კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გადაეყარა გელა გურალია თავის ბედისწერას და რა პირობა არ დაურღვია მან მოსკოვში საკუთარ თავს

 მისი ცხოვრების გზა რთული, მაგრამ საინტერესო იყო. ფიქრობს, რომ, ის ყველაფერი, რაც მას 34 წლის ასაკში ეწვია, დიდი ბრძოლით მიიღო. პოპულარული  რუსული კონკურსი – „ვოისი” მისთვის ბედისწერა აღმოჩნდა – ბედისწერა,  რომელმაც ნიჭიერ, ხალას და საინტერესო ახალგაზრდას, გელა გურალიას, ყველა დაკეტილი გზა გაუხსნა.




გელა გურალია: ჩემი ისტორია პატარა პროვინციულ ქალაქში დაიწყო, სადაც ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი. გავიზარდე ფოთში, სადაც ვცხოვრობდი 17 წლამდე. ეს არის ქალაქი, რომელიც ძალიან მიყვარს. რაც უფრო გადის დრო, მით მეტად მიმძაფრდება განცდები ამ ქალაქის მიმართ. ლიცეუმში ვსწავლობდი ქიმია-ბიოლოგიის  პროფილით. ქიმიკოსობა მინდოდა და ამიტომაც ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე, თუმცა, მესამე კურსის სტუდენტმა გავაკეთე არჩევანი, როელმაც ჩემი გზა სულ სხვა მხარეს წაიყვანა. ახლა ჩემი ქიმია – ჩემი სცენაა (იცინის). იმ პერიოდში  მამა რუსეთში ცხოვრობდა. პატარა ვიყავი, როდესაც ის რუსეთში გადავიდა. ფრაგმენტულად შემორჩა მამა  ჩემს მეხსიერებას.  დედას და მამას ცალ-ცალკე უწევდათ ცხოვრება, რაც მძიმე ტვირთი იყო დედაჩემისთვის –  მას სიგიჟემდე უყვარდა მამა და, ვიცი, რომ  დღემდე ენატრება.  დედა ფოთის საავადმყოფოში მედდად მუშაობდა, სულ სამსახურში იყო, სულ საქმეში ჩართული, რომ ორი შვილი გაეზარდა იმ რთულ და გაჭირვებულ დროში.   პატარა ასაკში ძალიან მტკივნეულად აღვიქვამდი, რომ მამა არ იყო  ჩვენ გვერდით;  არ მესმოდა მისი, რატომ ცხოვრობდა ჩვენგან შორს. როცა საკუთარ ცხოვრებაში გამოვცადე, რომ ადამიანები მუდამ  ბედნიერების ძიებაში ვართ,   მაშინ მივხვდი, რატომ წავიდა მამა ჩვენგან. ის ისე წავიდა ამქვეყნიდან, სამწუხაროდ, ვერ ვნახე.  როდესაც წლების შემდეგ მის საფლავზე მივედი, გამიჭირდა და რამდენჯერმე უკან გამობრუნება ვცადე. დღეს   ჩემს რეპერტუარში არის მიშელ ლეგრანის ლეგენდარული სიმღერა,  რომელსაც ყოველთვის მამას ვუძღვნი. როდესაც ამ სიმღერას ვმღერი, უცნაურ ძალას ვგრძნობ,  ამ სიმღერის შესრულება ყველაზე მეტად მიჭირს  ნიჟნი ნოვგოროდში – ქალაქში,  სადაც მამაა დაკრძალული. 
– როდის დაიწყე სიმღერა?
