რატომ მიიწვიეს ზურაბ შიოშვილის სპექტაკლი ერთდროულად 27 ფესტივალზე და როგორ შექმნა მან უნიკალური კოსტიუმები, რასაც დღეს დიდი თეატრები და ჰოლივუდური სტუდიებიც კი ერიდებიან
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ რეჟისორმა ზურაბ შიოშვილმა უნიკალური კოსტიუმები შექმნა, რომლებითაც ნებისმიერი დიდი თეატრი იამაყებდა და რის ფუფუნებასაც საკუთარ თავს დღესაც არ აძლევენ მსოფლიოს წარმატებული თეატრები და ჰოლივუდის ფილმები.
– ზურაბ, როგორ გაჩნდა ამ უნიკალური კოსტიუმების შექმნის იდეა, რომლებსაც ნებისმიერი ჰოლივუდური ფილმი დიდი სიამოვნებით გამოიყენებდა?
– ჯერ კიდევ სკოლის დამამათავრებელ ასაკში ვიყავი, როდესაც ეგვიპტური კედლის მხატვრობით დავინტერესდი. იმ პერიოდში ვხატავდი და ფანქრით ვაკეთებდი მათ რეკონსტრუქციებს, პარალელურად კი სულ მქონდა იდეა, რომ, ის, რაც ეგვიპტური კედლის მხატვრობაზე იყო, კოსტიუმად ან ნივთად ქცეულიყო და აღდგენილიყო. იმდროინდელი ჩანახატები, რა თქმა უნდა, დამრჩა. წლების მერე, როდესაც, როგორც რეჟისორმა, რუსთაველის თეატრში ვიმუშავე სპექტაკლ „კარმენზე“, რომელსაც კარგი გამოხმაურება ჰქონდა, გადავწყვიტე, მეორე პროექტი დამეწყო, რომელიც უფრო მასშტაბური იქნებოდა, უფრო მეტი ემოციით. დავიწყე ესკიზების ხატვა და, იმდენად საინტერესო გამოვიდა, გამიჩნდა სურვილი, კოსტიუმებიც გამეკეთებინა. როგორც სამუზეუმო ექსპონატები. ის კოსტიუმები, რასაც მაყურებელი თეატრში ხედავს, ძირითადად აპლიკაციებია, რომლებიც სცენისთვის იქმნება. ჩემი პრინციპი კი იყო, შემექმნა კოსტიუმები, რომლებიც იქნებოდა ნამდვილი სამოსი, თან, ხელით მოქარგული და თვლებით გაფორმებული.
– რაც ყველაზე რთული და ძვირად ღირებულია...
– დიახ. განსაკუთრებულად რთული იყო შექმნის პროცესი, რადგან ამას სჭირდებოდა სპეციალური ტექნოლოგია, ცოდნა, სპეციალისტები. როდესაც რეალურად დავიწყე ამ კოსტიუმებზე მუშაობა შევისწავლე მთელი რიგი ლიტერატურისა, რათა გამეგო, როგორი იყო შუა საუკუნეების კოსტიუმები, შიგნიდან როგორ მზადდებოდა... მუშაობის პროცესში გამიჩნდა იდეა, რამდენიმე ესკიზზე მეთქვა უარი, ამეღო ცნობილი პიროვნების პორტრეტი და მის მიხედვით გამეცოცხლებინა კოსტიუმი. ასეთი იყო საფრანგეთის მეფე კარლ მეცხრე, რომლის პორტრეტიც დღეს ლუვრშია; ასე გავაცოცხლე ეკატერინე მედიჩის, ელისაბედ პირველის კოსტიუმებიც. კარლ მეცხრის კოსტიუმი ზუსტი ასლია, ელისაბედ პირველისა კი მაქსიმალურად არის მიახლოებული. ასეთი მოცულობის სამუშაოს მხოლოდ დიდი თეატრები უმკლავდებიან, ჩემს შემთხვევაში კი, ამას