რატომ მოუხადა ბოდიში ახალგაზრდა მეფემ, ლაშა-გიორგიმ თავის ქვეშევრდომებს
სანატრელმა თამარ მეფემ ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში დაადგა გვირგვინი ერთადერთ ძეს, 12-13 წლის ოქროსკულულებიან უფლისწულ გიორგის, რომელსაც ლაშასაც (ანუ – ბრწყინვალეს) უწოდებდნენ, თანამეფედ გამოაცხადა და თავად მიულოცა მეფობა.
როცა დიდი თამარი გარდაიცვალა, ქართველთა მზეჭაბუკი თვრამეტი წლის იყო. ქვეყანამ დიდხანს იგლოვა, მაგრამ ცხოვრება გრძელდებოდა და სახელმწიფოს პატრონობა სჭირდებოდა. ჭაბუკი მეფე ენერგიულად შეუდგა მოვალეობის შესრულებას.
გიორგი მეოთხე იყო ძლიერი, მხნე, კარგი მოისარი, ნადირობის მოყვარული, ძალიან კეთილი, მშვიდი, განურისხებელი და „თვითბუნება” – როგორც უწოდებს მას მონღოლთა მემატიანე, ანუ – თავისნათქვამა, თავნება.
გალაღებული იყო თამარის ძე, დედამ დიდი სახელმწიფო დაუტოვა. მოწინააღმდეგეები ემორჩილებოდნენ მისი ნეტარი მშობლის ძალაუფლებას. სამეფოში სიწყნარე იყო. ყველა მეზობელი – განძელნი, ნახჭევნელნი, კარნუქალაქელნი და კიდევ მრავალი სხვა – ხარკს უხდიდა საქართველოს. მეზობლები მდიდარი ძღვენითა და საჩუქრებით ყიდულობდნენ ქართველთაგან მშვიდობას.
ქვეყანა წყნარად და მშვიდად იყო, ლაღად ცხოვრობდა მეფეც...
მაგრამ, მეფის მცირეწლოვანებით ისარგებლა განძამ და აღარ გამოგზავნა ხარკი ტფილისში. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა: როცა გარდაიცვლებოდა მეფე, ვასალები ცდილობდნენ ხოლმე ხარკისა და ყმადნაფიცობისგან თავის დაღწევას. განძის ათაბაგს ეგონა, ვერ შეძლებდა სახელმწიფოს მართვასა და განძაზე გალაშქრებას ჭაბუკი ბაგრატიონი.
მაგრამ, მოტყუვდა განძის ათაბაგი. ლაშა-გიორგიმ ლაშქრის შეკრების ბრძანება გასცა და მოუწოდა იმიერ და ამიერ საქართველოს. ამ დროს სპასალარი იყო ივანე მხარგრძელი, რომელსაც ათაბაგობის პატივიც ჰქონდა მინიჭებული თამარ მეფისგან.
ათაბაგობა ახალი შემოღებული იყო საქართველოში, მაგრამ ძალიან განდიდებული იყო დროისა და ვითარების გამო. ივანე ძალიან პატივმოყვარე ადამიანი გახლდათ. როცა გარდაიცვალა მისი ძმა, ამირსპასალარი ზაქარია, თამარმა ამირსპასალარობა ივანეს შესთავაზა, ივანემ კი ათაბაგობა მოითხოვა და, საბოლოოდ, ამირსპასალარობაც მიიღო და ათაბაგობაც. ეს იყო სავაზირო სახელო, თანამდებობა. თურქულ სამყაროში ათაბაგები უფლისწულის აღმზრდელებად ითვლებოდნენ, მოგვიანებით კი ეს ტიტული დამოუკიდებელი მთავრების სტატუსს აღნიშნავდა, ან – საპატიო წოდებას. იმდროინდელ საქართველოში ვაზირთა შორის უპირველესად ითვლებოდა მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი, მაგრამ ივანემ თანდათანობით დაჩრდილა ისიც და სხვებიც და სამეფოში ყველაზე გავლენიან ადამიანად იქცა...