–  ძალიან პატარა ასაკში. საბავშვო ბაღის დირექტორმა, რომელიც ჩემი მეზობელი იყო, დედას  უთხრა, კარგი მუსიკალური  მონაცემები აქვსო. ჩემი პირველი გამოსვლა იყო ფოთის კინოთეატრში, სადაც პირველი სიმღერა  შევასრულე.   მთელი ბავშვობა სცენაზე გავატარე, ვმღეროდი ხალხურ ანსამბლში, ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლში... დედა ყველაფერში გვერდში მედგა, მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს კარიერაში, პირველ ყოვლისა, იმით, რომ არ შემიზღუდა თავისუფლება.   ლიცეუმის დამთავრების შემდეგ ჩამოვედი თბილისში, რომელიც იმ დროს ჩემთვის დიდი მეგაპოლისი იყო. ჩემთვის უცხო ქალაქში დავრჩი მარტო,  გზებიც კი არ ვიცოდი, ვერ ავყევი მის რიტმს.   ეს იყო რთული პერიოდი, რომელიც წლების მერე ისევ განმეორდა, როდესაც მოსკოვში ჩავედი. ვფიქრობ, იმ რთულმა პერიოდებმა, რომლებიც საკმაოდ  ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში, შემქმნა, გამაძლიერა და გამზარდა. ამის გარეშე, ალბათ, არაფერი გამომივიდოდა.  ახლა უკვე  კარგად ვიხსენებ სტუდენტობის წლებს: ვსწავლობდი ძალიან კარგად,  ვიყავი  აქტიური სტუდენტი – ეს თვისება პატარაობიდან მქონდა: ჯერ კიდევ ფოთში ვსწავლობდი, როცა ალტერნატიული პარლამენტის წევრი გავხდი, რომელიც ზურაბ ჟვანიას ინიციატივით შეიქმნა. ჩამოვდიოდი ჩვენი პარლამენტის სესიებზე,  როგორც მომავალი ქიმიკოსი, „ვმუშაობდი” ეკოლოგიის განხრით. ეს ის წლები იყო, როცა არ ვმღეროდი – 14-დან 17 წლამდე – ამ ასაკში მოზარდს მუტაციის პერიოდი აქვს და ხმა ეცვლება. უკვე სტუდენტი ვიყავი, როცა ჩემს ხმას ჟღერადობა დაუბრუნდა და დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ შეცდომა  ხომ არ იყო  ჩემი არჩევანი – ქიმია. ბოლოს მუსიკის სიყვარულმა გადაწონა და ისევ  დავიწყე სიმღერა, თუმცა, აღმოვჩნდი რესტორანში. ეს ის პერიოდი იყო, როცა ოჯახს ძალიან გაუჭირდა: გარდაიცვალა მამა, დედა შემცირებაში მოაყოლეს და მე არ მქონდა სხვა გზა. მქონდა ანაზღაურება, რაც მეც მყოფნიდა და იმის საშუალებას მაძლევდა, რომ  დედას დავხმარებოდი. დიდი სცენისკენ მიმავალი  გზა ჩემთვის  რესტორნის პატარა სცენაზე გადიოდა, თუმცა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და აუცილებლად დადგებოდა ეს დღე. .როდესაც რესტორან „სარაჯიშვილის” მომღერალთა გუნდმა მოსკოვში გადასვლა შემომთავაზა, უყოყმანოდ დავთანხმდი. ვისესხეთ  ფული ბილეთებისთვის   და წავედით მოსკოვში, სადაც  თავის დამკვიდრება არ იყო იოლი. რამდენიმე თვე უმუშევარი ვიყავი და დავრჩი ქუჩაში. იქ დედაჩემის ბიძაშვილი ცხოვრობდა და რამდენიმე თვე იმან შემიფარა.  მერე მუშაობაც  დავიწყე და ჩემი გზა ვიპოვე, თუმცა ეს გზა ისევ რესტორანზე გადიოდა. 2008 წელს  კატეგორიულად ვუთხარი  საკუთარ თავს, რომ, თუ არ დავასრულებდი რესტორანში სიმღერას, ეს თავისით არ დასრულდებოდა. დავდე პირობა, საკუთარ თავთან, გამოვიხურე რესტორნის კარი და უკან აღარ მიმიხედავს. შემდეგ დავიწყე ძიება, როგორ გამეგრძელებინა სიმღერა. სულ ვამბობ, რომ, ჩემი გზა შოუ-ბიზნესში, მისი არსებობის  პარალელურად, თითქოს სხვა სამყაროში გადის.
