როგორ ცდილობს რუსეთი მცოცავი ოკუპაციით „იუჟნაია ოსეტიას“ ჩართვას საერთაშორისო მოლაპარაკებებში და როგორ უადვილებს ოკუპანტს მიზნის მიღწევაში ქართული ხასიათის თვისებები
მოსალოდნელი იყო, რომ ოკუპანტების მიერ ზურგგამაგრებული სეპარატისტები საქართველოს სიღრმეში ცოცვა-ცოცვით გააგრძელებდნენ გადმონაცვლებას. ასეც მოხდა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათ ახლა უკვე ბაქო-სუფსის ნავთობსადენი მოაქციეს და მის მფლობელ „ბი პის“ წილსაც სთხოვენ, რამეთუ „იუჟნაია ოსეტიას“ ტერიტორიას იყენებთ (იმიტომ რომ „ეგრე ვიცის ჯაყომაო“). მეორე მხრივ, რთული საწინასწარმეტყველები არ არის, თუ სად გაგვივლებენ მორიგ „საზღვარს“ სეპარატისტების ხელით ოკუპანტები, რადგან რფ-მ ეს ჩვენი ცხინვალის რეგიონი ჯერ კიდევ 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა და, შესაბამისად, გარკვეულ „საზღვრებშიც“. ანალიტიკოს სიმონ კილაძისგან შევეცდებით იმის გაგებას, კიდევ სად უნდა ველოდოთ მცოცავ ოკუპაციას შიდა ქართლში და რის მიღწევას ცდილობს სეპარატისტების ხელით ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და ოკუპანტი.
– მაგისტრალური სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მილსადენები ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს გადის. იგივე ის ნავთობსადენიც, რომლის მონაკვეთიც ახლა დაიკავეს სეპარატისტებმა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი მაქვს მხედველობაში. ამ ნავთობსადენით კასპიის ნავთობი მიდის სუფსის ტერმინალში და იქიდან – ევროპაში. ის მასშტაბითა და მნიშვნელობით არ შეედრება ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენს, მაგრამ ბაქო-სუფსის მილსადენი იმთავითვე ჩადგა მწყობრში, ვიდრე ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი ამოქმედდებოდა. რასაკვირველია, რუსეთი დაინტერესებულია, ისეთ ადგილებში მოაწყოს პროვოკაცია, სადაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული კომუნიკაციები გადის და შიდა ქართლი ის ადგილია, სადაც მილსადენები გადის. მართალია, ბაქო-სუფსა შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც ნავთობსადენია. გარდა ამისა, ყველასთვის ცნობილია, რომ იქვე გადის ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობისაა. საერთოდ, შიდა ქართლში ძალიან ბევრი საერთაშორისო კომუნიკაციაა და რუსეთი ყოველთვის შეეცდება, რომ იძულებული გახადოს საქართველო, მოლაპარაკებაზე დათანხმდეს სეპარატისტულ „სამხრეთ ოსეთთან“ და თავდაუსხმელობის შეთანხმება გავაფორმოთ. ჩვენ ამას, ბუნებრივია, არ ვთანხმდებით, იმიტომ რომ „სამხრეთ ოსეთი“ არის სეპარატისტული წარმონაქმნი, ჩვენ არ ვაღიარებთ მას და, შესაბამისად, არც მოლაპარაკების დაწყებას არ ვაპირებთ, ამიტომ მოდის რუსეთი ასეთ პროვოკაციებზე და არ არის გამორიცხული, ასეთი რამ სხვა დროს და სხვა ადგილებშიც განმეორდეს. იმავე აფხაზეთთან მიმართებით.
– იქ მეტი რაღა უნდა წაიღონ?
– ვგულისხმობ, რომ შესაძლოა, იქაც რაღაც პროვოკაციები მოაწყონ, რომ აფხაზეთთანაც იმავე ტიპის შეთანხმების გაფორმება გვაიძულონ. ასე რომ, ეს რუსეთის პოლიტიკის ტრადიციული გამოვლინებაა. წინა წლებშიც ასე იქცეოდა.
– ხომ იყო მოსალოდნელი, რომ სწორედ იქ აღმართავდნენ იმას, რაც და სადაც აღმართეს, რადგან ცნობილია, რომ მიჰყვებიან საბჭოთა საქართველოში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს?
