როგორ დაანთო სიყვარულის კოცონი შეყვარებულმა წყვილმა ცეცხლწაკიდებულ სახლში
გასული საუკუნის 70-იანი წლებია – ის პერიოდი, როდესაც თხუთმეტ-თექვსმეტსართულიანი შენობების აგება ახალი ხილი იყო თბილისში და სახანძრო სამსახურის მუშაკებს, იქ მუშაობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ. მაშინ საბურთალოს სახანძრო რაზმის უფროსის მოადგილე ვიყავი და არაერთხელ დავსვი საკითხი, მრავალსართულიან სახლებში მუშაობისთვის შესაბამისი აღჭურვილობა გამოგვეწერა, მაგრამ ყურსაც არავინ იბერტყავდა. მპასუხობდნენ – რა აიხირე, ხომ ხედავ, მრავალსართულიან სახლებში ცეცხლი არ ჩნდებაო. ერთხელაც, საბურთალოს ერთ-ერთი ახალაშანებული თექვსმეტსართულიანი კორპუსის მეათე სართულზე გაჩნდა ცეცხლი, რომელიც ორი მიმართულებით ვითარდებოდა – სახურავისკენ და ქვემოთ. „იმდენი ილაპარაკე, ოლეგ, რომ თექვსმეტსართულიანი იწვის“, – მითხრა ჩემმა უფროსმა და ისე შემომხედა, თითქოს ჩემი ბრალი იყო. ადრე მოსკოვში ვმუშაობდი, ამ საქმეში საკმაო გამოცდილება მქონდა და, მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელი ვიყავი, ჩემს ხელქვეითებთან ერთად ჩავერთე ხანძრის ჩაქრობაში. რაზმის ერთი ნაწილი ქვედა სართულებზე მუშაობდა, მე და ჩემი ჯგუფი კი ზემო სართულებს მოვედეთ. ცეცხლი საშინლად მძვინვარებდა და ნივთების გადარჩენაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ჩვენ უფრო იმის გვეშინოდა, რომელიმე მოსახლე არ მოხვედრილიყო ცეცხლში.
– წამოდი, ოლეგ, ქვემოთ დავეშვათ, – მითხრა ერთ-ერთმა ხელქვეითმა, რომელსაც მხურვალებისგან სახის კანი გასწითლებოდა, – რომელი ჭკუათმყოფელი გაჩერდებოდა ამდენ ხანს სახლში. ჩავიდეთ, თორემ, გოჭივით შევიბრაწე.
ჩვენ მეთექვსმეტე სართულზე ვიმყოფებოდით და ბინებს ვათვალიერებდით. ერთი ბინაღა გვქონდა დარჩენილი. ხის კარი შევამტვრიე, ცეცხლმოკიდებულ სახლში შევვარდი და, რას ვხედავ – ახალგაზრდა ქალ-ვაჟს ისეთი ხვევნა-კოცნა აქვს გაჩაღებული და ისეთი სიყვარულის კოცონი დანთებული, ვერც კი გრძნობენ, ცეცხლწაკიდებულ სახლში რომ იმყოფებიან... არც ვაციე, არც ვაცხელე და წყვილს ერთი ვედრო წყალი გადავასხი, რომელიც სამზარეულოდან მოვარბენინე. აი, მაშინ კი ინებეს სიყვარულის ნეტარებიდან გამოფხიზლება და ხელიხელჩაკიდებულები დაეშვნენ თბილისური „ცათამბჯენიდან“...
მაიორ ოლეგ ფროლოვის
ნაამბობის მიხედვით