– ცნობილია, რომ რუსულ  შოუ-ბიზნესში  თავის დამკვიდრება იოლი არაა და, ალბათ, თქვენც რთული გზის გავლა მოგიწიათ, რომ იმ სამყაროს წევრი გამხდარიყავით,
– როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო, თუ შენ ზურგს გავლენიანი ადამიანები ან დიდი  ფული არ გიმაგრებენ,  რუსული შოუ-ბიზნესი არათუ არ მიგიღებს, არც კი აინტერესებ. ამიტომ, ასე ადვილად ვერ გახდები ამ სამყაროს წევრი. მე დავიწყე ბრძოლა. ჩემი დემო ჩანაწერები, ალბათ, მოსკოვის ყველა ჩამწერ სტუდიაში იყო. დამპირდებოდნენ კონტრაქტის გაფორმებას, მაგრამ დაპირება დაპირებად   რჩებოდა.  ისინი მაქებდნენ, ხოტბას  ასხამდნენ ჩემს ნიჭიერებას, რეალურად  კი გზის გაკვლევაში არავინ მიწყობდა ხელს; პირიქით, იმასაც ვიგებდი, მას ისეთი რთული რეპერტუარი აქვს, რუსეთის ცენტრს მიღმა არ მოუსმენენო.  მე მაინც ვაგრძელებდი ბრძოლას, ვწერდი ახალ სიმღერებს, მაგრამ ჩემ წინ კარი მაინც დაკეტილი იყო. მერე დავუკავშირდი კომპოზიტორს ინგლისში, რომელიც თანამშრომლობს სელინ დიონთან. კრისტოფერ ნილთან თანამშრომლობა არ გამოვიდა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ შორის ქართველი ჩადგა.  მე ინგლისიდან დავბრუნდი საქართველოში, ეს იყო 2012 წელი და დავიწყე ალბომის გაკეთება. ღმერთმა გადმომხედა და დავუკავშირდი ამერიკელ კომპოზიტორ ჯად ფრიმანს, რომელიც უიტნი ჰიუსტონის ცნობილი ჰიტის ავტორია ფილმში „პირადი მცველი”. მან ჩემთვის დაწერა სამი სიმღერა, რომლებიც ჩემმა მსმენელმა ძალიან შეიყვარა. ჩემი პირველი ალბომი ჩაიწერა საქართველოში, „ბრავო რეკორდსში”, რის გამოც ზაზა შენგელიას დიდი მადლიერი ვარ.  იმ პერიოდში ძალიან ცუდად გავხდი, სამი თვე ფეხზე ვერ  ვდგებოდი. ეს სწორედ იმ დროს დაემთხვა, როცა დავუკავშირდი  რუსული „ვოისის” ორგანიზატორს,  რომელმაც  მითხრა, რომ უკვე პირდაპირი ეთერი იყო და შემდეგ სეზონზე უნდა მივსულიყავი. ამ იმედით ვიცხოვრე თვეების განმავლობაში. ყოველთვის ვამბობ, რომ „ვოისი”  ჩემთვის აღმოჩნდა  ბედისწერა – ეს იყო საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვედრა, რამაც თავიდან ბოლომდე შეცვალა ჩემი ცხოვრება.  კარგად მახსოვს,  მოსკოვში რომ ჩავსულიყავი, 3 500 დოლარი ვისესხე პროცენტით (იცინის). „ვოისის” შემქმნელებმა ჩემი და ალინა კონკინას დუეტი აღიარეს როგორც  საუკეთესო დუეტი „ვოისის” ისტორიაში, ამას მოჰყვა სხვა სიმღერები და ის დაკეტილი კარიც გაიხსნა – „ვოისის” შემდეგ დაიწყო ჩემი საგასტროლო ტური, წამოვიდა   ბევრი  საინტერესო წინადადება,  კონცერტები რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, 2014 წლის 18 ნოემბერს კი – სოლო კონცერტი კრემლში, სადაც „ჰერიო, ბიჭებოს” შესრულების დროს ქართული დროშები ფრიალებდა. დღემდე სულ 39  სოლო კონცერტი მაქვს ჩატარებული და ამ კონცერტებს შორისაა პეტერბურგში ჩატარებული სოლო კონცერტი ორკესტრთან ერთად.
– თქვენი მომავალი გეგმები საქართველოს უკავშირდება?
