ვის უწევს წნევა მზია ბებოშვილის ასპარეზობის დროს და როდის არის საჭირო ტკივილის მოთმენა
ბულგარეთში გამართულ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე კადეტთა შორის, საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა, მზია ბებოშვილმა გაიმარჯვა. ის კონტინენტის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში იბრძოდა და იპონ-იპონ იცილებდა მოწინააღმდეგეებს. მზია 17 წლისაა და სულ ხუთი წელია, რაც ძიუდოში ვარჯიშობს. საქართველოს შვიდგზის ჩემპიონმა და უამრავი საერთაშორისო თუ სხვა ტურნირების გამარჯვებულმა, კიდევ ერთხელ ასახელა საქართველო.
მზია ბებოშვილი: 1998 წლის 9 ივნისს დავიბადე. 84-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობ. ოჯახში სამი წევრი ვართ: მე, და და დედა; მამა გარდამეცვალა. ჩემი დაც ძიუდოისტია. სპორტული მონაცემები ბავშვობიდან მქონდა და მშობლების სურვილით ტანვარჯიშზე დავდიოდი. ძიუდოს შესახებ შემთხვევით გავიგე – ერთ დღეს, გამოცდების გამო, გვიანობამდე მომიწია სკოლაში დარჩენა და სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ძიუდოისტების სავარჯიშო დარბაზში. ძალიან მომეწონა მათი ვარჯიში, ამიტომ, ხშირად მივდიოდი და ვუყურებდი ხოლმე. შემდეგ სახლში ვთქვი, რომ ძიუდოზე მინდოდა გადასვლა. თავიდან მშობლები წინააღმდეგები იყვენენ, ვერც კი წარმოედგინათ, გოგონები სპორტის ამ სახეობაზე თუ დადიოდნენ. თუმცა, დაჟინებულმა თხოვნამ თავისი გააკეთა და მამამ მიმიყვანა ძიუდოს მასწავლებელთან, ოღონდ ქალთან. 11 წლის ვიყავი, პირველად რომ ვივარჯიშე, იმ დღის შემდეგ ისე შემიყვარდა ეს სპორტი სიზმარშიც კი ვხედავდი ხოლმე (იცინის). შესვლიდან ერთ თვეში საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დავიკავე. მაშინ 36 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვასპარეზობდი. ფინალში ისრაელის წარმომადგენელს შევხვდი, რომელიც 55 კილოგრამს იწონიდა და წავაგე. სულ ხუთი წელია, რაც ვვარჯიშობ. ჩემი მასწავლებელი კახაბერ მოცარაძეა.
– ევროპის ჩემპიონობამდე რა გზა გაიარე?
– საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი ვარ. ვასპარეზობ როგორც დიდებში, ასევე პატარებშიც. რაც აქტიური ვარჯიში დავიწყე, თითქმის არ მქონია წაგება. რეიტინგების მიხედვით, საქართველოში პირველ ადგილზე ვარ, ევროპაზე სამეულში უნდა ჩავჯდე, მსოფლიოზე კი მეთხუთმეტეზე ვიმყოფები. გარკვეული პერიოდი, ასაკის გამო, ვერ ვახერხებდი ევროპის ტურნირებზე გასვლას. ბევრჯერ გაგზავნეს მოთხოვნა, მაგრამ უარს ამბობდნენ. პირველი დიდი წარმატება 2013 წელს ევროპაზე მქონდა – მაშინ ბრინჯაო ავიღე.
– როგორ ემზადებოდი ევროპის ჩემპიონატისთვის და რთული თუ იყო მოგება?
– ჩემპიონატის მოსამზადებელი პერიოდი ტრაპიზონში გავიარეთ, თურქებთან ერთად ვვარჯიშობდით. ცხრა გოგო ვიყავით წასული და თითოეული ჩვენგანი თავდაუზოგავად შრომობდა. ტრავმების მიუხედავად, მაინც არ ვჩერდებოდით და გამუდმებით ვვარჯიშობდით. ერთ-ერთი მათგანი პრიზიორი გახდა, მე პირველი ადგილი დავიკავე. მინდა აღვნიშნო, რომ გოგონათა ძიუდოს ნაკრებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. ამჯერად მე გამიმართლა, თუმცა მათაც აუცილებლად დაუფასდებათ შრომა. დილის 6 საათზე ვდგებოდი და დავრბოდი; ვერ ვიძინებდი, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. შეჯიბრებამდე სამი დღით ადრე მუხლი ვიტკინე და ყველა შეხვედრა შეხვეული ფეხით ვიასპარეზე. მართალია, ტრავმის დროს რთულია ჩხუბი, მაგრამ, როცა ასეთ სერიოზულ ტურნირზე გამოდიხარ, ტკივილი უნდა მოითმინო. არ შეიძლება, დაჯდე და თქვა, მუხლი მტკივა და ვერ ვიბრძოლებო: ჩემ უკან ჩემი ქვეყანა იდგა, ამიტომ, ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად უნდა მებრძოლა. პირველი შეხვედრა დავისვენე, ვინაიდან, 15 კაცში ვარ მსოფლიო რეიტინგით და, მეორე და მესამე წამებში მოვიგე იპონით. მეოთხედ რუსს შევხვდი, ფინალში გადასასვლელად მასთან ვიბრძოლე. ვიცოდი, ეს არ იქნებოდა მარტივი, მაგრამ, არ მივეცი საკუთარ თავს წაგების უფლება. მასწავლებელს ვეუბნებოდი, ამ ბრძოლაში სული და გული უნდა ჩავდო, თავი უნდა მივაკლა-მეთქი (იცინის). ეს იყო ყველაზე რთული ბრძოლა. ფინალის წინ მასწავლებლის სიტყვები მიტრიალებდა თავში: ოქრო – ოქროა; ოქროთი ვერცხლსაც მიიღებ და ბრინჯაოსაც, ამ ორის გადადნობით კი ოქრო არ დაგრჩებაო. ეს სიტყვები ძალას მმატებდა და ძალიან მშვიდად დავამარცხე ავსტრიელი მოწინააღმდეგე.