უმკლავდებოდა პატარა ბიჭი, რომელიც იმ დროს სტუდენტი იყო და, პლუს, სპექტაკლი უნდა დაედგა. ვინც ეს კოსტიუმები მოქარგა, ლეგენდარული ადამიანი იყო. თავის დროზე ის ქალბატონი მიჰყავდათ რუსეთში და კრემლისთვის, დიდი მუზეუმებისთვის ქარგავდა. ეს არის ხელით ნამუშევრები, საკმაოდ ლამაზი და რთული. ყველაზე მეტად დასამახსოვრებლად მრჩება ის, რომ ჩემი ბავშვობის პერიოდში ფანქრით გაკეთებული ჩანახატიდან არის შექმნილი ნეფერტიტის კოსტიუმი, რომელიც ჯერ ბავშვობაში მაქვს რესტავრირებული. ბერლინშია ნეფერტიტის ბიუსტი, სადაც წარმოდგენილია თავსაბურავი და გულსაკიდის რაღაც ნაწილი; გარდა ამისა, არსებობს კედლის მხატვრობა, სადაც ნეფერტიტია გამოსახული. მე ვნახე, როგორი იყო დედოფლის შესამოსელი – ეს იყო თეთრი ქსოვილისგან დამზადებული კაბა სარტყელებით. შევისწავლე და მოხდა რესტავრაცია ქუდიდან ბოლომდე – ხელში დასაჭერი სამეფო ნიშნების ჩათვლით. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოხდა ერთი საოცრება – გამოჩნდა ბიზნესმენი ირაკლი გეგეშიძე, რომელმაც გვითხრა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში შეეცდებოდა ამ კოსტიუმების შექმნას და ეს პროცესიც გახდა რეალური. პარალელურ რეჟიმში დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა ფორმით უნდა წარგვედგინა კოსტიუმები ხალხის წინაშე. ვინაიდან იმ პერიოდში ვმუშაობდი პედრო კალდერონის პიესაზე „ცხოვრება სიზმარია“, გავაკეთეთ ასეთი რამ: დაიდგა სპექტაკლი და კოსტიუმები პირდაპირ სცენაზე გაცოცხლდა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო შოკის მომგვრელი სანახაობა, ასეთი კოსტიუმები ჩვენს მაყურებელს დღემდე არ უნახავს. თუმცა, სულ ვამბობ, რომ ეს კოსტიუმები არ შეიქმნა სპექტაკლისთვის, რადგან კოსტიუმების იდეა ცალკე ხაზად მოდიოდა, სპექტაკლისა – ცალკე და სინთეზი გავაკეთეთ. არც მქონია სურვილი, რომ ეს სპექტაკლი რეპერტუარში ჩაესვათ, ხოლო კოსტიუმები მუდმივად ყოფილიყო სცენაზე, რადგან ეს მათ დაზიანებას გამოიწვევდა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი, ერთად აღებული, იყო ექსპერიმენტი იმისთვის, რომ საგამოფენო სივრცეში სტატიკურად დაფიქსირებული კოსტიუმის ნაცვლად მაყურებელს ენახა ისინი მოძრაობაში, იმ გრაციაში და გარკვეულწილად იმ რეალობაში, რა რეალობაშიც ის ცოცხალი იყო თავის დროზე. ასე რომ, ამ სპექტაკლში რეალურად მოხდა ეპოქების გაცოცხლება. საბოლოოდ, სპექტაკლი ვიზუალურად ოლიმპიადის გახსნასავით დიდებული გამოვიდა.
– როგორც ვიცი, ძვირად ღირებული ქვებიც გაქვს კოსტიუმებში გამოყენებული.