– დიახ, მათ სახელმძღვანელოდ აიღეს 1921 წელს საქართველოს სსრ-ში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ რევკომის დეკრეტი, რომელშიც მოცემულია ადმინისტრაციული საზღვრები. ამას გარდა, საბჭოთა დროს პერიოდულად გამოიცემოდა წიგნები: „საქართველოს სსრ-ს ადმინისტრაციული დაყოფა“, სადაც მოცემული იყო, თუ რომელი სოფელი რომელ რაიონს ეკუთვნოდა, მათ შორის სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქშიც. აქედან გამომდინარე, დაადგინეს, რომ მათი „სახელმწიფოს“ „საზღვრები“ არის ასეთი. ეს, რასაკვირველია, რუსეთის კარნახითა და დახმარებით ხდება და ამიტომაც ახლა დაიწყეს ამ ვირტუალური „საზღვრის“ მარკირება. მარკირებაში ვგულისხმობ მავთულხლართების გავლებას, ბოძების აღმართვასა და ბანერების გამოფენას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ხელოვნურად ორგანიზებული. იქ არანაირი საზღვარი არ გადის და არანაირი სახელმწიფო წარმონაქმნი არ უნდა არსებობდეს და ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ არანაირი „სამხრეთ ოსეთი“ არ არსებობს საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ დაყოფაში. მეტიც, არც არავინ უნდა გამოიყენოს ეს ტერმინი, იმიტომ რომ ის ტერიტორია, რომელიც ერთ დროს შედიოდა სამხერთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, დღეს დანაწილებულია წიდა ქართლის სხვადასხვა რაიონს შორის. ამდენად, ჩვენი მხრიდან არანაირი კონტაქტი არ უნდა იყოს „სამხრეთ ოსეთთან“, რადგან, ჩვენი კანონმდებლობით, არანაირი „სამხრეთ ოსეთი“ არ არსებობს.
– თუმცა მათ აქვთ გაფორმებული შეთანხმება რუსეთთან 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარების შემდეგ, რომელიც ეხება „საზღვრებს“.
– მათ რუსეთთან აქვთ დადებული ხელშეკრულება საზღვრების შესახებ, მაგრამ ეს რეალურად არის საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, რადგან ეხება კავკასიის ქედზე გამავალ საზღვარს. ეს არის მათ შორის საქართველოს გარეშე დადებული შეთანხმება, რასაც საქართველო არ ცნობს, ბუნებრივია. რუსეთისთვის ხელსაყრელია ასეთი ტიპის შეთანხმების გაფორმება თვითაღიარებულ წარმონაქმნთან საქართველოზე ზეწოლის მიზნით, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაღიარებთ და ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა.
– დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აბრალებენ ოკუპაციას. არადა, ზუსტად მახსოვს, როგორ ამკვიდრებდნენ ისინი ტერმინ „სამხრეთ ოსეთს“ 2006 წლიდან, ეს ტერმინი იმ დროისთვის დავიწყებული იყო უკვე, რაშიც აქტიურად ეხმარებოდა მათ „რუსთავი 2“. შემდეგ შექმნეს სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაცია სანაკოევის ხელმძღვანელობით, რომელსაც მიუერთეს ის ტერიტორიები, რასაც ვერ აკონტროლებდნენ სეპარატისტები და 2008 წლის აგვისტოში დაახვედრეს საზღვრებშემომტკიცებული წარმონაქმნი სახელწოდებით.
– არანაირი „სამხრეთ ოსეთი“ არ არსებობს საქართველოში. მისაღებია, პოლიტიკოსებმა საუბრისას თქვან ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი ან სამხრეთ ოსეთი ბრჭყალებში, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებში ის უნდა დაიწეროს, როგორც ცხინვალის რეგიონი, რომელიც ეკუთვნის შიდა ქართლს.
– მე მოვნახე ასეთი მეთოდი, როდესაც ჩემი სახელით ვწერ, ვამბობ ცხინვალის რეგიონს, როდესაც რუსი ან ოსი რესპონდენტის ან წყაროს მიერ ნათქვამს ვიმეორებ, ვწერ „იუჟნაია ოსეტიას“.
– ჩვენთვის უმჯობესია, დავაკნინოთ ეს ტერმინი.
– ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დაცვა ვის ეკისრება? თუმცა საკმაოდ ღრმადაა ჩაფლული დაბომბვების პრევენციისთვის. რა კუთხით შეუძლია მის დასაცავად ჩართვა საერთაშორისო თანამეგობრობას, გარდა იმისა, რომ შეშფოთებას გამოთქვამს „საზღვრის“ გადმოწევის გამო?
