კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

ნასადილევს ყველანი სასტუმრო ოთადში დაბრუნდნენ და თინამ სტუმრებს უთხრა:
– პირველად ხართ საქართველოში?
– მე – მეორედ. ჩემი ვაჟი კი – პირველად, – მიუგო პოპოვმა.
– გნებავთ, თბილისს დაგათვალიერებინებთ? – თქვა თინამ და სანამ გენერალი რამეს ეტყოდა, დიმკამ დაასწრო და გოგონას უთხრა:
– მამა ვერ შეძლებს. მე კი – დიდი სიამოვნებით... თუ, რა თქმა უნდა, არ შეწუხდებით.
 გენერალი გაბრაზდა, მაგრამ არ შეიმჩნია და „შვილს“ უთხრა:
– ძალიანაც კარგად შევძლებ. ალბათ, მანქანით წავალთ და მხოლოდ მანქანაში ჩაჯდომაში მომეხმარე, შვილო.
– დიახ, ჩემი მანქანით წავალთ, – თქვა თინამ.
– ძალიან კარგი. მოვემზადებით, – მიუგო გენერალმა.
– ქვევით დაგელოდებით, – თქვა თინამ და ეზოში ჩავიდა. გენერალი კი დიმკას მიუბრუნდა:
– ვერ მოისვენე, ხომ, მაინც?
– რა გინდა, მამიკო? ერთის მაგივრად ორი დაზღვევა ხართ.
– კუკიის სასაფლაოზე როგორ აპირებ მოხვედრას? თუ შენ, უბრალოდ, თბილისი მოგენატრა და გასეირნება მოგინდა?
– კუკიაზე მიცვალებულები ხვდებიან, – გაეცინა დიმკას, – იქ ასვლის საბაბი კი გვაქვს. ეტყვით, რომ გმირი ტანკისტის ნახვა გსურთ. ჩვენი განძიც იქვეა.
– კარგი იყო, არ გეჩქარა. მაგრამ, რა გაეწყობა, – მიუგო პოპოვმა.
გენერალი წინა სავარძელზე მოათავსეს. დიმკა უკან ჩაჯდა და „ჟიგული“ წყნეთიდან თბილისისკენ დაეშვა. თინა საკმაოდ ენაწყლიანი გოგონა აღმოჩნდა და სტუმრებს დაწვრილებით უამბო საქართველოსა და თბილისის ისტორია.
– რა პროფესიის ხართ? – ჰკითხა გოგონას პოპოვმა.
– ისტორიული მაქვს დამთავრებული, – მიუგო თინამ.
– გეტყობათ, – გაეღიმა გენერალს.
– თანაც, ექსკურსიამძღოლად ვმუშაობ.
– ახლა კი ყველაფერი გასაგებია, – თქვა გენერალმა და დაამატა, – ერთი თხოვნა მაქვს:
– ბრძანეთ.
– მე თვითონ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვარ და საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქში ვყოფილვარ. სადაც ჩავდივარ, ყველგან ომის გმირების საფლავებს ვათვალიერებ ხოლმე. გაგონილი მაქვს, რომ თბილისში ტანკისტი გმირის საფლავია და შეგიძლიათ გვანახოთ?
– რა თქმა უნდა. კუკიაზეა. ბევრ ჩამოსულს აინტერესებს და ხშირად აგვყავს იქ ტურისტები, – უპასუხა თინამ.
– დიდი მადლობა.
 მოდით, ჯერ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაგათვალიერებინებთ. შემდეგ კუკიაზე ავიდეთ. ბოლოს კი თბილისის პანორამას გადმოვხედოთ ფუნიკულიორიდან.
– როგორც თქვენ იტყვით, – გაიღიმა პოპოვმა.
ფუნიკულიორის ხსენებაზე დიმკას გული აუჩქარდა. დიტო მთაწმინდელი იყო. მთელი ბავშვობა ფუნიკულიორზე ჰქონდა გატარებული და არამც თუ უბანს, თითოეულ ხესა და ლოდს კარგად იცნობდა.
თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას ორიოდე საათი დასჭირდა. შემდეგ თინამ კუკიისკენ აიღო გეზი და მანქანა სასაფლაოს შესასვლელთან გააჩერა.
– აი, ეს ცნობილი საფლავიც, – თქვა თინამ და ტანკისკენ გაიშვირა ხელი.
– აბა, ახალგაზრდებო, გადმოსვლაში მომეხმარეთ. ახლოდან მინდა დავათვალიერო გმირის საფლავი, – თქვა პოპოვმა და დიმკასა და თინას დახმარებით მანქანიდან გადმოვიდა.
