როგორ გაიშიფრა მაიორის ქალიშვილი – „ზნეობის ეტალონი“ ზინა
მაიორი ივანოვი, რომელიც ჩემი უფროსი გახლდათ, რუსეთის ერთ-ერთი ოლქის რისხვა იყო, – წლების შემდეგ იხსენებდა სერჟანტი ბრეგაძე, – მისი სახელით ბავშვებსაც კი აშინებდნენ ძილის წინ. ის პროსტიტუცია-ნარკომანიის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროსი იყო. მას ხშირად უყვარდა ჭკუის დარიგება. ნარკომანებსა და მეძავებს ზნეობის გაკვეთილებს უტარებდა, რასაც ასეთი ფრაზით ამთავრებდა: „უბადრუკნო, მრუშობისა და მორფის ტყვეებო, როგორ არ გრცხვენიათ?! მეც მყავს თქვენხელა ქალიშვილი, მაგრამ, განა თქვენნაირია, ზნეობის ეტალიონია!..“
მაიორის 19 წლის ქალიშვილი, პირობითად მას ზინა დავარქვათ, იმავე რაიონის ერთ-ერთ ტექნიკუმში სწავლობდა და მაიორი ჭკუაზე აღარ იყო, ისე უყვარდა.
იმ პერიოდში ჩვენს ოლქში ქალების შიშველი ფოტოებით გაფორმებული კარტებით ვაჭრობა შემოიღეს. კარტებზე ქალები სხვადასხვა პოზაში იყვნენ გადაღებულები და ამ საქონელს დიდი გასავალი ჰქონდა. მაიორმა გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ამ ბიზნესისთვის და დაგვავალა, დამამზადებლისთვის მიგვეგნო. ჩვენ გულმოდგინედ შევუდექით საქმეს: მივყევით, მივყევით და ამ პროდუქციის მწარმოებელს რაიონის ერთ-ერთ ფოტოატელიეში მივაგენით. მან თავის ჩვენებაში დაწერა, რომ კარტზე ადგილობრივი გოგონას შიშველი სხეული იყო აღბეჭდილი, თავებს კი სხვადასხვა ფოტოებიდან იღებდა და ამონტაჟებდა, ანუ, ერთი „ნატურშჩიცა“ მუშაობდა. ჩვენ შიშველი ნატურის მისამართი გავიგეთ და მასთან გავემართეთ, რომ გოგონა დაგვეკითხა.
მივედით, დავრეკეთ და კარი მომხბვლელმა, ტანწერწეტა გოგონამ გაგვიღო. ის-ის იყო სახლში შესვლას ვაპირებდით, რომ ჯერ მამაკაცის ნაცნობი ხმა მოგვესმა, მერე კი თავად მაიორიც გამოჩნდა და რომ დაგვინახა, გვკითხა:
– რაშია საქმე, მოხდა რამე?
მივხვდით, რომ შიშველი ნატურა მაიორის ქალიშვილი ზინა იყო, რომელიც მამამისს ზნეობის ეტალონად მიაჩნდა და ვუთხარით:
– ამხანაგო მაიორო, პორნოპროდუქციის ბუდე აღმოვაჩინეთ და მოსახსენებლად მოვედით...
როდესაც ყველაფერი გაირკვა, მაიორი გადადგა, ზინა კი მოსკოვში გაემგზავრა და ერთ-ერთ ღამის კლუბში მოეწყო მოცეკვავედ.