კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცნობისმოყვარეობამ ჩამოიყვანა მეფე ბალდუინ მეორე საქართველოში და როგორ გადარჩა იერუსალიმი დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვებით

1098 წელს ჯვაროსნებმა აიღეს ანტიოქია, 1099 წელს – იერუსალიმი. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე დაარსდა იერუსალიმის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ტრიპოლისა და ედესის საგრაფოები. მაგრამ, იერუსალიმის აღებაზე არანაკლებ ძნელი მისი შენარჩუნება იყო. მალე მაჰმადიანურმა კოალიციამ დაიწყო გააფთრებული ბრძოლა ქრისტიანების გასადევნად და შურისსაძიებლად.
 ამ დროს საქართველოში მეფობდა დავით მეოთხე, რომელსაც შთამომავლობამ აღმაშენებელი უწოდა. არცთუ დიდი ხნის წინ, დავით მეფის პაპისა და მამის, ბაგრატ მეექვსისა და გიორგი მეორის მეფობის დროს, საქართველომ გადაიტანა „დიდი თურქობა“.
 დავით მეფე საქართველოს ათავისუფლებდა, აერთიანებდა, აძლიერებდა. ჯვაროსანთა სასარგებლოდ და სასიხარულოდ, თურქთა დიდი ძალა დაკავებული იყო კავკასიაში დავით მეოთხესთან ბრძოლით. ეს ძალიან აწყობდათ ჯვაროსნებს და ბიზანტიას.
 ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ჯვაროსნული ომი წამოიწყეს იმიტომ, რომ ფრანკთა ძველი მეფეების, მეროვინგების შთამომავლებს, რომლებიც ევროპაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, უნდოდათ, დაებრუნებინათ თავიანთი ძალაუფლება ჯერ აღმოსავლეთში და მერე დასავლეთშიც.
 751 წელს მეროვინგები დაამხეს კაროლინგებმა. თუმცა, მათ ნათესავთა შთამომავლები დიდგვაროვანთა ტიტულებს ატარებდნენ. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მეროვინგები ტროას მეფეთა ჩამომავლები იყვნენ, ან ებრაელთა მეფეებისა და დიდგვაროვანთა შთამომავლები და სხვა. ისინი მეფობის პერიოდში ატარებდნენ გრძელ თმას და თითქოს თმის სიგრძეში  იყო მათი ძალაუფლების წყარო.
 შეუძლებელია, დავიჯეროთ შეთქმულების ასეთი თეორიები. ამ თეორიის ავტორები უფრო მეტს ამბობენ: თითქოს იერუსალიმის ტაძრის ქვეშ დამარხული იყო აურაცხელი ქონება და ეს მეროვინგებმა იცოდნენ. ყვებიან ასეთ ამბავსაც: ამ პერიოდში დაარსდა ტაძრელთა, ტამპლიერების ორდენი. თავიდან ტაძრელთა რაოდენობა ძალიან მცირე იყო – სულ ცხრა ბერი. ბერებმა ბინა დაიდეს იერუსალიმის ძველ ტაძარში, მას შემდეგ, რაც ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი. მათ თითქოს მფარველობდნენ გრაფი  შამპანელი, გოტფრიდ ბულონელი – იერუსალიმის პირველი ჯვაროსანი მეფე და მეროვინგთა სხვა შთამომავლები.
 ტაძრელმა ბერებმა შეიძინეს უამრავი ვირი. რამდენიმე წელი ისინი თითქმის არ გამოსულან ტაძრიდან. შემდეგ ტამპლიერთა ორდენის წევრთა რიცხვი გაიზარდა, ხოლო მათი ქონება უზარმაზარი გახდა. ამის გამო, ზოგიერთი შეთქმულების თეორიის მომხრე მკვლევარი, მიიჩნევს, რომ მეროვინგებმა იცოდნენ განძის ადგილმდებარეობა – დაიბრუნეს განძი და იერუსალიმის ტახტი. მერე კი, ევროპის ტახტებიც უნდა ჩაეგდოთ ხელში.
 კარგა ხანს ტაძრელთა ორდენი უმდიდრესი და უძლიერესი გაერთიანება გახლდათ იმდროინდელ სამყაროში. აზიიდან მოყოლებული ევროპის ჩათვლით ჰქონდათ მათ ბანკების მსგავსი დაწესებულებები, საბაჟოები, საფოსტო მომსახურება, მონასტრები, ტერიტორიები და სხვა. მერე ტაძრელთა გავლენის ზრდას წინ აღუდგნენ საფრანგეთის მეფე და რომის პაპი, თუმცა ეს სხვა ისტორიაა...