 გენერალი გულდასმით ათვალიერებდა ტანკისტის საფლავს. დიმკამ კი თქვა:
– რა მდიდრული საფლავებია. თქვენის ნებართვით, სხვა საფლავებსაც დავათვალიერებ.
– მე და თინა აქ დავრჩებით, – თქვა პოპოვმა. დიმკა კი ჭაღარას მშობლების საფლავისკენ გაემართა და ადვილად მიაგნო.
კუკიიდან თინა და სტუმრები ფუნიკულიორის პლატოზე ავიდნენ. ერთი საათი დაჰყვეს იქ და წყნეთში რომ დაბრუნდნენ, ღამის თერთმეტი საათი შესრულდა.
– დიდი მადლობა, თინა. ძალიან საინტერესო ექსკურსია იყო, – უთხრა პოპოვმა კაპიტნის მეუღლეს და ხელზე ეამბორა.
დიმკამ მხოლოდ ხელი ჩამოართვა თინას და გამომშვიდობებისას თქვა:
– ხვალ მთელი დღე ექსკურსიები მაქვს და, ალბათ, ვერ მოვიცლი. აი, ზეგ კი მცხეთაში წაგიყვანთ. მცხეთა საქართველოს ძველი დედაქალაქია.
– კეთილი, შევთანხმდით, – გაუღიმა გოგონას პოპოვმა.
– ხვალ ვასო ამოგაკითხავთ. ნახვამდის, – გაიღიმა თინამ და წავიდა.
გოგონა რომ გაემგზავრა, გენერალმა დიმკას ჰკითხა:
– აბა, როგორაა საქმე?
– მე მგონი, ყველაფერი რიგზეა. საფლავი მოუვლელია. ბალახია ამოსული და განძიც, წესით, ადგილზე უნდა იყოს, – მიუგო დიმკამ.
– იმედია, – თქვა გენერალმა.
– ვასილი ანდრეევიჩ, მე მგონი, ჯობია, განძის ამოთხრა არ გადავდოთ.
– ისევ დაიწყე? – თქვა პოპოვმა, – დღევანდელი შენი საქციელიც დიდი შეცდომა იყო და გადავრჩით. როგორ ფიქრობ, ყოველთვის გაგვიმართლებს? რაც არ უნდა შეინიღბო, შენს მშობლიურ ქალაქში ხარ და ვინმემ შემთხვევით რომ გიცნოს და ჩაგიშვას, რას შვრები მაშინ? ხომ შეიძლება, ვინმე ნაცნობი შეგეფეთოს?
– შემეფეთა კიდეც, – გაეცინა დიმკას.
– შეგეფეთა? ვინ?
– ჩემი სკოლის დირექტორი. თბილისის პანორამას რომ ვათვალიერებდით, შვილიშვილებთან ერთად გვერდით ჩამიარა.
– მერე?
– ვერ მიცნო. შემომხედა და გაიარა.
– რომ ეცნე, მაშინ?
– მაშინ მოვიდოდა და მომიკითხავდა, – თქვა დიმკამ, – კარგი კაცია. ყოველთვის კარგად მექცეოდა, დანარჩენი მასწავლებლებისგან განსხვავებით და არ ჩამიშვებდა.
 – ის ცუდი მასწავლებლები რომ შეგხვედროდნენ და ეცანით. მაშინ?
– მთავარია, რომ არ შემხვდნენ.
– კარგია. მაგრამ, ყოველგვარი შემთხვევითობა უნდა გამოვრიცხოთ. ზეგ რომ მცხეთაში გამგზავრებას ავცდეთ, რამე უნდა მოვიმიზეზოთ.
– რა?
– ვითომ ფეხი ძალიან ამტკივდა და შენ ჩემს მოსავლელად დაჩრები ჩემთან.
– კარგი, ვასილ ანდრეევიჩ.
– ახლა კი დავიძინოთ. ცოტა არ იყოს, დავიღალე და ფეხმაც შემაწუხა, – უთხრა გენერალმა დიმკას და წამოწვა.
***
ღამის სამ საათს გადასცილდა.
დიმკას და გენერალს ეძინათ...
ამ დროს აგარაკის ეზოდან ხმაური მოისმა. დიმკას უმალვე გაეღვიძა, რადგან ფხიზელი ძილი იცოდა და საწოლიდან სწრაფად წამოდგა. ფანჯრისკენ გაემართა, ფარდას ამოეფარა და ეზოში მალულად გადაიხედა. ფხიზელი ძილი იცოდა გენერალმაც. მან თვალი გაახილა და დიმკას ხმადაბლა გასძახა:
– რა ხდება?
