რამდენი წელი გაატარა ციხეში ინგა ფერაძემ კაფეში მამაკაცებთან ხელჩართული ჩხუბის გამო
70-80-იან წლებში ინგა ფერაძე თბილისში ძალიან პოპულარული, ქალაქური სიმღერების შემსრულებელი ქალბატონი იყო, მამაკაცის ხმით. მისი ბოხი, თუმცა ლამაზი ტემბრის ხმა მხოლოდ სიგარეტის ბრალი იყო, რასაც მოგვიანებით, სამუდამოდ დაემშვიდობა. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. ჯერ კიდევ 17 წლისა, პატარა, ლამაზი გოგო უცებ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. „17 წლის რომ გავხდი, მოვინდომე დაბადების დღე კაფე „მეტროში” ამეღნიშნა. რამდენიმე მეზობელი გოგო მყავდა დაპატიჟებული. იმ დღეს იქ ქეიფობდა ამ კაფეს დირექტორის შვილი თავის მეგობრებთან ერთად, რომლებიც კრივში საქართველოს ჩემპიონები იყვნენ. ჩვენს მაგიდასთან მოვიდნენ და გოგოებს გვთხოვეს, ვიცეკვოთო. ჩვენ უარი ვუთხარით – გმადლობთ, მაგრამ არ ვცეკვავთო. ამის გამო აყალ-მაყალი ატეხეს, იგინებოდნენ. შეგინება ასე არ უნდა-მეთქი და მეც შევაგინე. მერე ავიღე ბოთლი და გავუქანე. არავის მოხვედრია, კედელს მოხვდა. ვაღიარებ, ჩემი ბრალი იყო ჩხუბი რომ ატყდა, უნდა მომეთმინა, მაგრამ დედის გინებას ვერავის ვაპატიებდი. ჩხუბი გარეთ გაგრძელდა, დაჭრეს ვიღაც. ღმერთმა იცის, მე არავინ გამილახავს და არც არავინ დამიჭრია. გამასამართლეს ხულიგნობის მუხლით და 8 წელი მომისაჯეს. კაფეს მეპატრონემ მიჩივლა, რადგან მისი შვილი და შვილის მეგობრები გადიოდნენ ამ საქმეში. მოსამართლე კარგი ქალი იყო. მას დისშვილი მოუკლეს და მიხვდა რაშიც იყო საქმე. მერე წერილები ნახეს ერთმანეთან მიწერილი – მოდი, ინგას გადავაბრალოთო... მოკლედ, საბოლოოდ, 4 წელი მომისაჯეს. მოსამართლემ მითხრა: სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია, შვილოო... ძალიან ბევრი სირთულე გავიარე ციხის პერიოდში, მაგრამ არაფერი ვთქვი, იმიტომ რომ, მე თბილისელი ვიყავი და ამაშია სწორედ საქმე. ჩვენ, თბილისელები არასოდეს ვყიდდით ერთმანეთს. თან, ქრისტიანი ვარ. ამიტომ, პროტესტი და შურისძიება არ მქონია. მეგობრები იქაც მყავდა და ბევრად უფრო კარგი დამოკიდებულება და პირობები იყო, ვიდრე აქ. ჩემი ანსამბლი მყავდა, ბოშების. ეზოში დავსხდებოდით, გიტარაზე ვუკრავდით და ვმღეროდით. დიდი ბიბლიოთეკა იყო, ბევრს ვკითხულობდი. ცოტა კონფლიქტი მქონდა რუსებთან მათი „პრაწივნი“ ხასიათის გამო.“ ციხეში პატიმარი მამაკაცებისგან ბევრ წერილს იღებდა. ყველა უხსნიდა, თუ როგორ დასავით უყვარდა, მაგრამ არავის პასუხობდა. მის ნაცვლად, თურმე სხვები პასუხობდნენ. ხასიათის სიმტკიცე, მამაცი ბუნება, პრინციპულობა, ლიდერობა და ცოტა მამაკაცური იმპულსები – ეს არის ის, რაც მას ყველგან და ყოველთვის გამოარჩევდა. „საერთოდ ჩემი ცხოვრება რთული იყო. ყოველთვის მქონდა ყველასგან განსხვაებული აზრი. ვერასდროს ვიტანდი და ვეგუებოდი უსამართლობას, ამ სოციალურ დაყოფას – მდიდრები და ღარიბები. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი შეძლებული იყო. სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც უფრო მეტად ვმეგობრობდი ღარიბებთან, ყოველთვის მათ გვერდით ვიდექი და უკან არაფერზე ვიხევდი. ლიდერის თვისება მახასიათებდა. ცუდი დამოკიდებულება მიჩნდება უსამართლო ადამიანის მიმართ. როცა ვხედავ, ვიღაცა ვიღაცას ამცირებს, აი, იქ ყველაფერი მეკეტება.“ დაიბადა ბათუმში. მშობლები მალე დაშორდნენ. მეოთხე კლასამდე იზრდებოდა ბებიასთან, რადგან დედა და მამინაცვალი მუშაობდნენ. ბათუმში შევიდა მუსიკალურ სასწავლებელში, მიუხედავად იმისა რომ ჯერ არ მღეროდა. ბათუმში თამაშობდა კალათბურთს, დადიოდა ცურვაზე... ცხოვრებაში არაფერს ნანობს და არც არაფერს შეცვლიდა. პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. ჰყავდა ოთხი ქმარი, რომლებიც როგორც თავად ამბობს, თავისებურად უყვარდა. მაგრამ, თანდათან აღმოაჩინა, რომ ყველა ეს ქორიწნება „მზრუნველი დედის“ თუ ნათესაური დამოკიდებულება უფრო იყო, ვიდრე ცოლქმრული, ამიტომ ცხოვრების გაგრძელება მათ გარეშე გადაწყვიტა. „ჩემი ცხოვრება განვითარდა ისე, როგორც მე მინდოდა. ამიტომ არაფერს ვნანობ და არც არაფერს შევცვლიდი. დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე 39 წლის ასაკში, როცა დედა და ბებია აღარ მყავდნენ გვერდით. დედის გარდაცვალება ჩემთვის იყო, ტრაგედიასაც ვერ დავარქმევ ამას, სრული შოკი. მე და დედა ვიყავით ძალიან დიდი მეგობრები. ძალიან კარგი მამინაცვალი მყავდა, ყველა ერთად ვცხოვრობდით. ქმრებს რომ დავშორდი, არცერთისთვის ბინა არ მომითხოვია. გავთხოვდი ერთხელ, მეორედ, მესამედ, მეოთხედ. მერე მივხვდი ერთ რამეს, რომ უნდა მოითმინო და შეინარჩუნო ოჯახი, იმიტომ რომ, ოჯახზე დიდი ძალა არ არსებობს. ახლა, რომ მკითხოთ, რატომ მოხდა ასე, ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი. ყველა მიყვარდა, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაცნაირად, ეს დამოკიდებულება გადადიოდა უფრო ნათესაურ კავშირში, ვიდრე ცოლქმრული უნდა ყოფილიყო და ეს არ მაწყობდა. არ ვჩხუბობდით. უბრალოდ, როცა ვერ მიგებდნენ, მიმაჩნდა, რომ იქ ზედმეტი იყო ლაპარაკი. ბოლოს ბევრ რამეზე უარი ვთქვი და დავშორდი. ძალიან ძნელია, იპოვო შენი ნამდვილი მეორე ნახევარი. მე ვარ ქალი, რომელიც გადაჰყვება შეყვარებულ ქმარს. ის სინაზე, რომელიც მე მეკუთვნის მისგან – ყურადღება, მოფერება, ჩემთვის ყველაზე მთავარია. მე ვარ ძალიან მომთხოვნი. უალერსობას ვერ ვიტან. უალერსობაში იმას კი არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ჩაგეხუტოს და მოგეფეროს, ვგულისხმობ, პატივისცემას, მოწიწებას, აღზრდას, კულტურას... მყავს ქალიშვილი, (მაგრამ არცერთი მათგანისგან, ის ღმერთმა მაჩუქა) სიძე და სამი შვილიშვილი. ისინიც ბელგიაში ცხოვრობენ, ქალაქთან ახლოს.“