– დიახ, ძვირფასი ნამუშევრებია, რადგან თავად მასალაა ძალიან ძვირფასი. პლუს, გამოყენებულია მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მასალები. ჩემს ახლობელს ჰქონდა მეთვრამეტე საუკუნის მასალა, ნახა, რომ უნიკალური კოლექცია კეთდებოდა და მომცა – გამოიყენეთო. ქვების დიდი ნაწილი ნახევრად ძვირფასია, ბიჟუტერიაც არის. საბოლოოდ, ამ ყველაფერს ძალიან კარგი შეფასება მოჰყვა – მსოფლიოს სამი უდიდესი და სერიოზული მუზეუმიდან მოგვივიდა მოწვევა. დღესაც კი არ იქმნება თეატრებში ასეთი კოსტიუმები, რადგან ძალიან შრომატევადი და ძვირად ღირებულია. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თეატრალურ წრეებში მიცნობენ. 2006 წელს ავინიონის დირექტორთა საბჭოს წევრობაზე ვიყრიდი კენჭს, მქონდა მოწვევები ბრიუსელიდან და ამიტომ ამ ინფორმაციის გავრცელება არ იყო პრობლემა, თან, ეს იყო უნიკალური შემთხვევა. ამიტომაც, 27 ფესტივალზე მიიწვიეს ჩვენი სპექტაკლი, რადგან, გარდა იმისა, რომ სპექტაკლი თავისი კოსტიუმებით იყო საინტერესო, ეს ავტორიც ხშირად არ იდგმება და ხვდებოდნენ, რომ მსგავს თეატრალურ წარმოდგენას ვერც ერთი თეატრი ვერ შესთავაზებდა. ბუნებრივია, ეს ყველასთვის საინტერესო იყო. ევროპულ ელიტას ეს არ გამორჩენია, განსაკუთრებით 2006 წელს, როდესაც კენჭი უნდა მეყარა ავინიონზე და უკვე შემდეგ დაინტერესდნენ მუზეუმები.
– ფესტივალებზე ვერ გაიტანეთ?
– ვერ წავიდა ფესტივალებზე ერთი მარტივი მიზეზის გამო: ვინც აწყობდათ და სასეირნოდ უშვებდნენ, მხოლოდ ისინი მიდოდნენ. შესაბამისად, 27 ფესტივალიდან არცერთზე არ გაუშვეს. საფრანგეთის მაშინდელმა კულტურის ატაშემ კულტურის სამინისტროს მიმართ ამ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. სერიოზული სკანდალი მოხდა, დაიძაბა სიტუაცია და მე წავედი დათმობებზე. რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს, 2010-2011 წლებში ჩვენ გვქონდა სამი უსერიოზულესი მიწვევა. ეს იყო ავსტრიის საიმპერატორო მუზეუმიდან, ლონდონის დიზაინის მუზეუმიდან და დიდი ბრიტანეთის კოსტიუმების მუზეუმიდან. უფრო მეტიც, 2008 წელს ვენეციის „ბიენალეზე“ გვქონდა დაგეგმილი გამოფენა. „ბიენალეს“ დირექტორთან, მარკო მილერთან, ძალიან კარგი ურთიერთბა მქონდა და, მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი უკვე დაგეგმილი იყო, გადაწყდა: კინოფესტივალის დროს, „ოქროს ლომის“ დაჯილდოების ცერემონიალის პერიოდში, მოჩენიგოების სასახლეში, სადაც ბაირონი ცხოვრობდა და ლექსებს წერდა, უნდა გაგვეკეთებინა ექსპოზიცია. მაშინაც კულტურის სამინისტორში გვითხრეს – საინტერესოა და კარგიაო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საქმეც კი არ დაუძრავთ. სხვათა შორის, ყველაზე ნაკლებ გამოხმაურებას ავსტრიის საიმპერატორო მუზეუმიდან ველოდი. იქ ისეთი საგანძურია თავმოყრილი – მაცხოვრის შუბი და ასე შემდეგ... და, ამ დროს, ყველაზე აქტიური სწორედ ეს მუზეუმი იყო. მაგრამ, სახელმწიფოს მხრიდან უაზრო უნიათობის გამო, ეს პროცესი არ შედგა, – ვერ მოვახერხეთ კოსტიუმების უცხოეთში გატანა და ჩვენება.