დარბაზში ჭაბუკმა მეფემ განაცხადა:
„მეფეთა შორის ბრწყინვალემ და სანატრელმა ჩემმა დედამ დამიტოვა მეფობა. ჩვენი მოწინააღმდეგეების პაპები და მამები მოხარკედ აქცია და დღემდე ჩემი ბრძანების მორჩილნი არიან. ახლა კი განძის ათაბაგი განდგომას აპირებს და აღარ უნდა ხარკის მოცემა. განმიზრახავს, რათა შური ვიძიო განძაზე და თქვენ კი შრომას უნდა შეგამთხვიოთ. რადგან თქვენი ძალითა და თანადგომით დაუცემიათ ჩემს სანატრელ მამა-პაპას დიდი სულთნების ძლიერება.
ახლა მიიღეთ ჩემგან პატივი და ნიჭი და აღვმხედრდეთ განძის წინააღმდეგ, რათა სხვა მტერმა ჭკუა ისწავლოს და არ გაგვიბედონ იგივე.
ღვთის შეწევნით პატიოსანი ჯვრის წარმძღვარებითა და თქვენი სიქველით დავძლევთ ჩვენს მტრებს და მოწინააღმდეგეებს“.
საქართველოს სამეფოს წარჩინებულებს ძალიან გაუხარდათ:
დიდი ნუგეშისცემა მოგვემატა ღვთის მიერ, რადგან, მიუხედავად ასაკისა, ხარ მეომარი ახოვანი და გოლიათი, გორგასლიანი და დავითიანი, მსგავსი მათი. ღვთის მინდობით და თქვენი ძალით დავიმორჩილებთ და ვანანებთ ყველას თქვენს ურჩობასო.
დაამტკიცეს ლაშქრობა.
განძის დასარბევად გაემართა ჭაბუკი მეფე დიდი სპით. განძელებმა ვერ გაუბედეს ბრძოლა და ადვილად დაიკავა ქართულმა ჯარმა საათაბაგო. მრავალი ტყვედ აიყვანეს და მიადგნენ განძას.
განძის ათაბაგი ქალაქში გამაგრდა. ქართულმა ლაშქარმა არ შეუტია ქალაქს, რადგან მსხვერპლს მოერიდა (სხვათა შორის, ორივე მხრიდან შესაძლო მსხვერპლს).
მხოლოდ ქალაქის კედლებთან იმართებოდა ჩალიბად, ერთი-ერთზე ბრძოლა. ურჩეულესი მეომრები ერკინებოდნენ ერთმანეთს.
ახალგაზრდა მეფემ მცირედი ნაწილებით მოისურვა ქალაქისთვის გარეშემოვლა, შემოუარა ქალაქს მტკვრის გადავლით და მიუახლოვდა კარიბჭეს. შეამჩნიეს ქართველთა მეფე და მისი ნაწილების სიმცირე განძელებმა და ათი ათასი მეომარი გამოუხტა მას გასანადგურებლად.
ქართველები ოთხი ათასი იყვნენ მხოლოდ, მათ შორის უმეტესი – მესხები.
ქალაქიდან მოშორებით, ერთ მხარეს იდგა მხარგრძელი თავისი ნაწილებით; მეორე მხარეს – ჰერ-კახნი, ქვემოქართლელნი, სომხითარნი და თორელნი; მესამე ადგილას დაბანაკებულნი იყვნენ აფხაზნი, დადიან-ბედიანნი და სხვა ლიხთიმერელნი.
განძელებმა იცნეს მეფე, განახვნეს კარნი და მხეცებივით დაეტაკნენ ოთხიათასიან ქართულ შენაერთს.
გულუშიშარმა ლაშამ არად ჩააგდო ქალაქიდან მოულოდნელად გამოვარდნილი განძელების სიმრავლე. მისმა ერთგულმა მეომრებმა, რომელთაც სასიკვდილო ხიფათი დაემუქრათ, იყვირეს:
„მეფეო, სიკვდილამდე ვიბრძოლებთ, თავს დავდებთ და არ შევარცხვენთ შენი მეფობის პირველ ომს!” – და მიეტევნენ მტერს.
