ყველაფერს მოერევაო. აი, მაშინ გადაწყვიტა გუკამ და, საბედნიეროდ, ეს ეტაპიც დასრულდა.    
– ბოლოს  როდის მოწიეთ მარიხუანა?
– რამდენიმე  წლის წინ – ჰოლანდიაში ვიყავი და იქ მოვწიე. ვერ ვიტყვი, რომ  გადარეული ვარ „პლანზე”, დიდად არც ახალგაზრდობაში ვგიჟდებოდი, ახლა – მით უფრო.  მე ღვინო მირჩევნია, მაგრამ, დაშვებული რომ იყოს მოწევა, სამ თვეში ერთხელ გავსინჯავდი – გავიბრუებდი თავს. ახლა მე არ ვარ სახელმწიფო სამსახურში, ჩემს მდგომარეობაში მყოფმა კაცმა „პლანი” რომ მოწიოს, არაფერი მოხდება, მით უფრო, რომ სასმელი ჩემს ჯანმრთელობას უკვე ძალიან ვნებს. რაც არ უნდა კარგი ღვინო დავლიო, რაც ძალიან მიყვარს, გამოკვლევები აჩვენებს, რომ ჩემს ღვიძლს ციროზის ნიშნები აქვს. მთელი ჩემი ცხოვრება ვსვამ, ძალიან ხშირად მიწევს დალევა და, კარგად რომ არ მოქმედებს ღვინო ღვიძლზე, დასამალი არაა. მიყვარს კარგი ღვინო, მიმზიდველია დალევა, კარგი სადღეგრძელოების წარმოთქმა. ახლა, როცა ვიხსენებ ხოლმე იმ წლებს, რომლებიც დაკავშირებული იყო ნარკოტიკთან,  ვფიქრობ, რომ ღვინოზე კარგი გასართობი უფალს არ შეუქმნია, წერია კიდეც ამის შესახებ  ბიბლიაში. ხალხმრავალი სუფრები აღარ მიყვარს,  ოჯახურ გარემოში, ორი-სამი სტუმრის კამპანიაში მირჩევნია დალევა – შაბათ-კვირას მე და მაია  ან თელავში მივდივართ, ან მახინჯაურში,  მივირთმევთ ხოლმე ჩვენს ღვინოს, რომელიც საუკეთესო ღვინოა –  მარტო „რჩეულში” გვაქვს შეტანილი.  მაია სუფრასთან კარგი კომპნიონია, კარგი კულინარი ხომ არის და, ღვინოც უყვარს. ადრე კახურად ვსვამდი ღვინოს –  მაიამ პატარ-პატარა ჭიქებით დალევას შემაჩვია. სადაც არ უნდა წავიდე, თუ ვიცი, რომ დალევა მომიწევს, ყველაგან ჩემი ღვინო მიმაქვს – დასალევად სასიამოვნოა და არც „პახმელია” აქვს.  ისე,  ღვინო ხომ მაქვს საკუთარი, მარიხუანის ლეგალიზაცია თუ მოხდა,  ჩემი „პლანიც” მექნება (იცინის).
– ადგილ-მამული არ გაქვთ თუ რა!
– კი, მოვიყვან კახეთში ჩემს მიწებზე (იცინის). ოო, ამის გამო შარში არ გავყოფ თავს, მე არ ვარ ის ტიპი, ჩუმად ასეთი რაღაცეები ვაკეთო. იმ დრომ გაიარა, როცა  ფათერაკებს  არ ვარიდებდი თავს. იმ წლებში, როცა მეც მომხმარებელი ვიყავი, უამრავ ფათერაკიან ისტორიაში გავეხვიე. ჯერ ერთი, ჩემი თაობის ბევრი კარგი ბიჭი შეიწირა ამ სენმა, მათ შორის ჩემი უახლოესი მეგობარიც. ჩემს ხელშიც „გაპარულა“ რამდენიმე ადამიანი, ერთი-ორი გადავარჩინე კიდეც.  მუდმივად გვქონდა პრობლემები პოლიციასთან. მახსოვს, ერთი ჩემი მეგობარი დააკავეს ნარკოტიკის გამო და მთხოვა: კიროვობადიდან „პლანი“ ჩამომიტანეო. წავედით მე და ჩემი მეგობარი კიროვობადში.  ახალი დამჯდარი ვიყავი საჭესთან, ახლობელს მანქანა ვეთხოვე და წავედით.   გზაც არ ვიცოდით, მარნეულიდან გავიყოლეთ მეგზური და გადავედით საზღვარზე. ეს კაცი ყოველ მეორე სოფელთან მანქანის  გაჩერებას მთხოვდა – რა ვიცოდი, რას აკეთებდა. თურმე, ისე მიმყავდა მანქანა, რომ შეშინებული ყველა გაჩერების დროს კაფეში  არაყს  სვამდა და კარგი მთვრალი ჩავიყვანე კიროვობადში.  მივედით იმ  ცნობილ მაფიოზასთან,  „ბარიგა” იყო. ავიღეთ „პლანი”.  მანამდე იმ კაცის სახლში დაცდა მოგვიწია.  ერთი აზერბაიჯანელი კაცი მოვიდა ჩვენთან.  იმ დროს მოდაში იყო ანეკდოტები ჰომოსექსუალებზე და მოვყევი ერთი-ორი ანეკდოტი იმ კაცთან. მე და ჩემს მეგობარს ფული აღარ  გვაქვს. ეს კაცი, თურმე,  ჰომოსექსუალი არ ყოფილა?! აბა, ჩვენ რა ვიცით. ის გვეპრანჭება, ჩვენ კი „პლანის” გარდა ვერაფერს ვხედავთ და ვამჩნევთ. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, იმ კაცმა ურთიერთობის დამყარება შემოგვთავაზა. ფული აღარ გვქონდა, დავპირდით – 20 ლარი მოგვცა და როცა მიხვდა, რომ მოვატყუეთ, – ძალიან განრისხდა. ძლივს გადაგვირჩა. ვუთხარი, ამ საქმისთვის ჩვენთან მაგრად იცემებოდი-მეთქი. როგორც იქნა, ჩამოვედით თბილისში და ერთი პაკეტი  წავიღე ჩემს მეგობართან, კოლონიაში, ერთი პაკეტი კი სახლში შევინახე. შეთანხმებისამებრ, კოლონიის კედლიდან პაკეტი კედლის იქით ვისროლე. რა ვიცოდი, რომ ეზოში წყლით სავსე ბასეინი იყო და მაინცდამაინც იქ არ ჩავარდა ის პაკეტი?! ჩემი მეგობარი და სხვა პატიმრები ლამის ყვინთავდნენ  იმ აუზში, რომ „პლანი” ამოეღოთ.  რაც შეეხება მეორე ნაწილს, მოვიდა ერთი  ჩემი მეგობარი და მამაჩემთან „ჩამიშვა” – დაიღუპება ვახო, ამას თუ არ დაანებებს თავსო. გადაირია მამაჩემი, ის ნარკოტიკი სულ უნიტაზში გაუშვა, მერე დამმოძღვრა და  ჩამიტარა ლექცია, როგორ უნდა მეცხოვრა. ასე წაიღო წყალმა  ის  ნარკოტიკი   და ჩემი  ხიფათიანი  მოგზაურობა  კიროვობადში (იცინის).

скачать dle 11.3