 რეალურად, უნდა ითქვას, რომ ყველა ქრისტიანის, მათ შორის, ჯვაროსნების ინტერესი იყო, მოკავშირეები ჰყოლოდათ.
  ამ დროს სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა საქართველო. დავით აღმაშენებელმა 1099 წელს თურქებს ხარკი შეუწყვიტა. 1104 წელს შემოიერთა კახეთ-ჰერეთი და მერე ერწუხში მცირერიცხოვანი შენაერთით დაამარცხა 100 000-იანი თურქთა არმია. ეს იყო ყველაზე სახელგანთქმული ბრძოლა მთელს სამყაროში მაშინ. 1110 წელს დავით მეფემ შემოიერთა სამშვილდე, 1115 წელს რუსთავი გაათავისუფლა. 1117 წელს გიში შემოიერთა. 1118 წელს საქართველოს დაუბრუნა უძველესი ქართული მხარე – ლორე.
 1118 წელს იერუსალიმის მეფე გახდა გოტფრიდ ბულონელისა და ბალდუინ პირველის ნათესავი – ბალდუინ მეორე (დე ბურგი). მანამდე, 1100–1118 წლებში, ის ედესის გრაფი იყო. ბალდუინ პირველის გარდაცვალების მერე, იერუსალიმის მეფედ აირჩიეს. მისი კორონაცია გაიმართა 14 აპრილს, აღდგომას, ბეთლემში. რადგან იერუსალიმი ქრისტეს სამეფო ქალაქად ითვლებოდა, იერუსალიმის მეფეები ბეთლემში ეკურთხებოდნენ. იმავე წელს თურქ-სელჩუკებმა შეუტიეს იერუსალიმის სამეფოს. მეფემ მოახერხა მათი უკუგდება. ამ პერიოდში თურქებმა, ნიჭიერი სარდლის, ამირა ნეჯმ-ად-დინ ილღაზის მეთაურობით, დაამარცხეს ანტიოქიის მთავარი როჯერი, რომელიც არ დაელოდა იერუსალიმის მეფის დახმარებას და ისე ჩაება ბრძოლაში. მთავარი როჯერი ბრძოლაში დაიღუპა, ბევრ რაინდთან ერთად.
ბალდუინ მეფემ, ტრიპოლის გრაფთან ერთად, თურქების შეჩერება მოახერხა. თუმცა, კარგად იცოდა, რომ ძლიერი მოკავშირე სჭირდებოდა. ბიზანტია ეჭვის თვალით უყურებდა ჯვაროსნების მიერ დაარსებულ სახელმწიფოებს და ცდილობდა, ისინი ვასალიტეტში ჰყოლოდა. საქართველოს სამეფო ამ დროს გააფთრებული იბრძოდა თავისუფლებისთვის თურქთა წინააღმდეგ.
1113 წელს იერუსალიმში შეიქმნა ჰოსპიტალიერების, ხოლო 1118 წელს ტაძრელების (ტამპლიერების) ორდენი. თუმცა, საფუძველი ამ უკანასკნელს შესაძლოა, უფრო ადრე ჩაეყარა. იმ დროს იერუსალიმში ბევრი ქართველი სასულიერო პირი მოღვაწეობდა. იერუსალიმში მოღვაწე ქართველ ბერებს ნაცნობობა ჰქონდათ ამ ორდენების წარმომადგენლებთან.
 გამეფების წელსვე ბოლდუინ მეორე საქართველოში ჩამოვიდა, „ესე ბალდვიონ მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა მოთხრობისაებრ სხვათა ისტორიებთა“ – წერს იოანე ბატონიშვილი (ბაგრატიონი).
 ლოგიკით ბალდუინის სტუმრობა საქართველოში გამოწვეული იყო მოკავშირის ძებნით. მაგრამ, საქართელო მთელ ჯარს იერუსალიმის მეფეს ვერ მიახმარდა. მტერი აქვე იყო. თანაც, დასაბრუნებელი იყო ტფილისი, საქართველოს დედაქალაქი. საქართველოს ბრძოლა ისედაც მოკავშირეობა იყო იერუსალიმის სამეფოსი.