– სტუმარი გვყავს. ქალია, – მიუგო დიმკამ.
– ქალი და ასე გვიან? – თქვა გენერალმა.
ამ დროს პირველი სართულის უზარმაზარი მუხის კარზე ძლიერი, ნერვიული კაკუნი გაისმა. დიმკა გასასვლელისკენ გაემართა, თან პოპოვს გადაულაპარაკა:
– ჩავალ. აშკარად რაღაც უჭირს.
ორიოდე წუთის შემდეგ დიმკა სრულიად ნორჩ გოგონასთან ერთად დაბრუნდა საძინებელში. გრძელთმიანი, ტანწერწეტა ღამის სტუმარი შეშინებული ჩანდა. მთელი სხეული უცახცახებდა და უნდოდ აცეცებდა თვალებს.
პოპოვმა აბაჟური აანთო, რომ ახალმოსულისთვის შეეხედა. გოგონა კი შეევედრა:
– ჩააქრეთ, არ მომაგნოს! ძალიან გთხოვთ...
– დამშვიდდი, შვილო, ნურაფრის გეშინია. შენ აქ უსაფრთხოდ ხარ, – უთხრა გოგონას გენერალმა და ღრმა სავარძელზე მიუთითა:  – დაჯექი, სული მოითქვი და გვითხარი, რა მოხდა.
გოგონამ ჯერ ოთახი შეათვალიერა, შემდეგ პოპოვს დააკვირდა, ბოლოს დიმკაზე შეაჩერა მზერა და თვალს არ აშორებდა. შეშინებული უყურებდა მას. სავარძელში არ ჯდებოდა და ცახცახებდა.
– დაჯექი, მე კი წყალს მოგიტან, – სანდომიანად გაუღიმა დიტომ გოგონას, რომელიც დანახვისთანავე მოეწონა და ოთახიდან გავიდა.
– დაჯექი, დაჯექი, ნურაფრის გეშინია, ეს ჩემი ვაჟია, მე კი მილიციის გენერალი ვარ, – უთხრა პოპოვმა სტუმარს.
გოგონა სავარძელში ჩაეშვა.
გენერალი საწოლიდან წამოდგა. ყავარჯენს დაეყრდნო. ხალათი მოიცვა და თქვა:
– ფეხი მოვიტეხე. შენ რა გჭირს, ვინ შეგაშინა ასე ძლიერ?
ამ დროს ოთახში დიმკა დაბრუნდა. ხელში წყლით სავსე გრაფინი ეკავა, რომელზედაც ჭიქა იყო ჩამოცმული. ბიჭმა წყლის ჭურჭელი მაგიდაზე დადგა. ჭიქა მოხსნა, წყლით აავსო და გოგონას მიაწოდა.
– დალიე, – უთხრა დიმკამ.
თითქოს ძილიდან გამოერკვაო, გოგონამ ცახცახი შეწყვიტა, შეხტა, დიმკას კოპებშეკრულმა ჰკითხა:
– არაყია?
– წყალია, – მიუგო დიტომ.
– თუ, არაყი და... მატყუებ? გინდა, რომ დამათრო? – წამოიძახა გოგონამ, სავარძლიდან გველნაკბენივით წამოხტა და სავარძლის საზურგეს ამოეფარა.
– დამშვიდდი, შვილო, ნამდვილად წყალია. უყნოსე და დარწმუნდები, – უთხრა გენერალმა გოგონას და დაამატა: – ნუ გეშინია, ჩვენთან უსაფრთხოდ ხარ. დამშვიდდი და მოგვიყევი, რა შეგემთხვა, ჩვენ კი დაგეხმარებით.
დიმკამ წყლიანი ჭიქა მაგიდაზე დადგა. თავად კი საკუთარ საწოლზე ჩამოჯდა და ჯერ პოპოვს გახედა, შემდეგ გოგონას და გააბოლა.
გოგონა ფრთხილად მივიდა მაგიდასთან და ჭიქა ხელში აიღო, უყნოსა, კვლავ მაგიდაზე დადგა და თქვა:
– დასაძინებელი წამალი ხომ არ ჩაყარეთ?
– არა, შვილო, არა... წყალია, – მიუგო გენერალმა.
– ხომ არ მატყუებთ?
– არა. დალიე, – გაუმეორა პოპოვმა.
– არ დავლევ, არ მინდა, – თქვა გოგონამ.
– კარგი, ნუ დალევ. დაჯექი და დამშვიდდი.