– რა თქმა უნდა,  ჩემი გეგმები ყოველთვის იქნება დაკავშირებული ჩემს ქვეყანასთან. ვერსად ვერ ვიგრძნობ თავს კარგად ჩემი სამშობლოს გარეშე; სადაც არ უნდა ვიყო, აქ ვბრუნდები –  აქ არის დედა, რომელიც დღეს უბედნიერესი ქალია; 85 წლის ბებია, რომელსაც ჩემი ყოველთვის სჯეროდა და მეუბნებოდა, რომ  აუცილებლად  დავდგებოდი დიდ სცენაზე. ყველა კონცერტზე ვმღერი სიმღერას „ჰერიო, ბიჭებო”; სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვასრულებ ამ სიმღერას და ამ დროს დარბაზში  ხდება საოცრება. ამ მომენტში, ნამდვილად ცრემლები მაწვება თვალებზე (იცინის). ახლა ჩამოსული ვარ, რომ დავგეგმო საორგანიზაციო საკითხები, რადგან შემოდგომაზე ვაპირებ გავმართო სოლო კონცერტი ჩემს საყვარელ თბილისში. მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევა უკვე მივიღე. მასთან ჩემი ურთიერთობა  დიდი და ემოციური ისტორიაა, ის არის ადამიანი, ვინც ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალა – მან მანდო, შემესრულებინა მისთვის ძვირფასი „ავე მარია” და „კირიე ელეისონი”, თუმცა, მანამდე იყო პირველი გამოჩენა. როდესაც „ვოისის” მესამე ტურის  წარმატების შემდეგ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მის უწმიდესობას უნდოდა ჩემთან შეხვედრა, ეს ჩემთვის იყო შოკი. ვერ გეტყვით, რა ემოციით „გამოვფრინდი” თბილისში და როგორი იყო განცდები, რაც მასთან შეხვედრას ახლდა. მან გამიკეთა სამაჯური და ჩამომკიდა ჯვარი, რომელსაც არ ვიშორებ, ის სულ ჩემ გვერდითაა და ასე იქნება ყოველთვის. ეს არის ადამიანი, ვინც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. 
– ახლა როგორ მიდის თქვენი ცხოვრება მოსკოვში?
– ჩვეულებრივად, ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ვაკეთებ ჩემს საქმეს. მე  ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.  მაქვს ჩემი სისუსტეები, მაგალითად, ყველა კონცერტის წინ ისე ვღელავ, რომ რამდენიმე საათი სკამზე ვერ ვჯდები. ამ მხრივ ჩემი „რეკორდიც”  მაქვს დამყარებული – ცხრა საათი  გავატარე კონცერტის წინ ფეხზე ისე, რომ ერთი წუთითაც კი ვერ დავჯექი. ასეთ დროს ვერც ვჭამ, ვერც ვსვამ, კონცერტის შემდეგ დეპრესიაც კი დამმართნია იმის გამო, რომ ემოციებისგან სრულიად ვიცლები (იცინის). მე ძალიან მიყვარს ჩემი  მსმენელი და მათ  მიმართ ისეთი პასუხისმგებლობა მაქვს, რომ ყველა კონცერტზე ვღელავ – ეს არის ჩემი პატივისცემა ამ ადამიანების მიმართ და ამ ნიუანსებს დიდ ყურადღებას ვაქცევ.  მუსიკის მიღმა ჩემი სამყარო ჩვეულებრივია:  ვცხოვრობ მეგობრებით და ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მათ კარგად იციან, როგორ გავიარე ეს გზა. სამწუხაროდ, 34 წლის ასაკში ჯერ არ მაქვს ჩემი პირადი ცხოვრება – ორჯერ ვიყავი შეყვარებული, ადრე, სულ ადრე და, ისე მოხდა, რომ, გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩაბმულს,  ეს ემოციები „გამეთიშა”. ახლა ვგრძნობ, რომ სიყვარულისთვის მზადაა როგორც ჩემი სხეული, ასევე სული.  მინდა, დიდხანს ვიცოცხლო, თუმცა, ვიცი, რომ  ყველაფერი წარმავალია – წარმატებაც, ახალგაზრდობაც და, ამიტომ, სანამ გაქვს შესაძლებლობა, უნდა გაილამაზო ცხოვრება, მისგან მაქსიმუმი აიღო. მე მიყვარს ბუნება,  ცხოველები, დილა, საღამო, ყველაფერი და, ადამიანები – მთავარი,  რასაც ცხოვრება გვაძლევს.

скачать dle 11.3