„და იქმნა ბრძოლა ძლიერი და დიდად სასტიკი“.
მედგრად დახვედრილმა ქართველებმა უამრავი განძელი დახოცეს. თვით ლაშა-გიორგი წინამბრძოლობდა მხნედ და ძლიერად, გოლიათივით და თავისი ვაჟკაცური მკლავით მუსრავდა მტერს. მასთან ერთად წინამბრძოლობდნენ: ყვარყვარე ჯაყელის უფროსი ძე, ბიბილა გურკლელი, ბოცო ბოცოს ძე.
განძელებმა ვერ შეძლეს სიმრავლით ქართველთა დაძლევა, სწრაფად მიტრიალდნენ და გაიქცნენ ქალაქისკენ. ქართველებმა ჭიშკრამდე სდიეს და მცირე ნაწილმაღა შეასწრო ქალაქში. ბევრი დახოცეს ან ტყვედ აყვანეს. განძა-ქალაქის გალავნიდან ხალხი იყურებოდა. შვილების მარცხსა და ხოცვას ხედავდნენ დედები, იგლოვდნენ, ხელს იცემდნენ მკერდში, საყელოებს იხევდნენ და თმას იგლეჯდნენ, ყვიროდნენ და ზრიალებდნენ. ეს გამოიწვია განძის ათაბაგის გაუაზრებელმა პოლიტიკამ და ახალგაზრდა მეფისა და მისი მცირერიცხოვანი შენაერთის განადგურების მცდელობამ.
ქართველთა სხვა ნაწილებმა რომ შეიტყვეს, მეფე ხიფათშიაო, მყის გამოიჭრნენ ხელმწიფის დასახმარებლად, მაგრამ ლაშა-გიორგის შენაერთი მათ გარეშეც გაუმკლავდა მტერს.
საშველად მოსულმა ნაწილებმა მეფე უვნებლად დაცული იხილეს და სიხარულით აღივსნენ. ახალმოსულ გმირებს წინ მიეგებნენ ლაშასთან ერთად მებრძოლი გმირები.
მეფის ხიფათში ჩავარდნის და შეუთანხმებლობის გამო დიდებულები გაბრაზდნენ და აცხადებდნენ, რომ აღარ სურდათ ლაშქრობაში ყოფნა და არც მეფის კარზე გაჩერდებოდნენ. შემცბარი ახალგაზრდა ხელმწიფე ჩამოხტა ცხენიდან და თავისი გამოუცდელობით ჩადენილი შეცდომისთვის შენდობა ითხოვა.
საბოლოოდ, მეფის გადარჩენითა და განძელების დამარცხებით გამხიარებულნი, დაბრუნდნენ კარვებში და ერთი კვირა მხიარულებასა და დამსახურებული მეომრების დასაჩუქრებაში გაატარეს.
ქალაქში გამოკეტილმა განძის ათაბაგმა საქართველოს ჭაბუკ მეფეს ელჩი გამოუგზავნა და ძველებურად ხარკის გადახდა იკისრა. ქართველთა კეთილმა მეფემ აპატია განდგომა, გაათავისუფლა ტყვეები, აიღო მრავალი საჩუქარი, ძვირფასეულობა, თვალ-მარგალიტი, ოქრო-ვერცხლი, დაბრუნდა უკან და აღავსო მთელი საქართველო საბოძვარით, რადგან იყო ყველა მეფეზე მეტად უხვი და არავისთვის არაფერი ენანებოდა.
ასეთი იყო ქართველთა ოქროსკულულებიანი ჭაბუკი ხელმწიფე მაშინ – მლოცველი, მმარხველი, გლახაკთა და დაჩაგრულთა განმკითხველი, მოწყალე და დაუდეგარი.