– ფეხზე ვიდგები, –  ჯიუტად თქვა გოგონამ.
– იდექი, ოღონდ, დამშვიდდი, – გაიღიმა პოპოვმა და დიმკას გახედა, რომელიც თვალს არ აშორებდა ღამის სტუმარს, თან ცდილობდა, მიმხვდარიყო, თუ რა შეემთხვა მას.
გოგონა კიდევ ხუთიოდე წუთს იდგა უხმოდ. შემდეგ მაგიდიდან წყლით სავსე ჭიქა აიღო და დალია, მერე სავარძელში ჩაჯდა, თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა. ბოლოს თავი ასწია. ცრემლები შეიმშრალა. წამოდგა, ამოიოხრა, თვალები მოიფშვნიტა და დიმკას უთხრა:
– სიგარეტი ხომ არ გაქვთ?
დიმკამ გოგონას სიგარეტი მისცა, მოუკიდა და ისევ თავის საწოლზე ჩამოჯდა. გოგონამ სიგარეტი მოქაჩა. მოწევას რომ მორჩა, საფერფლეში ჩაასრისა, სავარძელში ჩაჯდა და თქვა:
– გმადლობთ.
– ცოტათი მაინც თუ დამშვიდდი, შვილო? – ჰკითხა გოგონას პოპოვმა.
– დიახ, ცოტა დავმშვიდდი, – მიუგო გოგონამ. მომხიბვლელად გაიღიმა და დაამატა: – ბოდიშს გიხდით. ცუდად გამომივიდა.
– რას გულისხმობ, შვილო?
– წყალზე რომ ვთქვი, არაყი ხომ არ არის  და, კიდევ, ძილის წამალი ხომ არ ყრია-მეთქი, – მიუგო გოგონამ გენერალს.
– საბოდიშო არაფერია. თქვი, რა შეგემთხვა, თუკი, რა თქმა უნდა, ამის სურვილი გაქვს. თუ ამაზე ლაპარაკი არ გინდა, მაშინ, დაისვენე და დილით მოგვიყევი. გვერდით ოთახში საძინებელია, გადი და მოისვენე.
– არა, რა დამაძინებს, – თქვა გოგონამ.
– როგორც გსურს, – უთხრა გენერალმა: 
– შენი მშობლები, ალბათ, ნერვიულობენ და გეძებენ.
– მშობლები არ მყავს, – ამოიოხრა გოგონამ.
– ობოლი ხარ?
– დედა ოთხი წლის წინ კიბოთი გარდამეცვალა. სულ მალე მამაჩემმა მეორე ცოლი მოიყვანა. ძალიან საშინელი, საზიზღარი ქალი იყო, ვერ მიტანდა და სულ მეჩხუბებოდა. მამასაც ვერ იტანდა. მამამ დარდისგან სმა დაიწყო. ერთ დღეს მას მანქანა დაეჯახა და მოკლა. დედინაცვალმა ბინა გაყიდა და თბილისიდან გაემგზავრა, მე კი ქუჩაში დავრჩი და უპატრონო ბავშვთა სახლში წამიყვანეს.
– ნათესავები არ გყავს? – შეაწყვეტინა გოგონას პოპოვმა.
– არა, მხოლოდ დედ-მამა მყავდა.
– შემდეგ, შვილო?
– სამი წელი ბავშვთა სახლში ვიცხოვრე და სკოლაც იქვე დავამთავრე, – თქვა გოგონამ, მარცხნივ გაიშვირა ხელი და დაამატა: – აქვეა, წყნეთში, აქედან ნახევარ კილომეტრში.
 – შემდეგ?
– სკოლის შემდეგ უნივერსიტეტში მოვეწყვე. დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტზე და, ბაგებში, საერთო საცხოვრებელში გამომიყვეს  ერთი ოთახი. ბაგები ქვემოთაა, წყნეთში რომ ამოდიხარ, იქ.
– მერე, შვილო?
გოგონამ ისევ წყალი დალია, ამოიოხრა და განაგრძო:
– ბავშვთა სახლში ერთი ფიზკულტურის მასწავლებელია, ჯემალი ჰქვია. მისი ცოლიც იქ  მუშაობს და ისიც ფიზკულტურას ასწავლის. მას როზას ეძახიან. ისინი იქვე ცხოვრობენ, ხის პატარა კოტეჯში და წუხელ მათთან ვიყავი.
– იქიდან გამოიქეცი?
– დიახ.
– რა მოხდა იქ?
– გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო, თვრამეტი წლის გავხდი. ჯემალ მასწავლებელმა საღამოს ბაგებში მომაკითხა მანქანით, დაბადების დღე მომილოცა და ძალიან მთხოვა, როზამ სპეციალურად შენთვის ტორტი გამოაცხო, სუფრა გაშალა და წამოდიო. ადრეც არაერთხელ ვყოფილვარ მათთან და წავყევი. რომ მივედით, სუფრა მართლაც გაშლილი იყო, როზა მასწავლებელი კი შინ არ დამხვდა.
– როზა თბილისშია ჩასული, შენთვის სიურპრიზი აქვს, მალე მოვა და მოიტანს. ჩვენ დავიწყოთ და ისიც შემოგვიერთდება, – მითხრა ჯემალ მასწავლებელმა და სუფრას მივუსხედით. თავიდან ვერაფერს მივხვდი, მაგრამ, ჯემალმა არაყი დალია, დათვრა და მეც რომ მაძალებდა არყის სმას, ეჭვებში ჩავვარდი. თანაც, არც როზა ჩანდა.
– არაყი დალიე? – იკითხა პოპოვმა.
– რომ არ მომეშვა, ორი ყლუპი მოვსვი, მაგრამ, უკანვე გადმოვასხი. ჯემალმა კი გაიცინა და ლიმონათი დამისხა.
– მერე?
– ლიმონათი დავლიე. ცოტა ხნის მერე კი თავბრუ დამესხა და თვალები მეხუჭებოდა.
– მერე? – მრისხანედ იკითხა კოპებშეკრულმა გენერალმა, რომელსაც უკიდურესი ზიზღი აღბეჭდოდა სახეზე და ჩაილაპარაკა – ნაძირალა!
– შემდეგ, როგორც ჩანს, ჩამეძინა. მანამდე კი გული ამერია. უცებ რაღაც არასასიამოვნო შეხება ვიგრძენი სხეულზე და თვალები გავახილე.
– იმ ნაძირალას დასაძინებელი საშუალება ჩაუყრია ლიმონათში, – კბილებში გამოცრა პოპოვმა.
– დიახ, ნამდვილად ასეა, – დაეთანხმა გოგონა.
– მერე, შვილო?
– თვალები რომ გავახილე, საწოლზე ვიწექი, – თქვა გოგონამ. წამოწითლდა და გაჩუმდა.
– განაგრძე, შვილო, ნურაფრის გერიდება. უნდა ვიცოდე, რა მოხდა და, ნახავ იმ ნაძირალას რას ვუზამ, – მრისხანედ თქვა გენერალმა.
გოგონამ მესამე ჭიქა წყალი დალია და თქვა:
– ჯემალი საწოლთან იყო ჩაცუცქული და საკინძეს მიხსნიდა, თან ხელებს მისვამდა. მე მას ხელი ვკარი, საწოლზე წამოვჯექი და საკინძის შეკვრა დავაპირე, ის კი მეტაკა, ისევ ლოგინზე დამაგდო და კოცნა დამიწყო. მთვრალი იყო, არყის საზიზღარი სუნი ასდიოდა და გული მერეოდა. მე უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე, ხელიდან გავუსხლტი და გაქცევა დავაპირე. მან კართან დამიჭირა და საწოლისკენ მიმათრევდა. ძალები მელეოდა. წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევდი და ფეხზე დგომა მიჭირდა.
– რატომ არ დაიკივლე? – ჰკითხა პოპოვმა.
– შემრცხვა, თანაც, პირზე ხელს მაფარებდა.
– მერე?
– მაგიდას რომ გავუსწორდით, არყის გაუხსნელ ბოთლს ხელი დავავლე. მას მკლავზე ვუკბინე, ხელები გავაშვებინე და ბოთლი მთელი ძალით შუბლში ვთხლიშე. სისხლმა იფეთქა. ჯემალი იატაკზე დაეცა და ხმას არ იღებდა. ვიფიქრე, ხომ არ მოვკალი-მეთქი და მისი მოსულიერება ვცადე.
– მოსულიერება კი არა და მეორედაც უნდა გეთხლიშა! – თქვა დიმკამ.
– მერე, შვილო? – თქვა პოპოვმა.
– რომ ვასულიერებდი, ოთახში როზა შემოვიდა. ჯერ დაიკივლა, შემდეგ გაჩუმდა. უცებ მე მეცა. ლანძღვა-გინება დამიწყო და გვერდებში მუშტებს მირტყამდა.
– ძუკნა! – კბილებში გამოცრა დიმკამ.
– მერე, მერე? – თქვა გენერალმა.