– ოჯახის წვრები ახლა რას გეუბნებიან? ალბათ, ყველაზე მეტად გგულშემატკივრობენ.
– თავიდან ხომ წინააღმდეგები იყვნენ, ახლა უხარიათ ჩემი წარმატებები. რაც უფრო ხშირად ვიღებდი ტრავმას, დედას იმედი ჰქონდა, რომ თავს დავანებებდი ძიუდოს, მაგრამ, თითოეული დაზიანების შემდეგ უფრო მეტად მიყვარდებოდა ეს სპორტი. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მამა იყო. თურმე დედა და დეიდა ძალიან ნერვიულობენ, როცა ვიბრძვი. ბიძაჩემმა მითხრა, შეშლილი სახეებით უყურებდნენ შენს ასპარეზობასო; თითოეულ ილეთს რომ გიკეთებდნენ, სადაც მყარად ვერ იდექი, ლამის გული უჩერდებოდათო (იცინის). ბებიას და პაპასაც არ მოსწონდათ ჩემი გადაწყვეტილება. ძიუდოზე რომ შევედი, პაპა იყო ჩამოსული და ასე მითხრა, ყველაფერს დაინგრევ, იცოდეო. ერთ თვეში ლავიწიც გამიტყდა, მაგრამ სიმართლე არ ვუთხარი, მოვატყუე, ხიდან ჩამოვვარდი-მეთქი (იცინის). ახლა სულ მირეკავენ, ჩემს ყველა შეხვედრას უყურებენ და, როცა ვიბრძვი, ბებიაჩემს წნევა უწევს ხოლმე (იცინის).
– ჯერ 17 წლის ხარ. სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– ოლიმპიური ჩემპიონობა მინდა, მაგრამ, არ მსურს, მხოლოდ ძიუდოთი შემოიფარგლებოდეს ჩემი კარიერა. მარტო სპორტით არაფერი გამოვა, სწავლაც აუცილებელია. ვფიქრობ, განათლება თუ არ გაქვს, ადამიანი არ ხარ. სპორტი დამთავრდება და მერე რაღაც ხომ უნდა აკეთო. ვცდილობ, სწავლაც შევუთავსო ჩემს რეჟიმს. სკოლაში ვერ დავდივარ, მაგრამ ექსტერნებს სულ ვაბარებ. სპორტულ უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას, რომელიც ახლახან გაიხსნა თბილისში.
– ტატამს მიღმა გიცემია ვინმე?
– კი, ოთხი ბიჭი ვცემე სკოლაში, ოღონდ, მაშინ პატარა ვიყავი. დირექტორთან შემიყვანეს და ახსნა-განმარტებითი ბარათი დამაწერინეს, რომ ბიჭებს აღარ ვცემდი (იცინის). ცელქი ბავშვი ვიყავი და, თუ სადმე ჩხუბი იყო, ყოველთვის შუაში ვიდექი. ჩემი საქციელის გამო, მშობელთა კრებაზე სულ ცუდ დღეში იყო დედაჩემი. თუმცა, სახლში არ მეჩხუბებოდა – იცოდა ცუდს არაფერს ვაკეთებდი და, რაც მომდიოდა, ბავშვური მაიმუნობის ბრალი იყო (იცინის).
– შეყვარებული არ გყავს?
– არა და, გულწრფელად გეტყვით, არც არასოდეს მყოლია. მომავალში რა იქნება, არ ვიცი. უცხოეთში თითქმის ყველა გოგოს ჰყავს შეყვარებული, მე რომ მეკითხებიან, ვპასუხობ, ძიუდოა ჩემი შეყვარებული-მეთქი და ამაზე დამცინიან (იცინის). თაყვანისმცემლების რაოდენობა ჩემპიონობის შემდეგ უფრო გაიზარდა. მანამდეც იყვნენ, მაგრამ, არცერთ მათგანს არ ვწერდი, ყველას ვბლოკავ ხოლმე. დედაჩემი სულ მეჩხუება, ნუ იქცევი ეგრეო (იცინის). ასე იმიტომ ვაკეთებ, რომ ამ ეტაპზე არავისთან ურთიერთობა არ მინდა.