სიმღერა მოგვიანებით, 23 წლისამ დაიწყო, სხვათა შორის, ციხეში და მეორე დღესვე გახდა პოპულარული. მანამდე, ბავშობაში, სახლში და მეგობრების წრეში მღეროდა. ერთი პერიოდი, „სუხიშვილების” სტუდიაშიც ცეკვავდა. მეგობრების, ბორია და ლიკა სუხიშვილების დახმარებით მოხვდა ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლში „დიელო“, რომელსაც ამირან ებრალიძე ხელმძღვანელობდა. სპეციალურად მისთვის გაკეთდა პროგრამა, რითაც მომღერალი მეუღლესთან ერთად, საგასტროლოდ ექვსი თვით ავსტრალიაში გაემგზავრა. შემოქმედებითად ეს იყო მისი ყველაზე ბედნიერი პერიოდი. პოპულარობას ზოგიერთებივით არ შეუწუხებია და ამის გამო, ზემოდან არავისთვის გადმოუხედავს. ისეთივე კეთილი და უშუალო დარჩა, როგორიც იყო. „არასდროს შევუწუხებივარ ადამიანების სიყვარულს, პირიქით, ყველას მადლობელი ვარ. დღესაც, სულ მეფერებიან. დიდ მხარდაჭერას და ძალას ვგრძნობ მათგან. ზოგჯერ ვიღაც ისე, უბრალოდ გეტყვის მიყვარხარ და იმ წუთას ხვდები, რომ ფარსია. გწყინს, განა იმიტომ, რომ მაგარი ხარ, იმიტომ რომ, არ დაგიმსახურებია ყალბი დამოკიდებულება.“ უკვე, 90-იანების დასაწყისში, სრულიად მოულოდნელად, ინგა ფერაძე ქრება. მასზე არავინ არაფერი იცის. მიზეზი კი, როგორც ინტერვიუში გვითხრა, სერიოზული ჰქონია – მძიმე ფინანსური მდგომარეობა და წყენა. „უცებ გავქრი, იმიტომ რომ, ეკონომიურად ძალიან ცუდად ვიყავი. ყველა გზა დამიკეტეს, აღარ იმართებოდა ჩემი კონცერტები. ტელევიზიაში ახალი სიმღერა მივიტანე (არ მინდა, დავასახელო ის ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, აღარ არის ტელევიზიაში) და ასეთი რამ მითხრა: ვის უნდა თქვენი თბილისური სიმღერები, წლებთან ერთად, დაბალი ობერტონებიც მოგმატებიათო. მაშინ სიგარეტს ბევრს ვეწეოდი და დაბალი, ბოხი ხმა მქონდა. მივხვდი, რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად განუვითარებელია თავის საქმეში, კარგად იყავით-მეთქი და წამოვედი. არაფერი მითქვამს. ძალიან მეტკინა გული. ეს იყო ბოლო წვეთი. ამას გარდა, ბავშვს სკოლაში ვეღარ ვუშვებდი, შიმშილისგან თავბრუ ეხვეოდა. რად მინდოდა სახლი ან რამე, თუ ბავშვი მომიკვდებოდა. გადარჩენის მომენტი იყო. მე ის ადამიანი არ ვარ, საყვარლები გამეჩინა და მოტყუების გზით, ვინმესთვის რამე წამერთმია. მივიღე გადაწყვეტილება, საერთოდ წავსულიყავი ამ ქვეყნიდან. შეიძლება, მე არ მეხერხება სახლის დალაგება, რეცხვა, საჭმლის მომზადება და ასე შემდეგ, სამაგიეროდ, მესმის სხვა რაღაცეები – ლექსები, მუსიკა... მე ხელოვნება მიყვარს. წავეიდით მე და ჩემი შვილი ბელგიაში. ამერიკაში მინდოდა, მაგრამ 11 საათი რომ უნდა მეფრინა, შემეშინდა. იქ, მე არ ამიწყვია ცხოვრება, სახელმწიფომ იზრუნა ჩემს ცხოვრებაზე. ხელფასი, პენსია, დახმარება... თვითონ ქვეყანაა ძალიან დალაგებული. მიმკურნალეს, მომიარეს. ექიმმა მითხრა: შენნაირი ხალხი მიკვდება და აქ როგორ ჩამოხვედიო. 225 კილო ვიყავი, რომ ჩავედი. შაქარი იქ დამემართა, გულის იშემია, მოკლედ, ძალიან ცუდად ვიყავი. დამიდგინეს მეორე ჯგუფის ინვალიდობა, თუმცა პენსია არ დაუნიშნავთ. ბინის ქირას მიხდიდნენ და დახმარებას მაძლევდნენ, რომელიც თვიდან თვემდე საჭმელში მყოფნიდა. არც კონცერტები მქონდა. ზანგებთან ვმღეოდი ეკლესიაში, ეს ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი პერიოდია. უკვე 15 წელია, ბელგიაში ვცხოვრობ მარტო, ძაღლთან და კატასთან ერთად. ძალიან მინდა, დავბრუნდე და აქ ვიცხოვრო. ვხვდები, რომ თბილისის გარეშე, მაინც არ შემიძლია სიცოცხლე.“