– ამ ცემა-ტყეპაში ჯემალი გამოფხიზლდა და ფეხზე წამოდგა. მე შემეშინდა, როზას არყის ნახევრად დაცლილი ბოთლი თავზე გადავამსხვრიე და გავთიშე. ჯემალი ჩემკენ დაიძრა, თან მაგინებდა. დრო ვიხელთე, სკამი ვესროლე და გამოვიქეცი.
– ყოჩაღ! – თქვა დიმკამ.
გოგონამ კი განაგრძო:
– ჯერ ტყეში შევვარდი და იქ ვიმალებოდი, შემდეგ შემეშინდა. გადავწყვიტე, ვინმესთან შევფარებოდი და თქვენთან აღმოვჩნდი, – გოგონამ თხრობა დაასრულა. ამოიოხრა და გაჩუმდა.
– შენ აქ უსაფრთხოდ ხარ, შვილო და ნურაფრის გეშინია. ახლა დაისვენე და კარგად გამოიძინე. დილიდან კი ამ საქმეს მივხედავთ და იმ ნაძირლებს სეირს ვუჩვენებთ.
– გმადლობთ, ბიძია, – თქვა გოგონამ და გენერალს გაუღიმა.
– მე ვასილ ანდრეევიჩი მქვია, ეს კი ჩემი ვაჟია,  ვალერკა, – უთხრა პოპოვმა გოგონას და ჰკითხა: – შენ რა გქვია, შვილო?
– ნუცა, ვასილი ანდრეევიჩ, – მიუგო გოგონამ.
– ნუცა? – გაიმეორა დიმკამ.
– დიახ, – თქვა გოგონამ.
– რა გვარი ხარ? – ჰკითხა დიმკამ.
– მგელაძე.
– ნუცა მგელაძე?! – წამოიძახა დიმკამ, მაგრამ თავს ძალა დაატანა, გოგონას გაუღიმა და უთხრა: – ქართველი ხართ?
– დიახ, – მიუგო ნუცამ.
– ქართული გვარები, როგორც წესი, ძალიან გრძელია ხოლმე და ამიტომ გკითხეთ, – უთხრა დიმკამ ნუცას, რათა საკუთარი თავი არ გაეცა, რადგან, დიტო დარწმუნებული იყო, რომ მის წინ ჭაღარას ქალიშვილი იდგა.
– ჩემი გვარი რუსულად მგელს ნიშნავს, – გაუღიმა ნუცამ დიმკას, მან კი გოგონას უთხრა:
– ამართლებთ კიდეც. იმ ნაძირლებს მგელივით შეუტიეთ და თავი დაიცავით.
გოგონას გაეღიმა და მორცხვად დახარა თავი. პოპოვმა კი დაამატა:
– აბა, ჩემო მშვენიერო მგელუკა, იქითა საძინებელში გადი და დაისვენე. ხომ დარწმუნდი, რომ ცუდი ხალხი არ ვართ? რუსული ანდაზაა: „დილა საღამოზე ბრძენიაო“. დილით ვილაპარაკოთ, ახლა კი დაიძინე.
– უხერხული ხომ არაა? – შეიშმუშნა ნუცა.
– რას გულისხმობ, შვილო?
– დაძინებას.
– უხერხული კი არა, აუცილებელია, – თქვა პოპოვმა, ვალერკა მიგაცილებს. ღამე მშვიდობისა.
– ღამე მშვიდობისა, ვასილ ანდრეევიჩ, გმადლობთ, – თქვა ნუცა მგელაძემ და დიმკასთან ერთად გავიდა.
დიმკა  ორიოდე წუთში დაბრუნდა უკან, კარი მოიხურა და პოპოვს უთხრა:
– ვასილი ანდრეევიჩ...
– მამა, – შეუსწორა გენერალმა. დიმკამ კი განაგრძო:
– მამა, ტუზი დაგვეცა, ჭაღარას ქალიშვილს მივაკვლიეთ.
– დარწმუნებული ხარ, რომ ეგ გოგო ნამდვილად ისაა, ვისაც ვეძებთ?
– ასი პროცენტით.
– სახელისა და გვარის დამთხვევა ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს.
– ეგაა, ეგ, თავს დავდებ.
– მაინც, რატომ ხარ ასე დარწმუნებული?
– იმიტომ, მამიკო, რომ ეს გოგო ზედგამოჭრილი ჭაღარაა. სახითაც ჰგავს და აღნაგობითაც, – თქვა დიმკამ და პაუზის შემდეგ დაამატა: – ის ცხონებულიც ზუსტად ისე კრავდა ხოლმე კოპებს სიბრაზის დროს და ტუჩებს მარჯვნივ აქცევდა. ისაა, ის... ნამდვილად ჭაღარას ქალიშვილია და, რომ გაიღვიძებს, დაგიმტკიცებ.