– ტექნიკური მონაცემები არ ვიცი, რამდენი მეტრითაა მიწაში ჩაფლული.
– როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, იმაზე ღრმადაა, ვიდრე ნორმებითაა გათვალისწინებული.
– მაგრამ ის ნავთობსადენი იმ დროს აშენდა, როდესაც არ იყო ომის საშიშროება.
– სანდრო თვალჭრელიძემ მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ის 2000 წელს დაპროექტდა, განვსაზღვრეთ ეს საფრთხე და უფრო ღრმად ჩავფალითო.
– არ არის გამორიცხული, თუმცა, როგორც ვიცი, ლაპარაკია 1 500-მეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ოკუპირებულ მონაკვეთზე მოხვდა და იქ არანაირი გადამკეტი ვენტილი არ არის. მთლიანი მილია, გადამკეტი ვენტილი ჩვენ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა. ასე რომ, რუსეთმა უნდა აფეთქოს ან დანაღმონ, ან რაღაც ასეთი პროვოკაცია მოაწყონ. ბაქო-სუფსასთან მიმარებით ვერ ვიხსენებ, რომ დაცვის რამე სპეციალური სამსახური არსებობდეს, თუმცა საქართველო ვალდებულია, დაიცვას ისეთი საერთაშორისო მნიშვნელობის მილსადენი, როგორიც ბაქო-სუფსაა. ამდენად, მართალია, მილსადენის ოპერატორი, ანუ მმართველი კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმია“, მაგრამ, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე გადის, ჩვენ უნდა დავიცვათ.
– ერთია, რომ რუსეთს უნდა ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, რომ აიძულოს კონტაქტი სეპარატისტებთან, მაგრამ, რადგან ეს მილსადენი მაინც საერთაშორისოა, რა აჩვენა ამ ჟესტით რუსეთმა საერთაშორისო თანამეგობრობას? რაც უნდა იძახოს კარასინმა ცინიკურად, რუსეთი არაფერ შუაშიაო, ყველამ იცის, რომ თავშია.
– სამხრეთ კავკასია გატენილია კომუნიკაციებით და, თუ გავითვალისწინებთ რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებას, რუსეთი ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას: ასეთი პროვოკაციებით აიძულებს საქართველოს, დათანხმდეს, მოლაპარაკება გამართოს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან და მეორე მხრივ, დასავლეთს მიანიშნოს, თუ კვლავ საქართველოს დაუჭერთ მხარს, მე ხელში მიჭირავს თქვენი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე კომუნიკაციებიო. ასე რომ, რუსეთი ორი კურდღლის დაჭერის მიზნით ახორციელებს ამ პროვოკაციებს.
– დასავლეთს რა შეუძლია, გააკეთოს გარდა შეშფოთებისა?
– რამდენიმე დღეა, ვეცნობი დასავლურ პრესას, ჯერჯერობით შეშფოთება-აღშფოთების გარდა არაფერია. გაკეთდა განცხადება აშშ-ს სახდეპარტამენტის ბრიფინგზე, მოუწოდებენ რუსეთს პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სტატიები გამოქვეყნდა „გარდიანში“, სხვა გაზეთებში, ანუ საქმის კურსშია დასავლეთი, მაგრამ რა უნდა მოიმოქმედოს?! ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ „სამხრეთ ოსეთი“ არ არსებობს ჩვენი კანონმდებლობით, ამიტომ ამას საერთაშორისო ნორმებში ვერ მოაქცევ. საქართველო-რუსეთის საზღვარი ცნობილია საერთაშორისო არეალში, მაგრამ ამ შიდა „საზღვრის“ შესახებ ვერც ევროკავშირი, ვერც ეუთო ვერანაირ განცხადებას ვერ გააკეთებენ. არსებობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც აკვირდება ვითარებას და დასკვნები გამოაქვს, მაგრამ ვერანაირ ზომებს ვერ იღებენ, რომ რუსეთი აიძულონ, უკან დაიხიოს. ეს შესაძლებელია მოლაპარაკებებით, ზეწოლით, მაგრამ ძალიან რთულია ამის გაკეთება. დღემდე დაუსჯელი დარჩა რუსეთი, როდესაც სოფლები მიითვისა, სასაფლაოც კი გაყვეს, მაგრამ საერთაშორისო სტრუქტურებმა მაშინაც მხოლოდ განცხადებები გააკეთეს. ეს ძალიან რთული საკითხია. თითქოს წვრილმანი, რამდენიმე ასეული მეტრი, მაგრამ სწორედ ასეთი წვრილმანებიდან იწყება ყველაფერი და საბოლოოდ შეიძლება, მივიდეთ ძალიან ცუდ შედეგამდე. გასულ კვირას აქციის დროს ვნახეთ, რომ მოთხარეს ბოძი.