 შეიძლება ბალდუინის ვიზიტს სხვა მიზეზიც ჰქონდა. ბალდუინს შეეძლო, წერილობით ეთხოვა დავით მეფისათვის დახმარება, ელჩი გამოეგზავნა, ის კი თავად ჩამოვიდა. ამიტომ, შესაძლოა, ამ ვიზიტის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ვითარება იყო ის, რომ  წმიდა დავით აღმაშენებელი, მისი ისტორიკოსის თქმით, გახლდათ 78-ე შთამომავალი წმიდა დავით მეფსალმუნე მეფისა. გადმოცემა ბაგრატიონთა დავითიანობის შესახებ ცნობილი იყო იმდროინდელ სამყაროში. მას მერე, რაც ისრაელი ორად გაიყო, იქ სხვა დინასტიებიც გამეფდნენ. შესაძლოა, ამ რომელიმე დინასტიის მეფეების შთამომავლად მიიჩნევდა თავს ბალდუინი. შესაძლოა, ბალდუინი ჩამოვიდა საქართველოში იესეან, დავითიან, სოლომონიანი მეფის სანახავად... ყოველ შემთხვევაში, ძველ პოლიტიკურ დიპლომატიაში ცნობილია, რომ უფრო ძლიერთან მიდიან ხოლმე – სუზერენი ზის ტახტზე, უფრო სუსტი ესტუმრება.
 ჯერ კიდევ დავით მესამე კურაპალატი თავის მონეტაზე გამოსახავდა იერუსალიმურ ჯვარს, რაც იერუსალიმის მეფობაზე პრეტენზიას უნდა ნიშნავდეს. მის მიერ მეათე საუკუნეში აშენებულ ოშკის შესანიშნავ ტაძარზეც არის ამგვარი სიმბოლო (ჯვარი ოთხ საფეხურზე). მანამდე ასე იქცეოდნენ ბიზანტიის იმპერატორები, რომლებიც ფლობდნენ იერუსალიმს.
საქართველო მუდამ უმჭიდროესად იყო დაკავშირებული იერუსალიმთან. ქართველთა მეფე-მთავრებმა მრავალი წმიდა სავანე ააგეს წმიდა მიწაზე. დავით მეოთხე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ღვთისმოსაობით და ამიტომ, დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. დავით აღმაშენებლის შესახებ იმდროინდელ სამყაროში ლეგენდები ვრცელდებოდა. ის გაიგივებული იყო მეფე-მღვდელმთავარ იოანესთან. დავით მეფე იყო მცველი უფლის კვართისა. მან იერუსალიმში გააგზავნა ძელი ცხოველის ჯვარი (ნაწილი იმ ჯვრიდან, რომელზეც ეწამა მაცხოვარი).  დაბოლოს, ბალდუინს სურდა, თავისი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა და ენახა მესიის მახვილად წოდებული ხელმწიფე...
 1121 წელს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა უზარმაზარი ისლამური კოალიცია, რომელსაც ჯვაროსნების რისხვა – ილღაზი მეთაურობდა. თვითონ ილღაზი თავში დაჭრილი ძლივს გაიქცა ბრძოლის ველიდან.
 დიდგორის ბრძოლაში, სომეხი ისტორიკოსის, მათე ურჰაეცის თქმით, 560 000 მაჰმადიანი დაუპირისპირდა ქართულ ჯარს. ანტიოქიის კანცელერის, გოტიეს ცნობით კი – 600 000.
 საქართველოს ჯარი 56 000 ჯარისკაცს ითვლიდა, ამათგან – 40 000 ქართველი, 15 000 ყივჩაღი, 500 ოსი, მათე ურჰაეცის ცნობით, 100 ფრანგი (ევროპელი, ჯვაროსანი), გოტიეს თქმით კი – 200 ფრანგი იყო. ცნობები მაჰმადიანთა ასეთი მრავალრიცხოვნობის შესახებ შესაძლოა, გადაჭარბებულია, მაგრამ, ნათლად გამოხატავს მეზობელი ქრისტიანების დამოკიდებულებას საქართველოსადმი – ისინი მიიჩნევდნენ, რომ მცირერიცხოვან ქართულ ჯარს შეუძლია ნახევარმილიონიანი არმიის დამარცხება
   მოკლედ, ბალდუინი ტყუილად არ ჩამოსულა საქართველოში. დიდგორის ბრძოლით, რომელსაც „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს, მართლაც გადარჩა იერუსალიმის სამეფო კარგა ხნით, რადგან დიდგორში განადგურდა მაჰმადიანთა დიდი კოალიცია. ეს იყო უდიდესი დარტყმა მათთვის, რის გამოც, წელში დიდხანს ვეღარ გასწორდნენ.

скачать dle 11.3