– როგორ?
– როგორ და, ამ გოგოს ვითომ მამა ქირურგი იყო, თანაც, თბილისის უნივერსიტეტთან ცხოვრობდნენ, – თქვა დიმკამ, – თუ ესეც დაემთხვა, მაშინ ამას წყალი არ გაუვა.
– თუ დაემთხვა – კი, მაგრამ, დაემთხვევა?
– თავს დავდებ, რომ დაემთხვევა.
– ეგ დილით გავარკვიოთ, – თქვა გენერალმა და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა, – იმ ნაძირალა ფიზკულტურის მასწავლებელს კი ჭკუა უნდა ვასწავლოთ.
– რას აპირებ, მამა?
– ჭკუის სწავლებას.
– როგორ?
– ჩვენს მასპინძელს ვეტყვი და, დარწმუნებული ვარ, რომ უარს არ იტყვის.
– კარგი, რა, ვასილი ანდრეევიჩ... – პოპოვმა ისევ შეაწყვეტინა დიმკას და უთხრა:
– მამა, მამა დამიძახე და ნუ გავიწყდება, თორემ, სხვასთანაც წამოგცდება და დავიწვებით.
– კარგი რა, მამა, რა დროს ეგაა. იმ ნაძირლებმა უკვე მიიღეს თავისი და თავზე ბოთლები გადაემტვრათ, ხოლო, მილიცია რომ ჩაერიოს ამაში, მაშინ გამოძიება უნდა დაიწყოს და მოწმეები დაიკითხონ. ჩვენც მოგვიწევს ჩვენებების დაწერა და რაში გვჭირდება ასეთი ყურადღება? შემთხვევით რომ გავიშიფროთ და ყველაფერი წყალში ჩაგვეყაროს? თანაც, ამ საცოდავი გოგოს სახელიც შეილახება.
– არაფერიც არ შეილახება!
– როგორ?
– როგორ, შვილო და, ეს ყველაფერი არაფორმალურად, ასე ვთქვათ, ტექნიკურად გაკეთდება, – გაეცინა პოპოვს, დიმკას თვალი ჩაუკრა და დაამატა: – ისე გაუხდება საქმე იმ ნაძირალას, რომ საკუთარ დაბადებას დაწყევლის. არ მგონია, ასეთი რამ ჩვენს მასპინძელს ეშლებოდეს ან უარი თქვას.
დიმკას მეტი არაფერი უკითხავს პოპოვისთვის, ფანჯარაში გაიხედა და თქვა:
– სადაცაა, გათენდება.
– ექვსი დაწყებულა. ცოტა წავუძინოთ, – თქვა გენერალმა და ლოგინში ჩაწვა.
დაწვა დიმკაც.
***
დიმკას და გენერალს რომ გაეღვიძათ, ნუცა მგელაძეს ჯერ კიდევ ეძინა. დილის 10 საათი სრულდებოდა. „მამა-შვილმა“ უხმაუროდ დაიბანა ხელ-პირი, რომ ღამის სტუმარი არ შეეწუხებინათ, პოპოვმა კი დიმკას უთხრა:
– აბა, შვილო, დატრიალდი და საუზმე გაამზადე. სადაცაა, ჩვენი პრინცესა გაიღვიძებს და სამივემ ერთად ვისადილოთ.
– არის, ბატონო გენერალო, – ხუმრობით მიუგო დიმკამ და სამზარეულოსკენ გაემართა.
ამ დროს აგარაკის კარს „ვოლგა“ მიადგა. მანქანაში ვასო ჩხიკვაძე იჯდა, რომელიც გადმოვიდა და ეზოს კარი გააღო. შემდეგ მანქანა შემოაყენა, კარი მიხურა და სახლში შევიდა.
– დილა მშვიდობისა, ვალერი ვასილიევიჩ, – მეგობრულად მიესალმა კაპიტანი დიმკას, ხელი ჩამოართვა და ჰკითხა: – ამხანაგი გენერალი როგორაა, ფეხი ხომ აღარ სტკივა?
– არა უშავს, გმადლობთ, – მიუგო ცალთვალახვეულმა დიმკამ, რომელმაც შენიღბვის მიზნით ბამბიანი ბინტი შემოიხვია თვალებზე, როგორც კი მასპინძელს შორიდან მოჰკრა თვალი.