– ბარემ აქვე გკითხავთ: ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში შეისწავლიდნენ იმპერიაში შემავალი ხალხების ფსიქოლოგიას. მათ შორის, ქართველებისასაც. ჩემი დაკვირვებით, რუსეთი ძალიან ხშირად იყენებს ჩვენი ხასიათის თვისებებს ჩვენ წინააღმდეგ, აქედანაც რომ უწყობენ ხელს შეგნებულად, ეს სხვა საკითხია. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამჯერადაც ჩვენს ხასიათზე თამაშობენ, რადგან იციან, რომ რაციონალიზმს არ ვწყალობთ, წინ მოდის ემოცია და თეატრალობა?
– ბოლო ოცი წლის განმავლობაში იმდენი ემოციური აფეთქება მომხდარა, რომ ალბათ რუსეთი დაკვირვებით უცქერის. მათ იციან, რომ, თუ პროვოკაციულ ნაბიჯს გადმოდგამენ, აქ მაშინვე გაჩნდება აქცია და ოპოზიციური ჯგუფები გამოჩნდებიან, რომლებიც ამას გააბუქებენ და გადაჭარბებულად შეაფასებენ. ამის ვარაუდი შეუძლიათ, იმიტომ რომ ჩვენ მიდრეკილნი ვართ ემოციისკენ. როდესაც ასე იქცევა ოპოზიციური პარტია, მისი მიზანია, ერთი მხრივ, პროტესტი გამოუცხადოს რუსეთს და, მეორე მხრივ, გააკრიტიკოს არსებული ხელისუფლება და დღესაც, ალბათ, მსგავს მაგალითს ვხედავთ. ბუნებრივია, ჩვენ პროტესტი უნდა გამოვხატოთ, მაგრამ ზოგიერთი დაჯგუფება ამას გადაჭარბებული ემოციით აკეთებს. ვახსენე, რომ ბოძი მოთხარეს, რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ ჩვენ ასე მოვიქცეთ. თუ რუსი მესაზღვრეები უცბად დადგამენ ტრაფარეტს, ჩვენ მივიდეთ და მოვთხაროთ ის ტრაფარეტი. მაგრამ რას გამოიწვევს ასეთი ქმედება? ძალიან ახლოსაა მათი სამხედრო ბაზა და შეიძლება, ისინი ელოდებიან ასეთ ქმედებას ჩვენგან.
– და შემდეგ საერთოდ ჩვენ დაგვაბრალონ, რომ სამხედროები დავუხოცეთ.
– დიახ, ვიცით მათი მოქმედების თავისებურება და შეიძლება, აქეთ დაგვაბრალონ. როდესაც ასეთი ვერაგი მტერი გვყავს, ჩვენ მანამ უნდა გავთვალოთ მისი სამომავლო ნაბიჯი, სანამ რაღაცას თავად მოვიმოქმედებთ, რომ ვიცოდეთ, რა შედეგი მოჰყვება ჩვენს ამა თუ იმ ქმედებას და ცივი გონებით გადავწყვიტოთ ყველა პრობლემა.
– სად შეიძლება ველოდოთ კიდევ შემოცოცებას?
– ალბათ, ჩვენ უნდა გვქონდეს და შესაძლოა, რომელიმე სპეცსამსახურს აქვს ის რუკები, და ის გეგმა, სადაც ასახულია, სადაა კიდევ მოსალოდნელი მსგავსი პროვოკაცია. იმიტომ რომ ამ პროვოკაციას ხომ არავინ ელოდა ახლა?
– რატომ არ ელოდა, ხომ ვიცით, რომელ რუკებს იყენებენ და სად გადიოდა ავტონომიის ადმინისტრაციული საზღვარი?
– გვაქვს და ჩვენს არქივებში უფრო მეტი მასალა ინახება, მაგრამ ვგულისხმობ რუკის განახლებულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც მოქმედებენ რუსი მესაზღვრეები. საინტერესოა, გვაქვს თუ არა მათი ეს განახლებული რუკა, რომ ვნახოთ, კიდევ სად არის მოსალოდნელი პროვოკაცია, რომ წინასწარ მაინც გვქონდეს ინფორმაცია.