– საუზმეს ამზადებ? – კაპიტანმა მხარზე ხელი დაჰკრა დიმკას და ჰკითხა, – მამათქვენი ზემოთაა?
– დიახ.
– ხომ არ მოგეხმარო?
– არა, რას ბრძანებთ, – მიუგო დიმკამ.
– კარგი, მაშინ მე ვასილი ანდრეევიჩს მოვინახულებ.
– ფრთხილად ადით, სტუმარი გვყავს და სძინავს.
– ვინ სტუმარი?
– ერთი გოგონაა.
– ვინ გოგონა?
– მამა გეტყვით. მოუთმენლად გელოდებათ და თქვენთან ლაპარაკი სურს.
კაპიტანი ვასო ჩხიკვაძე ფეხაკრეფით ავიდა კიბეზე. სასტუმრო ოთახში მჯდარ გენერალს ხელი ჩამოართვა და ხმადაბლა ჰკითხა:
– როგორ ბრძანდებით, ვასილ ანდრეევიჩ?
– არა მიშავს, – მიუგო გენერალმა, – ვხედავ, რომ ვალერკას უკვე გაუფრთხილებიხარ. მაგრამ, შეგიძლია, ჩვეულებრივად ილაპარაკო. ჩვენმა პრინცესამ უკვე გაიღვიძა და სააბაზანოშია.
მასპინძელი სავარძელში ჩაეშვა, გენერალს მოწევის ნებართვა სთხოვა, მერე გააბოლა და ჰკითხა:
– მოხდა რამე, ვასილი ანდრეევიჩ?
ამ დროს სააბაზანოდან ნუცა გამოვიდა. კაპიტანს მიესალმა და თავჩაღუნული აიტუზა კართან.
– მოდი, შვილო, სავარძელში ჩაჯექი, – გენერალმა სავარძელზე მიუთითა გოგონას და კაპიტანს მიუბრუნდა: – აი, ვასო, ეს მშვენიერი გოგონა გვესტუმრა წუხელ უეცრად. უსიამოვნება შეემთხვა და დახმარება სჭირდება. ჭკუა უნდა ვასწავლოთ იმ ნაძირლებს.
– რა გქვიათ? – ჰკითხა კაპიტანმა ნუცას.
– ნუცა, – მიუგო გოგონამ.
– გისმენთ, ნუცა. აბა, რა შეგემთხვათ, ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით, – უთხრა კაპიტანმა გოგონას და სმენად იქცა.
ნუცა მგელაძემ ყველაფერი ზუსტად გაიმეორა. თხრობა რომ დაასრულა, წამოწითლდა, თვალებზე ცრემლი მოადგა და სირცხვილისგან თავი ჩაღუნა.
კაპიტანს სახე წამოეჭარხლა. შეგინება უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა. გააბოლა, სავარძლიდან წამოდგა, ოთახში გაიარ-გამოიარა და კბილებში გამოსცრა:
– ნაძირალა, თავი აქვს წასაწყვეტი!
– მეც მაგას არ ვამბობ? – დაეთანხმა თავის უმცროს კოლეგას პოპოვი, – სწორედ ამის თქმა მინდოდა შენთვის. რას იზამ, შეძლებ ყველაფრის ისე მოგვარებას, რომ ამ ლამაზ ფერიას ჩრდილი არ მიადგეს? მე, რა თქმა უნდა, ოფიციალური პროცედურების გვერდით ავლას ვგულისხმობ.
– შევძლებო?! – წამოენთო ჩხიკვაძე და ზიზღნარევი სახით დაამატა: – ისეთ დღეში ჩავაგდებ იმ ნაძირალას, რომ აქით შემეხვეწებიან – ოღონდ შემეშვი და, თუ გინდა, ჯურღმულში გამომამწყვდიეო. თქვენ აქ დამელოდეთ, მაქსიმუმ ერთ საათში მოვალ.
– მოიცა, მოიცა, ვასო, სიცხარით საქმე არ დაღუპო; უფრო სწორად კი, საკუთარი თავი არ დაღუპო და საქმე არ გაიფუჭო, – უთხრა პოპოვმა კაპიტანს.
– არა, რას ბრძანებთ, ჩემი დარდი ნუ გექნებათ. თქვენ არაფერზე ინერვიულოთ, მალე დავბრუნდები, – უთხრა კაპიტანმა გენერალს, შემდეგ ოთახიდან გავიდა. კიბეებზე დაეშვა და „ვოლგისკენ“ გაემართა. თან დიმკას მიაძახა: – ბოდიშს გიხდი, ვალერა! თუ არ შეწუხდები, ეზოს კარი გამიღე!
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3